ძაღლების ყეფა – შარა-გზაზე მგზავრი გვიანი:
დანიშნულ ქალებს ეხარებათ მკერდ-გაღეღილებს.
გავსილი მთვარე ღამე მრავალ ვარსკვლავიანი.
წირვამდის ფიქრი. მუსაიფი ჩოხის ქილებზე.
საყდრის ეზოში უძინარი ბავშვების ჯოგი –
ხშირი ღიმილი, სიამაყე ახალ წუღებით.
კარებთან გიჟი მოწყენილი და დაჩოქილი.
ვირების ლანდი საფლავებზე მოხრილ მუხებში.
ბარძიმ – ფეშხუმი საკმეველით ლოცვა უწინდელს.
ვირების სევდა სამრეკლოზე აისის ახლოს.
უბედურებმა სიყვარული ღმერთს დაუწინდეს
და მოდის ქრისტე მათი სული რომ აამაღლოს.
ვირების მხრებზე დაჰფრინავენ სერაფიმები,
ისინი უხმოდ უცქერიან საფლავზე სოსანს.
მათი საისრე წამწამები როგორც სიმები
თითქოს მღერიან გარინდებით უცხო ოსანას.
დაღლილი გიჟი ვირების გულს მოინადირებს,
სიზმრებით გამთბარს მათ ფეხებთან დაეძინება.
შორს სოფლის გაღმა ადრე მთვრალი არღანს ატირებს.
წირვა თავდება და ხმაური მოდის ლხინებათ.
მაღალ მთებიდან მზე ამორბის როგორც ყაჩაღი,
ვირები მხოლოდ თავს უშვერენ მოოქრულ სარებს.
ობოლ საფლავს ჰგავს მათი სახე ნაჯახირები –
გუმბათი ბრწყინავს და ბავშვები ამტვრევენ ზარებს.