ოქტომბრის რევოლიუციის მე-15 წელს, საბჭოთა მწერლები პროლეტარულ მწერლებთან ერთად, შეხვდნენ განსაკუთრებული ხალისით, ახალი ენერგიით, პროლეტარული კულტურის შექმნისათვის ინტენსიურ ბრძოლისა და შემოქმედების სურვილით.
ეს უმთავრესად უნდა მიეწეროს მწერალთა ორგანიზაციების ხელმძღვანელობის გაძლიერებას, რასაც მოჰყვა მწერალთა შორის მასიური მუშაობის გაშლა და საქმიან ნიადაგზე ამხანაგური ატმოსფერის შექმნა.
შემდეგში საჭიროა უფრო მეტი კონტაქტი და ჯანსაღი ურთიერთობა პროლეტარულ და იმ თანამგზავრ-მოკავშირე მწერლებს შორის, რომელნიც გულწრფელად მოწადინებულნი არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ პროლეტარულ კულტურის შექმნაში და სოციალისტურ მშენებლობაში.
ამით, რა თქმა უნდა, მე არ მოვითხოვ ლიტერატურულ ზავს, არც იმას, რომ მარქსისტულ-ლენინურმა კრიტიკამ საბჭოთა მწერლობისადმი აწარმოოს თავზე ხელის მოსმის პოლიტიკა და მათ შეცდომებზე თვალი დახუჭოს. პირიქით, კლასთა ბრძოლის გამწვავების პერიოდში, რასაც ამჟამად აქვს ადგილი, საჭიროა კრიტიკის კიდევ უფრო გამახვილება და მწერლის შემოქმედებაში ყოველ რეაქციონურ, ანტირევოლიუციონურ, მავნე გადახრის დაუნდობლად გამოაშკარავება.
მაგრამ ეს „დაუნდობლობა“ არ უნდა გადაიქცეს უნდობლობად. უეჭველად საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს, თუ კრიტიკას ექნა ჩამქოლ იარაღის ფუნქცია და მან არ მოისურვა, ან ვერ შესძლო წაბორძიკებულ მწერლის წელში გასწორება.
გაუსწორებელს, ხალხურ თქმის არ იყოს, სხვა რამე გაასწორებს და ამ შემთხვევაში, როგორც აშკარა მტერთან ბრძოლის დროს, უთუოდ საჭიროა მკაცრი ბრძოლა. ეს თავისთავად იგულისხმება. მაგრამ კრიტიკა ვერ მიაღწევს მიზანს, თუ ის ყველა მწერალს, თვითეულ ნაწარმოებს ერთი თარგით მიუდგა. ვერც მარტო ზოგადი ხასიათის კრიტიკა გაუწევს სასურველ დახმარებას მწერლობას. ამიტომ საჭიროა, კრიტიკას ჰქონდეს სეისმოგრაფის თვისება, რომ მან კონკრეტული მხილებით, ლიტერატურულ პროდუქციის კონკრეტული ანალიზით მწერალს აჩვენოს ჩადენილი შეცდომები და მოახლოვებულ საფრთხისაგან თავის დაღწევის გზა.
იმავე დროს, იდეოლოგიურ სიწმინდის გარდა, მწერლისაგან კრიტიკა უნდა ითხოვდეს მხატვრულად უზადო პროდუქციას. ამჟამად უნდა ითქვას, რომ კრიტიკა ნაკლებ ყურადღებას აქცევს ნაწარმოების მხატვრულ ხარისხს. ნაწილობრივ კრიტიკის სისუსტით აიხსნება ის გარემოება, რომ ამ მხრივ მწერლების ნაწილში დღეს მიუტევებელ ზერელობას და სამწერლო კვალიფიკაციის დაქვეითების ხშირ შემთხვევებს აქვს ადგილი.
მარქსისტ. კრიტიკამ მწერლობაში იდეოლოგიისათვის ბრძოლა იმავე დროს უნდა გადააქციოს წითელ ხალტურის წინააღმდეგ ბრძოლად. ამ ბრძოლის წარმატება დიდათაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი პრაქტიკული ზომები იქნება მიღებული ლიტერატურაში გაუპიროვნებისა და გათანაბრების მოსასპობად. საჭიროა მწერლის შრომა ანაზღაურებულ იქნეს მისი კვალიფიკაციისა და ლიტერატურული ფაქტების ხარისხიანობის მიხედვით. ყველა ნაწარმოებზე გაწეულ შრომის ანაზღაურება არ უნდა ხდებოდეს თვალ-დათვალ და ხელაღებით. ეს მწერალს უკარგავს სტიმულს და ხალისს, ეცადოს ისეთი ნაწარმოები შექმნას, რომელიც გამართული იქნება როგორც იდეოლოგიურად, ისე მხატვრული ღირსებითაც.
