პაოლო იაშვილი – ტიციან ტაბიძეს – Blue Horns

ავტორი : პაოლო იაშვილი

თარიღი : 13.09.1933

ადგილი : მოსკოვი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 20935-ხ.

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

პაოლო იაშვილი – ტიციან ტაბიძეს

ჩემო ძვირფასო ტიციან!

ვცხოვრობ ისევ ნაციონალში და აქვე დავრჩები. ჩემთან ხშირად არის თეო იანელი. ცოტა მოვასულიერე. ალბად მალე ჩამოვა და თქვენ დახმარებას ნუ დააკლებთ.

დღეს მივიღე შენი ბარათი დატენილი ტფილისის ამბებით და ვინატრე კიდევ ბევრი ასეთი ინფორმაციის მიღება. რაც უფრო ხშირად ვარ მოსკოვში, უფრო მიძნელდება აქ ყოფნა და ამიტომ გევედრებით ყველას, ნუ დამაკლებთ თქვენს ხმას. ბესოს, ლევანის და დათიკოს წასვლის შემდეგ სულ მარტო დავრჩი და სასტუმროში მიხდება ხშირად შეხვედრა საქართველოდან ჩამოსულ „Снабженц“–ებთან. ეს საინტერესო ხალხია მით – რომ ყველა ჟულიკებია სხვა და სხვა სტილის. ამას წინად შუა ღამისას მივდიოდი ტვერის ქუჩაზე და მოულოდნელად შემხვდა კოწია ლორთქიფანიძე. მთელი ქუჩა გააყრუა ბღავილით, ისე გაეხარდა – მეც გამეხარდა. ბევრი მთხოვა, წავყოლოდი მას რაპელებთან – ქეიფში, მაგრამ სხვაგან მეჩქარებოდა, ვერ წავყევი და მგონი, კიდეც დამემდურა. რაპელებს, რა თქმა უნდა, მაგისთანა პოეტი სულ არა ჰყავთ. ვცხოვრობ მოწყენილად – ვაკვდები სამგორს და მხოლოდ ხანდახან გამკრავს ძველი სხივი მელექსეობის. ალბად მალე გამოგიგზავნი 300 არგვეთლის გაგრძელებას. აქ რადიოში წამაკითხეს რამოდენიმე ლექსი. სამასი არგვეთელი მოსკოვის ქუჩებში თურმე „არული“ – ვით ისმოდა, როგორც ამბობენ აქაური ქართველები. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწარი სტუმრებთან პურმარილს. პილნიაკი მალე ჩამოვა და მის რაუტებზე გაჩაღდება ალბად საქართველოს ეპოსი, მოყოლა ძალიან ტკბილად იცის ამბების და სადაც უნდა, ბევრსაც უმატებს. პასტერნაკი ჩემთვის ახლა ნამდვილი ობივატელი გახდა. დარბის განმანაწილებელში სანოვაგე კალათით და მთელი მისი პათოსი (მაინც ნამდვილი) სამზარეულოსა და ბავშვების ჟრიამულის ფონზე იშლება. სთარგმნის შენს ლექსებს და ხშირად ტელეფონით მთხოვს კორრეკტივებს _ შენი სტრიქონებისას. ამ დღეებში წამიკითხავს. მოგწერ ჩემს შთაბეჭდილებას. Андрей Белый არ მინახავს, ისევე როგორც გრიგოლისთვის წერილი არ მიმიწერია. სამწუხაროდ, ეს ნამდვილი ანალოგია არის. ჩემთან ხშირად არიან Павленко, Всеволод Иванов, Леонов, Алеша და ასეთი ხალხი. ყველა ლაპარაკობს „Беломорский“ არხზე – მშენებლობაზე ლაპარაკი პატრიოტულ პათოსამდე აჰყავთ. Павленко, როგორც იცი, ჩვენი კომისარია. მე ამის წინააღმდეგ ძალიან ვიყავი, საზოგადოთ „კომისარების“ და ახლაც არ ვიცი კარგად, რას ნიშნავს ეს. ვიცი მხოლოდ, რომ რაღაც დამამცირებელი არის ჩვენთვის. ამ მცირე ბარათს პირველი ნომერი ჰქვია, და სულ მოკლე ხანში ათამდე შევასრულებ. სულ ვფიქრობ „ძმა ბიჭებში დაჩაგრულ“ რაჟდენზე – რა დიდი უბედურებაა, წერილიც ვერ მიმიწერია, და მგონი, დეპეშაც სულელური მივსწერე. თუ დროზე ჩამოვედი, სულ არ მოვშორდები, ძალიან მეცოდება და ზაზა თვალიდან არ მშორდება. აკოცე კიდევ ერთხელ ჩემს მაგიერ. მომწერეთ წერილები. მედეიას ნუ მიატოვებთ ყვავების ანაბარად. ბევრს გაკოცებთ ყველას და ყოველი თქვენი სტრიქონი სიმფონიად მიღირს.

შენი მარად ძმა პაოლო 

13.IX.33.

მოსკოვი