მოგონების ფურცელი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 20.04.1967

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 29192-43-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

მოგონების ფურცელი

ძნელია წერო იმაზე, რაც შენს ცხოვრებაში ოდესღაც ყველაზე უფრო ძვირფასი იყო,  რაც სამუდამოდ გაქრა, მაგრამ მეხსიერებამ შეინახა როგორც საუნჯე ყველასგან დაფარული, საიდუმლოდ გადანახული.

უდიადეს მძერწავს – დროს, რომელიც თავისივე ქმნილებას მცირე ხნის შემდეგ თვითვე არარად აქცევს, დავიწყების ფერფლით არ დაუფარავს ეს გადანახული განძი. მხოლოდ დროებით, ესოდენ ხანმოკლე ვადით მიუბარებია იგი შესანახავად ადამიანის სულისთვის…

მსგავსად ჯანღისა ნელა იღვრება ფანჯრებიდან ცისფერი მწუხრი. მას თან მოჰყვება  განვლილ წელთა აჩრდილი, მკრთალი, უკვე გაცრეცილი სახეებით, ყოველივე, რაც სიყვარულის ძალით ყოფილა გამთბარი, სახეები იმ ადამიანთა, რომელთა ახალგაზრდობის ფრთებ ქვეშ გატარდა შენი ახალგაზრდობაც, უნეტარესი დღეები შენი სიცოცხლისა…

საფირონისფრად მუქდება მწუხრი და თანდათანობით გიშერის გაულანდავ კაეშნიან ფერადობას უახლოვდება. წარსული, წარსული… რა იქნებოდა, რომ განგებას ადამიანისთვის არდავიწყება არ მიენიჭებია? მხოლოდ და მხოლოდ არდავიწყება – ეს საშინელება, რომელიც თან დაგდევს, ვით საკუთარი ლანდი არ გშორდება დღისით და ღამით, გპარავს მოსვენებას და აწიოკებს გონებას სიმშვიდესა და დავიწყებას მონატრებულს?

მაგრამ… გოეთეს ერთხელ უთხრეს: ,,ეს ცხოვრება ესოდენ არა სრულყოფილია! როგორ მოიქცეოდით, თქვენთვის რომ მოენდოთ მისი გადაკეთება? როგორს შექმნიდით?“  ,,ისევ ამნაირს, მხოლოდ ასეთს – მცირე დაფიქრების შემდეგ უპასუხა გოეთემ…

1927 წელი.  ჩემი მეგობრები და მე ზაფხულს თბილისში ვატარებთ, ერთმანეთთან ვიკრიბებით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. ჩვენი მეგობრობის ლოტბარი, პაოლო იაშვილი, ხშირად გვიწვევს სახლში და გვიმასპინძლდება არგვეთიდან ჩამოტანილი ღვინით. მისი მამა, ბატონი ჯიბრაელი – ახოვანი, ლამაზი, არაჩვეულებრივ დარბაისელი, სტუმართმოყვარე ადამიანი ხშირად ართმევს თამადობას თავის ვაჟს და ბრწყინვალედ უძღვება სუფრას. ზოგჯერ იგი ოდნავ მოწყენილია. რაღაც სევდა გაიელვებს მის თვალებში, რაღაც გამოუთქმელი დარდი… ალბად ესეც იმ არდავიწყების შედეგია, რომელსაც შეუბყვრია ამ დარბაისელი ვაჟკაცის გონება. ვინ იცის!.. მაგრამ იგი იმდენად ზრდილია, რომ წამითვე ისევ სათნო ღიმილს სთავაზობს შეკრებილ პოეტებს. უნებლიეთ განსხვავებული შალვა დადიანი მაგონდება: იგივე არისტოკრატიული თავდაჭერა, იგივე თავაზიანი საუბარი, იგივე თითქოს უდარდელი ღიმილი. ღიმილი!.. ადამიანის სახის მოძრაობათა შორის ეგ ხომ ყველაზე სრულყოფილი საშუალებაა გრძნობათა გამოსახვისათვის!

