ხელოვნების შესახებ… – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1936

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26946-2-ხ.

გამოცემა :

სტატიები, შემოქმედება

ხელოვნების შესახებ…

ხელოვნების შესახებ „პრავდაში“ მოთავსებულმა წერილებმა და ამასთან დაკავშირებულმა დისკუსიებმა მთელი საბჭოთა საზოგადოებრივი და კერძოთ, ხელოვნების მუშაკთა აზრი აამოძრავა, გაამახვილა და დარაზმა იმ გადაუდებელი და საჭირობოროტო ამოცანების გარშემო, რომლებიც ხელოვნების ყოველ დარგშია წამოჭრილი. პარტია და ჩვენი ხელმძღვანელი პრესა სათავეში უდგას დიდ მოძრაობას, რომელიც ხელოვნების მუშაკთა შორის ჩაისახა. პარტიამ მოგვცა სწორი და ზუსტი ორიენტაცია იმისა, თუ რა გზით და როგორი სახეების სისტემათა საშუალებით უნდა წარიმართოს შემოქმედებითი მუშაობა, იქნება ეს მხატვრობაში, მუსიკაში, არქიტექტურაში თუ ხელოვნების ისეთს წამყვან დარგში, როგორიც სიტყვიერი შემოქმედებაა. დღის წესრიგში დგას ბრძოლა ისეთი მოვლენების წინააღმდეგ, როგორიც არის ფორმალისტური და ნატურალისტური რეციდივების გამოსხივება ხელოვნურ ნაწარმოებებში. რეციდივების იმიტომ, რომ ფორმალიზმი, როგორც განსაკუთრებული მეთოდი ლიტერატურათმცოდნეობისა, როგორც ისეთი მოვლენა, რომელსაც ერთგვარი პრეტენზიაც კი ჰქონდა საკუთარ მსოფლმხედველობის შექმნაზე, როგორც სკოლა, როგორც მთელი ნაკადი შემოქმედებითი აზრისა _ დიდი ხანია იდეოლოგიურად განადგურებული და იარაღაყრილია. მიუხედავად ამისა, მაინც მკვეთრად დგას საკითხი ამ მოვლენათა წინააღმდეგ ბრძოლისა და ამას სოციალისტურ მშენებლობის იმ საფეხურზე, რომელზედაც ჩვენ ვდგევართ, ღრმა აზრი და მიზანდასახულობა აქვს. ვინაიდან ფორმალიზმი და ნატურალიზმი არა მთელი თავისი მოცულობით, არა იდეათა მთელი სისტემით, არა როგორც მთელი დაკონსერვებული ლიტერატურული მიმდინარეობა, არამედ ცალკე ელემენტების, ცალკე შემავალი კომპონენტებისა და შენიღბული თეორიებისა თუ შემოქმედებითი ხერხებით შედის პოეტურ შემოქმედებაში და ამრიგად არღვევს შემოქმედებითი პროდუქციის წონასწორობას და, მაშასადამე, სცემს მის ღირსებას, ახდენს მის დეკვალიფიკაციას და იდეურად განიარაღებას. ასეთ დეფორმირებულ ელემენტებს, შეიძლება მიეკუთვნოს, იქნება ეს წმინდა ესთეტიზმის გამოვლინებანი, ნაწარმოების ფორმის წინ წამოწევა და მისი ხელოვნურად გამოთიშვა შინაარსისაგან, პოეტური გამოსახულებების საშუალებათა აქცენტირება, ნეიტრალურ, განყენებულ თემები პოზიციაზე დადგომა თუ ფაქტების მხოლოდ მშრალი აღნუსხვა და ემპირული მიდგომა მოვლენათადმი _ მათი განზოგადოებისა და გაშუალების გარეშე.

ერთი სიტყვით, ბრძოლა და გადამჭრელი ბრძოლა უნდა გაიშალოს ყველა იმ ცალკე ელემენტისა და მით უმეტესად სისტემაში მოყვანილი თეორიებისა და შემოქმედებითი მეთოდების წინააღმდეგ, იქნება ეს ფორმალიზმი, ნატურალიზმი თუ სხვა დრომოჭმული იზმი, რომლებიც შემოქმედებით პროდუქციას, ხელოვნურ ნაწარმოებს მოსწყვეტენ სოციალისტურ პრაქტიკას, მოსწყვეტენ იმ ბუმბერაზულ გარდაქმნას მთელ ჩვენს მატერიალურ და სულიერ ცხოვრებაში, რომლის ადექვატური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში არ მოიპოვება, განაიარაღებენ, დაამდაბლებენ მის მნიშვნელობას და ამ რიგად, საშუალებას მოუსპობენ, დაიკავონ სოციალიზმის მშენებლობაში ის დიდად საპატიო და სახელოვანი ადგილი, რომელიც ხელოვნებას და კერძოთ, ლიტერატურას მოწოდებით და ისტორიულად ეკუთვნის.

მაგრამ აქვს თუ არა ადგილი აღნუსხულ მოვლენას ჩვენი, საბჭოთა საქართველოს ლიტერატურის პრაქტიკაში? თუ აქვს, იქნებ ეს მოვლენები იმდენად უმნიშვნელონი და უსაფრთხონი არიან, რომ არც ღირს მათზე ყურადღების ამრიგად შეჩერება, იქნებ ეს მხოლოდ ყოფილი ჭექა-ქუხილის უკვე გადასული, ჰორიზონტს მოფარებული შორეული ხმებია, რომლებიც თავისთავად მიწყდებიან? გადაჭრით უნდა ითქვას, რომ ფორმალისტური და ნატურალისტური გადახრანი ოდნავ გასაგონი ხმებით კი არა, ხანდახან კარგად გარკვეული ხმებით მღერიან ჩვენს შემოქმედებით პრაქტიკაში. ეს თვალნათლივ გამოააშკარავა იმ დისკუსიებმა, რომლებიც ჩვენი მუსიკისა, არქიტექტურისა და მხატვრობის გარშემო გაიმართა. გამოირკვა, რომ ჩვენს მუსიკალურ ფრონტზე კარგად და გარკვევით ისმის რაღაც გაურკვეველი, ყველასათვის გაუგებარი სუმბურული მუსიკალური ფრაზები. გამოირკვა, რომ არც ჩვენი არქიტექტორები არიან დაზღვეულნი კოკოფონიის ელემენტებისაგან, გამოირკვა, რომ ჩვენ მხატვრობაშიც შედარებით მაგრად არის წარმოდგენილი ფორმალისტური ნაკადი, მხოლოდ ფერებით თვითტკბობის ელემენტები. საბჭოთა მწერლების კავშირის თავმჯდომარემ, ამხ. აკ. თათარიშვილმა და ამხ. დ. დემეტრაძემ საკმაოდ ნათელი სურათი გადაშალეს იმისა, რომ ჩვენს წამყვან პოეტებსა და პროზაიკოსებში, რომლებიც თანამედროვე ლიტერატურის პროფილს ქმნიან, ყველ იმ ელემენტებს, რომლებიც ლიტერატურას რაღაც დამოუკიდებელ, დღევანდელ ცხოვრებისაგან გათიშულ სამყაროდ აქცევენ, ფესვები კიდევ მაგრად აქვს გადგმული. მწერლების რომელ ფენებს ემჩნევა ჩამოთვლილი მცდარ პოეტურ ხერხების გავლენა, რაფინირებული, წმინდა ესთეტიზმის ზეგავლენა შემოქმედებაში? მომხსენებლებმა ეს საკითხიც საკმაოდ გააშუქეს კონკრეტული მასალებით.

