მოხეტიალე პარადიზი – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 1921

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6817-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მოხეტიალე პარადიზი

თქვენი ცხოვრების დაივიწყეთ მცირე ნაკადი.

მოგევლინებათ ოკეანე გაბაწრულ გემით.

ამშვენებს თეატრს დაისების დიდი პლაკატი,

როგორც ყოველთვის, რეჟისურა დღეს არის ჩემი.

 

მაღალი ფარდის ჟრუანტელი სამარადისო.

ელის მასკარადს აღტაცებით ცქერა მშიერი.

თვალთა წინაშე გაიშლება ის პარადიზი,

სადაც ხვდებიან ბეატრიჩი, ალიგიერი.

 

ლოჟაში ბრწყინავს მალაელი და სთვლემს დე-კვინსი.

ბნელი პუშკინი დუელიდან აქვე მოვიდა,

გაიხსნა ფარდა აელვარდა დანიის პრინცი

და ოფელია აირჩია ქალწულთ გროვიდან.

 

მემუსიკეთა დირიჟორი ლაერტი არის.

მაგრამ დინჯია, ვით ყორანი და პალადინი.

ირიბ ორკესტრის გაგიჟება მსგავსია ქარის –

თითქო არბევენ საფირონებს მოძალადენი.

 

დაბალ პარტერში ორკესტრიდან გადმოდის წყალი.

დაახრჩობს ჰამლეტს ოფელია უტყვი, კაპასი.

როცა მის მკერდზე გამოჩნდება ძვირფასი ხალი,

მთელი თეატრი გახელდება, ვით შახ-აბაზი.

 

თეატრი იწვის მქრობელები ვეღარ შველიან.

გაკოტრებული რეჟისორი – მე ახლა ვტირი.

მაგრამ იქნება პარადიზი და ოფელია –

უკანასკნელი წარმოდგენა ცეცხლით და კირით.

 

ვ. გ.

1921, ზაფხული

ტფილისი

 

 

მრისხანე – დამიხსენი.

არჩილი – გადაჭრილი.

ლექსი პარიზის კომუნარებზე.

კომუნის მოედანი.

ჩრდილოეთი – პოეტი.

ჩეკა – თფილისი.

დაისის მორევში – სუზანნა, შუშანა.

ქერძაფი.

სინდიოფალა.

პროვინციელი თავისმკვლელები.

მარტვილი.

სიზმარი – ეიფელი.