პაოლო იაშვილი – შალვა სოსლანს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 20.09.1931

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26909-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილი – შალვა სოსლანს

ძმაო შალვა!

გუშინ მე და ბ. პასტერნაკი დავბრუნდით ხანგრძლივი მოგზაურობიდან (ბორჯომი, ბაკურიანი, აბასთუმანი, კავკავი, კახეთი) და დამხვდა თქვენი ბარათი – სამს ჟურნალთან

(Kp. H. 280) ერთად. წერილმა ძალიან გამახარა, პასტერნაკს გავაცანი. დიდად კმაყოფილი ვარ, რომ რამდენიმედ ჩემი დახმარებით დაგიბეჭდავსთ მოთხრობა. ეს მოთხრობა მანამდე მიქო პასტერნაკმა, ნაწილი წაეკითხა. მეც წუხელი დავიწყე, თავი მომეწონა როგორც პოეტიური, კარგი პეიზაჟებით და თუმცა არა სავსებით ძლეული, მაგრამ ნოყიერი და კარგი რეალიზმი. რაც წავიკითხე, იქიდანაც სჩანს, რომ ჯერ კიდევ ბავში რომ იყავით, სწორე ინტუიციით ვიგრძენი თქვენი ცოცხალი და ადამიანური ნიჭი. მომილოცავს. ქართულად წამეკითხა მერჩია, ცუდი პროზა გვაქვს ქართული, ეს სიხალისეს შეიტანდა. ორ სამ დღეში წავიკითხავ ბოლომდე. ქვევით და ქვევით უფრო ცუდიც რომ იქნეს, არ შევშინდები, მეყოფა ის რწმენაც, რაც მოთხრობის დასაწყისში ჩავინერგე.

რას აპირობთ?

რუსულად გინდათ სწეროთ?

აქ ყოველნაირად დაგეხმარებით.

თუ რამ ახალი გაქვთ პირდაპირ მე გამომიგზავნეთ. უთუოდ დავბეჭდავთ „მნათობში“.

ოქტომბერში მოსკოვში ვიქნები, ხშირად შევხვდებით. მომწერეთ რამე ახალი, ლიტერატურის ამინდებზე. მე ბევრს ვსწერ. სულ ლირიკაა. დეკემბერში გამოვა პირველი ტომი 100 დაუბეჭდავი ლექსი.

პასტერნაკმა კარგათ მოგიკითხათ, ხშირად ახსოვხართ. ბევრი ლექსები დასწერა, ჩვენ გვთარგმნის, ამბობს, პოეზია მხოლოდ საქართველოში ყოფილაო. პ. ქავთარაძე ერთგულად მომიკითხეთ.

ძმურად გაკოცებთ და სიხარულით გიგონებთ

თქვენი პაოლო იაშვილი

20.IX. 1931