ტანჯვა-წამებისა, უდიდესი უბედურების ფასად მოპოვებულ სულიერ წონასწორობისა, ბედისწერასთან შერიგების, პირველი სიხარულისა და კუბოს ფიცრამდე გულში ჩარჩენილ, სამარემდე მიტანილ  სიყვარულის მაუწყებელია იგი…

არა, ამ ქვეყნად არაფერი არსებობს გულის წიაღიდან ჟრუანტელივით წამოსულ და სახეზე უნაზეს ყვავილივით გაშლილ ღიმილზე უფრო მშვენიერი რამ! მაგრამ ზოგჯერ იგი ხომ ვერაგობის, ღალატის, შურისძიებისა და ბოროტ განცდათა შენიღბვის საშუალებაა, დაცდილი იარაღი? მაგრამ ხომ ასეთი არის ადამიანთა ,,ესოდენ არასრულყოფელი“ ცხოვრება, ასეთი დარჩება იგი მარადის, უკუნიდან უკუნისმდე…

ანდრეი ბელის თბილისში ჩამოსვლამ ყველანი გაგვახარა. მე იგი რამოდენიმეჯერ მყავდა ნახული პეტერბურგში და მოსკოვში ლიტერატურულ საღამოებზე, სადაც გამოდიოდა სხვა გამოჩენილ რუს მწერლებთან ერთად. მათ შორის იყვნენ ბალმონტი, ბრიუსოვი, ბლოკი, გუმილიოვი, ანა ახმატოვა, ზინაიდა გიპიუსი, მერეჟკოვსკი, ვ. ივანოვი, ბუნინი, ვოლოშინი. პირადათ ანდრეი ბელის მაშინ არ გავცნობივარ. ახლა კი მეძლეოდა ეს საშუალება.

ანდრეი ბელი – რუსული ლიტერატურის განსაკუთრებული და თავისებური გავლენაა. ახალი რუსული პროზის ფუძემდებელი, ბრწყინვალე პოეტი, დიდი ერუდიციის მქონე ადამიანი, ტეოსოფიით გატაცებული, ცნობილი პროფესორის, მათემატიკოსის, ნიკოლოზ ბუგაევის ვაჟი, დუშეთში დაბადებული. „პეტერბურგი“, „ფერფლი“, „ორი საუკუნის მიჯნაზე“,  „ვერცხლისფერი მტრედი“, „ოქროლაჟვარში“ – ამ ნაწარმოებებით ვიყავით გატაცებული მე და ჩემი მეგობრები მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ მოგვწონდა.

გვენატრებოდა ანდრეი ბელისთან საუბარი, მასთან დაახლოება. ვეწვიეთ მას სასტუმრო „კავკაზ“-ში სადაც ის თავის მეუღლით იყო დაბინავებული. ჩვენი შეხვედრა მეტად თბილი იყო. თავიდანვე რაღაც უშუალო მეგობრული და პოეტური ურთიერთობა დამყარდა ჩვენ შორის.

უკვე 13 წელი არ მენახა იგი. დროს თავის დაღი დაესვა მისთვის. ოქროსფერი აბრეშუმივით რბილი ულვაშები აღარ ამშვენებდა მის დაღლილ სახეს, მაგრამ ჭკვიანი თვალები ისევ-ისე ბრწყინავდნენ ჭვრეტის დიადი ცეცხლით ანთებულნი.

თავისთავად სიმბოლური იყო ეს ჩვენი შეხვედრა:

რუსული სიმბოლიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი მეგობრულ კავშირს აბავდა ქართულ სიმბოლიზმთან…

საუბარი ვლადიმერ სოლოვიოვის, ინოკენტი ანენსკის, ვიაჩესლავ ივანოვის და ვასილ როზანოვის შესახებ ჩამოვარდა. ტკივილით მოვიგონეთ ა. ბლოკის უდროო გარდაცვალება. ანდრეი ბელი საოცრად განიცდიდა გუმილიოვის ტრაგედიას… იგი სიყვარულით იგონებდა ბლოკს და განსაკუთრებული აღტაცებით ლაპარაკობდა პუშკინზე. არ დამავიწყდება მისი ფრაზა: „Русская земля так и не смогла больше создать столь гениально оркестрованную душу“.

სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ჩვენი საუბარი. მზე უკვე საკმაოდ გადახრილი იყო ჩვენ რომ სასტუმრო კავკაზი” დავტოვეთ.

რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემი კარის მეზობელი პაოლო იაშვილი, მისი მეუღლე თამარი, გრიგოლ რობაქიძე და ტიციან ტაბიძე მეუღლით შემოვიდნენ ჩემთან.

– წავიდეთ, – მითხრა ტიციანმა, – ანდრეი ბელი მოვიწვიე, პატივი უნდა ვცეთ, მალე წასვლას აპირებს. წავიკითხოთ ჩვენი და ანდრეი ბელის ლექსები, გაუხარდება.

სიხარულით დავთანხმდი. მახსოვს, მოღრუბლული დღე იყო, არც ცხელოდა. საგნები შეუცვლელნი, თავიანთი ბუნებრივი ფერებით და კონტურებით ჩანდნენ.

– შენი სათახვანებელი ლეონარდოს დღეა, – მითხრა პაოლომ, – მას ხომ ასეთ დღეს უყვარდა ფუნჯის აღება.

– რათ გაგახსენდა ლეონარდო?

– არ ვიცი, რათ. ალბათ იმიტომ, რომ შენ იგი ასე გიყვარს. მე კი უფრო მზიან დღეს შევხარი…

– მოღრუბლული დღე მეტ მყუდროებას იძლევა, – ღიმილით უპასუხა ტიციანმა.

სასტუმროში ანდრეი ბელის გავუარეთ. მიწიშვილი მოედანზე გველოდებოდა. მან გვაცნობა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილი უქეიფოთ არის და მოსვლა არ შეუძლია. ტიციანის ბინისაკენ ნელი ნაბიჯით გავემართეთ.

ა. ჭავჭავაძის ქუჩას მივუახლოვდით. სურათის გადაღება მოგვინდა. მოულოდნელად სანდრო შანშიაშვილი შემოგვხვდა და მოისურვა ჩვენთან სურათის გადაღება. სე-გო-კიუს ფოტოგრაფიაში შევედით და სურათი გადავიღეთ.

– ბორის ნიკოლაევიჩ, – მივმართე მე ანდრეი ბელის, – თქვენ, ვგონებ, სურათის გადაღება არ გიყვართ…

– არა, როგორ გითრათ, მაინც და მაინც არა… გააჩნია, სად, როდის… ახლა, მაგალითად, დიდის სიამოვნებით გადავიღე თქვენთან სურათი.

ვუახლოვდებით ტიციანის ბინას გრიბოედოვის ქუჩაზე. ანდრეი ბელი და გრიგოლ რობაქიძე დაწინაურდნენ და რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ. ხშირად შეჩერდებოდნენ და ჩვენს მოსვლას ელოდნენ. არ ვიცი, რა იყო მათი საუბრის საგანი.

დაუვიწყარია ის დღე ტიციანის ოჯახში გატარებული. თამადა ტიციანი იყო (სხვათაშორის, მას კარგად შეეძლო ღვინის სმა). ბელიმ გვთხოვა, წაგვეკითხა ჩვენი ლექსები. გამახვილებული ყურადღებით გვისმენდა იგი და გვთხოვდა ზოგჯერ განმეორებით რაც შეიძლება ნელა წაგვეკითხა უკვე წაკითხული ლექსი.

– მინდა, რაც შეიძლება ღრმად შევიგრძნო ქართული ლექსის ჟღერადობა და წყობა

ქართული ლექსისა – თქვა მან.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ტიციანის თავისებურმა ლექსის კითხვამ. კერძოდ ლექსმა ,,მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე, შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი“ – ტიციანმა სამჯერ გაიმეორა ანდრეი ბელის თხოვნით. მან ეს ორი სტრიქონი დაიზეპირა და კარგადაც წაიკითხა. მხოლოდ სიტყვას ,,ყაჩაღებმა“ კითხულობდა ,,კაჩაგებმა“.

