მორიალი და სოპრანო (აგასოვა-კანდელაკისას) – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 29.10.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-3-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მორიალი და სოპრანო (აგასოვა-კანდელაკისას)

ღამე, მაღალი როგორც კათედრა

სავნებო, როგორც კაბის შრიალი.

მთვარის ნიავმა გადაათეთრა

ქოში სოპრანო და მორიალი.

ეს არ მომხდარა რაინდულ დროში,

მე ბანანების მახსოვს შრიალი,

მომღერალ ქალმა ცისფერი ქოშით

ოთახში მოჰკლა იქ მორიალი.

მე მახსოვს იგი დუელი სწრაფი,

ორი ქიმერის ჩქარი შრიალი.

შეხვდენ ერთმანეთს: ქოში-მიზრაფი

და სკრიპკასავით მჭლე მორიალი.

ზღვის და ბაღების იქ იყო ფარჩა,

დიდ ბანანების ხარბი შრიალი.

და სამუდამოდ კედელზე დარჩა

გამოკვეთილი ზედ მორიალი.

ახლა მარტო ვარ, ვერ გავალომე

ჩემი სევდების ნაზი შრიალი.

ღამეში მოდის როგორც სალომე

ავი სოპრანო შავ მორიალით.

და თუ ეს იყო უხსოვარ დროში,

და თუ ეს იყო მხოლოდ შრიალი.

რად ელანდება მაღალი ქოში

და რად მაწვალებს ეს მორიალი?

 

29 ოკტომბერი, 1920 წ.

 

  1. ქალწულს, ასოთამწყობს, რომელმაც ააწყო ჩემი პირველი წიგნი.
  2. ასოთამწყობნი უფსკრულებს.

დაისის ბრწყინვალე უფსკრულში უნდა ჩაეცვინონ ყველა სხივები.

ლიანგი – Масса.

კალამგირი – Плагиатор.

Образ Дездемоны ოქროსფერი შემოდგომის ფოთლებში.