ტიციან ტაბიძეს ______ ბაკურიანი – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 08.1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 20936-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

ტიციან ტაბიძეს ______ ბაკურიანი

ძმაო ტიციან!

თუ ძმა ხარ, შემდეგ სათხოვარს გავალებ. 7-8-ში უნდა ჩამოვიდე ტფილისში, მაგრამ როგორც მნახე _ არაფერი მაქვს. ის ხალათიც სხვისაა, მე რო მეცვა. შარვალი-ღაა ჩემი _ ისიც დახეული.

1) მგონი, 1 სექტემბრისთვის მწერალთა კავშირში ტანისამოსი და ფართალი უნდა დაარიგონ. იქნებ ნორმაზე მეტი მომცენ, როგორც დაზარალებულს. ან მწერალთა კავშირმა მიშუამდგომლოს სადაც ჯერ არს, მომცეს 1 კოსტიუმი, პლაშჩი და ფეხსაცმელი _ შეღავათიან ფასებში.

2) იქნებ შენ და პაოლომ ინახულოთ ამხ. ვართანი და კოსტიუმის საქმეში რამე დამეხმაროს, რადგან არ ვიცი, ჩემ თავს მოუარო, თუ ცოლს და შვილებს, რადგან მათაც ბევრი რამ დააკლდათ.

გაძარცული ვარ, შიგნით და გარეთ!

თუ ძმა ხარ, შედით ჩემს მდგომარეობაში, ლამის არის თბილისში ვეღარ ჩამოვიდე და თუ რამე შეგიძლიათ, გამიკეთეთ ან მწერალთა კავშირში, ან ჩემს სამსახურში _ აღმასკომში… თუ ძმა ხარ, ჩვეულებრივ ჩვენებურ დაუდევრობას ნუ გამოიჩენ ამ ორ პუნქტში, მიდი ჩემთვის და ორი სტრიქონიც მომწერე _ ბაკურიანი, ახალქალაქის ქ. #5, გ. ლეონიძე.

როგორ ჩახველით? ძაან წვიმა იყო. პაოლო დამშვიდდა თუ არა მალე? მე რო შინელი გამოგატანეთ, ინჟ. სეჩანოვი ჩამოვა, იმისია და იმას მიეცით.

ტიციან, მეტს კი არ შეგაწუხებ, იქნებ ტელეფონით დაურეკო უგროზისკში გამომძიებელ ადამიძეს (მე მიცნობს) ან ვისაც იცნობ, ხომ არაფერი აღმოჩნდა?

ბიჭო, თუ ძმა ხარ, ეცადეთ კავკავში მალე არ წახვიდეთ. იქნებ ჩამოგისწროთ. თუ არა და ნება თქვენია.

მოკითხვა სიყვარულით: ნინას ნიტათი, პაოლოს, ბორის პასტერნაკს ცოლით, სანდროს, სერგოს, ჭიჭიკოს, კოლია მიწიშვილს, კოლაუ ნადირაძეს, შ. აფხაიძეს, რაჟ. გვეტაძეს, პ. აკობიას, კ. ჭიჭინაძეს და სხ.

შენი გოგლა

P.S. ჩემი პოემის პლანზე მაინც არა მითხარი რა. ამ ორ დღეში მომწერე პატარა ბარათი, რომ მომისწროს. ძალიან წერის გუნებაზე ვარ. 7 ჩამოვალ.

გოგლა