პოეზია საგანთან უდიდესი სიყვარულით, ორგანიულად და გულწრფელად მისვლის პროდუქტია. სადაც ამ ორგანიულობასა და გულწრფელობას არ აქვს ადგილი, იქ პოეზია ვერ სუნთქავს. თუ ასე მივუდგებით საკითხს, სხვაგვარად კი წარმოუდგენელია, დავინახავთ და ვიგრძნობთ, რომ ჩვენს პრაქტიკაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გადასაფასებელი, ჯერ ბევრი რამ არის უკუსაგდებელი, კიდევ არის და ბლომათაც არის ხლამი, რომლის მოუშორებლად, თანამედროვე მწერალი ვერ გახდება ჭეშმარიტი საბჭოთა მწერალი, ორგანიზატორი და კონდენმსირებელი იმ დიდ იდეებისა და ემოციონალურ ძვრებისა, რომლის მოწამენიც ჩვენ ვართ, ვერ გახდება ღირსი, ისუნთქოს იმ ჰაერით, რომლითაც სუნთქავს სოციალიზმის საზოგადოება. სხვა კრიტერიუმი საბჭოთა მწერლის შემოქმედებითი ინტენსივობის შეფასებისათვის არ არსებობს.

ქართული პოეზიის განვითარებაში თავისი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეგრედ წოდებულ ყოფილ ცისფერყანწელებს, იმ პოეტების პლეადას, რომლებიც სამწერლო ასპარეზზე იმპერიალისტური ომის მიწურულში გამოვიდენ. ეს იყო ეპოქა, რომელმაც ზოგიერთ შორსმჭვრეტ ბურჟუაზიულ პროფესორსა და პუბლიცისტსაც კი დაანახვა ძველი, ბურჟუაზიული კულტურის დეკადანსი, კაპიტალიზმის იმპერიალიზმში გადაზრდა და მისი დასასრულის მოახლოვება. ის დრო იყო, როცა ანდრეი ბელი, რუსი სიმბოლიზმის ერთ-ერთი თეორეტიკოსი, ფორმალური თეორიის პირველი გამშლელი, შესანიშნავი პოეტი და მოაზროვნე კულტურის კრიზისზე, შეგნების კრიზისზე სწერდა. რა კულტურა, რომელი შეგნება იყო კრიზისის ჩიხში მომწყვდეული _ ეს ოქტომბრის რევოლუციის გენიის განათების შემდეგ გახდა საცნობი პოეტების ამ პლეადისთვის. ბურჟუაზიულ კულტურას განვლილი ჰქონდა თავის ოქროს ხანა და დაცემულობის მარწუხებში ცახცახებდა. დეკადანსის ამ საწამლავით იყვნენ მოწამლულნი ცისფერყანწელი პოეტები. არც საჭიროება მოითხოვს და არც დრო არის ამ თემის გაშლისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ პოეტებს გავლილი ჰქონდათ დიდი სკოლა რუსული სიმბოლიზმისა და მისი მეშვეობით ფრანგული სიმბოლიზმისაც. ეს იყო არა მარტო ლიტერატურული მიმართულება, არამედ სინამდვილის თავისებურად ათვისების მეთოდი, საკუთარი მთლიანი, ორგანული მსოფლმხედველობით, ფილოსოფიურ შეხედულებათა სისტემით. ვაგნერის მუსიკალური დრამა მუსიკაში, სკრიაბინის „მისტერიები“ _ ყოველივე ეს სინამდვილის სიმბოლისტური ხილვისაგან მოდიოდა. ასევე მხატვრობაში: ვრუბელი _ თავისი ფანტასმაგორიებით, ბერგსონი, ლოსკი _ ფილოსოფიაში, თავიანთი მისტიკის, ინტუიტივიზმით. პოეზიაში მთავარი იყო მუსიკა და ვერლენის ცნობილი თეზისი: „მუსიკა უპირველეს ყოვლისა“, სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა არა თავისი შინაარსით, არამედ ხმოვანებით. იგი მხოლოდ ნიშანი იყო რაღაც სინამდვილის იქით არსებულის, „A realibus ad realiora“ გადმოსაცემად, როგორც ამბობდენ ხოლმე, იგი ნიშანი იყო მხოლოდ სხვა მნიშვნელობისა, რომელსაც არავითარი ლოღიკური შინაარსი არ ჰქონდა, ბურუსით იყო მოცული. უარყოფა პოეტური სახეების კონკრეტულობისა, ამ სახეების განგებ გართულება და განყენებულობა, ფორმალისტური ლოღიკის დამკვიდრება. ასეთი იყო ამ ლიტერატურულ მიმდინარეობის კონცეპცია. მისტიციზმი და აქედ პოეზიის რელიგიურ მოვლენად აღიარება. ამ რიგად პოეტი გამოცხადებულ იქნა რაღაც მქმედათ, ქურუმად, მოციქულად. სისტემად იყო შემოღებული აზრის გაბუნდოვანება, დაფარვა _ ვინაიდან აღარაფერი ჰქონდა უკვე სათქმელი წვრილბურზჟუაზიის ამ რაფირინებულ ფენას. ასეთი იდეებით იყვნენ შეიარაღებულნი სიმბოლიზმის წარმომადგენელნი ჩვენშიც. აზრი, რომ ხელოვნება არავითარ ისეთს მიზანს არ ისახავს, რომელიც ცხოვრებასთან ყოფილიყოს დაკავშირებული, წმინდა წყლის ესთეტიზმი _ ძვალსა და რბილში იყო გამჯდარი.

მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამ ფორმალური მიდგომის გამო, შინაარსის სრულიად უკუგდების ან რაღაც იდუმალი ნიშნებით გადმოცემის გამო _ მათ პირველ რიგში დააყენეს ლექსის ორკესტროვკის, ლექსის კონსტრუქციის, კომპოზიციური წყობის, პოეტური ტექნოლოგიის საკითხი. მთავარი ყურადღება მიექცა ლექსის ორგანიზაციას, ორგანიზაციას არა იდეის საშუალებით, რადგანაც, ვიმეორებ _ ასეთი პოეზიის ამ ნაკადის წარმომადგენლებს აღარ ჰქონდათ, არამედ გარეგანი, ფორმალური ხერხების საშვალებით. და ამ მხრივ დიდ წარმატებასაც მიაღწიეს, მთელი გარდატეხა მოახდინეს, ლექსის კულტურა მაღალ დონეზე აიყვანეს, შემოიღეს სრულიად ახალი ფორმები ლექსისა. როცა ამ aზრის პოეტებზე გვაქვს მსჯელობა, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ `პოეტურ ზედნაშენთა~ მთელი ეს კომპლექსი, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი, როგორც მაგალითად, ტიციან ტაბიძე, კიდევ უფრო შორს წავიდა და ერთ დროს ლოტრეამონის კოსმიური გომბეშო პოეზიის ზღვარად მიიჩნია, პოეზიაში დადაიზმის გადამძახებელი იყო და ლექსის სრული დაშლის და ამრიგად მისი პრინციპიალურად უარყოფის წინაშე დადგა. ეს ასახსნელი მოვლენა იყო სიმბოლისტ პოეტებს შორის, რამდენადაც გამოსახვის საგანსა და გამოსახატავ საშუალებათა შორის დიდი უფსკრული აღიმართა. სიმბოლისტებმა გააცოცხლეს და იწამეს ტიუტჩევის ცნობილი „Мысль изреченная есть ложь“. აქედან დუმილთან ერთი ნაბიჯიღა იყო. და მართლაც ცნობილია, რომ გენიალურმა ახალგაზრდამ, თითქმის ბავშვმა რემბომ ხელი აიღო პოეზიაზე და სავაჭრო საქმეებს მიჰყო ხელი.

ყველა ეს წინააღმდეგობა, ყველა ეს მტკივნეული ავადმყოფური მოვლენა, რა თქმა უნდა, იყო ანარეკლი, პოეტური ნიშანი, იდეოლოგიური უკუფენა მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების, ბურჟუაზიული კულტურის დაცემულობისა.

