„თეთრი წიგნი“-დან
მუნჯ მოგონებით დავიტირე ჩვენი წარსული,
ჯვარი დავუსვი ყმაწვილობის თავხედ გიჟობას;
ჯერ ახალგაზრდა… და, უდროოთ ხანში შესული –
ტანჯვით ვამშვენებ ჩემი ყრმობის ფერმკრთალ დღეობას.
ჭლექის სტუმრობამ გამიყინა სისხლი ძარღვებში,
აღარც ვნება მაქვს, აღარც გული, – დაჰვკარგე ყველა.
სისხლის ფურთხებით ვიტანჯები ქარვის თვეებში…
ნეტავ, თუ როდის მეღირსება სიკვდილით შველა?..
იყო და, გაჰქრა – ვით სიზმარი, როგორც ჩვენება:
ჩვენი გიჟობა… სიყვარული უსაზღვრო შვებით…
რა ვქნა არ ვიცი… ვეღარ მხიბლავს შენი შვენება,
და, ვერც სამოსი შემკობილი საფირის ქვებით.
თავდავიწყებას ვეღარ იწვევს ჩემში ზმანებით:
შენი ღიმილი… და, თვალები ნაზ-ბივრიტისა,
ვერც შენი ტანი მოღვედილი ლამაზი ვნებით,
ვეღარც სინაზე – სამკაული წმიდა ხატისა.
არ ვიცი რატომ, – დავავიწყდით უკვდავ სიყვარულს,
და, რათ ასრულდა მხოლოდ ჩვენზე `ზანგის იგავი~;
ალბათ, იმიტომ, რომ ვერ გხედავ, – ტრფობით დანატრულს,
რომ დავიწყებას ჩავაბარეთ ჩვენი ამბავი.
მაგრამ დრო გავა… – და, ჩემს კუბოს უხმოთ ასწევენ,
დამიტირებენ მხოლოდ ლანდნი, ჩემი წარსულის;
შავი კაცები ჩემს ჩონჩხ სხეულს ცეცხლზე დასწვავენ…
იქნება მხოლოდ სახე დამრჩეს ლამაზი სულის. –
თუ გაგახსენდე შენგნით მკვდარი, ტრფობის მემინდე, –
ნუ! ნუ მიტირებ, ვერას მარგებს ხმა სინანულის,
მხოლოდ ამას გთხოვ, და ცოდვები ამით შემინდე: –
ყველას აუწყე დაფარული ჩვენი წარსულის!..
რაჟდენ გვეტაძე