ცა ხავსიანი რომ შეტრიალდეს – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „დროშა“, №17

პოეზია, შემოქმედება

ცა ხავსიანი რომ შეტრიალდეს

ისმის ხმაური

518-ის

და სიმფონია

1040-ის,

გული ხალისის,

ორი ხალისის

სარქველ დაცული

ცხელი ორმოა.

მიჰქრის ხუთწლედი

ყველა მოტორის

ზღაპრულ სისწრაფით,

და მომავალის ყველა ბორბლებზე.

რა დააკავებს!

რა საოცნებო სივრცეები

იშლება თვალში

და რა გუგუნი

მებრძოლ ხუთწლედის

დარკინულ ცაზე

გააქვთ ვარსკვლავებს.

518:

მტკიცე სიმაგრე

რაინდულ შრომის

დიდი შედეგი

ვხედავ ქარხნების

ჩაჯავშნულ ლაშქარს,

ჩვენი კავშირის

გულთ შეკირულს

და შედედებულს.

1040:

შრომის გმირების

გულითა ბრძოლების

დროშის ტარია,

მკვეთრი ნიშანი

ძველი ცხოვრების

და ფორმულების

ქიმიურ დახსნის,

განთავისუფლებულ

ელვარე ხელში

მომარჯვებული

მტრის გამგმირავი

სატევარია.

და ბარომეტრი

ახალი ყოფის

მაღალ ხარისხის

ისმის გუგუნი,

ხმაური ისმის

ქარხნად ქცეული

მთელი კავშირის,

და გადაშლილი

მიწის ქერქიდან

სცემს შადრევანად

ამოხეთქილი

მძიმე ზვირთები

რკინის ფოლადის,

ნავთის,

ნახშირის.

მიჰქრის ხალისით

გიგანტებისკენ

ამაყი ჯარი

რონოდებისა.

მიჰქრის მაძღარი,

ნედლი მადანით

და გამხვრიტავი

დიდ უდაბნოთა

ძველი გოდრების.

ისმის გაბმული,

მკვეთრი კივილი

წინად გარინდულ

ცივ ტაიგებზე

გადაფრენილი

ცხელი რელსების.

და იბრძვის: ძალა,

მომსკდარი დენად

მრავალ მილიონ

კილოვატებში

და ენერგია

უამრავ მზეთა

ჩვენს გიგანტებში

მძლე შემოსევის.

იზრდება რაზმი

ახალ დამკვრელთა,

ახალ ციფრების

ბრძოლით შეტევა.

დაჰკარი გმირო,

ძარღვო ხუთწლედის!

518-ის,

1040-ის,

ელვის ტემპების

მონურ ტემპებში

აღარ ეტევა.

ახალი ქვეყნის

მორკინულ გულზე

დაცემულ სხივის

ისმის წკრიალი

და მოწოდება

მაგნიტიანი.

დაჰკარი, გმირო,

დამკვრელის სისხლით,

რომ ცა წარსულის,

ცა ხავსიანი

ხუთწლედის მზისკენ

შეატრიალო.