ასეთი პოეტური ცოდვებით მივიდენ აღნიშნული პოეტები დიდ რევოლუციასთან აღსარების მისაღებად, თავიანთი შემოქმედებითი ხერხების გარდასაქმნელად. შესძლეს თუ არა გარდაქმნა? სავსებით ვერ შესძლეს, იმდენად მტკიცე აღმოჩნდა მათში წარსულის ნაშთები. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გ. ლეონიძე, ტ. ტაბიძე, პ. იაშვილი, ნ. მიწიშვილი, ვ. გაფრინდაშვილი დღეს საბჭოთა პოეზიის მაგარ ფრონტს წარმოადგენენ, რომ პ. იაშვილმა, ლექსის უდავო ნოვატორმა ჩვენში უმაღლესი ჯილდო, შრომის წითელი ორდენი დაიმსახურა. ასეთი მდგომარეობა ნახსენებ პოეტებისა სრულიად არ გვაძლევს საფუძველს, ვიმსჯელოთ მათზე, როგორც დასრულებულ საბჭოთა პოეტებზე. რატომ? იმიტომ, რომ მათს პოეზიაში შინაგან მთლიანობის ერთგვარ გარღვევასთან გვაქვს საქმე. უნდა ითქვას გულახდილად, გულწრფელად: საბჭოთა გულით დაწერილი მათი ლექსები, რამოდენიმე იღბლიან ლექსების გამოკლებით, ვერ დგანან ხარისხობრივად იმ დონეზე, როგორზედაც დგანან მათი პირვანდელი ლექსები. მაშინ, როდესაც საბჭოთა პოეზია, ლიტერატურა გაცილებით მაღლა უნდა იდგეს, გაცილებით სრულყოფილი და მონუმენტალური უნდა იყოს. რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი ისაა, რომ შინაგან ბრძოლაში, რომელიც გაშლილია პოეტის გამოხატულებათა საშუალებებსა და აღებულ იდეას შორის, ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებს პოეტი იდეის ადექვატურ ფორმით შესამოსელად _ იდეა, შინაარსი დაუძლეველი რჩება, შინაარსსა და ფორმას შორის  ერთგვარი კონფლიქტი ისახება, არ მყარდება ჰარმონიული ურთიერთობა. ეს არ შეეხება სავსებით ჩამოთვლილ პოეტებს, რამდენადაც მათი წმინდა ფორმალისტებად გამოყვანა პოეტური შემოქმედების განვითარების იმ საფეხურზე, რომელზედაც ამჟამად დგანან, შეუძლებელია. მათ არ ახასიათებს შიშველი ფორმით გატაცება, ფორმით გრეხვა და მანჭვა. მაგრამ ახასიათებს სახეების ერთგვარი ესთეტიზაცია, ისეთი ხერხების გამოყენება, რაც პოეზიას ხშირად აშორებს, თიშავს სოციალისტურ პრაქტიკას. ეს შედეგია იმ დიდი ტვირთისა, რომელიც აღნიშნულ პოეტებს წარსული სიმბოლიზმიდან მოაქვთ. ამით აიხსნება, რომ ერთ ლექსში ხშირად წმინდა რეალისტურ მზერასთან პარალელურად მოვლენის სიმბოლისტური კუთხიდან მზერის მეთოდიც ვითარდება. ასეთი უხერხულობა, შეუსაბამობა შეგვიძლია და უნდა ვუსაყვედუროთ ჩვენ ყოფილ ცისფერყანწელ პოეტებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კრიტიკა ისეთს შესანიშნავ პოეტს, როგორიც ტიციან ტაბიძეა, ფორმასთან დაუდევარ მოპყრობას უსაყვედურებს და არა ფორმალიზმით გატაცებას. მაგრამ აქ საფრთხის ჰიპერბოლური გადიდებაა, ყოველ შემთხვევაში, ეს საკამათო საკითხია. თქმულის ნათელსაყოფად ავიღოთ ტიციან ტაბიძის უკანასკნელი ლექსი ორდენოსან სამშობლოსთივს, რომელიც მის და საერთოდ ჩვენი პოეზიის უკანასკნელ ნიმუშებში, საუკეთესო ლექსად უნდა ჩაითვალოს, რომელიც, როგორც სამართლიანად აღინიშნა, არ თიშავს თანამედროვე საქართველოს, მის კულტურას, წარსულის კულტურას, არამედ მათ შორის თანმიმდევრობას ამყარებს. ეს სწორია, მაგრამ საფრთხე სხვა მხრივ უნდა ვეძიოთ. ეს არის ფორმის, ესე იგი პოეტურ საშვალებათა, ამ შემთხვევაში სიტყვიერი მასალის და აქედან, ხმარებულ სახეების, მეტაფორების, ეპიტეტების შეუფერებლობა შინაარსებრივ მასალასთან, წინააღმდეგობა მათ შორის, რაც მთლიანი პროდუქციის ხარისხს ოდნავ ჩრდილს აყენებს.

„ორდენოსან სამშობლოსთვის“ საუკეთესო ლექსთაგანია, რაც კი ამ თემაზე დაწერილა. გულწრფელი ჰიმნი და ამღერებაა, თანამედროვე სოცმშენებლობით გამოწვეული. შესანიშნავი ლექსია. მაგრამ კომპოზიციის მთლიანობის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, რეალისტური მეთოდის მთელი სისასტიკით თუ გავარჩევთ, ალაგ-ალაგ შეუსაბამო გამოთქმებსაც წავაწყდებით. ეს არ არის სისტემა, ვიმეორებ, ეს გამონაკლისებია, მაგრამ არის. მაგალითად, ბუნდოვანია სახე:

„ანბანის ქებას ვინ დაიქადებს,

დღეს უანბანო არავინ არი,

ასე მოადგა აჭარის ქედებს

ჩაის ლაჟვარდის ცის ქარავანი“.

უკანასკნელი ბუნდოვანი, ძველი ხერხით გაკეთებული სახეა და რამოდენიმე ასეთი სხვა სახე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ლექსის ზოგიერთი მოხდენილი, ცოცხალი სახეები უკანასკნელ სხვა პოეტების ლექსებშიც დამკვიდრდენ. ახალ მშენებლობის ასამღერებლად ტიციან ტაბიძე სხვა ლექსებშიც მიმართავს ძველ სიმბოლისტურ ხერხებს. ამის მაგალითს წარმოადგენს მისი ლექსები თანამედროვე სომხეთზე, რომლებშიც ახალი სიტყვის მასალასთან გვერდით წმინდა ბიბლიური ხასიათის მასალაც არის გაბნეული. მაგრამ სამართლიანად აღნიშნავს თითონ პოეტი:

„ვინა სთქვა ჩემზე, დარჩა წარსულში,

ახალ სიმღერას ვეღარ ეტყვის ბანს“.

ვინაიდან შინაგანი ტკივილებით, წარსული ცოდვების თანდათანი დაძლევით, შეცდომებით, მაგრამ თანდათანობით და მტკიცედ მოდის იგი თანამედროვე თემატიკასთან და მისი მთელი იმ დიდი პოეტური გამოცდილებით დამუშავებისაკენ, რომელიც მას უსათუოდ აქვს.

