გოგირდისფერი (ტრფობა) – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 01.10.1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-8-ხ.

გამოცემა :

პოეზია

გოგირდისფერი (ტრფობა)

მას ვუცქეროდი, როგორც ნახატმა

არ გაუღიმა ჩემს ობოლ წუთებს.

ვინ არის იგი: ლაურა, ვატმან,

რად მერიდება ჟამს ნასათუთებს.

მხოლოდ შევეხო შემთხვევით კაბას,

ან გამსჭვირვალე, სპეტაკ სახელოს.

მხოლოდ თვის თვალებს მან გადამაბას

და ნაზი ცქერით დამასახელოს!

შეხვედრის წუთი ხსოვნაში ცხოვრობს,

ვით ავადმყოფი ვიწრო ზურმუხტი.

გული სევდაში რადგან მათხოვრობს

მე განშორების დაისებს ვსწუხდი!

აღარ ტორტმანობს წყვდიადი შავად,

არ აწამწამა გრძნობები ვნებამ.

ვხვდებით წვიმაში… წვიმის ვარსკვლავად,

ის გააღმერთა ჩემმა ოცნებამ.

უცნაურია! და თუ გაგიჟდა

მას მოწიწებით შევირთავ ცოლად.

როს დაგვეფრქვევა ჩვენ მთვარის იშთა,

ვიცეკვებთ, გული რომ ავათრთოლოთ!

ტაშს დაგვიკრავენ მკრთალი მგოსნები,

შორს გამოჩნდება თვითონ ბოდლერი,

ვერ დაგვაბრმავებს ფირუზის მტვერი

და გაიხსნება ცა ნაოცნები.

 

1 ოქტომბერი, 1917

 

მანჟეტი. ხოზანი. ლიბრედი. ღლიავი. იანიჩარი. კარუსელი.

ნუ თუ ოდისმე დავამყნი კოცნას?

მგლოვიარე – შემოვიარე. მარაზი – თოკი.

ღვთაება – გადაება. დირიჟორი. Порфира (?). Нефрить.

ტენორი – მოუსვენარი. ტენორი.

კარუსელი. ძვირფასი ქვების მისიონერი.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი

 

25523-8-ხ. ვალერიან გაფრინდაშვილი, გოგირდისფერი ტრფობა, 1 ოქტომბერი, 1917