„შემოდგომის აზნაურები“ რუსთაველის თეატრში – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 25.02.1936

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „რუსთაველის თეატრი“

სტატიები, შემოქმედება

„შემოდგომის აზნაურები“ რუსთაველის თეატრში

სოლომონ სალამთაძეები, ბესარიონები, დარისპანები და მთელი ეს დეგრადირებული წვრილი აზნაურები – მაყურებლის წინაშე ერთხელ კიდევ გაიელვებენ, გააცოცხლებენ მახსოვრობაში იმ სახეებს, რომლებიც ერთგვარად დამახასიათებელნი იყვნენ წარსულში ჩვენი სოფლისათვის.

მართლაც რამოდენა უფსკრული გაჩენილა!

უსაქმო, მოხეტიალე, ნივთიერად და სულიერად გაღატაკებული, კუჭ მიმხმარი, „ცხოვრება გაძაღლებული“ წვრილი აზნაურობა, რომელიც სულს ღაფავს, მაგრამ რომელსაც გარეგნული პეწი, სხივი მაინც  არ უნდა დაჰკარგოს. შრომას მიუჩვეველი, ზარმაცი და უნიათო, თაოსნობას მოკლებული, ამავე დროს მოკლებული იყო ყოველგვარ უნარს, შეექმნა რაიმე ახალი ღირებულება და მხოლოდ იმისღა ოცნებაში იყო, რომ „კუჭის ამოვსების“ იოლი საშუალება მოენახა.

უმაგალითოდ დაწვრილმანება უჩვეულო უპრინციპობა. ასეთია ერთი პოლუსი მაშინდელი სოფლისა.

საჭირო და აუცილებელია ამ სახის დანახვა, მისი გაცოცხლება ჩვენს მეხსიერებაში, რომ მეტის სიცხადით წარმოგვიდგეს ის ბუმბერაზული სხვაობა, რომელიც მაშინდელ და სრულიად განახლებულ, ფენიკსებრ შეცვლილ ახლანდელ სოფელს შორის არსებობს. ამას დიდი იდეურ აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს.

წავიდენ, გაჰქრენ, გადაშენდენ პერსონაჟები, რომლებიც ასეთი ვიზიონერული ხილვით, ასეთის დიდი მხატვრული ოსტატობით, ასეთი შემოქმედებითი გულწრფელობით გამოკვეთა დიდმა დავით კლდიაშვილმა.

დამახასიათებელია, რომ დავით კლდიაშვილი, რომელიც ასე ზედმიწევნით იცნობდა მაშინდელი სოფლის ყოველგვარ წვრილმანს, რითაც ეს სოფელი იკვებებოდა, თავის შესანიშნავ ნაწარმოებში წვრილ აზნაურულ წრეს არ გაშორებია და მხოლოდ მისი ცხოვრების გულსა და სულში იხედებოდა და იშვიათადაც აშუქებდა.

ს. კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“. აქ მაყურებელი ვერ დაინახავს დიდ კონფლიკტებს, ნებისყოფათა, ინტერესების შეჯახებებს. აქ არ არის პოლუსების გამთიშავი შინაგანი, გამძაფრებული ბრძოლა, პიესაში მოცემულია მხოლოდ ერთი წრე, წვრილ აზნაურული ფენის ცხოვრება. მხიარულ და ღია ფერებით არის ნაჩვენები, თუ რა ასულდგმულებდა ამ წრეს, რა „იდეებით“ საზრდოობდა იგი, რა „ინტერესებით იყო გატაცებული“, რა „აწვალებდა“ მას. მაყურებელი ერთხელ კიდევ დაინახავს ცხოვრებიდან ამ საბოლოოდ ამოვარდნილ, ნიავ ქარს მიცემულ წრის ცხოვრებას და დასკვნას თავის თავად გამოიტანს.

„შემოდგომის აზნაურები“, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს დ. კლდიაშვილის ნაწარმოებთა მონტაჟს. იგი სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოებია, ახალი ცდაა კლასიკური ლიტერატურის ათვისებისა, და როგორც ასეთი მეტად საინტერესო და საყურადღებო.

ს. კლდიაშვილისათვის ჩვეული ოსტატობით არის გაკეთებული პიესის სიტყვიერი მასალა.

განსაკუთრებით გამოსარჩევია მაინც შესრულების ოსტატობის მხრივ მეორე მოქმედება, რომელიც მთლიანად აგებულია კონტრასტულ, კომედიურ მდგომარეობათა შექმნის მეთოდით.

რუსთაველის თეატრში ეს პირველი ნაბიჯია ქართული კლასიკური ლიტერატურის ათვისებისათვის დადგმული. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ მხრივ იგი ნოვატორული გზით წავიდა; ერთის მხრივ, უარყო ძველი გზა და კომედიურ ჟანრს შესატყვისი ფორმა გამოუნახა. სპექტაკლი მუსიკალური კომედიის ხაზით წაიყვანა.

ვუსურვოთ სრული გამარჯვება რეჟისორ კ. პატარიძეს, კომპოზიტორ ი. ტუსკიას, ავტორს – ს. კლდიაშვილს, ახალგაზრდა მხატვარ დ. თავაძეს და მთელ კოლექტივს, რომელსაც სრულიად ახალ ფორმებში უხდება პიესის განსახიერება.

შალვა აფხაიძე

გაზეთირუსთაველის თეატრი, 1936, 25 თებერვალი