ყველას ვემდური! – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : 1918

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 3661-4.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ყველას ვემდური!

სიკვდილის შიშით გულზე მესო სევდის მარწუხი.

ჩემი იღბალი მიმზადებდა საფლავს მატლიანს;

შენ უცქეროდი ჩემსა ტანჯვას, მაგრამ არ წუხდი,

თითქოს ეს ბედი გახარებდა – სახე მადლიანს,

ჩემი თვალები იმღვრეოდა – როგორც ნარინჯი,

შორეულ ქვეყნით მელანდოდენ ზენარი დები.

და კეთროვანი სნეულებით სახე მახინჯი –

ვფიქრობდი: რისთვის დავიბადე. ან რისთვის ვკვდები?

რათ შემომეჭდო ჯერ კიდევ ბავშვს სევდის სალტები,

და გაიტოლა ჩემმა ბედმა გიჟი ამური, –

როს ჯერ სიმღერით არ მინახავს მზის პალატები,

თუმცა სურვილით ვიტანჯები – როგორც ღამურა

„მოვკვდები უხმოთ… თან ჩამყვება საფლავში ლანდი,

დავავიწყდები თანამგზავრებს მუნჯი ქადაგი,

მხოლოდ ჩემს საფლავს გაიხსენებს მზის ფალავანდი,

როცა ქვეყანას აეხდება შავი ფარდაგი.

მე ამ სოფელში მარტო მოველ როგორც მზვერავი,

და როს მოვკვდები, აქარვდება სახე გედური –

(თუმცა ჩემ სიკვდილს ვერ გაიგებს დიდხანს ვერავინ) –

არვინ მიტიროს. მე ამ ქვეყნათ ყველას ვემდური!..