ახალ კოლხიდას – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 05.11.1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, №25-26

პოეზია, შემოქმედება

ახალ კოლხიდას

გულო იმღერე, მე შენ ხმაურს თან ავყვე მინდა,

მინდა გავშალო სასახელო ერთი ფურცელი,

ვუთხრა დიდება  ახალ კოლხეთს, რომ აღმობრწყინდა

და რომ დააცხრო გაბერილი წყლით მან მუცელი.

 

პირველყოფილი ქაოსის ხმა გვსმენია შენი,

და ვრცელ ჭალებზე როგორ იწვა დამპალი ჰავა.

ლოკავდნენ შენს გულს მდინარენი შლამიან ენით,

იყო მიწისა და ღრუბლების მუდმივი დავა.

 

იყო სივრცეზე გასუდრული მწვანე ჭაობი,

განმეორება მასში სთვლემდა უძრავ ჟალტამის

ღრუბლის ანარეკლს ეხვეოდა ჭაობში ობი.

აქ ერთი იყო: საუკუნე და თუნდაც წამი.

 

ისმოდა სასტიკ კოღოების წყლიანი ზარი

და ბოდვა ცხელი ცხელებისგან დამსკდარ ტუჩებზე.

უსახიერო ლპობა იყო რაღაც საზარი

და ბედი მწარე დაწერილი ხავსიან ქვებზე.

 

პირველყოფილი ქაოსის ხმა შენი გვსმენია,

ვით თარეშობდა შენს გულღვირძლში რიონი ყბედი.

მაგრამ მოვიდა, აღმობრწყინდა თითონ გენია,

თვით სიყვარული, სასოება და ჩვენი ბედი.

 

მოვიდა… გაჰქრა მისი სიბრძნით ჭაობის სევდა,

ჭაობს ხალხისთვის ხელსახები მიეცა სახე.

საუკუნეთა ამ სიმშვიდეს სხვა ვინ დასძლევდა,

სხვა ვინ აქცევდა ნეტარებად კოლხიდის სახელს?!

 

შემოგესია შენ მრავალი რკინის ურჩხული,

თვალახელილმა სიხარულით იბღავლე მიწამ,

გაგეხსნა გული, შენს დაბლობებს დააწვა ხნული,

და ლაქაშების ორეულნი წარსულში მიწვა.

 

შედრკა… შეშინდა წყალმრავალი რიონი თითონ,

დიდმა გენიამ შეუნაცვლა მას კალაპოტი.

ჩასჭიდებია აქ მდინარე ცემენტს და ლითონს

და მოაქვს ტალღებს მოციმციმე ვარსკვლავთა ტოტი.

 

შეჩერდა რღვევა საშინელი წაქცეულ ტყეთა,

შენი მიდამო სქელი ნისლით არ იტბორება,

ახლა დაწმენდილ შენს ძარღვებში სიცოცხლე ფეთქავს,

თითქოს სამყაროს გაჩენის ხარ განმეორება.

 

არხს ელტვის არხი, და მოჰყვება წყალი დამწდარი,

ბრწყინავ ზოლებად ჩალაგებულ შიგ ვარსკვლავებით,

მზგავსი შვენება, განახლება ნეტა სად არი,

სად ეხვევიან თავის მამულს ასე მკლავებით!

 

მინდა ოცნებას აქ გავენდო ძვირფასი წამით!

ჩვენი ოცნება მობიბინე შენ ხარ, კოლხიდა.

შენ – მომღერალი ყოველ ბუჩქით, ყოველ ლერწამით,

ნათელი შუქით რომ იღვრება ყოველი მხრიდან.

 

ვრცელი მიდამო გადაშლილა ბაღჩა-ბაღებად,

ამოუხეთქავს მიწის ქვესკნელს სიმდიდრე მთელი,

შემოგხვევია შენ ნარინჯნი დარაჯ  ტალღებად,

აქ ყვავილების და მზისა დგას კორიანტელი.

 

მოჰყვება არხებს სურნელება და ოდას – ოდა,

შემდეგ ჰაერი სავსე ხილით და ბულბულებით.

მახსოვს, ბავშვობის ტკბილ ზღაპრებში მხოლოდ მესმოდა

ხმა ასე ნაზი და ფერებით ასე ულევი.

 

დგას ყველგან შუქი მანდარინის და ფორთოხალის,

მართლაც, რამდენი კეთილ ხეებს მოუსხამს მთვარე,

ყოველ სახლის წინ ბროწეულთა მძვინვარებს ალი,

ძველ სახლებს ესმის ერთი გულის ძგერა მგზნებარე.

 

შეერთდნენ შენში ცეილონი, შორი ფლორიდა.

ხეხილს ხეხილი ესალმება ნაირნაირი.

გადმოაქვს ჩრდილი მზეს მინდორზე ყოველი ხიდან

და ყოველი ხე აქ მხიარულებს მზიურ შაირით.

 

უბერავს სიო და ირხევა აქ ოქროს ვაშლი,

შემდეგ გადმოდის ძოწეულის თბილი საღამო.

ღამე ნაზ ჩრდილებს ჩამოუვლის და ყველას წაშლის,

რომ კვლავ აანთოს მეორე დღით ბაღი საამო.

 

ჩადგა სიცოცხლე შენს ძარღვებში ჯანსაღხმიანი,

შენს ლაჟვარდებში გაბატონდა სტალინის მოდგმა.

თავისუფალი შემოფრინდა ადამიანი,

გაჰქრა წარსული საოცარი და მზე წამოდგა.

 

რა მზრუნველობით, გულით გხატავს დიდი მხატვარი –

ამიტომ გვხიბლავს შენი მიწა და შენი ტანი.

შენი მდიდარი ბაღებისა სულს გვილხენს ქარი

და ახალ შრომის სიხარული ჩვენც შენში ვცანით.

 

რა ხსენებაა: ამორძალი, ზღაპრული ვერძი,

როცა სიმდიდრე ჩაწყობილა შენში მორებად.

მზეს კოღოები ხორთუმებით რომ აღარ ებრძვის,

და შენც სამყაროს გაჩენის ხარ განმეორება.

 

აქ ცხოვრებაა სანეტარო, სინათლე ცაზე,

ყაჭის სიმები სიყვარულით მუდმივ მღერიან:

იყოს დღეგრძელი, დაგვაყენა ვინაც ამ გზაზე

ბაირაღტარი დიდი საქმის – ჩვენი ბერია.