პანტელეიმონ ჩხიკვაძეს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 05.08.1932

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 21237-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პანტელეიმონ ჩხიკვაძეს

ძმაო პანტელეიმონ!

მოხარული ვარ, რომ კარგად ყოფილხარ და ისე ხალისიანად, რომ მუშაობ კიდეც. ალბად რამე წამუშავებულსაც ჩამოიტან.

ქობულეთის რბილი მზისა და გურიის მთების ნიავზე ცხოველმყოფელი სხვა რაღა უნდა იყოს შენი ფილტვებისთვის? მე რომ შენ ალაგას ვიყო, ჯერ კიდევ არ დავიძვრებოდი მაინდამ…

მხოლოდ დღესა გწერ წერილს. ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩვენი შალვა ბაქოში იყო მივლინებული ორი კვირით, უიმისოდ კი, ცარიელი უსაქმო წერილი, ცარიელი იმედებით არ მინდოდა მომეწერა..

ჩამოსვლისთანავე ვეცი შენს საქმეზე და შემიძლიან გახარო, რომ საქმე კარგად არის და `სინათლემ დასჭარბა~. იყო პატარა უიმედობა და ახლა ისიც გაფანტულია. მხოლოდ საქმე იმაშია, თუ როდის გათავდება ბინის შინაგანი მოწყობილობა. ძალიან დაფაცურებულნი არიან მასალაზე და ახლა ყველაფერი მასალაზე ჰკიდია, ამიტომ კონკრეტულ ვადას ახლა ვერ მოგწერ. ახლა მასალას უნდა მივაწვეთ. დღეს ინჟინერთან ვიყავი და მითხრა, დიდი იმედი მაქვს ერთ თვეში მოთავდესო… აბაშელიც ასე უცდის… შალვამ შემოგითვალა, ჩემ სიტყვას ვასრულებ და მზიანი ბინა არ აგცდებაო. შენი ბედი იქნება, თუ ივნისისთვის (ბოლო რიცხვებში მაინც) მოასწრეს. ალბად კიდეც ჩავიქეიფებთ… ასე: _ თუ ვინმე შევა ბინაში _ პირველთაგანი შენც იქნები…

სხვა, აქეთ ახალი არაფერია. წვიმებმა გააწყალეს გული.. რიგიანად ჯერ არც კი დამთბარა. მუზეუმის საქმე შენს მოსვლამდე გადავდევი, ალბათ ასე უმჯობესი იქნება და წერილი ტიციანთან არ გადამიცია…

შალვამ დიდი მოკითხვა შემოგითვალა და ყოველივე სიკეთე გისურვა, რასაც მეზობელი გურული კაცი უსურვებს მეზობელს..

ამ წერილს ძალზე სიჩქარით გწერ. ამ მუზეუმის საქმეებმა და ცალკე ბესიკმა ტვინი გამომაცალა..

სხვებრ _ იყავი კარგად და მალე გვენახო ჯანიერი და ენერგიული. ალბად საცაა ჩამოხვალ კიდეც.

ამხანაგური სალამით გოგლა ლეონიძე

 

21237-ხ. გიორგი ლეონიძის