რკალიდან: მე – სარკეში
დუელს ერთმანეთს ვპირდებოდით ბოროტ მინაში,
როგორც ლურჯ გედის მოტრფიალე ფარშავანგები.
აი, ცბიერად აქანდაკდა ის ჩემს წინაშე,
თითქოს მაშინებს საზიზღარი მისი ფანდები.
ზრდილობიანი, ვით მსახური მაწვდის იარაღს…
როცა რევოლვერს დავუმიზნებ, მიეფარება
საშინელ სარკეს და სიჩუმეს სვამს როგორც არაყს,
შემდეგ ფრთიანი ავაზაკობს და მეპარება.
შემომთავაზა ორეულმა სამართებელი:
ერთად ვიპარსავთ – ის ბროლში და მე სიცხადეში,
და თუ დაიჭრა სამუდამო ჩემი მხლებელი,
სწრაფად ჩავყვინთავ სასიკვდილო სარკის ბადეში.
ის დანით ყელთან მე მიცქერის, ვით თავის მკვლელი,
ისევ ერთმანეთს ვუკვირდებით, როგორც ჯაშუშებს,
ხელის გაქნევას უკანასკნელს მისაგან ველი,
და ჩემს იარებს მოურჩენელს ვერ დააშუშებს!
ვართ დანიშნული ერთმანეთის მისტიურ დაღით,
როგორც რაყიფნი ველოდებით წუთს შესახვედარს,
ვხვდებით სიზმარში: ის გამიპობს სახეს მათრახით,
და მათრახითვე ვუპასუხებ თანასწორ მხედარს.
ვხვდებით ერთმანეთს – განწირულნი – სარკის მინაში,
მესმის მუქარა: „შებრალებას ჩემგან ნუ ელი“.
ის კიდევ ხშირად ამათრთოლებს თავის წინაშე,
არ ვიცი, როდის გათავდება ჩვენი დუელი!
1917 წ. დეკემბერი
ვალერიან გაფრინდაშვილი
(მეზმანა ქარი, ორეული და ვარსკვლავები).
(არტურ რემბო, რემბო, რემბო).
გამონათიში – პატიჟი.
სავადი – თავადი.
გარეშე – ანგარიში.
ფათალო – სურო. ფარკო – Фараон.
გავთამამდები – ფანდები.
Стихи издать без-вно маленькой книжкой.