ახალი ეპოქის სულის გადმოცემისათვის სიტყვის, სტილის და ფორმის მხატვრულ მწვერვალებზე აყვანაში, იდეოლოგიურად საღ ნაწარმოების მოცემაში უდიდესი როლის თამაში შეუძლია კრიტიკას, მაგრამ ცხადია, მარტო კრიტიკას გაუჭირდება ყველაფერ ამის გაკეთება, მარტო კრიტიკა ვერ შესძლებს ახალ იდეებით და მისწრაფებებით კვალიფიციურ მწერლის ტიპის ჩამოქნას, თუ თვით მწერალს არ მიეცა თავის თავზე მუშაობისა და შემოქმედებისათვის მეტი საშუალება.
მწერლის ყოფა-ცხოვრების შესახებ ლაპარაკი მოითხოვს სპეციალურ წერილს. აქ მხოლოდ მოკლედ მინდა შევეხო ამ საკითხს, რადგან ის ჩვენი აზრით, უშუალოდაა დაკავშირებული ზევით წამოყენებულ დებულებებთან.
დასტურ, მწერალი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მას მეტად მცირე რჩება შემოქმედებისათვის. ის იძულებულია, მთელი თავისი ენერგია და უნარი გამოიჩინოს სრულიად სხვა დარგში, როგორც სხვა პროფესიის კაცმა და ხშირად თვეობით ვერ ახერხებს გულიანად მოჰკიდოს ხელი კალამს. ამ არა ნორმალურ მოვლენის სტაბილურობას ხელს უწყობს ის აზრიც, რომ თითქოს, ქართველ მწერალს საშუალება არ ჰქონდეს, რაგინდ კვალიფიციურიც არ უნდა იყოს ის, იცხოვროს მხოლოდ თავის შემოქმედებით, რომ თითქოს მწერლობა მარტო მოცლის დროს, ან ზედმეტად დატვირთვის სახით შეიძლებოდეს. ეს აზრი აშკარად მავნებლური და ოპორტუნისტულია.
ასე მსჯელობდნენ მენშევიზმის მესვეურები, რომელთა ბატონობის ხანაში ფრჩხილის ოდენაც არაფერი გაკეთებულა მწერლობის სასარგებლოდ, მწერალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღიდანვე მწერალზე და მწერლობაზე ზრუნვა თვით სახელმწიფომ იკისრა, რამაც დიდი გარდატეხა მოახდინა მწერალთა მასაში. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა საჭირო განსაკუთრებული იმისათვის, რომ მწერალი მთელი თავისი არსებით მიეცეს შემოქმედებას.
მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა დარგის არც ერთი მუშაკი არაა იძულებული მწერლის მსგავსად, ჯერ სხვა საქმე აკეთოს და შემდეგ, თუ დრო ექნა, იყოს მეცნიერი, მსახიობი, მუსიკოსი, ან მხატვარი.
ამას ზედ ერთვის ყოფა-ცხოვრების მძიმე პირობები. ბევრი მწერალი პირდაპირ უბინაოთაა.
მწერალთა კვებისა და მომარაგების საქმე მოუგვარებელია. არც მათი ჯანმრთელობის დაცვას ექცევა შესაფერი ყურადღება.
ასეთ პირობებში ძნელია, მწერლის შემოქმედება იქნეს ნაყოფიერი და დახვეწილი. ამიტომ მწერალთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება უწინარეს ყოვლისა თავიანთ გადაუდებელ ამოცანათ უნდა დაისახონ მწერალთა ორგანიზაციებმა.
ჩვენმა მწერალთა ორგანიზაციებმა უნდა შესძლონ მწერალთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით გამოყოფილი მთავრობის კომისიის დადგენილების რეალიზაციის დაჩქარება. ამ დადგენილებაში გათვალისწინებულია მწერლებისათვის დახურულ გამანაწილებელის გახსნა, სახლების აგება, მწერლების გაგზავნა კურორტებზე თუ დასასვენებელ სახლებში, რითაც მეზობელ რესპუბლიკებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში, დიდი ხანია მწერლები სარგებლობენ.
ამრიგად, მატერიალური მდგომარეობისა და ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება, კონკრეტულ კრიტიკის გამახვილება და გაშლა მწერალს საშუალებას მისცემს იყოს უფრო პროდუქტიული, უფრო ახლო მონაწილეობა მიიღოს სოციალისტურ მშენებლობაში და უფრო აითვისოს დღევანდელობა, რაც დააჩქარებს მისი მსოფლმხედველობის გადამუშავებას მარქსისტულ-ლენინურ ნიადაგზე.
რაჟდენ გვეტაძე
„სალიტერატურო გაზეთი“, №3, 1931