„ცისფერი ყანწები“ ერთად ერთი შკოლაა პოეტების საქართველოში, რომელიც თავის თავს ამტკიცებს მხოლოდ ესთეტიურად. ისტორია ქართული ლიტერატურის, რომელიც მხოლოდ დაიწერება, დაამტკიცებს, რომ ქართული ხელოვნება მხოლოდ მაშინ ყოფილა გამარჯვებული, წარსულში, როცა მას ჰქონდა საშუალება თავის საკუთარ მიზნების სამსახურის. პოეტიკა რუსთაველის ამიტომ წინ უსწრობს ევროპის იდეას ხელოვნების თვითმიზნობისას.
ეს ტეზისი რუსთაველს წამოყენებული აქვს ტეზისად და გამართლებული შემოქმედებით. „ცისფერ ყანწებ“-მა ამიტომ შეგნებულად დაისახეს მიზნათ, ჰქონოდათ მხოლოდ ერთი ფრონტი პოეზიის, მარტო პოეზია იყო და არის საქართველოში ამ მხრივ განწირული – სხვა ყველაფრისთვის ხალხიც მრავალი იყო და გაკეთებული საქმეც. მაგრამ ჰქონდა გამართლება იმ ანომალიას, რომ ქართველმა მწერლებმა მეცხრამეტე საუკუნე გახადეს ერემიადათ და მწერლობა საშუალებათ ეროვნულ ბრძოლისთვის. ადამ მიცკევიჩის სიტყვებია: სამშობლოს სიყვარულს ის გაიგებს, ვინც სამშობლო დაჰკარგა და გასაგებია სიყვარული ქართველ პოეტების, რადგან საქართველო მთელი ათეული საუკუნეების განმავლობაში დაკარგული იყო ყოველთვის. ამიტომ ექნება ყოველთვის გამართლება ქართულ მესსიანიზმს. ეს არის დაწყევლა ერის, ეს შეიძლება იყოს ბედის ირონია, მაგრამ სულ დაიღუპება ის ერი, რომელიც დღეს ვერ შეჰქმნის კულტურას, რომელსაც ექნება უნივერსალური ხასიათი და რომელიც არ იქნება გამართლებული კაცობრიობის მასშტაბით.
ამიტომ მხოლოდ ველურებს შეუძლიანთ უარყონ, რომ ქართველი პოეტი მარტო თავის შობის ფაქტით არ იყოს პატრიოტი, მაგრამ პოეზია აყვანილი ეტნოგრაფიიდან და ეროვნულ პროვინციალიზმიდან უნივერსალურ ფორმამდე, უფრო ამაგრებს ეროვნულ ხერხემალს და ამართლებს ერსაც. ეს არის ტეზისი ცისფერი ყანწების.
არავის იმდენი არ უბრძოლია პოეზიის ემანსიპაციისთვის, არავის იმდენი არ უბრძოლია მაღალი პატრიოტიზმისთვის, რამდენიც ყანწელებს, ჩვენ ბრძოლას ჰქონდა ლიტერატურული ხასიათი და ამ წრიდან გამოვიდა პირველად იდეა ირრედანტიზმის, რომლისთვისაც ამდენი დევნა გადვიტანეთ კიდეც საქართველოში. მეორე მხრივ, პოეზიით შემორკალვა ვერ უძლებს იმ ატმოსფერულ გავლენას, რომელსაც ახდენს რევოლუცია. ჩვენ აგრეთვე აშკარათ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიყავით და ვიქნებით რევოლუციის მხარეზე, ამ შემთხვევაშიც აქვს ამას ეროვნული გამართლება, რადგან ქართველი ხალხი ბუნებით არის რევოლუციის მხარეზე.
უეჭველია, მიწის ძვრის ამპლიტუდით გაქანებული სოციალური გადატეხა პირდაპირ აყენებს ამ საკითხს და იქნებოდა სირცხვილი, რომ პოეტები, რომელნიც ყოველთვის იყვენ ოპოზიციაში ძველ ცხოვრების წყობასთან; იყვენ ბუნტარები ყოველ დროს, ყოფილიყვენ რევოლუციის მოწინააღმდეგეთა ბანაკში.
ჩვენ არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს რევოლუცია, ჩვენ არ ვიცით, რა კომპრომისზე წავა ის – მაგრამ ჩვენთვის ფაქტია, რომ ხერხემალ მაგარი პროლეტარიატი ბრძოლას არ წააგებს და პოეზია კი ის ჰაერია, რომლითაც ის უნდა სუნთქავდეს. შესაძლებელია, პირველ ბრძოლის დროს იყო გაუმართლებელი პრეტენზიები – თუნდაც პროლეტარულ პოეზიის შექმნისა, მაგრამ პოეზიასაც აქვს თავის შინაგანი დიალექტიკა და ის თვითონ მონახავს თავის ბუნებრივ სახეს. ეს არის პირველი დეკლარაცია, რომელიც იწერება სტამბაში. „ყანწელების“ პერმანენტული კონფერენცია საქვეყნოთ გამოაცხადებს თავის დეკლარაციას, რომელიც იქნება მეტი არგუმენტაცია და მეტი სიმტკიცე.
ტიციან ტაბიძე
გაზეთი „ბარრიკადი“, 1922, 7 იანვარი, №4