ბატონო გიორგი!
მანამ დარები იყო სხვა და სხვა მიზეზით და უფრო კი ჩემი გულმავიწყობით, ვერ მოვახერხე მუზეუმში ამოსვლა და თქვენთან მოლაპარაკება სხვა და სხვა სალიტერატურო კითხვების შესახებ. და კერძოთ ჩემი ლიტერატურული არხივის შესახებ.
ეხლა როდისაც ზამთარი დადგა და სახლში ჩაკეტა შეიძლება, იქნება მოვახერხო ჩემი ქაღალდების დალაგება, ან სიის შედგენა, როგორც სონღულაშვილი ამბობს, გარდა ამისა, მე მინდა თქვენ დამიყენოთ კითხვები მოკლეთ, რასაკვირველია, თუ რაგვარათ გამოვსახო ჩემი ლიტერატურული მოგონებანი და ლიტერატორთა ნაცნობობის მხარე? წინათ „მნათობში“ წავიკითხე ზოგიერთი ნაწილი მანსვეტოვის და (არა მანსვეტაშვილის) მოგონებანი და მახსოვს თქვენც გითხარით მწერალთა სასახლეში შეხვედრის დროს, რომ ახშფოთებული ვიყავი იმისი სიყალბით ილიას და მაჩაბლის დამოკიდებულების შესახებ.
ეხლა, როცა სოფლიდგან ჩამოველ, ვნახე მთელი იმისი სიცრუით და ბაქიაობით სავსე „დონიაგოსებურათ“ აგებული „ილიადა“ მეტადრე, ამ გომერის მიბაძვამ „ილიაობის“ დღეობის ახწერამ, თაბრუ დამასხა. ვის არ წაჰკრა და წამოჰკრა, ვისი ამხანაგობა და მეგობრობა არ დაიჩემა. თითქმის მთელი ქართველი ინტელექცია თავის დამქაშებათ და თანამოაზრეთ გაიხადა, ილიას მესაიდუმლე გახდა, იმის ოჯახურ განწყობილებასაც ხელი შეახო. დიმიტრი ბაქრაძეს ჯიხვი დააცლევინა, პერტე უმიკაშვილი გაამასხარავა და სიმთვრალის დროს ვანო ოქრომჭედლიშვილი ღვინით გააწუწვინა და კიდევ და კიდევ ვინ არ გაამასხარავა.
ერთი სიტყვით, მე მინდა თქვენთან მოლაპარაკება და თუ შეიძლება, ერთ საღამოს მობრძანდით ილო სონღულლაშვილთან და იქ ვილაპარაკოთ. ჩემ ოთახში მე თავისუფალი არა ვარ.
პატივისცემით თქვენამდე ეკ. გაბაშვილისა