რატომ არის, რომ ახალი თემატიკის პოეტურად დამუშავებისას შეიძლება შემომქმედის ძალაუნებურად ძველი პოეტური აქსესუარები ეპარება ხოლმე ლექსში? აიხსნება ეს იმით, რომ აღებულ მასალას ვერ ვგრძნობთ კიდევ მთელი პოეტური უშუალობით, არ არის იგი კიდევ სავსებით ორგანული ჩვენთვის. აიხსნება, რა თქმა უნდა, ძველი ლექსალური ხერხების დაუძლევლობით. ამიტომ გამოდის ლექსი ორნამენტალური, სინკრეტული, თუ გნებავთ, ეკლექტური. მაგისტრალური მეთოდი პოეტური შემოქმედებისა ეს არის სოციალისტური რეალიზმი, მოვლენათა სიმართლით ასახვა, ამ მოვლენათა განვითარების პერსპექტივის სწორად მოცემა, იმ ძალების სრულქმნილად გამოხატვა, რომლებიც სოციალიზმს ქმნიან. ეს ძალები კი თანამედროვე საბჭოთა ადამიანებია. როგორია ამ ადამიანთა სახე, სიმართლე? ეს არის არნახული გმირობა, თავგანწირვა დასახული მიზნის _ სოციალიზმის განხორციელებისათვის; ეს არის ამ ადამიანის ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი ამაღლება, ფიზიკურ სილამაზის განვითარებასთან ერთად. ეს არის ჰარმონიული და არა გაორებული, ფაუსტური ადამიანი, დიდი რწმენით დაჯილდოვებული და არა ჰამლეტის ეჭვით შეპყრობილი ადამიანი. ეს არის დამდგარ საამური ცხოვრების მონაწილე და შემქმნელი, ამიტომ ხალისიანი, უაღრესად ოპტიმისტური. ეს არის იმ იდეალური საზოგადოებრივი წყობილების შემქმნელი ადამიანი, რომელზედაც მრავალი თაობა ოცნებობდა და რომელსაც ხორცი შეასხა ჩვენმა დიდმა, საყვარელმა სტალინმა. ეს არის სტალინის იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი. აი, ამის ასახვა არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სინამდვილე, ეს არის რეალობა, ამისათვის კი საჭიროა უდიდესი პათოსი, უდიდესი სიყვარული ამ ადამიანისა, ნამდვილი, ორგანული, ამისათვის საჭიროა შესაფერი გამოხატულებითი ხერხები, სიტყვიერი მასალა ლიტერატურაში, ფერი და კომპოზიცია მხატვრობაში; მართლაც, სოციალისტური რეალიზმის მეთოდის როგორი გამოყენება იქნებოდა, ვთქვათ, მხატვრობაში, რომ სოციალიზმის მშენებელი ადამიანის ნაცვლად დახატონ უცხვირო, ვთქვათ, დიდთავა, ღიპგამობერილი ადამიანი. ეს კარიკატურა იქნებოდა, ცხადია _ ჩვენს გმირებზე. ეს ადამიანის დეკადენტური ბურჟუას თვალით დანახვა იქნებოდა. ანდა სტახანოველის ასახვა ლექსში. რა იქნებოდა, ამ შემთხვევაში რომ იდეებისა და ცნებების გამოსახატავად, ვთქვათ, რაღაც საკრამენტული სახეები, მეტაფორები გამოგვეყენებია. გამოვიდოდა სიყალბე, სტახანოველის შინაარსის გაღარიბება, დამდაბლება, გამოვიდოდა ხარისხობრივად ცუდი ლექსი. ასეთი ადამიანის ასახვა, რამდენადაც იგი სრულიად ახალ ფსიქოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს, რამდენადაც სრულიად სხვა იდეებითა და მორალით არის შეიარაღებული ძველთან შედარებით, რამდენადაც იგი გაცილებით რთულ მოვლენას წარმოადგენს _ გაცილებით ძნელი საქმეა. ძნელია პროზაულ ნაწარმოებში, უფრო ძნელი პოეზიაში. მაგრამ ახალი ადამიანის სახეები უნდა გამოიკვეთონ. ამ ახალი იდეებისა და განწყობილებათა გამოსახატავად კი ძველი გამოხატულებითი ხერხები არ გამოდგება. ამრიგად, საკითხი დგას არა ფორმის მოხსნის, რაღაც გაუბრალოების შესახებ, არამედ უფრო მაღალი, სრულყოფილი და ამავე დროს უფრო ნათელი, მისაწვდომი, დიდ შინაარსთან შესატყვისი ახალი ფორმისათვის ბრძოლის შესახებ. ეს მოთხოვნილება კი ხანგამოშვებით ირღვევა.

ახალი თემების ძველი გამოხატულებითი ხერხით დამუშავებას კიდევ აქვს ადგილი ყოფილ ცისფერყანწელ პოეტთა შორის, ზოგს ეს მეტის ინტენსივობით ეტყობა, სხვებს ნაკლები. მეტის სიმკვეთრით ეტყობა, მაგალითად, ლექსის ოსტატად აღიარებულ, ძველად დაჯერებულ სიმბოლისტ ვალ. გაფრინდაშვილს, რომელსაც მისტიური ცოდვები მეტი სიმძიმით აწევს, რომელიც მისტიური შლეიფების სიოს ქროლვას ახლაც განიცდის. მაგალითად, ასეთია მისი ლექსი: `ბალადა შლეიფისა და მარაოს შესახებ~. ეს წმინდა წყლის სიმბოლისტური ლექსია (იხ. „მნათობი“, გვ. 43).

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ განწყობილებათა დაძლევის ტენდენცია ვალ. გაფრინდაშვილში ძლიერია. ამის უტყუარი საბუთია მთელი რიგი საბჭოთა თემატიკაზე აგებული ლექსებისა და განსაკუთრებით უკანასკნელი ლექსი სტალინზე, რომელიც, თუ არ ვცდები, „მნათობში“ იბეჭდება. არსებობს აგრედვე მეორე საფრთხე. ეს არის ნეიტრალურ თემების მობილიზაცია ხსენებულ პოეტთა შემოქმედებით პრაქტიკაში. ეს საფრთხედ გაიზრდება, თუ ამ მეთოდმა სისტემის ხასიათი მიიღო, ვინაიდან იგი სინამდვილიდან განზე გადგომის საშვალებად გადაიქცევა. ეს საფრთხე უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი პოეტ იაშვილის და გიორგი ლეონიძის ლექსებში. წმინდა ლირიკა, ნეიტრალური თემები და ესთეტიზმის რეციდივები მათაც ახასიათებს, თუმცა უკანასკნელ პროდუქციაში სოციალისტური თემატიკაც აქტიურდება. ასეთია პაოლოს ლექსები სამგორზე, რიონჰესზე, კოლხის მშენებლობაზე და გიორგი ლეონიძის მთელი რიგი ლექსებისა. დაძლეული აქვს ეს საშიშროება უკანასკნელ ლექსებში ნ. მიწიშვილს და უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალში ამ სენით აღარ დაავადმყოფდება.

ამხანაგური დახმარებით, სწორი და ობიექტური კრიტიკით და არა ყოვლად დაუმსახურებელი დაცაცხანებითა და შეყვირებით, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წარსული დისკუსიის დროს, თუნდაც ვთქვათ, ტიციან ტაბიძის გარშემო, ჩამოთვლილი პოეტები ახალ სამყაროსთან მეტი უშუალობით მისვლით, თანდათანობით განთავისუფლდებიან ძველ პოეტურ ცრუმორწმუნეობისაგან, სიმბოლიზმის გავლენისაგან და საბჭოთა პოეზიის შემქმნელთა შორის მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ.

მინდა, ამ წრის კიდევ ორ წევრზე შევჩერდე, მხოლოდ ორიოდე სიტყვით, პოეტ კოლაუ ნადირაძეზე და პირადათ ჩემზე. ნადირაძე ლირიკოსია, მისი პოეტური გადაიარაღება მეტ სიძნელეს წარმოადგენდა. ამას არც რაპის ლიტერატურული პოლიტიკა უწყობდა ხელს. ეს ჟანრი მაშინ არ სარგებლობდა სიყვარულით და პატივისცემით. 23 აპრილის ისტორიული დადგენილებიდან დაწყებული, ლიტერატურული ცხოვრების ახალ წელთაღრიცხვიდან მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ლირიკულმა ნაკადმა პოეზიაში თავისი ადგილი დაიკავა და თანდათან ამოიღეს ხმა ამ ჟანრის მიჩუმებულმა პოეტებმაც. კ. ნადირაძემ უკანასკნელ ხანებში რამოდენიმე ლექსი გამოაქვეყნა. რა თქმა უნდა, მათში ბევრია წარსულიდან, მაგრამ არის ჩვენი სინამდვილის ხელის შეხებაც. საჭიროა ამხანაგური დახმარება, რომ იგი მთელი არსებით შემობრუნდეს საბჭოთა პოეზიის პოზიციებისკენ.

