ჩოჩორი – Blue Horns

ავტორი : რაჟდენ გვეტაძე

თარიღი : 1927

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 27327-1.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჩოჩორი

საჩუქრად ტიციან ტაბიძეს

 

პარასკევს ყაფანზე გაჰყიდეს ჩოჩორი,

ატირდა საბრალო თაფლისფერ თვალებით.

ახლმა პატრონმა მოპარსა ქოჩორი

და ჭიშკრის სვეტები მოსჭედა ნალებით.

 

ბავშვებმა ბეღელქვეშ ანახეს საწოლი:

კოცნიან. ახრჩობენ რძიანი ბალახით.

ორშაბათს ხურჯინით აჰკიდეს მაწონი:

პატარა ფეხები ეტკინა ტალახით.

 

ქალაქში უცინის ძველების მკერავი.

ნაცნობებს შეხვდება, უეცრათ ქრებიან.

სურს დედის ალერსი, ვერ ხედავს ვერავის,

მხოლოდ ხარს უცქერის საყანწე რქებიანს.

 

სოფლისკენ  ბრუნდება დაღლილი ვირები.

ჩოჩორიც მიჰყვება ბედს გადანაბირებს.

ამბობენ: ბაზარში არ იყო სიძვირე,

ღამდება და ქარი ამოსვლას აპირებს.