ოფელია
თქვენში დავეძებ მარტოობის გამკურნავ ძალას,
ძვირფასო ქვებო, შეიყვარეთ ჩემი თვალები
და თუ მივენდე თქვენს ბრწყინვალე ერთგულ ამალას,
თქვენი პირბადით თვით ქვეყანას დავემალები.
დაისის ლალი გამოვსტაცო მინდა ლურჯ ჰაერს,
მინდა, გავქურდო ვით ყაჩაღმა ძველი ხატები.
და როგორც ძუნწი მე ვაგროვებ ქვებს მრავალნაირს,
ჩემ სიმდიდრეში თვით მეფეებს აღვემატები,
მაგრამ ვოცნებობ კლეოპატრას ბეჭდებზე მწარეთ,
თამარის ქოშებს მივესალმე სონეტით ადრე.
თქვენ, ოფაზებო, ჩემ კაეშანს ეყვითელმთვარეთ,
და მოწიწებით თქვენს დიდებას ოხვრა შევკადრე.
სარკის მინიდან ოფელია მაწვდის ალმაზებს
და მე ვერ ვბედავ ჩამოვართვა მას საჩუქარი.
მარგალიტებით თავის თითებს ის ალამაზებს
და ისევ, ისევ მაკანკალებს ფირუზის ქარი.
ხშირად დაისის ამორძალებს გავყვები ცქერით,
მათ ამეტისტებს – ვესალმები როგორც ფირალი,
და სირენები მიქროლავენ ტკბილი სიმღერით –
ვერ დავეწევი – იაგუნდის ფერად მტირალი.
მთვარიან ღამით დადის ბაღში უცნობი კაცი,
და მოაქვს ჩემთვის შავ ფეშხუმზე მთრთოლვარეები,
მას დაეწევა მოსაკლავად ლანდი მამაცი,
და ძვირფას ქვებით დაიმსხვრევა ცრუ იმედები.
ახალი ქვები მესიზმრება – მოსანახავად,
წავალ შორეულ უდაბნოში – მირაჟებს ვმონებ.
და უსარგებლო ძებნის შემდეგ გავხდები ავად –
და ჩემს ბოდვაში ძვირფას ქვების ლანდებს ვიგონებ.
30 სექტემბერი, 1917
მომღერლის სათაური უსათუოდ უნდა იქნეს: ჭლექი ასული.