პირწავარდნილი მისტიკა და ბურუსი იყო ჩემი ლექსები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში იბეჭდებოდა. გაუგებრობა, ნაძალადევი და განგებ დაბნელებული სრულიად განყენებული სახეები, რომელთა წარმოდგენა არაფრით არ შეიძლებოდა _ ასეთი იყო ქიმიური აღნაგობა ამ ლექსებისა. დიდი ხანია, აღარ წამიკითხავს, მეშინია კიდევაც მათი წაკითხვის, მაგრამ რომც წავიკითხო, დარწმუნებული ვარ, ვეღარაფერს გავიგებ. იმ განცდებიდან, იმ გაურკვეველ რაღაც ჩრდილოვან განწყობილებათა სფეროდან ცოტა რამ დარჩა. მაგრამ მაინც დარჩა, რასაც შემდეგი დაძლევა უნდა. მაშინ კი ასე იყო: მახსოვს, რომელიღაც ლექსი პატარა ბავშვს უძღვენი. მეორე დღეს შემხვდა კომპოზიტორი კ. ფოცხვერაშვილი და მითხრა: რა დაგიწერია, კაცო, ბავშვს კი არა, მე არაფერი მესმის მაგ ლექსისო. არც მინდოდა, გაეგო. „მემარცხენეობა“ მაშინ დაწინაურების ნიშანი იყო. ეს იყო მემარცხენეობის ნამდვილი საყმაწვილო სენი, შეუცნობელი, გაუგებარი. მახსოვს, რომელიღაც ლექსში ბერლიოზის თუ შოპენის სახელი მოვიხსენიე. არც ერთის მუსიკა გაგონილი არ მქონდა. მწიგნობრული იყო, ამიტომ შინაარსს, სიცოცხლეს მოცილებული, სულმთლად ფორმალსტური, რამდენადაც ცარიელ სიტყვების და უხორცო სახეების ნაკრებს წარმოადგენდა.

სხვათა შორის, როცა ფორმალიზმის რეციდივებზეა ლაპარაკი, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ წყაროდ ეს მოგონილი, განუცდელი, უნახავი და ლიტერატურიდან ამოღებული ამბებიც უნდა ჩაითვალოს. ამ მოვლენას უთუოდ აქვს ადგილი ჩვენს პოეზიაში. ჩვენი პოეტები ხშირად არ იცნობენ მასალას, რომელსაც შემოქმედების ობიექტად იღებენ, არ იცნობენ სინამდვილეს, რომელსაც აგვიწერენ, ამიტომ მუშა არ გავს მუშას, კოლმეურნე _ კოლმეურნეს. სქემატიურნი არიან. სწერენ განყენებულად შრომაზე ადამიანთა და იმ საკითხთან დაუკავშირებლად, თუ რა მიზანს ისახავს იგი ახლანდელ საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ხდება შრომის პროცესების მექანისტური გადმოცემა და სხვა. ამიტომ ნაწარმოები გამოდის ცივი, უსულგულო, როგორც ეს საუცხოვოდ იქნა აღნიშნული გორკის მიერ: გამოდის ბაყაყისებური პოეზია, მწერლობა, ვინაიდან არ სჩანს შემომქმედის ვნება, სიყვარული, ტემპერამენტი, არ არის იმიტომ, რომ არ განუცდია, არ უნახავს.

წარსულის მძიმე ტვირთს დაემატა გარკვეული, მწყობრი მსოფლმხედველობის უქონლობა, ყალბი წარმოდგენა მარქსიზმის ფუძემდებელთა შეხედულებებზე ლიტერატურის შესახებ, უცოდინარობა და წინასწარ აკვიატებული მცდარი დამოკიდებულება მთელ რიგ ლიტერატურულ მოვლენებზე.

არც კი წარმომედგინა, მაგალითად, პროლეტარიატის, დამკვრელის და საერთოდ ასეთი ტერმინოლოგიის ხმარება ლექსებში. ეს პოეზიის დამდაბლებად მიმაჩნდა, მეგონა, რომ პოეზიის ენა, სიტყვიერი მასალა _ ეს რაღაც სხვა, ღვთიური, ხალხისაგან მოწყვეტილი უნდა ყოფილიყო. რევოლუციის პოეზიის წარმომადგენელთა და განსაკუთრებით მაიაკოვსკის ლექსებმა დამანახვეს, რომ მთელი ამ მასალის ხმარება არა თუ შეიძლება, არამედ უამისოდ ვერაფერს ახალს, თანამედროვეს ვერ შექმნი. საჭიროა მხოლოდ ამ მასალის მოხერხებულად გამოყენება.

უნუგეშოდ უნდა იყოს დაავადებული ადამიანი და იფიქროს, რომ შეიძლება რაიმე დადებითის, პოზიტიურის გაკეთება ჩვენ სინამდვილესთან ორგანულად მიუსვლელად, ამ თანამედროვეობის ბაცილების სისხლში შეუშვებლად, უკანასკნელად დაბეჭდილ რამოდენიმე ლექსში ახალ ფეხადგმულ ბავშვის შიშით, სუსტად შევეცადე ახალ თემასთან მისვლა. რომ მხედველობაში არ მივიღო გამოუქვეყნებელი ლექსები, რომლებიც ისევ ძველი მეთოდით არის დაწერილი. ცხადია, მძლავრად არის წარმოდგენილი წარსულიდან მოტანილი პოეტური სახეები; არის ნეიტრალური თემებისკენ გადახრა, არის სრულიად გაუგებარი, ბუნდოვანი ადგილები. მაგრამ ვფიქრობ, ზიგზაგების დაძლევით, ამხანაგური დახმარებით, სწორი კრიტიკით, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საწყენი, გზა გამოსწორდება. რამდენადაც ლიტერატურული მოვლენა გარკვეულ საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებს, შეუძლებელია მიღება. სერგო კლდიაშვილის მეტად შინაარსია სიტყვის იმ ადგილისა, სადაც იგი მახინჯ შვილზე ხელის აუღებლობის შესახებ ლაპარაკობს. მახინჯ და თანამედროვეობისათვის შეუფერებელ ნაწარმოებს მწერალმა ხელი არ უნდა ჩასჭიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად შეუძლებელი, ყოველ შემთხვევაში, ძნელი იქნება მისთვის გარდაქმნის პროცესი…

აღსანიშნავია ერთი უდავო გარემოებაც: ბუნდოვანი, ბურუსით მოსილი პოეტური თქმა ხშირად აშკარა პოლიტიკურ შეცდომაში გადადის. მაგალითად, ერთ ჩემ დაუბეჭდავ ლექსში მქონდა გაურკვეველი ბუნდოვანი თქმა, რაც უნებლიედ პოლიტიკურ შეცდომას უდრიდა, რაზედაც ხელმძღვანელმა ამხანაგებმა მიმითითეს. ჩავუკვირდი და ჩემთვის აშკარა გახდა შენიშვნის მართებულობა. ლექსი უნდა აგებულ იქნეს მკითხველის სმენაზე, იმაზე, თუ როგორ ღებულობს მას მასობრივი მკითხველი. ფიქრი ადვილია, მოქმედება ძნელი, მოქმედება ისე, როგორც ფიქრობ _ უძნელესი რამ არის ქვეყანაზე _ ამბობდა გიოტე. მაგრამ თუ ეს სიძნელე არ იქნა დაძლეული _ ისე სრულფასეული ნაწარმოების შექმნა შეუძლებელი იქნება.

