ნამდვილი ამბავი _____ რამე წელი მივუთითოთ – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი :

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26465-3-ხ.

გამოცემა :

პროზა, შემოქმედება

ნამდვილი ამბავი _____ რამე წელი მივუთითოთ

19 წლის ვიყავი. ლამაზი და მოხდენილი. რაღაც იდუმალი გრძნობით ვიყავი შეკრული. მიყვარდა მთელი ქვეყანა. მზათ ვიყავი, გულში ჩამეკრა და კოცნით დამესერა იგი. მიყვარდა ნოყიერი მიწა, როგორც დედა. ხშირად წავიდოდი ქალაქის გარეთ ბოტანიკურ ბაღში და იქ მარტო განვიცდიდი მთელ სიდიადეს ბუნებისას. იქ ვქმნიდი გამოუცნობ ლოცვებს, რომლითაც მივმართავდი ლაჟვარდის სიწმინდეს.

ბავშვობიდან დიდი იყო ჩემში მუსიკის სიყვარული. ხმაც კარგი მქონდა. მუსიკალური შკოლა ღირსებით დავასრულე. ჩემი ცდა განმეგრძო მეცადინეობა, უნაყოფოდ გათავდა. მომავლის მოლოდინში ოპერაში დავიწყე მუშაობა. ამავე დროს მე გატაცებული ვიყავი საეკლესიო გალობით. ვმაცადინეობდი ერთ ერთი საექზარხო ეკლესიაში გუნდთან ერთად. ასე გავატარე რამდენიმე თვე.

ერთ მშვენიერ დღეს N ესტუმრა რუსეთიდან 9 მოლოზონი. მათ განეზრახათ რუსეთში მონასტრის დაარსება და ამიტომ შეწირულობას კრეფდენ. ისინი ხშირად დაიარებოდენ ჩვენ ეკლესიაში წირვის მოსასმენად. ეს იყო დიდ მარხვაში. განსაკუთრებული სილამაზით იყო დაჯილდოვებული ერთი მათგანი. ის იყო მაღალი, ტანჩამოსხმული, მადონას სახით. რაღაც ტკივილზე უმძაფრესი გრძნობა შემეპარა გულში. განსაკუთრებული სიამოვნებით დავიწყე ამიერიდან სიარული ეკლესიაში, ვინაიდან იქ 9 შორის მეგულებოდა ის ერთი ძაძებში გამოხვეული ღვთიური სახე, რომელსაც თითქოს დასაბამიდვე ვიცნობდი და ვეძებდი მარად.

ერთ დღეს დიდმარხვის მიწურულში სრულიად შემთხვევით გავიცანი იგი. მოვიდა და მთხოვა, მესწავლებია მათთვის გალობა. მე, რასაკვირველია, დავთანხმდი. თანდათან დავუახლოვდი. ბოლოს გაცილებაც კი დავიწყე სახლში.

ერთხელ როდესაც ღამის მწუხრის შემდეგ ჩვეულებრივსამებრ ვაცილებდი სახლში, ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი აუხსენი. დიდხანს ველაპარაკე, არ მახსოვს, რას ვამბობდი, თითქოს მთვრალი ვყოფილიყო. არც ის მახსოვს, როგორ მოვედი სახლში, მხოლოდ მისმა ნაზმა და მოწყვეტილმა ხმამ გამომაფხიზლა. მე ვიგრძენი, რომ მის გულშიც კოცონი იყო გაჩაღებული.

მოახლოვდა ვნების კვირე. უნდა ვზიარებულიყავით.

შაბათი დღე. იგი ჩვეულებრივად ვნახე აგზნებულმა. გამომიცხადა, რომ ჩემზე წინ წავიდოდა საზიარებლად. იგი ცალკე ეზიარებოდა და მთხოვა… ასეც მოვიქეცით. როდესაც მე მივედი მოძღვართან საზიარებლად, ის უკვე იქ იდგა. ამ დროს მოხდა იდუმალი რამ. ასე შეუმჩნევლად გაიბა ჩვენს შორის სამუდამო კავშირი.

ზიარების შემდეგ იგი წინდაწინ წამოვიდა ჩემ სახლში. როდესაც მე დავბრუნდი და შევაღე კარები, საოცარი სურათი გადამეშალა: ჩემ წინ იდგა სრულად თეთრებში გამოწყობილი მშვენიერი ქალწული, რომლის გულმკერდს ძვირფასი სამკაულები ამშვენებდა. იგი ღიმილით შემხვდა კარებში და მომესალმა: `ქრისტე აღსდგა“

რა ბედნიერი ვიყავი მაშინ

მას წინდაწინ მოემზადებია სუფრა.

ასე ვცხოვრობდით სამი თვე (მოლოზნობის თავი არ დაუნებებია).

ერთ დღეს რომ სახლში ვიყავი, მივიღე წერილი, სადაც მწერდა, რომ იგი უაღრესად ბედნიერია, რომ მისი სიყვარული თან წაყვება, და რომ იგი მუდამ აღავლენს ლოცვებს მის სახსოვრად და რომ ეხლა იგი იძულებულია დატოვოს და წავიდეს იქ, სადაც მოვალეობა მოუწოდებს.