ხალხის გლოვა – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 01.03.1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი„ლიტერატურული საქართველო“, №5

პოეზია, შემოქმედება

ხალხის გლოვა

ვაი, რა დილა მოგვადგა შხამით,

მზეს დასწოლია ღრუბელი სქელი,

რა დიდი სევდა შობილა ღამით,

ჩამქრალა ერთი სახე ნათელი,

მოსულა ცრემლის კორიანტელი

გულის გლოვით და მწუხრით დამტენი

 

დილამ ამბავი შემოგვიტანა:

შეჩერდა სერგოს გულისა ჟღერა,

მაშინ ცახცახმა წამს აგვიტანა,

რომ ვეღარ ვნახავთ მზეებრ მომღერალს.

ვაი, რა ნისლი სწვევია მწვერვალს,

რა სიმწრის ოფლი დაჰკვრია მის ხმალს.

 

გვაწუხებს ცრემლი ყველაზე დიდი

საყვარელ მამის და მისი დარდი,

რომ გამოაკლდა ერთი რაინდი

წმინდა ბრძოლებში სისხლით ნაცადი

აი, ზარის ხმა ასული ცამდი.

 

შენ სიყვარული გამკობდა უხვი

რევოლუციის გზრდიდა გენია,

როგორც ღორეშას წყაროს ჩუხჩუნი,

როგორც ჩვენი მზე შუბლზე გფენია

ჩვენში სიცოცხლე მხოლოდ გშთენია.

არა, რას გვარგებს ცრემლი შენიანს.

მართლაც რა მოკლავს, ფერფლად რა აქცევს,

სულს რომ შრომისა ცეცხლი დაანთო,

ვინ დაივიწყებს, ან რა წააქცევს

სტახანოველთა რაზმების მნათობს,

მის ძეგლს სიკვდილი როგორ დაათოვს.

 

შენ სიყვარულით გაგვითბე უბე,

აამეტყველე თუჯი და რკინა,

შენით დაშრება ცრემლების გუბე,

შენ ხალხის გულში იპოვე ბინა,

რომ ინდუსტრია ამობიბინდა,

შესწირე გული შენი მას წინდა.

 

წავა, წაიღებს დრო და მანძილებს

შენი გმირობა დაუშრეტელი,

მოდგმას მოდგმაზე არ დააძინებს

შენი სახელის წმინდა კედელი

და წარუძღვებათ ვაჟკაცის ხელი

ბევრი მტრისა და მწუხრის მმარხველი.

 

შენი სახელის ბურჯი იქნება,

ხალხის ძვირფასი მეხსიერება –

შენ უკვდავების გაშლილო ნერგო,

ჩვენო კეთილო, რაინდო სერგო!