შალვა რადიანს – Blue Horns

ავტორი : გიორგი ლეონიძე

თარიღი : 18. VII. 1934.

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 228894-10-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

შალვა რადიანს

სახელგამი. შალვა რადიანს.

18. VII. 34.

ძმაო შალვა!

დღეს გირეკეთ მთელი საღამო და ღამის 12-ზედაც არავინ მიპასუხეთ. მუზეუმში მინდოდა წამეყვანეთ. დილაზე ბაკურიანში მიმყავს ცოლ-შვილი და რადგან ბევრი სარბენი საქმე მქონდა (ბაგაჟი, ჩალაგება, ბილეთი და სხ.), მაინც ქეთოს შევპირდი, მინდოდა, მეჩვენებინა მუზეუმი. რაკი ვეღარ გიპოვეთ, მე თვითონ წაველი, მოვძებნე ბარბარეს მასალა და მზად მაქვს გადმოსაცემად. ეს მასალაა „ორიოდე სიტყვა ჩვენს ყმაწვილკაცობაზედ“ და წერილი რედაქციისადმი. მე დავბრუნდები 26-27-ში და მაშინ გადმოგცემთ. შალვა! „შაჰნავაზიანის“ წინასიტყვაობასაც მაშინ ჩამოგიტან. თბილისში აღარ მომეცა საშველი ამდენ რბენაში. ბაკურიანში დავასრულებ.

დიდი მოკითხვა და სალამი ქეთოს და თქვენებს.

ამ წერილს გწერ საღამოთი და დილაზე მივდივარ.

გოგლა ლეონიძე