ოქტომბრის დეზდემონა – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-3-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოქტომბრის დეზდემონა

მწიფე აგვისტო მალე თავდება,

კვლავ შემოდგომას გული ემონა.

ყვითელ ფოთლებთან ანიავდება

ოქროსფერი და ცრუ დეზდემონა.

შლეიფიანი მისი ხაბარდა!

გძელი თითების თეთრი კანდელი!

და შემოდგომას მან შეაფარდა

თავის კაბების კორიანტელი.

ყრუ ჰეივანში ის ეხუტება

თეთრ ქანდაკების ცივ მარმარილოს –

და როცა ცქერა დაეხუთება,

დასტოვებს ჭაბუკს უპურმარილოს.

ქარვის ფოთლების საქანელაზე

ვით სერაფიმი იგი ქანაობს

და უზენაეს იმის ხველაზე

ოცნებობს მთვარე და მობანაობს.

ო, ჩემი იყოს იგი ნეტავი!

და ტირის გული, ტირის ირიბათ.

ვუცქერ მორჩილი გაუბედავი _

მან ჩემი სული გაატირიფა.

მას აღარ ესმის ჩემი სურვილი _

იმის გარშემო ბნელი გროვდება.

და ვით ოტელლო პირგამურვილი,

მას შუაღამე უახლოვდება.

 

ნოემბერი, 1920 წელი