მესტები – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : დეკემბერი, 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „აისი“, №1

პოეზია, შემოქმედება

მესტები

დიდ მარხვაში ბალ-მასკარადს მართავენ

და გავიგე შეგიკერავს მესტები.

შენს მზადებას სხვანაირათ მარტავენ.

იმ მასკარადს რომ დავესწრო, ვეცდები.

შენზე ფიქრმა სული სევდით მოქობა,

დამრჩა ოხვრა შენი ტრფობის ქირაში.

როს ბაბუა საშიშ ზღაპრებს მოყობა,

მე ვზიარობ თევდორობის კვირაში.

ხვალვე ვნახავ უსათუოდ მარჩიელს,

და გავიგებ: ვინ გყავს დასაფიცარი.

თუ სხვა გიყვარს, მე მადარებ ნარჩიელს –

სჯობს გამიტყდეს დანით გულის ფიცარი.

ტკბილი არის, ვით ყანაში სამხარი,

შენი ნაზი ლაპარაკით დათრობა.

თუმცა ჩემთვის არის დაუსამხარი, –

მასკარადზე ვერ გაგიწევ ხათრობას.

მსურს დაგაბა, მაგრამ გაიქაჩები,

როგორც მავრი ეჭვებს ვეღარ ვიცილებ.

როცა წვიმს და ბნელში ცეკვავს ქაჯები:

ძველ ბუხართან, როგორც კატა, ვიძინებ.

მიყვარს რითმა შენებრ გაუგონარი,

როგორც დედას პირველ შვილის დარწება.

მესიზმრება: შენი თმების ზონარი,

და მესტებით გავხარ უცხო არსებას.