ცხადია, ფორმალისტური ნიშნები ყველაზე მკვეთრად უნდა დატყობოდა ცისფერყანწელი პოეტების მომდევნო პოეტურ თაობას. მხედველობაში მყვანან ჩვენი ლეფის _ მემარცხენე ფრონტის წარმომადგენლები. ესენი უკვე რუსული ფუტურიზმის გავლენის ქვეშ მოექცნენ და გამოიყენეს ბრძოლის ის იარაღები, რაც რუსმა ფუტურისტებმა. აქ უკვე ფორმალიზმმა მთელი სისტემის, ლიტერატურული მიმართულების სახე მიიღო. გვახსოვს: ჟურნალი H2SO4. ლექსი დაიშალა, ვინაიდან დეფორმირებულ იქნა მისი მთავარი, ერთადერთი შემქმნელი მასალა _ სიტყვა. აზრი ლექსის დამამძიმებელ ობიექტად გამოცხადდა და მთელი ყურადღება ბგერით მხარეზე იქნა გადატანილი. შეეცადენ თეორიული საფუძვლის შექმნასაც. დაიწყო შკლოვსკის, ეიხენბაუმის, ჟირმუნსკის და სხვ. თეორიულ არსენალიდან იარაღის ზიდვა. იმ დროს, იმ ხანაში ამას თავისი გამართლება ჰქონდა, ეს იყო ბუნტარული და თუ გნებავთ, ნეგატიური მეთოდით შებრძოლება დამკვიდრებულ სიმბოლისტურ მსოფლიო გზნებასთან, მთელ ლიტერატურულ ნაკადთან. ამას მოყვა ლიტერატურული ნიჰილიზმი და „ხელოვნების თვითკასტრაცია“ (ბუხარინის მოხდენილი გამოთქმით). ამ წრის წარმომადგენლებიდან პოეზიას შერჩა ს. ჩიქოვანი, პროზას დ. შენგელაია, მხატვრობას, ისიც დეკორატიულს – ი. გამრეკელი, თეორიას – დღეს უკვე „მართლმორწმუნე“ მიმდევარი ახალ ლიტერატურულ კონცეპციებისა ბ. ჟღენტი, შემდეგ აკ. გაწერელია და ლევან ასათიანი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი ამხანაგი მეორე უკიდურესობაში გადავარდნენ. თითქმის სრულიად ხელი აიღეს თანამედროვე ლიტერატურულ საკითხების გაშუქებაზე, თავიანთი ცოდნის, მომზადების, გემოვნების ამ მხრივ გამოყენებაზე და ისტორიულ-ლიტერატურულ თემების დამუშავებას მიჰყვეს ხელი. ფორმალიზმის რეციდივებთან ბრძოლა სრულიად არ ნიშნავს ლიტერატურული პროდუქციის ფორმალური ანალიზის უკუგდებას, სრულიად არ ნიშნავს, თითქოს ლექსი თუ პროზა არ უნდა იყოს გარჩეული მათი ფორმის მხრივ, არ იქნეს აღნიშნული, როგორია მისი მუსიკალური ბგერა, რიტმიული მდინარება, რიფმათა წყობა და სხვა. ასეთმა განხილვამ არ უნდა მიიღოს დამოუკიდებელი ხასიათი, დამოუკიდებელი, შინაარსისგან მოწყვეტილი სისტემის ხასიათი, როგორც ამას, ვთქვათ, ადგილი ჰქონდა კონსტანტინე ჭიჭინაძის მიერ „ვეფხისტყაოსანის“ გარჩევის დროს წინად.

აქ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ს. ჩიქოვანს, უსათუოდ მოწინავე და საინტერესო პოეტს, როგორც ლექსის თემატიკით, ისე მისი აღნაგობით. ს. ჩიქოვანი, რომელიც ერთ დროს ზაუმთან ძლიერ ახლოს იყო და ლექსს მხოლოდ ბგერის ხმოვანებაზე აგებდა, გატაცებული იყო ორკესტრული ლექსალობით, რომ ინტენსიურად მუშაობს სოციალისტურ თემებზე, რომ იგი საბჭოთა სისტემასთან არის შეზრდილი, საბჭოთა ცხოვრების მხატვრულ ორგანიზატორთა პირველ რიგებში დგას, მისი ჯანსაღი და ცხოველი ჰაერით სუნთქავს _ ეს საკამათო არ არის. მინდა, აღვნიშნო მხოლოდ, რომ მის ლექსებში ნამდვილ ფორმალისტურ გადახრებს ხშირად შევხვდებით. რაში გამოიხატება ეს გადახრანი, განმეორება ძველი ლიტერატურული ცოდვებისა? ეს არის ერთგვარი სქემატიზმი, ეს არის პოეტური მზერის ცენტრში ნივთის დაყენება, „ნივთობრივობა“, ლექსის განყენებული ნივთობრივი სახეებით დატვირთვა, პლასტიკურ სახეებსა და მუსიკალურ სახეებს შორის სინთეტიური კავშირის სისუსტე, რის გამო ძნელად გასაგებნი და მიუწვდომელნი არიან. შემდეგ არის პროზაული ელემენტების შეჭრა პოეტურ თქმაში, ინტელექტუალიზმი, ამღერების შეგნებულად უარყოფა. აქედან გამომდინარეობს ერთგვარი სიცივე, რაც ხელს შეუშლის მის პოეზიას, გახდეს ფართე მასებისათვის მისაწვდომნი და ამრიგად მკითხველთა წრეს შემოფარგლავს, კამერულ ხასიათს მისცემს, თუ საბოლოოდ და შეგნებულადვე არ აღმოფხვრა ეს ელემენტები. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ადგილები მისი უკანასკნელი ლექსებიდან:

„პასუხი“

„მე უკეთ მესმის სურვილიც მამის

და მოშრიალე სტრიქონის ისლი.

ხშირად ლექსის თქმას მოუძღვის წამი

და წამის კვესზე ცხოვრება ისმის“.

გაუგებარია, რა არის ეს „სტრიქონის ისლი“ და „წამის კვესზე ცხოვრება ისმის“. ანდა, საერთოდ კარგი ლექსიდან ასეთი ადგილი:

„მეტიჩრებივით ალვები თეთრი

ავარდნილიყვნენ ბუჩქებზე მაღლა

და აფრენილი მთვარიდან მტრედი

ფრთებით ვარცხნიდა რიონის ტალღას“.

„და აფრენილი მთვარიდან მტრედი“ _ ირაციონალურია, მეტაფიზიკური, ანდა „ადგილს შეიცვლის მდინარის ფიქრი“, „და სულს ჩაუდგამს გარდაცვლილ საგანს“, „ცაზე მთრთოლავი თეთრი ფურები აკამკამენ რიონის იგავს“ და სხვ. ეს არის ის საგნობრივობა, რომლის შესახებაც ზემოთ ითქვა, რის ოდნავი ნატურალისტური გადახრაა, მაგალითად, ლექსში „ხევსურის ძროხა“, სადაც შარდსა და ფუნას საგრძნობი ადგილი აქვს დათმობილი. რით გამოირჩევა მისი ლექსებიდან, მაგალითად, „უშგულის კომკავშირი“, „შემოღამება ხახმატზე“? იმით, რომ არ აქვს ადგილი ფორმალისტურ ეკვილიბრისტიკას, იგინი ნამდვილი რეალისტური ნაწარმოებია, შესატყვისი პოეტური ხერხით შესრულებული, ამიტომ მთლიანნი და საუკთესონი ჩვენს თანამედროვე პოეზიაში. ასეთივეა „სამეგრელოს საღამოები“ და უკანასკნელი მისი ლექსი „თეიმურაზ პირველი“, რომლის შეფასებაში არ შემიძლია სავსებით დავეთანხმო ამხ. დემეტრაძეს. ეს ლექსი საინტერესო პოეტური ხერხით არის გაკეთებული, პოეტის თეიმურაზის ლექსის ჭოგრიტით გაშლილია კონტრასტული ურთიერთობა ძველსა და ახალ საქართველოს შორის. სუსტია მხოლოდ ამ ლექსის „კანცოვკა“.

ცუდი სამსახური გაუწია ჩვენმა კრიტიკამ საინერესო პოეტს კარლო კალაძეს, გამოაცხადა რა იგი ლექსის ნოვატორად, პოეტის მთავარი ყურადღება გაამახვილა ფორმალურ მხარეებზე, ლექსის გარეგან სტრუქტურაზე და ამრიგად სრულიად დაცალა შინაარსისაგან. მაგალითად, რუბაი, რომლის შესახებ უკვე ითქვა. ეს არის უძველესი ფორმა ლექსისა, სპარსული, პოეტების მიერ გამოყენებული. შეიძლება ამ ფორმის ამჟამადაც გამოყენება, მაგრამ არა იმრიგად, როგორც ეს კარლო კალაძეს აქვს. ეს არის სიცოცხლის ამაოებაზე მღერა. შეუძლია ცხოვრების სარბიელზე ახლად გამოსულ კლასს უკვე სიცოცხლის წარმავლობაზე იმღეროს? არა. ამრიგად, ფორმაც ძველია და თემაც.

