დათოვლილი ქუთაისი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 10.01.1964

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 29192-40-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

დათოვლილი ქუთაისი

თოვლიანი ზამთარი ქუთაისის იშვიათი სტუმარია.  ,,ეს ხომ ზამთარი არ არის”, ხშირად მსმენია ასეთი თქმა რუსებისაგან, რომელთა ოცნება ეალერსება ყინვებით ჩაჭედილ ტბებსა და მდინარეებს, მრისხანე ქარბუქით აქვითინებულ უსაზღვრო ველებს.

მართლაც, განა შეიძლება ზამთარი ეწოდოს დასავლეთ საქართველოში ზამთარს, როცა დეკემბერი და იანვარი ხშირად ისეთი თბილია, რომ შეგიძლიათ სტუმარს აივანზე ან ეზოში გაუშალოთ სუფრა, როცა ეზოებში აყვავებას იწყებენ ტყემლები და ატმები, ხოლო ხეებზე ფრინველების ჟრიამული გაისმის?

მაგრამ… არსად, ვგონებ, თვით რუსეთშიც ვერ ახერხებს ზოგჯერ ზამთარი მთელი თავისი სიდიადის გამოვლინებას ისე, როგორც იმერეთში.

მაშინ იგი გვევლინება, როგორც ფეერიული დედოფალი თოვლის სიფონიად ქცეული. იგი სითეთრისა და ცისფეროვნების უმანკოებით არის შემოსილი, ღრმა სიჩუმითა და მყუდროებით შემკული.

 

II

ერთ ასეთ ზამთრის დღეზე მსურს გიამბოთ.

ეს მოგონება, ჩემთვის დაუვიწყარი, აცოცხლებს საყვარელ მეგობრების ვალერიან გაფრინდაშვილის, სანდრო ცირეკიძის და ნიკო ლორთქიფანიძის სახეებს.

ჩვენი ამხანაგების თბილისში გადასვლის შემდეგ ქუთაისში მხოლოდ სამნი დავრჩით: ვალერიანი, სანდრო ცირეკიძე და მე. ასეთი განმარტოება გახდა მიზეზი კიდევ უფრო ჩვენი დაახლოებისა, მან კიდევ უფრო გაათბო, კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი ისედაც ღრმა სულიერი სიახლოვე.

თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიკრიბებოდით ერთმანეთთან, ვსაუბრობდით პოეზიაზე, ვკითხულობდით ჩვენს ახალ ნაწარმოებს. მასთან ერთად ბევრს ვმუშაობდით. დავაარსეთ ჟურნალები ,,მეოცნებე ნიამორები“ და ,,შვილდოსანი“,  გამოვეცით ,,ახალი ქართული პოეზიის ანთოლოგია“,  ,,მალარმე“. ვალერიანმა, სანდრომ და მე გამოვეცით ჩვენი პირველი წიგნები…

ჩვენ გვიყვარდა – განსაკუთრებით შემოდგომის დღეებში, როცა ქუთაისში მძინვარებდა ქარი, ან განუწყვეტლივ წვიმდა – ქუჩებში ხეტიალი და ქუთაისის თავისებურ ღრმა სადარბაზოებში ყოფნა,  ეს სადარბაზოები კარგად გვიცავდნენ წვიმისა და ქარისგან და თავისთავად პოეტურ განწყობილებას ჰქმნიდნენ.

ქალაქი უკვე ღრმა ძილში იყო გახვეული. აქ შეხიზნულნი, აბეზარ ყოველდღიურობას და უფერულ სინამდვილეს განშორებულნი, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვგრძნობდით თავს. ვსაუბრობდით იმაზე, რაც, ალბათ, არცერთ ქუთაისელ მოქალაქეს არასოდეს არ დაესიზმრებოდა, აროდეს არ დაურღვევდა მსუბუქ, იოლად მოპოვებულ სულიერ წონასწორობას.

ვინ იცის, რამდენი ღამე გაგვითენებია ჩვენ აქ! ვინ იცის, რამდენ ოცნებას ბედნიერებაზე, სიყვარულზე, სამშობლოსათვის თავშეწირვაზე მოუჯადოებია, ნეტარებით დაუთვრია ჩვენი გული და ჩვენთან ერთად ჩასძინებია ამ სადარბაზოებში!..

