დადაიზმი და ცისფერი ყანწები – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1923

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1923, დეკემბერი, №10

სტატიები, შემოქმედება

დადაიზმი და ცისფერი ყანწები

შესავალი

მხოლოდ მებრძოლ ლიტერატურულ შკოლათა უშუალო მონაწილე იგრძნობს, რომ ყოველი მემარცხენე ფრთა პოეზიაში ნამდვილად მხოლოდ მცირე ნაწილს გამოხატავს იმ შინაგან საკირეს დუღილისას, რომელსაც ეწოდება შემდეგში რომელიმე ლიტერატურული მიმართულება და ისტორიაში შედის თავის შტამპით. უდიდესი ქროლვა დაცხრილულ ქარებისა, რჩება შემოქმედების გარეშე, მაგრამ ეს შინაგანი ცეცხლის წვა, გამოუთქმელი დუღაბი ჰქმნის ტემპერამენტს, პაфოსს და თვითდამტკიცებას. ამიტომ არ არის ყალბი ის გატაცება, კადნიერება და გადავარდნა, რომელიც ყოველთვის ახასიათებს მებრძოლ შკოლას.

ერთხელ რომანტიზმის ნაპოლეონის ბარაბანის ცემა პარიზში უყრიდა თავს ვალანტიორებს, ნოტრდამის ზარის რეკასავით ისმოდა ვიქტორ ჰიუგოს ხმა, ამაზე უფრო გამდგარი ენტუზიაზმით სწერს  გეორგ ბრანდესი.

ყველაზე უახლოესი ლიტერატურული შკოლა ფრანგი სიმვოლისტებისა ამტკიცებს კიდევ ამას. ბევრისთვის საფრანგეთშიც გაუგებარი იყო სტეфან მალლარმეს უდიდესი ავტორიტეტი. მწერლობით მალლარმე ავტორია რამოდენიმე ოфორტისა პროზით, რამოდენიმევე სონეტის, კრიტიკულ წერილებისა… ამასთანავე ყველაფერი ეს ისე გაუგებარია, რომ მალლარმე ფრანგებმა შეიტანეს გაუგებარ ავტორთა სიის პირველ რიგში. ნამდვილად კი მალლარმე იყო უდიდესი მეტრი, რომელიც ახსოვს პოეზიას. ყველაფერი ეს გამოჩნდა მის შემდეგ, რაც მისმა მოწაფეებმა დასწერეს აპოლოგიები და ადიდეს უძვირფასესი მასწავლებელი.

პირველი ქრისტიანი აპოლოგეტები არ სწერდენ ისეთი მოწიწებით მაცხოვარზე, როგორც დეკადენტი პოეტები სწერენ აქამდეც მალლარმეზე. აქ ლაЄორგი ემგვანება ტერტულიანს და მალლარმე დაადგა მსოფლიო პოეზიას, როგორც გამოკვეთილი თეთრი გედი, რომელიც სიკვდილის წინ კიდევ იზომავს ხმას და უანასკნელ დასკვნამდე მიიყვანს პოეზიას.

შეუძლებელია აგრეთვე არტურ რემბოს მსოფლიო როლის გაგება, რომ ბიოგრაЄიას არ გაემხილა ამ უკანასკნელი პოეტის ფენომენი. ეხლა იწყება ჩვენ თვალის წინ რუსი სიმვოლისტების ისტორიაც. ალექსანდრ ბლოკის სიკვდილმა გახსნა ეს რკალი. იქნება იყო კიდეც ბევრის მაჩვენებელი, რომ ალექსანდრ ბლოკი მოკვდა ახალგაზრდა, ან და ისიც, რომ ის იყო რომანტიული. დღეს ანდრეი ბელლი სწერს ტომებათ მოგონებებს: ადგენ საფლავები: დოსტოევსკის და სოლოვიოვის.

ვალერი ბრიუსოვი სდგას, როგორც ჯამბაზი, რომელიც პირიდან უშვებს დამწვარ ქაღალდს ჭრელი გველივით. ირკვევა, რომ ა. ბლოკის „კულიკოვოს პოლე“-მ დაიწყო ანდრეი ბელლის „პეტერბურგი“, რომ ბლოკი იყო ანდრეი ბელლის ლორენცო მედიჩი, შთამგონებელი, მეცენატი და უფროსი ძმა.

