აშორდია; წვიმის ასული – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1916-1917

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 25523-191-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

აშორდია; წვიმის ასული

ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების…

ყანწებისთვის (3).

 

აშორდია

კალიოსტროს ლანდს შესთავაზა მან პაემანი;

წინაპრის  ნაბდით არის ახლა იგი ბურვილი,

მეფურ სიუხვით ათავადა ყველა მსურველი,

თვითონ ფრთიანი უხილავი, როგორც დემონი!

დროს კარჩაკეტილ და შმაგ სივრცეს არ დაემონა.

ბევრ ამაყ სიზმრებს დააწაფა თვალთა თვლემანი!

ბევრ ოცნებაში ბრწყინვალების შექმნა წყურვილი,

ხალხის წინაშე ჯადოსნობით კვლავ აღჭურვილი

არ დაემონა!

ასხვანაირებს სინამდვილეს, როგორც მგოსანი,

თვალში მონოკლით ავაზაკობს, ცბიერი მარად,

და ყალბ სიგელებს აქანდაკებს შეუსადარად.

ხან მეომარი, ხან მოხელე, ხან ჩოხოსანი,

ხანდისხან ლორდი – ის იგონებს საოცარ გრიმებს,

და ამ ლექსს, ალბათ, ნიღაბის ქვეშ ის გაუღიმებს!

 

მაისი, 1917 წ. 1916

 

1917 წელს უნდა გამოვცე საკუთ. ლექსების კრებული. დროა. 30 ან 40 ლექსი.

Революционный сонет в Зак. Речи.

1917 წ. ბოლოში უნდა გამოვსცე ლექსების კრებული. დროა.

წინასიტყვაობით. ოფელიას – ჩემს და შექსპირის ლექსებში ანაკრთობს ვსწირავ მე მარად სტრიქონების მტრედისვე ყელსაბამს.

 

 

ივლისი, 1917.

წვიმის ასული

 

ყოველ წვიმაში ოფელია ნაზი მომელის,

სევდიან ლანდათ – მეწყურება ხილვა რომელის.

ყრუ ბინდი, წვიმა – იალქანთა წყნარი სავანე,

და ამ შხეფების ზმანებაში შენ, მონავანე.

ნაცრისფერ წვიმას აჩრდილები დაუთალხია.

ნუ თუ ეს მხოლოდ ოცნებაა – მხოლოდ თვალღია.

წვიმის ასული უხვად მაფრქვევს სხივთა უმარულს,

წვიმის ასული მე მაგონებს ჩვენებას მთვარულს!

დაღლილ წვეთების განთიადი არ მესურვება,

მინდა, ჩემს გულში ვაზურმუხტო ლანდთა ურვება.

წვიმის ასულთან სეირნობა მინდა ნიავში,

მაგრამ ვერასდროს ვერ გამოვდებ ხელს სათუთ მკლავში.

აიღო ციდან – ცისარტყელა, როგორც მარაო,

ქალწულის სახეს ნუ მიმალავ პირსაფარავო!

სპეტაკ ჰაერში ის გადავა კვლავ ყირამალას –

წვიმის ასული – და დააფრთხობს ჩრდილთა ამალას.

როცა დარია, ის ჰაერში აღარ ჯამბაზობს,

მომავალ წვიმას ელოდება და ბროლში ნაზობს.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი