(ყანწებისთვის, №3).
ოფელია და ნერონი
ქარი და მთვარე – საკვირველი, სწრაფი ზმანება.
მაღალ უფსკრულში უაღვირო მიჰქრის მერანი.
გულში იხუტებს ოფელიას ავი ნერონი
და ვით შეშლილი თავის ტვირთით მიექანება.
მაგრამ ღრუბლები – ჰამლეტები გზაზედ ხვდებიან,
უნდათ მოსტაცონ ოფელია მედიდურ რაინდს,
მიჰქრის მერანი, ჰამლეტები ვერ მისწვდებიან,
ბნელ ნაბღებიდან თავის სატრფოს უცქერენ მაინც.
ცაში დაეძებს დაკარგულ ტახტს ცეზარი ავი,
და დედოფლობას ოფელიას ახლა პირდება.
მძინარ წამწამებს უალერსებს მთვარის ნიავი,
მაგრამ ქალწული გაიღვიძებს და ატირდება.
არ არის ტახტი. დაისები ჩნდებიან შორით,
ფიქრობს მხედარი მოელვარე: დავგვიანდები,
ნისლიან ქალწულს ანუგეშებს წმინდა ამბორით
და ოფელიას ათრთოლებენ წვიმის ლანდები.
წამოვა თოვლი, გააფითრებს გაფრენილ მხედრებს
ბრაზიან ნერონს ბუმბერაზი ახრჩობს გრიგალი:
ის სასტიკ ზამთარს ოფელიას ვერ შეავედრებს,
თოვლი და ქარი, დაისები და ბროლ-ფიქალი.
უჭირავს ნაზად ოფელია ნერონის მკლავებს,
თოვლი სახეზე და ხელებზე მათ ეწვეთება,
აწუხებს ვარსკვლავთ უძვირფასეს ლანდთა კვეთება,
ქარი თეთრ მხედრებს თეთრ ისრებით ისევ აბრმავებს.
და თუ გათენდა, შეიჭრება მზის ნირვანაში
ორი ჩვენება: ნერონი და თვით ოფელია,
ახლა კი მიჰქრის დათოვილი, სპეტაკი რაში,
ავი ცეზარი მრისხანე და ულმობელია.
ვალერიან გაფრინდაშვილი
[1917]