რამდენი კიდევ სხვა ამბებია აქ მოყოლილი… და ა. ბლოკი ჩნდება, როგორც ნერონი, რომელსაც კეთილშობილება მიმატებია… ეხლა რამდენს იტყვის ვიაჩესლავ ივანოვ, რომელიც ამზადებს მონუმენტალურ მოგონებას ა. ბლოკზე.

ვინ იფიქრებდა, ვის ეზმანებოდა, რომ ყოველ ლექსს ჰქონდა ასეთი რომონტიკა, რომ გამოუთქმელი დარჩა უძირო ჭა და მხოლოდ ნაფერფლი იქცა ლექსად.

სულ ბოლოს განა გაკადნიერებული ვლადიმირ მაიაკოვსკი არ ამბობს ავტობიოგრაфიაში, რომ ის იქნებოდა უბრალო პროპაგანდისტი პრესნიას ქვერაიონის, რომ ის არ მოეწვია პოეზიისათვის დავით ბურლიუკს, რომელმაც პირდაპირ შეჰქმნა მისგან ოსტატიც და პოეტიც?

სიკვდილის შემდეგ გამოირკვა, რომ ველემირ ხლებნიკოვი „თავმჯდომარე დედამიწის ბურთის“, ბლუ გენია, ცეცხლი დაუქრობელი, იყო და დარჩება რუსულ фუტურიზმის გამართლებად. გავიმეორებ, რომ ალბად სასწაულით მოხდა, რომ რუსეთის სიმვოლიზმმაც და фუტურიზმმაც დაჰკარგეს მეთაური, გული დაცხრილული გენიით: ალ. ბლოკი და ვ. ხლებნიკოვი.

ეს გამოტირილი გმირების აცოცხლებს  ამ ეპოპეას.

გიჟი იქნება ის, ვინც იფიქრებს, რომ „ცისფერმა ყანწებმა“ მოასწრეს იმის თქმა, რაც უნდა ეთქვათ, ან და სთქვეს თუნდა მეათასედი იმის, რაც უნდა ეთქვათ.

გარდა საერთო ბედისა, რომ მებრძოლი შკოლები ვერ სწურავენ თავიანთ შესაძლებლობას, ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოში პირველი იყო ასეთი მებრძოლი შკოლის შემოსვლა. „ცისფერი ყანწები“ ისე გრძნობდენ თავს, როგორც ქვეყნის შემოქმედი შეჰქმნის პირველ დღეს, როცა აგრაგნილი ქაოსი ეძებდა фორმას. აპოლონის სახე რუსთავლის დაჩრდილეს საუკუნეებმა, ასეთ ეპოქების განმავლობაში ქართველ ერს თავისი ენაც დაუვიწყებია, ვინ იცის, რამდენი ენა გამოვიცვალეთ ქალდეას შემდეგ?.. რუსთაველის შემდეგ მთელ მწერლობაში მოსჩანდა მხოლოდ ილია ჭავჭავაძე: მართალია, ის იდგა, როგორც დარიალი, მას ეხეთქებოდა ყოველი შესაძლებლობა ქართული კულტურის ასახვისა, ის იყო ავტორი პროზის, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ბანკირი, ორატორი, საზოგადო მოღვაწე, მეცენატი, პოლიტიკოსი და კიდევ სხვა, აგრეთვე პოეტიც, უფრო გამართლებული წიწამურით, მაგრამ ყველაფერი ეს არ იძლეოდა პაЄოსს: ეს ამოუვსევლობა ქართული კულტურის შემდეგ დაეჯახა მეორე პოეტს გრიგოლ რობაქიძეს, მაგრამ სამოქალაქო  ცხოვრების განვითარებამ, როცა პოლიტიკა ცალკე გამოიყო და უფრო და უფრო კიდევ პოეტის დაბადებულმა შეგნებამ მისცა მას საშუალება უფრო ემხილა თავისი პოეტის ბუნება (დამტკიცება ამისი არის საგანი 27 ტეზისიანი აპოლოგიის – „გრიგოლ რობაქიძე“)…

„ცისფერი ყანწები“ დამზადებული ტერორისტული დინამიტებით დარჩენ თავიანთ თავის ამარა: აკადემიის და კლასიციზმის მაგიერ ალაპარაკდენ ფილისტერები ოჯახებიდან: საჭირო იყო დიდი ტაქტი, რომ ეს უდიდესი ლიტერატურული ჯვაროსნობა არ ჩაეთრიათ ამ ჭაობში და ბრძოლა არ დაწვრილმალებულიყო.

და დაიწყო ამოუვსებელ კულტურის ხვრელების გავსება: როლი გრიგოლ რობაქიძის, რომელიც პოეზიის აგიტაციისათვის უნდა მისულიყო პროფესორის კათედრამდე. ლექსის ტეხნიკაში გაინაწელეს ყველა ყანწელებმა. და იმ დროს, როცა „დადამ“ და „фუტურიზმმა“ დახსნეს ლექსი, ყანწელები ომებს იძლეოდენ მართალი სონეტის წერისათვის. იმის მაგიერ, რომ ძველი ლექსთ წყობა დანგრეულიყო, გრიგოლ რობაქიძე აკანონებს ქართული ლექსის ელემენტარულ ბუნებას: ლიცეიში ამას ეწოდება სიტყვიერების თეორია. ყანწელებს უხდებათ ძირს ჩამოგდება მეშჩანური კრიტიკისა და პოეტებს დააწყებიეს ლექსზე წერა. მიუხედავათ ამისა, რომ ეს ამბავი არც ისე შორია, დღეს, როგორც არავინ კითხულობს, ვინ ააშენა კავკასიონის ქედი, ისე არავინ კითხულობს, ვინ გადააგდო ქართულ მწერლობიდან მეშჩანური კრიტიკა და შექმნა მოდერნისტული სტილი.

ალბად, დიდიხნის მოთხოვნილება იყო ეს და ამოსასუნთქ ჰაერზე კი არავინ ფიქრობს:

ერთი მხრივ იმან, რომ ყანწელებს უხდებოდათ არა თავისი საქმის კეთება, მეორე მხრივ სამოქალაქო ომის ცეცხლმა და რევოლიუციამ, რომელმაც მოუსწრო საქართველოში ამ პოეტებს შემოქმედების დაწყებისას და ამასთან ეს რევოლიუცია ორგანიულად არ იყო გამოტანჯული ქართველ ხალხისგან, არამედ „მოვიდა ფოსტით პეტროგრადიდან“ (რაც ამჩნევია პროლეტარულ დემოკრატიულ პოეტებსაც) და აგრეთვე ქართულმა სამხრეთის ბუნებამ, რომელიც აკანონებს ზარმაცობას და უფრო მწვავეთ აყენებს სიცოცხლის პრობლემას – გამოიწვია ის, რომ ყანწელებს არ უთქვამთ საჯაროთ თავისი სიტყვა, როგორც ამისთვის იყვენ მოწოდებული. მთავარი მაინც რჩება ლიტერატურულ фონის უქონლობა და ასპარეზის სივიწროვე.

ალბად, შემდეგ ყანწელები გამოიტანებენ იმ წამებს, როცა ისინი მეტს ფიქრობდენ „ცისფერი ყანწების“ სახელის მოგონებაზე, ვინემ აკაკი წერეთელი „თორნიკე ერისთავის“ დაწერაზე, როცა იყო ისეთი წამები აღტაცებისა და უდიდესი ინტიმის, როცა ყოველი ყანწელი უარს იტყოდა „фაუსტი“ს გადაწერაზე, რომ თვითონ ყოფილიყო მისი ან მისი მადარი პოემის ავტორი…

ეს არის ისტორია ბოგემის, მისტიური ძმობის ორდენის, რომლის კონსტიტუციასაც მარტო სიკვდილი დასწერს.

მაგრამ აქ სიტყვა ბოგემა მარტო სიტყვაა. სინამდვილეში კი ამას ახსოვს ათასი ტფილისში გათენებული ღამეები, რომელნიც უცხო პოეტების ოდებსაც იწვევდენ. როდისმე ალბად პოეზიაში განკაცდებიან კონტრაბანდისტი ოპიოфაგი სპარსელები.

