დაისი მესამე – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 11.11.1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-24-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

დაისი მესამე

და ცის უფსკრულში აილეწა კაფე ლანდური,

ახალ პოეტებს გაუმართავთ ლურჯი კაბარე.

იწვის არღანი, იკლაკნება იქ ფისმანდური,

და ჩემი ცქერა მოჩვენებას კვლავ შევაფარე.

 

ანგელოზები სამართებლით პარსავენ ლოთებს.

მსახურებს დააქვთ ოპიუმი მაღალ ვაზებით,

ისევ მედუზა ყავისფერი მათ ააშფოთებს,

ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით!

 

ლალის სიგიჟე, ყირამალა და ხარაკირი,

ჯამბაზობს კაფე და ჰაერში გადაბრუნდება.

ისევ დაისი ატორტმანდა, როგორც საკირე.

და ჩემი ცქერა ჩვენებასთან ბრძოლას უნდება.

 

რაშს შემოაგდებს მთვრალ კაფეში ლაღი მგოსანი,

და ეს იქნება თვით პაოლი – თვით – სხივოსანი,

ნისლიან ხალხში ის სონეტით გადავარდება,

და მისი ტანი დამსხვრეული ტალღებს ბარდება.

 

ისევ მსახურებს ოპიუმი დააქვთ ვაზებით,

ლალის სიგიჟე, ყირამალა და ხარაკირი

ვინც ლექსებს ამბობს ტირილით და რუხ გაბრაზებით,

მას მოიტაცებს მოდაისე, უცხო ფაკირი.

 

და კიდევ, ერთხელ, გაფითრდება კაფე ლანდური,

სავსეა ჭაღი თავის მკვლელთა ავი ძორებით,

ისევ მეძახის გრიგალიდან მე ფისმანდური

და თეთრ სურდოთი მემუქრება განმეორებით.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი

11 ნოემბერი, 1917