– Что вам,  Борис Николаевич, особенно попровилось в этйх стихах? – შევეკითხე მე.

– Вот фонетика, динамика стиха! Посмотрите, какая нарастающая динамика! А стройность чередования гласных и согласных… прекрасно, незасветимо!

პაოლომ წაიკითხა „წერილი დედას“ და „წითელი ხარ“; მე – ორი პატარა ლექსი, „მთვარის წყალობა“ და „დავიწყებული ფონები“.

ბელი ღვინოს საერთოდ ცოტას სვამდა, მაგრამ ახლა აღტაცებული იყო და პატარა ჭიქაში ღვინოს აღარ ტოვებდა.

– ახლა მისი ლექსები წაიკიხეთ – მოგვმართა ნინო ტაბიძემ.

გრ. რობაქიძემ წარმოთქვა მშვენიერი სიტყვა რუსულად ანდრეი ბელის შესახებ. პაოლომ წაიკითხა ერთი ლექსი (აღარ მახსოვს რომელი, ვგონებ „Вспомни“). ტიციანმა, უკვე შეზახორშებულმა, ტრაგიკული ხმით წაიკითხა ლექსი: „Друзьям“.

„Золотому блеску верил,

А умер от солнечных стрел,

Думал века измерил,

А Жизнь прожить не сумел!..“

მე წავიკითხე ორი მისი შესანიშნავი ლექსი: „Родина“ და  „Из окна вагона“.

ბელი თავჩაქინდრული, გაუნძრევლად ზის და გვისმენს. ერთი ხელით თვალებს იფარავს. შემდეგ იგი დგება და თვალცრემლიანი გვეხვევა, გვკოცნის. დიდხანს გაგრძელდა ჩვენი საღამო. ანდრეი ბელიმ მოისურვა თუშეთის ნახვა, სადაც ოდესღაც მამამისი მსახურობდა და საერთოდ საქართველოს სამხედრო გზით შინ დაბრუნდა. გადავწყვიტეთ ორი დღის შემდეგ მანქანით სამხედრო გზით გამგზავრება. ბელიმ სამადლობელი სიტყვით მიმართა ნინოს და ტიციანს; აგრეთვე ჩვენ ყველას; აწია თავის პატარა ღვინით ავსილი ჭიქა და საქართველოს, ქართული პოეზიის სადღეგრძელო დალია. თავის სიტყვა მან დაახლოებით ასე დააბოლოვა: „итак, за нашу встречу, за братскую любовь поэтов грузинских и русских, за велигчайшее блага, дарованное челавеку – за поэзию!“

ასე დამთავრდა ჩვენი სერობა ტიციან ტაბიძის ოჯახში. ორი დღის შემდეგ ჩვენ ყველანი გავემგზავრეთ სამხედრო გზით. შეგვემატა მხოლოდ პავლე ინგოროყვა თავისი მეუღლით, გიორგი ლეონიძე და ალი არსენიშვილი. რამოდენიმე საათი შევჩერდით დუშეთში. ღამე გავათენეთ ფასანაურში და მეორე დღეს მივაღწიეთ კავკავს.

ეს დაუვიწყარი მოგზაურობა კარგად აქვს აღწერილი თავად ანდრეი ბელის წიგნში „Ветер с кавказа“.

ასე დასრულდა ჩვენი ამბავი „ვითა სიზმარი ღამისა“.

ამ მოგზაურობის მონაწილეთაგან მხოლოდ პავლე ინგოროყვა, თამარ იაშვილი და მე კიდევ დავდივართ ამ ქვეყნად, კიდევ ვსუნთქავთ და საფირონისფერ მწუხრში, ჟამს მარტოობისა, ჩუმათ ვაცოცხლებთ ჯერ კიდევ არ ჩამქრალი ოცნების ძალით მას, რაც იყო, რაც აღარ არის და რაც აროდეს განმეორდება.

კოლაუ ნადირაძე

20.VI.1967