ასე დააწყვეს ყანწელებმა დინამიტები და მოკიდეს ხელი მწერალთა კავშირის ორგანიზაციას… მაგრამ ძველი მწერლობა გამოდგა ბაზალეთის ტბა და პოეზიის მზე ვერ დასწვდა ზმანებულ აკვანს. რკინის პალო მხოლოდ კახაბერის დროს ესობოდა მიწას; დღეს პოეზია თვითონ ებრძვის თავის თავს სასიკვდილოთ:

фრაგმენტებით შეუძლებელია „ცისფერი ყანწების“ ისტორიის დაწერა: ყოველი ყანწელი თავის თავს გრძნობს ჯვაროსნათ და დაიწერება ეს ეპოპეა: ეხლა წერილის დაწყებისთვის მე მინდა მოვიგონო ერთი ეპიზოდი: ეს იყო კაфე „იმედი“. ტფილისში ამ კაфედან დაიწყეს ყანწელებმა: მეორე საღამო მოაწყვეს რუსის ფუტურისტებმა: ილია ზდანევიჩმა, ა. კრუჩიონიხმა და ტერენტიევმა. ეს საღამო იყო ფუტურისტული მხატვრობის. უმთავრესად აქ წარმოდგენილი იყო მეორე ზდანევიჩი და ლადო გუდიაშვილი: მოხსენებას კითხულობდა „ფუტურისტულ სიტყვის ეზუიტი“ ა. კრუჩიონიხი. როდესაც ტფილისის აკადემიურმა წურბელებმა იჯერეს გული (მახსოვს, იყვენ მატემატიკის დოქტორი გ. ხარაზოვი და ს. გორდეცკი), როცა фუტურისტების Єრონტი მოიხსნა და ა. კრუჩიონიხი ჩხაოდა, როგორც მოგდებული კატა, სიტყვა აიღო გრიგოლ რობაქიძემ. ეს იყო ქარიშხლის მოვარდნა (ალბათ, ეს ღამე დაამახსოვრდა ა. კრუჩიონიხს, როცა გრიგოლ რობაქიძეს დაარქვა: Специалист по Апокалипсису и безумию)… არ ვიცი,  იმ ღამეს ვისთვის ლაპარაკობდა გრიგოლ რობაქიძე: ამართლებდა ფუტურისტებს, თუ ამართლებდა თავის თავს, რომელიც ბედმა გასწირა ამ ღვაწლისთვის („подвиг“) ამოევსო ყველა ხრამები ქართული კულტურის და ხანდისხან ამისთვის მორიდებოდა პირდაპირ გზას…

ის ლაპარაკობდა გაცოფებული და ერთათ ერთი სიტყვა იყო, როცა ის თავის წინ არავის ხედავდა. მას უღალატა ორატორის ზომიერებამ, ის ყვიროდა როგორც დაჭრილი ვეფხი: ეს იყო ღამე მართლა ტიუტჩევის ციცერონის: „Оратор римский говорил, сред бурь гражданских и тревоги, я поздно встал и на дороге застигнут ночью Рима был“… ოხ, მართლაც იყო ეს ღამე: როცა არ იყო მარტო სიტყვები „блажен кто посетил сей мир с его минуты роковые… его призвали всеблагие, как собеседника на пир“.

ასეთი ღამის და საუბრის მოწყობა დაამტკიცა მარტო ლადო გუდიაშვილმა, რომელიც ამ ღამის შემდეგ ჩაიკეტა თავის სახლში და დახატა გრიგოლ რობაქიძის პორტრეტი: ეს არის უდიდესი, რაც შეუქმნია ლადო გუდიაშვილს: გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქო მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი: ამ ღამის სიმфონიის გადმოცემა არ შეიძლება, ეს ღამეც დაიკარგა ისე, როგორც ათასი ყანწელების ღამე, დამარწმუნებელი დღემდე დიდი პოეზიის ნიშნობაში…

ამ აპოკალიპსის ორკესტრიდან, რამდენიმე фრაზა დავიმახსოვრე: აქ იყო ლაპარაკი ნიცშეს ინსტინქტების ანარქიაზე, ედგარ პოეს მიწის ქვესკნელის გაჟრჟოლებაზე, გეოლოგიურ კატასტროфებზე, ამ ღამეს გრიგოლ რობაქიძის ასოციაციებით დაიწერებოდა ლოტრეამონის „Poesies“ და დასტოვა ბეჭედი მალდარორის რობაქიძეში გუდიაშვილმა: დასკვნა ასეთი იყო: ფუტურისტები გამართლებული არიან ცხოვრებით: თქვენ ამტკიცებთ, რომ ისინი შეგნებულად ჯამბაზობენ: მაგრამ კარგი: თუ საუკეთესო ახალგაზრდობა: საფრანგეთის, რუსეთის, საქართველოსი და შეიძლება მთელი ქვეყნისაც შეგნებულად ჯამბაზობს, მით უარესი თვითონ ქვეყნისთვისო.

