„ცისფერი ყანწები“ მერვე წელს – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 06.01.1922

ადგილი : თბილისი

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ბარრიკადი“, №1

სტატიები

„ცისფერი ყანწები“ მერვე წელს

იწყება მერვე წელი მას შემდეგ, რაც პირველად გამოვიდა საქართველოში „ცისფერი ყანწები“. ჩვენი დრო იმდენად მდიდარია განცდებით და იმდენად დამძიმებული კატასტროფებით – რომ ეს შედარებით ხანგრძლივი დრო გვეჩვენება გუშინდელ ამბათ: ამ დროს განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ ისეთი გამოვსცადეთ, რომ საჭირო იყო წინად საუკუნეები, რომ ვყოფილიყავით ასეთი ამბების მომსწრე. ჭეშმარიტად, ტიუტჩევის ციცერონის თქმით, ჩვენ დავესწარით ქვეყნის საბედისწერო წამებს… ეს არის პერიოდი იმპერიალისტური ომის, საქართველო ამ საქმეში არაფერ შუაში არ იყო, გარდა ამისა, რომ სასაფლაოზე აგზავნიდა საუკეთესო ვაჟებს და აკი გამოიტირა უდიდესს ცრემლებით ვაჟა-ფშაველამ თავის ფშაველის წერილში – უმიზნობა ამ ომის და ვაჟკაცობა ქართველის: ჩვენ გვითქვამს და გავიმეორებთ – რომ ეს ლექსი მადასქარასტულ პერიოდის ლექსების საქვეყნო მეგობრობაში პირველობს… ომს კიდევ მოჰყვა რევოლუცია და სამოქალაქო ომები… იმავე ტიუტჩევის თქმით: Теперь тебе надо стихов о сердце Русское родное… საქართველოსთვის, მართალია, რევოლიუცია არ ყოფილა ორგანიულად გამოტანჯული, მაგრამ იმდენად, რამდენადაც რევოლიუციას უკავშირდებოდა ეროვნული განთავისუფლება, ყოველი ქართველი უკანასკნელი ლტოლვით იყო გატაცებული… ამ პერიოდს ჰქონდა თავის კონების ჩქარი ჩვენებები: ტფილისს მიდგომიან გააფთრებული ასკერები, ვილგელმის ჯარის უკანასკნელი ნამსხვრევები, ინგლისელები თავიანთ ფერადი ჯარებით; როცა მალაელის ჩრდილი დააწვა საქართველოსაც… ჩვენი ქვეყანა თავისთავად ეგზოტიური, კიდევ უფრო გახდა შინაურებისათვისაც ეგზოტიური. ყოველ დღე დამძიმებული იყო ახალი შესაძლებლობით. ყოველი ქართველი, არა პოეტიც, უშუალო ჩაბმულ ამ ფანტასმაგორიაში. გამობრძმედილი რევოლიუციონერები კიდევ ინახავდენ თავიანთ ისტორიის დიალექტიკის უკანასკნელ რწმუნებას. ასეთ დროს მწერლობისათვის თვით მწერლებსაც არ ეცალათ… ზღაპრული თქმა, რომ ცა ას წელიწადში ერთხელ იხსნებაო, ყველამ დაიჯერა და ამ გახსნილ ცაზე ოცნებასაც არ ჰქონდა დასასრული. პოეტები კიდევ უფრო მეტს ოცნებობდენ.. და მართლაც, არა მარტო ზღაპრული ჩვენებითა იწყება ახალი პერიოდი, ცის გახსნა. რუსის პოეტმა ანდრეი ბელლიმ ეს ცის გახსნა ასე გამოსთქვა: ძველი ცა ინგრევა; მას, როგორც ინგრევა კვერცხის ზედაპირის ნაჭუჭი და იბადება ახალი ფრინველი, მაგრამ ამ ფრინველისთვის ეს ცის დანგრევა ახალი ცხოვრების დასაწყისია. ეს ქარიშხალი ჯერ კიდევ არ ჩამდგარა, ამ ქარიშხალის მოვარდნა სწერია არც ერთ ეფუთში, შესაძლებელია, ზოგიერთობა მარწმუნებს, ნახონ ანალოგიები აპოკალიპსში… ამიტომ თავისთავად მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო… ის ჯვაროსნობა პოეზიის რევოლიუციაში, ის პირველი გაბედული თქმა, რომლითაც გამოვიდნენ „ყანწელები“ და რომელმაც ერთხელ შეაშფოთა მთელი საქართველო, ნამდვილ მოვარდნილ რევოლიუციათ მაინც გამოჩნდა გულუბრყვილობა: თუ წინად ხალხს აკაკი წერეთელი ფიგურალურად ხატათ ჰყავდათ წარმოდგენილი და მის შეურაცხყოფას არავის აპატიებდა, დღეს ნამდვილი ხატები გადაყარეს წყალში, სოფლებიდან გაჰქრენ ეკლესიები და ვის სცალია პოეზიის ტრადიციის დაცვა… ნამდვილად ისე ხდება საქართველოში დღეს საგნების გადალაგება, რომ ვერც ერთი მემარცხენე პოეტი ისე შორს ვერ წავიდოდა… და საერთოდაც, იმპერიები დაიმსხვრენ, მთელი დინასტიები დაიღუპენ, მბრძანებელი ერები, რომელნიც არ ერიდებოდენ მსოფლიო ომის დანთებას… გერმანია და ავსტრია დღეს მხოლოდ მოგონებას წარმოადგენენ ძველი დიდებისას… კლასებიც გადაშენდენ, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ უსწორებთ თვალს სინამდვილეს, ჩვენ კიდევ არ გვაქვს არიცხული მომხდარი ფაქტი: თვითონ ის პოეტები, რომელნიც იჩემებენ ამ რევოლიუციის პოეტობას…

