საუბარი ფინინსპექტორთან პოეზიის შესახებ – Blue Horns

ავტორი : ვლადიმირ მაიაკოვსკი, თარგმანის ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 1937 წლამდე.

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25981-ხ.

გამოცემა :

თარგმანები, შემოქმედება

საუბარი ფინინსპექტორთან პოეზიის შესახებ

მოქალაქე ფინინსპექტორო!

ბოდიში თქვენთან.

გმადლობთ…

ნუ სწუხართ.

ნუ ირჯებით

მოვიცდი ზეზე.

ზრდილობიანად,

ერთ საქმეზე

მოვსულვარ კენტად.

რას იტყვით ნეტა,

დიდს შრომაში,

პოეტის გზებზე.

ვის დუქნები აქვს,

ვის მამული,

გაშლილი მწვანედ.

და იმათ შორის

მეც დამედო

გადასახადი.

ექვს თვეში ჩემგან

თქვენ მოითხოვთ

დღეს ხუთას მანეთს

და ოცდა ხუთსაც,

რადგან დამრჩა

რაღაც ქაღალდი.

პოეტის შრომა,

ყოველ შრომის,

ნათესავია.

აბა შეხედეთ

რა დავკარგე,

რაღა დამრჩება.

შრომის დაზგაზე

გასავალიც უამრავია.

და მასალაზე

კიდევ მეტი

სხვაც მეხარჯება.

თქვენ რა თქმა უნდა

კარგად იცით

„რითმების“ მარცვლა,

სტრიქონის ბოლოს,

ვთქვათ დავსწერეთ

ჩვენ სიტყვა „მამა“.

შემდეგ სტრიქონში,

ამ სიტყვის ნაცვლად,

იმავე წყობით

ჩვენ უნდა ჩავდგათ

სხვა რაიმე

ვთქვათ: „ჩარი-რამა“.

თქვენებურ წესით,

რითმა – იგივ

თამასუქია.

სტრიქონის შემდეგ დახსნა! –

აი, განკარგულება.

წვრილმან სიტყვებში,

მისთვის შრომა,

არც მსუბუქია.

თუ ეს მარაგი

სალაროში

არ გეგულება.

სტრიქონში სიტყვას,

ჩასვამ შრომის

გაფაციცებით.

ის კი არ ჩადის,

ძალას ატან,

და იგიც ტყდება.

ფინინსპექტორო,

დამიჯერეთ,

ღმერთს გეფიცებით.

პოეტისათვის

სიტყვა ძვირობს

და ძვირიც ჯდება.

ჩვენებურ წესით,

რითმა იგივ –

კასრია დიდი

ავსილი ნაღმით…

სტრიქონი კი

ვიწრო მილია

იფეთქებს მილი,

და სტრიქონიც

ზეცისკენ მიდის.

ქალაქიც ცაში,

ტაეპებად

ავარდნილია.

ისეთ რითმების

გამონახვა

იოლად ვინ თქვა,

რომ მისი ბასრი

ისრისაგან

არ იყო შველა?

იქნებ ხუთიოდ

არ ნახული

ახალი რითმა

შემთხვევით შერჩა

გადაკარგულ

ვენესუელას.

და ციებაში,

ცხელებაში

ჩავარდი კაცი.

აქეთ ავანსი,

აქეთ ვალი,

ყველა გამწარებს

ახლა ჩააგდეთ

ანგარიშში

მგზავრობის ფასიც.

პოეზია ხომ

მგზავრობაა

უხილავ მხარეს.

პოეზია ხომ –

ეს იგივე ძებნაა რადის

წლიური შრომა

და მისხალი,

მხოლოდ ნადავლი,

ერთად ერთ სიტყვის

მოძებნაში,

ამაოდ გადის,

ათას ტონებად დაგროვილი

სიტყვის მადანი

და ამ სიტყვების

დამდაგველი

ალი მკაცრია,

იქვე ნედლ სიტყვას

მოედება

ფერფლი ულევი

ამ სიტყვებს

დიდის მოძრაობით

აუტაცია,

მილიონ წლობით

უამრავი

კაცთა გულები.

ბევრი ეკუთვნის

პოეტების

სხვანაირ ნაწილს.

მარჯვე, მოვა და

გაწაფული

ჯამბაზის მზგავსად,

დახელოვნებულ

მოძრაობით

სტრიქონს აგაცლის,

თავის თავს ჰპარავს,

უფრო ხშირად,

მოჰპარავს სხვასაც.

რად უნდა სენას

სამკაული,

ზეცას რომ ერთვის?

მისთვის რომ რითმა

სტყორცნო,

ბგერა ზე აიტაცო!

პოეტის სიტყვა,

აღდგომაა ნამდვილი შენთვის

და უკვდავებაც

მოქალაქევ!

უწყების კაცო!

ასი წლის შემდეგ

და მიანათებს

მაშინ ეს დღე

ფინინსპექტორებს,

სასწაულებით,

ელვარებით –

და მელნის სუნით

ბილეთი

უკვდავების გზებით სავალი.

მაგრამ პოეტის

ძალა განა

მარტო აქ არი,

რომ თქვენის ხსოვნით

მომავალი,

მან შეარხია!

არა! დღესაც ხომ

პოეტის რითმა

მაგარი

სინაზე,

ხიშტი,

მოწოდება

და მათრახია.

 

თარგმანი პაოლო იაშვილის