ჩვენი განმარტება – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ჩვენი მეგობარი“,  1917, №13

სტატიები, შემოქმედება

ჩვენი განმარტება

მღელვარება, რომელიც გამოიწვია „ცისფერმა ყანწებმა“ საზოგადოებაში მეტად იზრდება. წაიკითხეთ ქალთა ერთი ჯგუფის მონდობილობით დაბეჭდილი წერილი (ახალი კვალი №2) და დარწმუნდებით, რომ ჩვენი ყოფნა გადაქცეულა ერთგვარ ტანჯვათ მრავალ ფაქიზ და პატიოსან არსებებისთვის. ჩვენ გვინდა, უფრო ვრცლად ვსთქვათ ყოველივე ის, რისთვისაც ასე გიჟურად სწყევლის ჩვენს ალმანახს აღელვებული ხალხი, ქართულ გაზეთებს საერთოდ და კერძოთ „მეგობარს“  არ გვინდა დავავალოთ მეტად მძიმე საქმე: ვრცელი ადგილის დათმობას მისთვის, რაც მოითხოვს სრულიად განცალკევებულ პირობებს. ამიტომ ჩვენ ვაარსებთ საკუთარ ლიტერატურულ ორგანოს, რომელშიდაც ვეტყვით ბ-ნ პროტესტანტებს დაურიდებელ პასუხს ყოველი იმ საოცარ წყევლისთვის, რომლის საგნათ გახდა ჩვენი ალმანახი. ჩვენი გაზეთი იქნება ყოველკვირეული და გამოვა აპრილის პირველ რიცხვებში.

„ცისფერი ყანწები“

გაზეთი „ჩვენი მეგობარი“,  1917, 13