ამხ. შალვა!
ვაჟა-ფშაველას შვილმა ჩვენ მუზეუმში შემოიტანა განცხადება, რომელშიც გვთხოვდა შეგვეძინა ვაჟას მემორიალური ნივთები.
რადგან ჩვენი მუზეუმის ამოცანას შეადგენს მხოლოდ მთაწმინდაში დასაფლავებულ მწერალთა მასალების შემოკრება, ამისათვის ჩვენ არ გვაქვს იურიდიული უფლება ხსენებული ქონების შეძენისა.
მაშასადამე, ნივთები უნდა შეიძინოს ისევ ფედერაციამ.
მაგრამ ერთი გამოსავალი კიდევ არის. თუ ფედერაციამ ვერ მოახერხა ეს ამბავი, მაშინ მან უნდა იშუამდგომლოს ტფილისის საბჭოს კომუნალურ მეურნეობისადმი, რათა მან შეიძინოს მთაწმინდის მუზეუმისათვის. მაშინ, თქვენი შუამდგომლობის შემდეგ კომუნალურ მეურნეობას ექნება საფუძველი ანუ გასამართლებელი საბუთი მათ შესაძენად.
ვფიქრობ, ეს საქმე ხელიდან არ უნდა გაუშვათ, სანამ დროა და ამ ერთ-ერთი გზით უნდა დავაბინაოთ.
გიორგი ლეონიძე