ახლა ჩვენ სამნი ვაგრძელებდით ჩვენი ორდენის ამ ტრადიციას, რომელიც ჩვენს შორის მეგობრობისა და ძმობის სწორუპოვარმა, განუმეორებელმა მედროშემ – პაოლომ შემოიღო.

 

III

დეკემბერი მშრალი და თბილი დადგა. მზე ზოგჯერ ისე მცხუნვარებდა, რომ შესაძლო იყო რიონში ბანაობა.

საღორიის ტყეში ქორჩიოტა აყვავდა და ენძელამაც გაახილა თვალი. არქიელის გორის ფერდობზე, რომელიც სამხრეთისაკენ იყო მოქცეული, ბავშვებმა ია დაკრიფეს. შუა დეკემბერი იყო. ტყისქათმებზე სანადიროთ აჯამეთის ტყისკენ დავაპირე წასვლა, მაგრამ რიონის სადგურის მახლობლად, საღორიის ტყეში, მომიხდა ნადირობა – ტყისქათმები აქაც საკმაო რაოდენობით აღმოჩნდა.

მზე კიდევ ჩასული არ იყო, შინ რომ დავბრუნდი. კარგად ვინადირე: რვა ტყისქათამი მოვიტანე. დედასთან ერთად ვისადილე, თოფი გავწმინდე და ადრე დავწევი.

კიდევ არ მეძინა, როცა ჩემს ოთახში დედა შემოვიდა და თბილი საბანი შემომიტანა. ,,შვილო, ამინდი საოცრად შეიცვალა, ძლიერი ქვენა ქარი ამოვარდა, თოვა დაიწყო!“

დარაბები გამოვაღე სარკმელში გავიხედე: არქიელის გორა თითქმის აღარ მოჩანდა, ისე ძლიერ თოვდა. ანთებული ნათურები ოდნავ ციმციმებდნენ რძისფერ ბურუსში. ამინდის ასეთმა მოულოდნელმა შეცვლამ  კარგ გუნებაზე დამაყენა. დერეფანში გაველ,  ძაღლი ოთახში შემოვიყვანე, საწოლთან ახლოს თბილად დავუგე და დავაწვინე.

 

IV

ადრე გამომეღვიძა.დარაბები გამოვაღე.  ორთავე სარკმელში თოვლის სითეთრე შემოზღვავდა და ჩემი ოთახი წალეკა.

ისევ თოვდა, თოვდა გააფთრებით. ღამის ნათოვი ჩემს აივანზე თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე იდვა. მთელი არემარე თოვლის სამეფოდ ქცეულიყო. ხეების შტოები, ეხლა უკვე უძრავნი, დახრილიყვნენ, თოვლის სიმძიმის ქვეშ მოქცეულნი. არქიელის გორა სულ აღარ მოჩანდა. თეთრ ნაბადში გამოხვეული, იგი შეერთებოდა მოფარფატე თეთრი პეპლებით ავსებულ ჰაერს. თოვდა ისე, თითქოს ცას სურდა ალმასებად ქცეული თავისი ბრწყინვალება მთლიანად მიწაზე დაეფრქვია.

ბარდნიდა უნაზესად, განუწყვეტლივ. თოვლის ფართე ფანტელი მოალერსე შრიალით დაჰქროდა, ეფრქვეოდა ყველაფერს, ვარსკვლავებივით აჯდებოდა და აკვდებოდა ფანჯრების მინებს…

გაისმოდა ბედნიერი ბავშვების ჟივილ-ხივილი. გუნდაობდნენ, ეფლებოდნენ თოვლში, კოტრიალობდნენ. მათ აღტაცებასა და სიხარულს საზღვარი არ უჩანდა. ქუჩაში მარხილებით გამოჩდნენ, ეჟვნების ჟღარუნი მკვეთრათ გაისმა ჰაერში. სახლში დარჩენა შეუძლებელი იყო. გარეთ გამოველ, მარხილი დავიჭირე. ვალერიანის ნახვა მომინდა. მსურდა მასთან ერთად ყოფნა ამ შესანიშნავ დღეს, მენახა, თუ როგორ განიცდიდა იგი ამ თოვლის კორიანტელს…

ბალახვანის ქუჩა, სადაც იგი ცხოვრობდა, თოვლის ბურუსში იყო გახვეული. მარხილი მის სახლთან გავაჩერე, გადმოველ, კიბეზე ასვლა დავაპირე, მაგრამ შევჩერდი: ვალერიანი კიბის ზემოთ იდგა უქუდოდ, მარმალიროს ქანდაკებასავით მთლიანად თოვლით დაფარული. იგი თითქოს მელოდა მე. ჩემი მოსვლა არ გაკვირვებია. ერთმანეთს გადავეხვიეთ…

