ყანწები. ცისფერი.
1. ყანწებით ღვინოსა სვამენ და არა წყალს.
2. ყანწებით ღვინოსა სვამენ არა ყოველთვის: ქელეხში ყანწებს არავინ არა სვამს, ქორწილში – კი.
3. მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდი სუფრაა – გაჩნდება ყანწიც.
4. როდესაც სუფრაზე სხედან არანაკლებ 12 კაცისა – ყანწი მისწრებაა.
5. პირველად ყანწს მოითხოვს თამადა – ასეთი წესია.
6. ადღეგრძელებს მას, რაიც ღირსია ყანწით დღეგრძელობის, რაიმე განსაკუთრებულს.
7. ის სულმოუთქმელად დალევს, იტყვის, როდესაც დასცლის: ასე მტერი დაგეცალოს. ულვაშებზე ხელს გადისობს. გადადის ალავერდს. ასე რიგრიგობით ადღეგრძელებენ, სცლიან ყანწს და გადადიან.
8. ინტერვალებში „მრავალჟამიერი“ გაისმის.
9. ყანწი იტევს არანაკლებ ერთი ლიტრისა ღვინოს, ჩვეულებრივად [ერთი] და სამი ლიტრიცაა.
10. ყანწი კეთდება ბუღა ხარის რქებისაგან.
11. „ყანწივით ფეხები აქვსო“, იტყვიან ლამაზად მოყვანილ ფეხებზე.
12. ყანწის პირი და ბოლო ხშირად მოსავადებულია ოქროთი ან ვერცხლით.
13. ყანწს ხშირად აქვს ძეწკვი – ჩამოსაკიდებლად – ვერცხლისა.
14. დაცლილ ყანწს ხშირად კი არ გადადიან, პირდაპირ ესვრიან და როდესაც მეორე მარჯვედ დაიჭერს მას, ეს სიყოჩაღეთ ითვლება.
15. „შეიქნება ყანწების ტრიალი“ – გაჩაღდება მხიარულება.
16. ხშირად, როდესაც ყანწს გადადის ვინმე ვინმესთან, გადაეხვევიან და გადაჰკოცნიან ხოლმე ერთმანეთს: ნიშანია უსაზღვრო მეგობრობის.
17. როდესაც ვინმეს გაუჭირდება ყანწის დაცლა, მთელი სუფრა გრიალებს სიმღერას: „დალიე და დაგვილიე, ჰე, დალიე, დალიე… დალიე და შეგერგება, ჰე, დალიე, დალიე, დალიე!“ – და ეს მანამდე, სანამ არ დაცლის ყანწს ის კაცი.
18. ყანწის მიმღები იძულებულია, დასცალოს ყანწი, ვინაიდან ის სუფრაზე არ დაიდგმება ისე, როგორც თასი, ჭიქა, ჯამი; ყანწი მხოლოდ ხელიდან ხელში გადადის. ამ მხრით ყანწი განირჩევა ყველა სასმისებისაგან (ჯიხვის რქა – იგივე ყანწია).
19. არიან ლეგენდარული მსმელები ყანწით. შესვამენ რამდენიმე დიდ ყანწს და სრულებით არა თვრებიან. მაგრამ არიან ისეთნიც, რომელთაც ერთი ყანწი კუპრიელივით გააგორებს.
20. ყანწის კარგად გაკეთებას სპეციალური ოსტატობა უნდა. „ლამაზი ყანწის ხელში დაჭერას რა სჯობია“-ო, იტყვიან.
21. ყანწები მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული… შეიძლება სხვაგანაც იყოს, მაგრამ ის სხვა ყანწები იქნება!
22. ძმ. ჯაფარიძეებმა დახატეს ყდა – „ცისფერი ყანწები“…
23. წინასწარ დიდხანს ჰქონდათ მსჯელობა, თუ რა დაერქმიათ ალმანახისთვის.
24. ეძებდნენ ისეთ სახელს, რომელიც უნდა ყოფილიყო: 1. სრულიად ახალი მიმართულების გამომხატველი, 2. ეროვნული კოლორიტის მატარებელი და 3. რომელიც გამოდგებოდა ჯგუფის სახელწოდებისთვისაც. პაოლომ სთქვა: „ცისფერი ყანწები“ და გაიტანა კიდეც, ვინაიდან მის მეტს ფული არავისა ჰქონდა ალმანახის გამოსაცემად. ამგვარად დაიბადა ჯგუფი „ყანწელების“ სახელწოდებით. როგორც მახსოვს, სხვა წინადადება არც ყოფილა წამოყენებული. „ცისფერი“ რომანტიულია, „ყანწები“ ორმაგად, ჯერ როგორც თვით საგანი და ანბანთა რიგით „ყ, წ“ – ეროვნულიაო, ამბობდენ. ჯგუფს თავიდანვე ახასიათებდა უაღრესი აპოლიტიკურობა, მაგრამ უფრო სოციალ-ფედერალისტებთან მეგობრობდენ. ამ პარტიაში თავმოყრილი იყო ქუთაისის „ინტელიგენცია“.
25. ამის შემდეგ შეუდგნენ სატარებელი ნიშნის ძებნას. ვინაიდან ქუთაისში არ იმყოფებოდა შესაფერი გრავიორი, რომ „ყანწები“ გაეკეთებინა გულზე სატარებელ ნიშნად, ხოლო ნამდვილი, ვეებერთელა ყანწის მკერდზე ტარება დიდ უხერხულობას წარმოადგენდა, აფრინეს კაცი არგვეთაში, იქ ექვსი მამალი დაჰკლეს, დეზები მდუღარე წყალის საშუალებით ააცალეს. მამლის დეზები (თუ ყვერულის?) ძალიანა ჰგავან ყანწებს. მხოლოდ მინიატურულებია. და, აი, – თორმეტი ცალი „ყანწი“, არგვეთადან ჩამოტანილი, დაურიგა პაოლომ დანარჩენებს. და ერთ მშვენიერ დღეს (ისტორიულ დღედ უნდა ჩაითვალოს!) ქუთაისის მზიან ბულვარზე დემონსტრატიულათ გამოვიდა თორმეტი ახალგაზრდა, მკერდზე „ყანწის“ ნიშნით.. ძალიან გულმოსული სახით კი დადიოდენ, ეტყობოდათ „ჩხუბის ხასიათზე“ იდგენ. და ეს გარემოება, რა თქმა უნდა, კომიკურ შთაბეჭდილებას სტოვებდა. უადგილო „სერიოზულობა“ აქ რა მოსატანიაო – იტყვით. მკერდზე ყვერულის ყანწები და სერიოზული სახე. მოდი და ნუ გაიცინებს იმერელი.
26. როდესაც მეორე ნომერს ყანწებისას დააგვიანდა გამოსვლა, პაოლოს ხუმრობით ერთმა ვაჭარმა უთხრა:
„პაოლო, რას დაიყლანწები,
სადაა შენი ყანწები?“
პაოლოს გული მოუვიდა. მიიწია.
– აბა, შემომკარი, – უთხრა ვაჭარმა. პაოლომ ვერა გაუბედა რა. მხდალი იყო.
გალაკტიონ ტაბიძე
[1940]