მოგონებები პაოლო იაშვილზე – Blue Horns

ავტორი : გერონტი ქიქოძე

თარიღი : 1956

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზუმი 23460-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

მოგონებები პაოლო იაშვილზე

პაოლო იაშვილი

პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შევხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტული ბოჰემის და სტუდენტობის სამფლობელოში -ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე. ეს სახელწოდება, უეჭველია, იქიდან წარმოსდგება, რომ აქ წინა საუკუნეებში წამების იარაღი ესტრაპადი იდგომებოდა. ეს იარაღი უცნობი იყო ძველს საქართველოში, ხოლო რუსები მას დიბას ეძახოდნენ. წარმოიდგნეთ ძალიან მაღალი სახრჩობელა, ზედა კადონზე რკინის რგოლი იყო მიმაგრებული, მასში გრძელი თოკი იყო გაყრილი. ამ თოკის ერთი თავი მობმული ჰქონდა ხელფეხ შეკრულ დამნაშვეს, ზოლო მეორე თავი ჯალათს ეჭირა ხელში: ის თავის მსხვერპლს რამდენჯერმე სულ მაღლა სწევდა, ხოლო შემდეგ თოკს ხელს უშვებდა, რაიცა მის მიწაზე დანარცხებას და ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.

პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭმუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. სხვათა შორის, ხშირად მოგვიგონია ფრანსუა ვიიონის ლექსები, სადაც ეს ყველა თანამედროვე მოხეტიალე და მოუსვენარი პოეტების წინაპარი გონებამახვილად დასცინის ჯალათებს და მათ მიერ ამართულ სახრჩობელებს. პაოლო იაშვილს უყვარდა აგრეთვე პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და შადრევანის აუზში მობანავე  ბეღურების ცქერა, რაღაცას ნათესაურს პოულობდა ამ ბავშვივით გულუბყვილო, მაგრამ მიწიერ პოეტსა და უწყინარ ფრინველს შორის: `ბოროტი ქარი მატარებს აქეთ და იქით მკვდარ ფოთოლივით“. პაოლო იაშვილი თავისი გულთბილობისა და თავისი ხელგაშლილობის წყალობით ადვილად ხიბლავდა და იზიდავდა ადამიანებს, თვით ისეთებს, რომელთა ენა მან კარგად არ იცოდა. მან პარიზში რამდენიმე ფრანგი მხატვარი და პოეტი გაიცნო, მათ შორის გიიომ აპოლინერი, რომელიც სიმბოლოზმიდან ფუტურიზმზე გადავიდა, ხოლო ბოლოს, მგონია, სიურრეალისტებს დაუახლოვდა.

მაგრამ იმდროინდელი პარიზელი დეკადენტი და სიმბოლისტი პოეტების ფიქრთა მფლობელად უფრო შარლ ბოდლერი ჩაითვლებოდა, ვიდრე სხვა ვინმე. როგორც პეტრარკამ თავის ლაურასადმი მიძღვნილი სონეტებით ჰუმანიზმის და რენესანსის ეპოქა გახსნა პოეზიის დარგში, ისე უსირცხვილო მულატ ქალზე `შავ ვენერაზე“ კატორგელივით მიჯაჭვულმა ბოდლერმა თავისი `ბოროტების ყვავილებით“ დეკადანსის ეპოქა ასახა ევროპული პოეზიის განვითარებაში. მის პატარა პროზაულ პოემებში, მის ლირიკულ ლექსებში, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი ფორმის მხრივ კლასიკურად სრულყოფილ სონეტებს უჭირავთ, ინდივიდუალიზმის ღრმა კრიზისი იგრძნობა. თუმცა შარლ ბოდლერი 1848 წლის თებერვალში და ივნისში ბარიკადებზე მუშათა კლასის მხარეზე იბრძოდა ბურჟუაზიის წინაამღდეგ, ის ბოლომდე არტისტული ბოჰემის, დენდიზმის და სატანიზმის მოციქული დარჩა. და შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე დამახასიათებელი ფიგურაა ჯოჯოხეთის ცეცხლით განათებულ პარნასზე. „ჩემი სული გაბზარულია და როდესაც დაჯავრიანების წუთებში მას სურს თავისი სიმღერებით ღამეების ცივი ჰაერი აავსოს, მისი ჩახლეჩილი ხმა ემსგავსება იმ დაჭრილი მეომრის ხრიალს, რომელიც სისხლის ტბის პირას დავიწყებიათ მიცვალებულთა დიდ გროვაში და კვდება საშინელ კრუნჩხვაში“. ეს სიტყვები ამოღებულია ბოდლერის სონეტიდან „გაბზარული ზარი“, რომელიც საუცხოო იდილიური სურათით იწყება: ზამთრის ღამეში ანთებული ბუხრის წინ მჯდომარე, შორეულ მოგონებებში წასულ ადამიანს მწუხრის ზარების რეკა ესმის, ისინი ხალისიანად მღერიან ნისლიან სივრცეებში. რა კონტრასტია ზემომოყვანილი ტრაგიკული სტრიქონებიდან? და რა დრამა სულიერ კონფლიქტებს მოწმობს ეს ლექსი!

