ჩემი ბრმა ბიძის, სპირიდონის – ოიდიპოს ხსოვნას; ნოსტალგია – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1921

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩემი ბრმა ბიძის, სპირიდონის – ოიდიპოს ხსოვნას; ნოსტალგია

ჩემი ბიძის სპირიდონის ხსოვნას

 

სიკვდილი მუфტით დასეირნობს დღეს ჩემ ბინაში.

დანავსულია სარეცლები და მთელი სახლი –

მესამე კუბო იხედება სარკის მინაში

და ვერ ათავებს თავის ღმუილს ეზოში ძაღლი!

 

პაოლოს აჩრდილს მე შევჩივი მწარე გოდებით:

ძმაო პაოლო! ვიღუპები, მოდი, მიშველე!

ო, დიდებულო! – შენ უთუოდ შეგეცოდები,

როგორც ღარიბი აზნაური და ფეხშიშველი.

 

თვით პოეზია ღვთაებრივი ვეღარ მამშვიდებს.

დღეს მიცვალებულს ჩემი სევდა, ჩემი თაყვანი.

ვითვლი ჩემს მარცხებს, გასვენებებს, შავ პანაშვიდებს.

და ეშაფოტად გადაიქცა ეს ბალახვანი.

10 თებერვალი, 1921 წელი

 

ჩემი წინაპარი – ამაყი საფირონი.

 

ნოსტალგია

(სანდრო ცირეკიძეს)

 

ქარის ორკესტრი დღეს ადიდებს უხილავ მოცარტს

და მემუსიკეთ დირიჟორობს თვით სალიერი.

ქარი დაამსხვრევს წუთიერი აჩრდილს საოცარს,

რომ სხვა ქიმერას შესთავაზოს გზა ცალიერი.

 

ჩემში იღვიძებს მიზრაფების წვა–ნოსტალგია.

მოველი სკრიპკებს დაისიდან, ვით მეზღვაური.

ნიღაბიანი საფირონი კიდევ ცალკეა

და ისიც გრიგალს ეწირება, როგორც საური.

 

ცეცხლის სარკეში ვინ გამოსჭრა თარგები ქარის?

ვინ გამოსჭედა ამ უფსკრულში ძველი ქაოსი?

ტოლ-აჩრდილებში ქედმაღალი თუ ვინმე არის? –

მათი სარდალი, შევარდენი და ყულაოზი.

 

სფინკსი – ამდგარი ეგვიპტეში მიუძღვის ლანდებს.

და მოჰყვებიან ტამერლანი, სალმანასარი.

აედევნება ჩემი თვალი ურიცხვ გიგანტებს.

სიმზედ მიჯაჭვულ არომატებს ფარავს ნაცარი.

 

ვით საჭურისნი დარაჯობენ ბეჭდები თითებს

სამუდამოა თვალ-ლალების წვა-ნოსტალგია:

სურთ ეზიარონ დაისებში ანთებულ მითებს

მაგრამ მედუზა-ქალბატონი კიდევ ცალკეა.

 

როგორც ანდროგინს ამათრთოლებს სფინკსი – მხედარი.

მწყურია, ვიყო ქარვისფერი მისი მგოსანი.

ოკეანეში ჩაესვენა მზე ნაბნედარი

და კიდევ მოსჩანს ის ქიმერა გვირგვინოსანი.

 

1921 წ.

ვალერიან გაფრინდაშვილი

 

პირველი რედაქცია.