ასევეა მისი ლექსების უმრავლესობაში. ეს ლექსები გამოხატავენ ან განყენებულ პეიზაჟს, ანდა ცარიელი ახალი რიტმისა და რიფმების ძიებას. ამით აიხსნება მისი იდეოლოგიურად ნაღძრობი ადგილები. წმინდა ფორმალისტური რეციდივების დაძლევით კარლო კალაძის პოეზია დაიწმინდება, ხერხემალს გაიმაგრებს და იგი კარგ ნიმუშებსაც მოგვცემს.

„აქ ერთხელ ზღვის პირად ჩამოსულა უცნობი ქალ-ვაჟი,

უნახავთ ღელვა და მზის ჩასვლამდე ტალღების თამაში.

აქ ეხლა მე და შენ ვინ გვიამბობს, სად გაჰქრენ ისინი

ანუ ის ტალღები, ამაოდ რომ ღელავდა მაშინ“.

როგორი სევდიანი ხმაა.

ფორმალისტური და ნატურალისტური რეციდივების საფრთხის წინაშე დგანან მომდევნო პოეტები. პოეტური ფრონტის ახალგაზრდა ძალები. ეს არის პეიზაჟებით მეტისმეტი გატაცება, პეიზაჟის თანამედროვე ადამიანის სამყაროს გარეშე დაყენებით, მისი გარეგანი ჭვრეტითა და ტრფიალით, რაც პეიზაჟის ესთეტიზაციის საფრთხეში გადადის. ასეთია, მაგალითად, ნიჭიერი და იმედიანი პოეტის გრ. აბაშიძის „გამოღვიძება“. ასეთივე საფრთხის წინაშე დგანან სხვა უფრო ახალგაზრდა პოეტები, ეს არის ბრჭყვიალა რითმებით, სახეებით გატაცება. პოეზიის ჩამორჩენას სოცმშენებლობის მიმდინარეობიდან ერთხმად აღიარებენ. ეს სინამდვილის სწორი გაგებაა, მაგრამ უარეს მდგომარეობაშია ჩვენი კრიტიკა. იგი არათუ ვერ აძლევს ჩვენს აქტიურ მწერლებს სწორ და საღ ორიენტაციას, ვერ უშლის პერსპექტივებს, ვერ აშუქებს „კრიტიკის ჭოგრიტით“, ვიტყოდით ს. ჩიქოვანის ტერმინით, მომავალ გზებს, არამედ ლიტერატურულ ფაქტების სწორ ანალიზსაც ვერ იძლევა, ხშირად არაობიექტური და მიკერძოებულია. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ბეს. ჟღენტის მიერ ზოგიერთი მწერლის არასწორი შეფასება, რაც ხელს შეუშლის მათი პოეტური კონცეპციების გადაფასებას. ვაფასებ და პატივსა ვცემ მწერალ ა. ქუთათელს, მაგრამ სწორედ ეს პატივისცემა მისდამი მავალებს, მივუთითო ბელორუსიაზე გამოქვეყნებული ლექსების სისუსტეზე, მეტისმეტ გაუბრალოებაზე და დიდი თემების დაუძლეველობაზე. ბეს. ჟღენტი კი ამ ლექსებს ხოტბას ასხამს, ამით ქუთათელის პოეტურ სიფხიზლეს ადუნებს. სრულიად შეუფასებელი რჩება ზოგიერთი მნიშვნელოვანი მწერალი. საზეიმო წერილებშიც კი არ მოიხსენებენ. მაგალითად, შეუფასებელია პროზის ისეთი ოსტატის ადგილი ჩვენს ლიტერატურაში, როგორიც არის ნ. ლორთქიფანიძე. არის ზოგიერთი კლიშედ ქცეული ფორმულიროვკები, რომლებიც მოუბეზრებლად მეორდება ზოგიერთი მწერლის დახასიათების დროს. მაგალითად, ს. შანშიაშვილზე მუდამ ასეთ გაცვეთილ, არაფრისმთქმელ გამოთქმას გაიგონებთ: იყო კულაკური პოეტია და უახლოვდება თანამედროვე თემატიკას. ეს არის მთელი შეფასება. რატომ იყო, რატომ ახლოვდება, რა უშლის ხელს, რომ მივიდეს უშუალოდ ამ თემატიკასთან? ამაზე ვერაფერს გაიგონებთ. იწერება უფრო ძველი გიმნაზიელის რეფერატების მსგავსი კრიტიკული შენიშვნები ზოგადი დასკვნების გაუკეთებლად, მწერლის შემოქმედებითი გენესის მოუცემლად, მის წინაშე ფართო პერსპექტივების გადაუშლელად. არ შუქდება ლიტერატურის დიდი საკითხები, რომელთაც სოციალისტურ ესთეტიკასთან აქვთ კავშირი. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია კლასიკური ლიტერატურის გაშუქების საკითხი. შიშველი ფორმალიზმი, ვულგარული სოციოლოგიზმი, ცარიელი სიტყვების რახარუხი აკადემიურ გამოცემებშიც შეიჭრა. ამასწინად მართებულად იყო გაკრიტიკებული „ახალგაზრდა კომუნისტის“ ფურცლებზე ამხ. გ. ნატროშვილის მიერ ბარამიძის რედაქციით გამოსული ძველი ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელო. ასეთივე წინასიტყვაობით არის გამოსული მის მიერ ბესიკის ლექსები. ასეთივე მდგომარეობაშია ჩვენი კლასიკური ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლის – დავით გურამიშვილის პოეზიის გაშუქების საკითხი.

ვის რა უნდა უთხრას ასეთმა მარგალიტებმა: „თუმცა პოეტი ღვთის მისტიური შიშითაა დიდად შეპყრობილი, მაგრამ „მადლიანი კალთის“ იმედიანი ჰალუცინაციები მას გზას უნათებენ და მთვარეულივით თვალგატეხილი მოჩვენებასავით დაწანწალებს ციცაბო კლდეებში“; ანდა „თემატიკის ეს კონტრასტული მოტივაცია მხატვრულად მოზომილია მიზნობრივი მომენტის გასამართლებლად“ და მრავალი სხვა ამისთანანი, რომლებიც სრული უაზრობის სინონიმებია და ფორმალიზმთანაც კი კავშირი გაწყვეტილი აქვთ.

ხშირად თავზე ახვევენ მწერალს ისეთს რამეს, რაც მას სიზმრადაც არ უნახავს. არამართებულად უნდა ჩაითვალოს, მაგალითად, კონსტ. გამსახურდიისათვის რაღაც ფაშისტური იარლიკების მიკერება, მისი დიდი რომანიდან ცალკე ადგილების ამოღება და კონტექსტთან დაუკავშირებლად მათგან საერთო დასკვნების გამოტანა. ბრძოლის ასეთი წესი განვლილ საფეხურად უნდა ჩაითვალოს, მით უმეტესად, როდესაც მასთან კამათი სულ სხვა მიმართებით შეიძლება; მაგალითად, შეეკამათო წერის მანერაზე, იმ ხერხებზე, რაც მის სტილისტურ თავისებურებას ქმნიან, ეკამათო ამ სტილის განგებ გართულების ცდაზე, ერთგვარ არისტოკრატიზმზე, ცდაზე, დაიკავოს განსაზღვრული მანძილი იმ ხერხებთან, რომლებიც ლიტერატურულ ნაწარმოებს მასიურად ხდის და სხვა.

