კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : შალვა კარმელი

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28731-26-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

ქუთაისი აფთიაქის ქუჩა

კოლაუ ნადირაძეს

ძვირფასო კოლაუ!

 

აგერ მეორე თვეა ტფილისში ვცხოვრობთ მე და რაჟდენი ერთად. მე ვბოდიშობ, რომ წერილს დაგვიანებით გიგზავნი, მაგრამ, იმედია, მაპატიებ, რადგან შენი ჩვენება ხშირად იყო ჩვენთან და მეგობრობა მარტო წერილებით არ მტკიცდება. გავიგე, რომ ცოტა „უქეიფოთ“ ყოფილხარ! ალბათ, ახლა კარგათ ხარ! ტფილისში არაფერი ახალი არ ხდება ლიტერატურაში; საყურადღებოა გრ. რობაქიძისა და გრიშაშვილის პაექრობა იმ ხრით, რომ გრიშაშვილმა უფრო გამოაშკარავა თავისი „ხელის დიდება“. პაოლო და ტიციანი მოკლე ხანში საორშაბათო გაზეთს სცემენ. წაიკითხავდი ტიციანის მანიფესტს ბათომის გაზეთში, რომელიც ქართულ პრესაში გახმიანდა. გალაქტიონის მესამე წიგნი 170 გვერდიანი უკვე იწყობა და ერთ თვეში გამოვა. შეიძლება, მეც გამოვცე მოკლე ხანში, თუმცა ძლიერ ძვირი ჯდება. წავიკითხე ივ. გომართელის ბიბლიოგრაფია „ბალდახინზე“. არ მაქვს სრულებით თავისუფალი დრო: ვმსახურობ და ლექციებსაც ვისმენ უნივერსიტეტში. საინტერესოა გ. წერეთლის ლექციები აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიიდან. ტფილისი დიდი ქალაქი ყოფილა, მაგრამ ჯერ მაინც არ დავკარგულვართ, რადგან უღვინოდ ახელება ძნელია. ისე კი ხანდახან ვთათარიახნობთ. აქ არის მიწიშვილი, გოგლა, სერგო, შალვა აფხაიძე, რომელმაც ქალი ითხოვა, და სხვა… მომიკითხე ჩვენი ძველი მეგობარი ქუთაისი, რომელმაც ერთხელ კიდევ გაიხსენა თავისი მზიანი აღტაცება სოციალისტურ დელეგაციის ჩამოსვლისას თურმე. მხურვალე მოკითხვა რაჟდენიდან. დაგვავალებ მეგობრულად, თუ წერილს მოგვწერ. მისამართი: ტფილისი, „საქართველოს“ რედაქცია.

 

სიყვარულით შენი ძმა შ. კარმელი