რევოლიუციას ვერ სწვდებიან, დღემდე არც ერთ პოეტს არ გადმოუცია ამ რევოლიუციის პაфოსი… შესაძლებელია და ჩვენ ვიტყოდით კიდეც, რომ სწორედ ამ ამბების ბრალია, რომ ჩვენმა სკოლამ გასძლო ამდენი ხანი, აკადემიკოსმა მარრი ბროსსემ შეადგინა ქართველ მეფეების გონეა ლოგია და ირკვევა, რომ საერთო რიცხვით თვითეულ მეფეს საქართველოში ერთ წელზე მეტი არ უმეფია.

მით უმეტესს, წარმოუდგენელი იქნებოდა ხანგძლივობა მებრძოლის შკოლის პოეზიაში, რომელიც ყველაფერს აშენებს ოპოზიციაზე. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ აქ იყო ერთგვარი ანომალიაც… ჩვენში არ იყო ის მაგარი ლიტერატურული ტრადიცია, რომელიც ბოლოს თავის არსებობით მაინც ხრწნის ახალ სკოლას. „ცისფერი ყანწები“ დინამიტებით მიადგენ ძველ მწერლობას, მაგრამ ძველმა მწერლობამ თავის თავი არ დაიცვა… მაგიკანები მკვდრები იყვნენ და მათი მიმყოლი ბრძოლის მაგიერ მოხვდენ „ცისფერი ყანწების“ გავლენის ქვეშ… თუ იყო ფილისტერების ოპოზიცია ოჯახებიდან… ეს ოპოზიცია ამ ოჯახებთან ჩაკვდა… ამ ფაქტს ჰქონდა თავისი უკუღმა პირიც, აქ „ყანწელები“ გამოდიან კულტურ ტრეგერების როლში, დარღვევის მაგიერ თვითონ იძლევიან მომავალ რღვევის მასალებს… მაგრამ ესეც ასახსნელია… ყოველ შემთხვევაში, იწყება მერვე წელი… იმ სიმфონიის, რომელსაც ჰქვია „ცისფერი ყანწები“… ეს ორდენი პოეტების მაგრად სდგას, თუ ზოგიერთ ახალგაზრდას არ უსწრებს სიკვდილი, ვერც გარეშე მოწოლამ, ვერც შინაგანმა ბრძოლამ ვერ დახსნა ეს ორგანიზმი. „ცისფერი ყანწები“ დღესაც სდგანან პოეზიის ჯვაროსანთა რიგში: თამაში, გამომწვევი, უარმყოფელი და შემოქმედი.

ჩვენ პირადათ გვწამს, რომ პოეზია გეოლოგიური პროცესსის სინელით ასახავს სტილს რევოლიუციის, „ყანწები“ ელის იმ წამს, რომ შეეძლოს ახალი „ბარრიკადები“-ს დადგმა;

შესაძლებელია, ეს არ იყოს ორგანიულობა მემარცხენე პოეზიასთან, მაგრამ ახსნას ვინმემ ვაჟა-ფშაველას ვულკნის ფენომენი. დაკვირვებული ქართველის ნათქვამია: რომ ყოველ ქართველში სცხოვრობს მეამბოხე ლიპარიტ ორბელიანი, მით უმეტესს, ეს უნდა იყოს პოეტებში, მაგრამ მეამბოხე პოეტები შვიდი წელია სცხოვრობენ ერთად და მათ გვერდით ათასჯერ გატეხილა სხვა ფრონტი, ჩვენი ფრონტი კი სდგას ურყევლათ… შესაძლებელია, თვით პოეზიის კრიზისმა იმდენი ჰქმნას, რომ შთამომავლობას არ დარჩეს (თუმცა ჩვენ ამაზე ყველაზე ნაკლებ ვფიქრობთ) რაიმე დიდი პოეზიის მიღწევები… მაგრამ დარჩება ხსენება იმ ორდენის, რომელსაც ჰქვია „ცისფერი ყანწები“-ს ძმობა, მეგობრობა, რომელსაც შეადგენდენ 13 კაცი და ისტორიულ ანალოგიით, როგორც 13 ასირიელმა მამებმა საქართველოში დათესეს ორტოდოქსი ქრისტიანობა, ისე „ცისფერ ყანწებმა“ ნამდვილი პოეზია ამ განსხვავებით, რომ ასირიელთ მოაწიეს ქრისტიანობას, როგორც პროზელიტებმა, ყანწელები კი მოასწრეს პოეზიას, როგორც მორიელებმა.

ასე იწყება „ცისფერი ყანწების“ მერვე წელი.

ტიციან ტაბიძე

გაზეთი ბარრიკადი, №1