მრავალი საინტერესო და მახვილი დებულებები წამოაყენა ამხ. კონსტ. გამსახურდიამ გუშინდელ ვრცელ სიტყვაში. იყო დებულებები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეიცავდნენ, მაგრამ იყო ადგილები, რომლებიც საკამათონი არიან. მაგალითად, ეს არის ისტორიული რომანის წერის გაადვილების ტენდენცია. ტოლსტოის „ომი და ზავი“, ფლობერის „სალამბო“, ან. ფრანსის „ჟანა დარკ“ და მრავალი სხვა წინააღმდეგს უნდა ამტკიცებდნენ. ასეთივე გაიოლების ტენდენცია ემჩნევა გლეხურის ტიპების ასახვისადმი მიდგომას. ბალზაკის, სტენდალის და სხვათა მაგალითები წინააღმდეგს უნდა ამტკიცებდნენ. ასევე მცდარად მიმაჩნია პატივცემულ კონსტ. გამსახურდიას მიერ ჩვენი კლასიკური ლიტერატურის შეფასება. ილ. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის, გენიალურ ბარათაშვილის ფენომენთა ახსნა და სხვ. მაგრამ ეს სხვა საკითხია, აშორებული დღევანდელი საუბრის საგნიდან. ხაზი უნდა გაესვას მხოლოდ მის ერთგვარ რევანშისტულ განწყობილებას გუშინდელ გამოსვლაში. როგორც აღვნიშნე, კრიტიკამ ბევრი რამ შეცოდა მის წინაშე, იყო უმართებულო გამოსვლები, რაც მწერლის განწყობილებაზე, ხასიათზე, ცხადია, ცუდათ იმოქმედებდა. მაგრამ მთავარში, ახლანდელი თვალსაზრისით დაწყნარებით თუ შევხედავთ მას, ეს კრიტიკა მთავარში მაინც მართალი იყო. ვინ იცის, იქნებ იგი ვერც დაიმსახურებდა, იქნებ კი არა, ეს ფაქტია, ნამდვილად ვერ დაიმსახურებდა იმ რბილ და დადებით შეფასებას, რომელიც მან ხელმძღვანელ ამხანაგების გამოსვლებში ჰპოვა, რომ კრიტიკას ხელაღებით მოეწონებია მისი წარსული შემოქმედებით პრაქტიკა.

კურიოზული გამოსვლებიც ხდება. ასეთ კურიოზულ გამოსვლად მიმაჩნია ჩვენს ადგილობრივ რუსულ პრესაში გ. ქიქოძის ფორმალისტად გამოცხადება, ლამის შკლოვსკის ამოუყენონ გვერდში. ბევრს დადებითს მოგვცემდა მისი მუშაობა თანამედროვე ლიტერატურულ თემებზე. მიუღებლად უნდა ჩაითვალოს ერთგვარი პროტექციონიზმი ლიტერატურაში. ახალგაზრდა მწერალს სჭირდება დახმარება, ყურადღება, წახალისება _ მაგრამ ამას საზღვარი უნდა ჰქონდეს.

ამასწინად გამოვიდა ახალგაზრდა პოეტის ნიკოლოზ ფხაკაძის 314-გვერდიანი პოემა „შრომადღეები“. ამ პოემაზე არ შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას, რომ წამძღვარებული არ ჰქონდეს პატივცემული, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრის, ლიტერატურულ საზოგადებრივობაში მართებულად ავტორიტეტის მქონე, ჩვენი კლასიკური ლიტერატურის ერთ მშვენივრად მცოდნეს ამხ. მალ. ტოროშელიძის კრიტიკული შეფასება ამ პოემისა. ასეთი შეფასება ავტორს არათუ არ დაეხმარება, არამედ ჩემის ფიქრით, მის ზრდას ხელს შეუშლის, მის პოეტურ დეზორიენტაციას გამოიწვევს, რაც უნდა თავდაბალი იყოს, როგორც ეს წინასიტყვაობაშია აღნიშნული; რომ ნათქვამი ნათელი გახდეს, მოვიყვან ადგილებს ამ პოემიდან და შემდეგ ადგილებს, თუ როგორ შეფასებას აძლევს მას პატივცემული მალ. ტოროშელიძე.

აი, ეს ადგილებიც:

გვ. 110, 112, 113, 114, 148, 158, 186, 230, 292, 84, 6, 7, 9.

მთელ ამ აბრაკადაბრას, ლიტერატურულ წუნს ასეთი შეფასება ეძლევა: იხ. წიგნის შეფასერისი ადგილები.

ეს არის გადამეტებული, ჰიპერბოლური შეფასება ახალგაზრდა პოეტის ნიჭის, რაც, ვიმეორებ, მის ზრდას ხელს შეუშლის და არა შეუწყობს. აღნიშნული პოეტის სანიმუშო ნაწარმოებად აღიარება, რომლისაც ვიღაცას უნდა შეშურდეს, თანამედროვე საბჭოთა მწერლობის შეუფასებლობაა. საჭირო კი იყო სუსტი ადგილებისთვის ყურადღების მიქცევა, რომ ავტორს საშვალება მისცემოდა მათი შემდგომში გამოსწორებისათვის.

საიდან წარმოდგება ფორმალისტური გადახრის საშიშროება? ეს არის შედეგი დღევანდელი სინამდვილისაგან მოწყვეტისა, ინდივიდუალისტური მსოფლმხედველობისა, თავის თავის მასებზე მაღლა დაყენებისა და იმის შეუგნებლობისა, თუ რას წარმოადგენს ახლანდელი, სოციალისტური კულტურა ხარისხობრივად. უნდა შევიგნოთ, რომ ეს კულტურა ძველისაგან, რომელიც ინდივიდუალისტური იყო, განირჩევა თავისი მასიურობით, ხალხურობით. იგი პრინციპიალურათ განირჩევა დიდი აღორძინების ჰუმანისტური, Quattrocento-ს, შემდეგ მწიფობაში მყოფ ბურჟუაზიულ კულტურისაგან, რამდენადაც მთელი ეს კულტურა იყო მასებისაგან მოწყვეტილი, იდეალისტური, ინდივიდუალისტური.

ამჟამად კი მოსულია სრულიად ახალი ფენები, დიდი მასები განთავისუფლებული ხალხისა. მხოლოდ ის ლიტერატურა, ხელოვნების ის პროდუქცია გაუძლებს ყველაზე უფრო ბრწყინვალე ეპოქას, რომელიც ამ ხალხთან მივა, მისთვის გასაგები იქნება, მას აამღერებს, ააღელვებს, კულტურის ახალ ღირებულებათ დააწაფებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს გაუბრალოებას, ახალ ფორმების ძიების უარყოფას, არ ნიშნავს ნატურალიზმის და ემპირიზმის ჭაობამდე დასვლას, რაც კიდევ მეტ საშიშროებას წარმოადგენს დღევანდელ პირობებში. მარტივი, მანჭვა-გრეხიაობას მოკლებული, ნათელი, შესატყვისად გასაგებ ფორმაში გამოკვეთილი დიდი სოციალური თემების შემცველი ნაწარმოებნი, სიტყვიერ კორიანტელს მოკლებული ნაწარმოებნი, რომლებიც ღრმად ჩასწვდებიან გულში ახალ კულტურას დაწაფებულ მასებს, დარაზმავენ მათ მხატვრული სახეებით, რომლებიც შემომქმედის დიდი პათოსით, გულწრფელობით და ვნებით იქნება გამთბარი _ აი, რა ესაჭიროება ჩვენს ხალხს დღეს. ამ მხრივ დიდ სამსახურს გაგვიწევს ჩვენი კლასიკოსების: აკ. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის და განსაკუთრებით ვ. ფშაველას მემკვიდრეობის შესწავლა, იმ ხერხების შესწავლა, რომელთა მეშვეობითაც ისინი ადვილად მიდიოდენ მკითხველის გულთან, მაშინდელ იდეებსა და სოციალურ თემებს ისეთ ფორებში კვეთდენ, რომლებიც ხელს უწყობდნენ მკითხველთან დაახლოებას. უნდა ვუფრთხილდეთ ამასთანავე, რომ ფორმალისტური და ნატურალისტური სიმახინჯის სახელით არ გავდევნოთ ლიტერატურიდან ნამდვილი მხატვრული ნაწარმოებნი, არ მოვნათლოთ ამ სახელწოდებით ისეთი ლიტერატურული ფაქტები, რომლებიც ცალკე სუსტ ადგილებს შეიცავენ, მთლიანად კი მხატვრულად გამართულნი არიან. ამის საშიშროება კი უსათუოდ წარმოიშობა.