7 წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველად დატრიალდა „ცისფერი ყანწების“ ქარიშხალი.
გამწევი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შეჩერდა ხელჩართული ომი და მარნასთან ბრძოლა ჯერაც გადაუხდელია.
უკანასკნელი წლების დიპლომატობა, რომელსაც ჩვენ ასე შევეჩვიეთ, უნდა დასრულდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვისმეს ღალატი გვინდოდეს, ან ვცდილობდეთ რომელიმე ციხის შიგნიდან გატეხას.
გამოვტყდებით, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა ბრძოლის სურვილი, და ყოველ დღე მატულობს შეგნება მისი, რომ საჭიროა ახალი გზები, საჭიროა გამოცდა „მშვენიერ დღეების“.
ქართულ მწერლობაში დღეს სათნოების ხაზი იმარჯვებს. დაძმობილებამ ისეთი სახე მიიღო, რომ ცისფერ ყანწელებს აღარაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა რომ სთქვან: „გავჩუმდეთ ძმებო“. ეს კი ნიშნავს არქივთან მიახლოვებას, ისტორიის დაწერას, რომანტიულ ფიქრს წარსულის აღტაცებულ დღეებზე და ოხვრას იმაზე თუ რანი ვიყავით.
არ ყოფილა ცამეტ ყანწელებში არც ერთი, რომელსაც როდესმე მიეღოს ფორმულა, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. ასეთი აზრი დღეს მარცხდება როგორც პოლიტიკაში, ისე რა თქმა უნდა ხელოვნებაშიაც.
მარცხენა ფრონტზე დგომა, შეგნებულ და ჭკვიან ხალხისათვის, ყოველთვის ნიშნავს ახალის ძიებას.
მემარცხენეობა მაშინ, როდესაც ცენტრად აღიარებულია მხოლოდ თანამედროვე ქართული პოეზია _ ეს არ არის მაინცა და მაინც დიდი დამსახურება. მთელი ჩვენი 7 წლის ისტორია იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიკლავს თავი იმ პოზიციისთვის, რომელსაც ჩვენი დროის ქართული მწერლობა ეწოდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავით, იმ ურთიერთობით, რომელიც უნდა დამყარებულიყო ჩვენსა და ქართულ მწერლობას შორის. მაგრამ ყველასთვის აშკარაა, რომ სამშობლოში, ჩვენ ვერ ვიპოვეთ საწინააღმდეგო იდეოლოგია, და თუ კამათი მაინც იყო, ეს იმდენათ, რამდენათაც ჩვენ გვინდოდა მწერლობის ატმოსფერის გაწმენდა, გაწმენდა იმ ნიადაგისა, რომელზედაც გვიხდება ჩვენ შემოქმედება, როგორც ქართველ პოეტებს.
პროვოკატორები აქ იტყვიან, თითქოს ჩვენ ერის წინაშე მოვალეობას, მეორე ხარისხოვან საკითხად ვთვლიდეთ, ესე იგი, თითქოს ჩვენთვის არ არის მთვარი მიზანი ის, რომ ვიყოთ პოეტები მხოლოდ ჩვენი ერისა და ჩვენი ერისათვის. მაგრამ ეს საკითხი უკვე თავიდანვე გამორკვეულია. პოეტი, რომელსაც შემოქმედების მთავარ იარაღად აღებული აქვს მშობლიური სიტყვა, რჩება თავის ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერი მისი წინააღმდეგი იყოს.
ჩვენი ფიქრი ყოველთვის მიმართული იყო პოეზიის მსოფლიოს არესაკენ. არ არის არც ერთი ჩვენი შეურიგებელი მტერი, რომელმაც არ დაადასტუროს, რომ ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, სინდისიერად ვსწავლობდით და ვამუშავებდით ყველა იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არსებობენ მსოფლიოს პოეზიაში. მაგრამ ევროპაში ჩვენ ვერ ვიცნობთ დღეს ვერც ერთ ლიტერატურულ სკოლას, რომელსაც შეეძლოს ჩვენზე გავლენის მოხდენა და გვაიძულოს შევსცვალოთ ის მთავარი ხაზი, რომელიც ცისფერმა ყანწებმა თავიდანვე აიღო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავისთავად ჩვენ პირველ გამართულ გზას დავაკვდებით. მაგრამ გარეშე ჩვენი საკუთარი გზის განვითარებისა ჩვენ ვერ ვნახულობთ ისეთ უცხო ლიტერატურულ სკოლას, რომელმაც შესძლოს ჩვენი გადაბირება. დადაიზმი გახრწნილების იდეოლოგიაა. ეს არ არის მემარცხენეობა. ეს საზოგადოთ არაფერი არ არი, გარდა დედის გინებისა.