განა არ იყო ეს უდიდესი ტერორი?

ამ ღამეს გრიგოლ რობაქიძემ გახსნა თავისი მასკა: ამ ღამეს ის არ იყო მთაწმიდელი, ღვაწლით შემოსილი, მასში დასძლია პოეტის უკიდურესობამ… შეიძლებოდა ეს ღამე ყოფილიყო ქართული ფუტურიზმის დეკლარაცია: მაგრამ ეს იყო წმიდა ანტონის ცდუნება.

ეს ღამე მართლა იყო იერონიმუსს ბოსხის ფანტასტიკიდან და ჩაბნელებული ესკურიალივით: ჩემთვის ის აქამდე დარჩა როგორც ნიშანი: მხოლოდ უდიდესი სიყვარული, როგორც მეტრისადმი მაბედიებს ვსთქვა: რომ იმ ღამეს გრიგოლ რობაქიძე დარჩენილიყო თავის თავის მიმდევარი: დადაიზმი უკვე ფაქტი იყო საქართველოში. ეს იყო დაგუბებული იარის გახსნა, ბალღამის დაწვეთება.

მართალია, აქედან ახლოს არის თავის მკვლელობამდე, მართალია, მე გრიგოლ რობაქიძე მაფრთხილებდა ამისგან, და გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდა და ჩემთვის ჩემ გამოსვლის დროს: თუნდა როცა დავით კაკაბაძემ მოაწყო ტფილისში მხატვრობის საღამო სუდეიკინთან ერთად და უნდოდა ეს ყოფილიყო პირველი ფუტურისტული საღამო, მე წავიკითხე დადაიზმის დეკლარაცია, მაგრამ მე აქამდე მახსოვს, რომ ნამდვილი და წმიდა გრიგოლ რობაქიძე იყო ის იმ ღამეს: მთელი შემდეგი მტკიცება, რომ დადაიზმი და фუტურიზმი არის ეშმაკის საქმე, რომ ა. კრუჩიონიხი ჭინკაა, ჩემთვის არის მხოლოდ სქოლასტიკა…

ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ქართული პოეზია, როგორც ასეთი, მოგებულია ამ ღვაწლით, აკი მეშჩანი კრიტიკოსებიც აღიარებენ ჩვენ კულტურტრეგერობას ქართულ ლექსის საკითხში: მაგრამ ის მსოფლიო ხაზი, რომელიც უნდა გაემართა „ცისფერ ყანწებს“, გამრუდდა: ის პაфოსი, რომლისთვისაც ვიყავით ჩვენ მოწვეული იკითხება მხოლოდ იმ წიგნში, რომელსაც ჰქვია „ყანწების პროლოგომენი“…

ვაჟა-ფშაველა იყო უკანასკნელი ქართველი პოეტი, რომელმაც ამოწურა საქართველოს საკუთარ საშოს ნიადაგი. შემდეგში, როგორც არ დაიბადება მეორე კახაბერი, ისე არ იქნება მეორე ვაჟა-ფშაველა.

ყველაზე უფრო გასამასხრებელი საქართველოში არიან ვაჟას მიმდევარი პოეტები. მთა ერთხელ იფეთქებს ვულკანივით და შეიძლება ამოაგდოს იხტიოზავრი, სხვა დროს ის მშვიდია და მასზე ცხვრის ჯოგები ბალახს სძოვენ. ყოველი  ცდა რუსეთში ასეთი „მუჟიკური პოეზიის“ აღდგენის, როგორც ესენინია და კლიუევი, მარცხდება თავიდანვე, რომ არაფერი ითქვას პირველ პერიოდის აკმეიზმზე და ადამიზმზე: „ყანწების მისსია“ იყო და რჩება გამართოს ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით.

რა არის დღეს პოეზია: რითი დაიწყეს ყანწელებმა და რას ამბობს დადა…

 

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე

ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“, 1923, დეკემბერი, №10