პაოლო იაშვილს ბოდლერის სონეტებიდან ყველაზე მეტად მისი „დაწყვლილი პოეტის დასაფლავება“ უყვარდა: „იმ საათში, როდესაც უბიწო ვარსკვლავები თავიანთ დამძიმებულ თვალებს დახუჭავენ, ობობა თქვენს საფლავზე სუდარის ქსოვას დაიწყებს, ხოლო გველი თავის წიწილებს გამოჩეკს; მთელი წლის განმავლობაში თქვენს შეჩვენებულ თავზე მგლები და მშიერი კუდიანები იყმუვლებენ“.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც პაოლო იაშვილის გარეგნობაში, არც მის სულში არაფერი იყო დეკადენტური. გეგონებოდათ, ის სიმბოლისტური და დეკადენტური პოეზიის სკოლას უფრო თავით მიემხრო, ვიდრე გულით. ეს იყო მაღალი, გრუზათმიანი, შავგვრემანი ჭაბუკი, მას ნარკოტიკები სჭირდებოდა, რათა რეალური სამყაროდან მაცდური ფანტომების სამყაროში გადასულიყო. პაოლო იაშვილი ნამდვილი ახლადმოვლენილი ავთანდილი იყო თავისი მეგობრებისათვის. მას ძალიან სუსტი წარმოდგენა ჰქონდა ორმაგ ბუხჰალტერიაზე და მისი გასავალი ყოველთვის სჭარბობდა მის შემოსავალს. მას ეადვილობდა ფულის შოვნა, მაგრამ კიდევ უფრო ეადვილებოდა ფულის ხარჯვა; უფრო ის ახსოვდა, ვისგან ისესხა, ვიდრე ის, ვის ასესხა; განებივრებული იყო შეძლებული მამის მიერ, რომელსაც ის სუფრაზე ხშირად გულს უჩუყებდა: შენს ხუთ ვაჟიშვილში მე იმით გამოვირჩევი, რომ მსხვერპლად შესაწირავ მოზვერს ვგავარო.

როდესაც პაოლო იაშვილი უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნდა და ცისფერი ყანწების ორდენი დაარსა, მან, უწინარეს ყოვლისა, ძველი პოეტური თაობის ცენტრალურ ფიგურას – აკაკი წერეთელს შეუტია. ეს გასაგები იყო ახალი ორდენის ინტერესების თვალსაზრისით, მაგრამ ძნელი ასახსნელი იყო პაოლო იაშვილის ადამიანური და პოეტური ბუნების თვალსაზრისით: ის უფრო აკაკი წერეთლის ანდერძის დამცველად გამოდგებოდა, ვიდრე მის ოპონენტად. პაოლო იაშვილის საუკეთესო ლექსებს გამჭვირვალობა და სიმსუბუქე ახასიათებდა, ის საუცხოოდ ფლობდა ქართულ ენას. თვით მისი სამშობლო სოფელი არგვეთი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული აკაკი წერეთლის სხვიტორს. თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში პაოლო იაშვილმა მშვენივრად გადმოთარგმნა პუშკინის რამდენიმე ლირიკული შედევრი, ერთაქტიანი ტრაგედიები და მოთხრობა: „ნასროლი“.

პაოლო იაშვილი ძველი დროის რაფსოდებს და ტრუბადურებს ჰგავდა: მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ მისი დაბეჭდილი ლექსების მიხედვით. ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც უწინარეს ყოვლისა აუდიტორიის სმენას ხიბლავდა. მას ვერავინ შეედრებოდა დიდ სადღესასწაულო სუფრაზე, მისი სიტყვები, შინაარსიანი და გონებამახვილი იყო ერთსა და იმავე დროს, აქ ის თითქო თავისთავს სჭარბობდა. როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს თბილისში წითელი ჯარის ნაწილები შემოვიდნენ, პაოლო იაშვილმა მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თვითმართველობის ბალკონიდან. პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა მისმა სიტყვებმა, წარმოთქმულმა დიდ ბანკეტებზე. მაგრამ მან ისეთი მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობა დასტოვა, რომ ვინც მას პირადად არ იცნობდა, მას გაუჭირდება, ის გამოჩენილ პოეტად აღიაროს.

პაოლო იაშვილი, თვითმკვლელობის წინ ხშირად ამბობდა, ჩემი უბედურების ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვობიდანვე არ შემაჩვიეს სისტემატურ მუშაობასო. მართლაც, პაოლო იაშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდა უშუალო გადასვლა ძველი საზოგადოებიდან, სადაც შრომა ზოგიერთ წრეში ათვალისწუნებული იყო, ახალ საზოგადოებაში, სადაც შრომა ყველასათვის საპატიო ვალდებულებადაა აღიარებული. ერთს ლექსში ის ამბობდა:

ვინც გაიტაცა ახალ თაობამ,

გადაქცეულან რკინის კაცებად.

