აბრაკადაბრა (დაისების რეჟისორი) (ფატა-მორგანა) – Blue Horns

ავტორი : ვალერიან გაფრინდაშვილი

თარიღი : 06.10.1920

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 6818-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

აბრაკადაბრა (დაისების რეჟისორი) (ფატა-მორგანა)

როგორც ქიმერა მოევლინა პოეტს ქალაქი

და სკრიპკებივით წკრიალებენ დიდი ქუჩები.

ორ ქუჩის შუა ცა გაიპო მზით განალაქი –

ტრამვაი მიდის იმ უფსკრულში დაუყუჩები.

 

ეძებს პოეტი დაისისთვის ერთგულ მსახურებს,

არსად არიან ტიციანი, პაოლო, ალი;

იგი გუმბათებს გადააფრენს ვით მალაღურებს,

ყოველი მხრიდან მოაწვება ბნელ ქუჩებს წყალი.

 

დანიის პრინცი გამოჰკვეთა ღამის ძაძიდან,

თვალები ქალაქს – სომნამბულას მან აუკერა.

სირინოზები მდინარიდან სწრაფ გადაზიდა

და ვარსკვლავები ოფელიებს გადაუგერა.

 

ასწია ქუჩა – დააყენა ციურ მწვანეზე.

ბალდახინივით გაიშალა ფარდა მზიური

ბრდღვიალებს სცენა – ამართავდა მას პირანეზი

ძვირფასი ქვების ქანდაქარი ეკზოტიური.

 

იქ საფირონი დაიკივლებს – ვით გედი ლურჯი.

სტრადივარიუსს მოიტაცებს ცეცხლის ფირალი.

ოქროსფერ თავით გამოჩნდება ნერონი ურჩი –

თავის ლორნეტით სხვა ლოჟიდან გამომზირალი.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი

ქუთაისი, ქარი, 6 ოკტომბერი, 1920 წ.