სახლში აღარ შევსულვართ. მარხილში ჩავსხედით და სანდრო ცირეკიძის სანახავად წავედით. ის კათოლიკეთა ეკლესიის გვერდით ცხოვრობდა. აქედან ნიკო ლორთქიფანიძეს გავუარეთ,  მაგრამ იგი შინ არ დაგვხვდა. ქალბატონმა თამარმა, მისმა მეუღლემ, გვითხრა ნიკო ქალაქში სასეირნოდ წავიდაო.

საღორიის ტყისკენ გავეშურეთ. ზღაპრულ სანახაობას წარმოადგენდა თოვლში გახვეული, თოვლით დაყურსული ტყე.

საოცარი სიჩუმე და მყუდროება გამეფებულიყო იქ. მხოლოდ ფანტელის ნაზი შრიალი ეალერსებოდა სმენას და დროგამოშვებით ეჟვნების ჟღარუნი არღვევდა სიჩუმეს.

მარხილი შევაჩერეთ. ისევ ქალაქში დაბრუნება დავაპირეთ. მარხილიდან გადმოვედით, თოვლში გავიარეთ. ვალერიანი შეჩერდა და აღელვებული ხმით წაიკითხა მალარმეს სონეტი ,,გედი“ – მის თარგმანში. მეც ამავე ,,გედის“ ჩემი თარგმანი წავიკითხე, შემდეგ როდენბახის ბრწყინვალე ლექსი ,,თოვლი“.

თოვლით და ლექსების კითხვით აღელვებულნი ქალაქში შემოვედით. ვალერიანი მთელი ხმით კითხულობს ბლოკის ლექსს ,,კუნძულებზე“:

„Вновь оснеженные колонны,

Елагин мост и два огня.

И голос женщины влюбленный.

И хруст песка и храп коня.

 

Две тени, слитых в поцелуе,

Летят у полости саней.

Но не таясь и не ревнуя,

Я с этой новой – с пленной – с ней.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –

Я чту обряд: легко заправить

Медвежью полость на лету,

И, тонкий стан обняв, лукавить,

И мчаться в снег и в темноту.

 

სად უნდა გაგვეტარებინა საღამო? ვალერიანმა კატეგორიულად გამოაცხადა, რომ მასთან უნდა წავსულიყავით. ჩემმა წინადადებამ, რომ უფრო მოხერხებული იქნებოდა ჩემთან წასვლა – არ გაჭრა. დავეთანხმეთ, როგორც უფროსს. მოგვიხდა მხოლოდ ჩემს სახლში გავლა: წამოვიღე ტყისქათმები და ჩემს მამულში მოწეული ყურძნიდან დაწურული ღვინო.

ნიკომ მოგვნახა და მოგვიანებით მოვიდა ჩვენთან. კარგი სუფრა გაიშალა. თამადად ვალერიანი ავირჩიეთ. პირად სადღეგრძელოს თან მოსდევდა საკუთარი ნაწარმოების წაკითხვა.

ნიკო ლორთქიფანიძემ იმ საღამოს პირველად წაგვიკითხა თავისი ,,ბებრები“, რომელიც მან გადასცა სანდრო ცირეკიძეს ჟურნალ ,,შვილდოსანში“ დასაბეჭდად. ამ ნოველამ გაგვაოცა და გაგვახარა. სუფრიდან წამოვიჭერით, ხელმეორეთ დავლიეთ ნიკოს სადღეგრძელო…

ჩვენი ,,საიდუმლო სერობა” გათენებამდე გაგრძელდა.

დაუვიწყარი საღამო, დაუვიწყარი ღამე!…

მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. ჩვენი ცხოვრების გზები დაიხლართა და დაიბურდა. ასეთი ყოფილა ცხოვრების გარდაუვალი კანონი!… აღარ არიან ისინი, ვინც ახარებდა, ვინც ამკობდა ჩემი სიცოცხლის გაზაფხულს…

ვალერიანიც წავიდა და ბედმა მარგუნდა წილად დამეტირებია ჩემს ლექსში ჩვენი სამარადისო განშორება.

 

კოლაუ ნადირაძე

10.01.1964 წ.

თბილისი