ნუთუ პოეტებს გვეპატიება

აზნაურული გაზარმაცება?

პაოლო იაშვილის გონებრივი ინტერესების არე შემოფარგლული არ იყო მარტოოდენ ლიტერატურით, ხოლო მისი მეგობრების წრე სცილდებოდა ცისფერი ყანწელების ასოციაციას.

ერთხელ შემოდგომაზე პაოლო იაშვილი და მე ტყის ქათამზე ვნადირობდით წიწამურის ტყეში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ამჟამად ილია ჭავჭავაძის ობელისკია ამართული. მშრალი დარი იდგა და ჩვენმა სეტერმა ვერც ერთი ტყის ქათამი ვერ წამოაფრინა. შუადღისას დაქანცულობა ვიგრძენით, ერთი ხის ძირში ჩამოვჯექით პატარა ველის პირას და თავის გასართობად ორ-სამჯერ თოფი ვესროლეთ ბუჩქზე მიმაგრებულ თამბაქოს კოლოფს, ორი-სამი წუთის შემდეგ დავინახეთ, რომ ტყის სიღრმიდან ორი თოფმომარჯვებული კაცი გვიახლოვდებოდა ფეხაკრეფით. როდესაც ჩვენთან მოვიდნენ, გვითხრეს, ველზე მორბენალმა ძაღლმა გადაგარჩინათ, თუ შორიდანვე ის არ დაგვენახა, უსათუოდ დაგხოცავდითო. საქმე ის ყოფილიყო, რომ წინა დღით ყაჩაღებს წიწამურის გზაზე მიმავალი მეურმეები გაუძარცვავთ და მცხეთის მილიციას ტყეში საგანგებო დარაჯები დაეყენებია. პაოლო იაშვილი შემდეგ ხშირად გულწრფელ სინანულს გამოსთქვამდა, რომ ის როყიო ტყვიის მსხვერპლი არ გახდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას.

ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშებით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავის ბალკონზე ჯდებოდა და სევდიანად ასცქეროდა მახათის მთის გოლგოთას. ხანდახან ბოტანიკურ ბაღში ადიოდა და ცდილობდა აფორიაქებული სული დაეშოშმინებია ჩანჩქერის პირას. [მას თითქმის ყოველდღე გამომძიებელი იწვევდა დასაკითხავად. როგორც ეტყობოდა, ის წინააღმდეგობათა ქსელში ებმებოდა, რადგან არ იცოდა, რა ჩვენებანი ჰქონდა მიცემული მის დატყვევებულ ნაცნობებს. ამ მიკერძოებულმა დაკითხვებმა ბოლოს ამოსწურეს მისი ზნეობრივი ძალები].

მას სტანჯავდა მარტოობა, მას აწუხებდნენ მევალეები:

მაგრამ ყოველდღე ჩემთან მოდიან

და აღწერების მოაქვთ ორდერი…

რა მაქვს ქონება? ცოლი და შვილი,

ძაღლი და ცოტა ხელნაწერები.

სუსხიანი ჰავა თვით განებივრებულ ადამიანს აკაჟებს და მათ ხელს უწყობს სულიერი ახოვანობა გამოიჩინონ. [კეისრების ეპოქის რომაელი მემატიანე მოგვითხრობს, სენატორი იულიოს კანი ჭადრაკს თამაშობდა, როდესაც მის წასაყვანად მოვიდა ჯალათი, რომელსაც ის ელოდაო. მან წყნარად დათვალა დარჩენილი ფიგურები და თავის პარტნიორს უთხრა, ჩემი სიკვდილის შემდეგ არ დაიტრაბახოთ, რომ პარტია მომიგეთო. შემდეგ ჯალათს მიუბრუნდაო: „დამემოწმეთ, რომ უპირატესობა ჩემს მხარეზეა“]. როდესაც პაოლო იაშვილმა დაინახა, რომ ღირსეულად სიცოცხლე აღარ შეეძლო, მან გადასწყვიტა, ღირსეულად მომკვარიყო და სანამ ცხელი 1937 წლის 22 ივლისის საღამოს მწერალთა კავშირის მეორე სართულში ავიდოდა, რათა იქ ჟაკანის ტყვიით თავის ქალა აეფეთქებია, ის სხდომათა დარბაზში შევიდა, რამდენიმე გონებამახვილი რეპლიკა მიაწოდა ერთ თავის ნაცნობ მწერალს, ხოლო როდესაც ამ უკანასკნელმა მას პაპიროსი სთხოვა, მან ღიმილით უპასუხა, კიდევ რამდენ ხანს აპირებ ჩემს ხარჯზე ცხოვრებასო.

 

გერონტი ქიქოძე

1956 .

გერონტი ქიქოძე, პაოლო იაშვილი, 1956