დაისი საროსკიპო – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 09.10.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-3-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დაისი საროსკიპო

დღეს ქალის ნიფხავს ემსგავსება სისხლის დაისი.

სისხლის დაისმა აირჩია დღეს უცხო ღერბი.

და ამ ღერბის ქვეშ გაიშალა უზედაესი

სცენა, რომ არის ჩვენებათა სარკე და ტერფი.

საქანელაზე ვხედავ ქალურს მე ანდროგინებს,

ნაზი კანკალით საქმაროებს თუ მოელიან.

ვხედავ დარწეულს ვნებისათვის ოქროს ლოგინებს –

ავარვარებულ აჩრდილების ცქერა ბნელია.

 

იქ ოფელიას კლეოპატრა ჰკოცნის ვაჟურად.

ძვირფასი ქვები ეხვევიან ერთმანეთს ხარბათ,

ქარვის ქიმერამ ფირუზისფერს სწრაფ მიაშურა –

ვით ლესბიელნი დაეწაფენ ურთ-ერთის შარბათს.

პოეტი სტანჯავს ჩაის ვარდებს ენის მიზრაფით.

მრუში ნერონი ნორჩ გიაცინტს უკოცნის ფეხებს.

გედი ლედასკენ ფრთაგაშლილი კვლავ მიისწრაფის, –

იმათ აფრქვევენ ანგელოსნი ვარსკვლავთა შხეფებს.

სურვილს იკლავენ ერთმანეთზე ამორძალები.

ობოლი ალტი ჩაეკონა ტანშიშველ დისკანტს.

ტენორი ლოტბარს ემორჩილა მეტი წვალებით –

დაორსულებას აღტაცებით მოელის მისგან.

ტრაურულ ფარდას ჩამოუშვებს ღამე-მფლობელი.

ფარდიდან ისმის ოფელიას თეთრი კივილი –

ხვევნით რომ ახრჩობს კლეოპატრა მძლე, ულმობელი.

სტოვებენ ლოჟას კალიოსტრო და რადძივილი.

 

ვ. გ.

9 ოკტომბერი, 1920 .

 

გამლეტს არ ერგო (აღარ ხვდა) ოფელია – მეც არ მერგება.