არ ენახოს არასოდეს არც მზე, არც ბავში, არც სიზმარი და რევოლიუცია, რომ დადაისტი გახდეს.
ყოველ კეთილ შობილ და ნამდვილ პოეტში უნდა არსებობდეს კრიზისი, უამისოდ შემოქმედება ანალიზის გარეშე რჩება, მწერლობა იქცევა შეუჩერებელ და გამძლე ლაყბობათ.
მაგრამ როდესაც კრიზისი იმდენათ გააბოროტებს პოეტს, რომ ის აყროლდება როგორც ლეში, დაკარგავს სამუდამოდ იმედს, დაჟინებით მიყავს სიტყვა თვით მკვლელობისაკენ, მაშინ როგორ შეიძლება ლაპარაკი რაიმე შკოლაზე, შემოქმედებაზე, მომავალზე, ახალ ცხოვრებაზე. „ცისფერი ყანწები“ არასოდეს არ მივლენ იქამდე, რომ სიტყვას აზრი და შინაარსი დაუკარგონ. ამისათვის ჩვენ სიტყვა მიგვაჩნია თავისთავად მეტად გამძლე და უკვდავ ფენომენად, ის რაც დღეს ხდება ევროპის მწერლობაში ექსპრესიონიზმის სახელით, უკვე დიდი ხანია თქმულია. თავი რომ დავანებოთ სხვა შედარებებს, დავასახელებ მხოლოდ „ყანწებს“, და არ დავერიდები იმის თქმას, რომ ყველაფერი რაც ახლა საღდება ექსპრესიონიზმის სახით, უკვე მოცემული იყო ჩვენი შკოლის პირველ პერიოდში. აქ კიდევ მტკიცდება რომ მარტო სახელწოდება ვერ მისცემს სკოლას ახალ შინაარსს.
სდგება საკითხი როგორი განვითარება უნდა მიეცეს ჩვენ ორდენს, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ახლო მომავალი. არც ერთ სკოლისათვის არ არის სავალდებულო, რომ ის სწერდეს შემოქმედების კონსტიტუციას. როგორი ლექსია საჭირო ხვალ, ეს დღეს არავინ არ იცის.
ყველა სკოლამ უნდა იცოდეს მხოლოდ, აქვს თუ არა მას სურვილი, ძალა, მოთხოვნილება აწარმოოს ახალი ბრძოლა, თუ იგი დარწმუნდა, რომ ყველაფერი ნაფიქრია, ახალი აზრი არ არსებობს, ენერგია დალეულია, საჭიროა ლოდინი მხოლოდ იღბლიანი წუთის, როდესაც დასწერ კარგ ლექსს, მოთხრობას, დრამას.
თუ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებებმა გაიმარჯვა, მაშინ უკვე დრო არის სიკვდილის ან იუბილეის.
ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ჩვენი არსებობის ყველაფერი რაც მოგვცა შვიდმა წელიწადმა, ეს იყო მხოლოდ შესავალი იმ სამი სეზონის უდაბნოში, რომლის შენება უნდა დაიწყოს. „ცისფერი ყანწები“ ერთი პოეტია. ამაშია მისი ძალა.
შვიდი წელიწადი გავძელით ჩვენ გაუძლებელ საქართველოში, რადგან სიყვარულის გარდა ვიცოდით ერთმანეთის პატივისცემა. ნურავითარი სკოლა მწერლობაში ნუ დარწმუნდება, რომ გასტანს, თუ არ იქნა შინაგანი გამტანობა. მხოლოდ ადამიანური ერთობა პოეტებისა, ჰქმნის მათი სკოლის შინაარსს, მხოლოდ მუდმივი კავშირი არკვევს თუ რა იქნება ხვალ.
ცისფერ ყანწელებს შორის ყველა მომხრეა ახალ, ქუთაისის და ტრიესტის დღეების.
„ბარრიკადი“ გვამზადებს ამისთვის, ყანწელთა შორის მე მომხრე ვარ პერმანენტულ რევოლიუციის. ამიტომ დრო არის დავამზადოთ ცისფერი ყანწების შემდეგი ნომერი.
პაოლო იაშვილი
გაზეთი „ბარრიკადი“, 1924, 6 იანვარი, №1