ჭანდრის ქვეშ – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1930-იანი წლები

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 28732-14-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ჭანდრის ქვეშ

კოლაუ ნადირაძეს

 

მახურავს თავზე ცა ჭანდარის

და მესმის

სიმღერა მზისა.

გარემო ტკბილი

დაბუქულია ცის ყვავილებით

და მათრობს ფშვინვა

ძველის ვაზისა.

ჭანდარო, მიეც ფრთები ოცნებას,

მოსწყდეს ეპოქას ტყვიებით დახრულს

თაფლი წარსულის გადმოეცემა

ცვრიან ცის თაღით გადმოხურული.

 

ფოთლებიდან მაწვიმს ნეტარი

სხვა საუკუნის მე სურნელება,

ვხედავ, რომ მიჰქრის თეთრი კოშკისკენ

უცხო მხედარი,

სადაც ლოდინში თავადის ასულს გული ელევა.

აჰა, გაიღო სარკმელი,

ნიავს ლეჩაქი შემოეფეთა,

ბრწყინავს მზის შუქზე

ყვავილი – ყელი

როგორც გვირგვინი ბაგრატოვანთა მეფეთა.

არაბულს მოსწყდა მხედარი

და შევარდენი სარკმელს ეკვეთა.

თვალი ბაღჩაში ორ ნაზ ჩრდილს ხედავს

და ძველი ჭანდრის ხშირ ფოთლებიდან

ბროლის დუეტი ჩემს გულში წვეთავს.

 

– აჰა ეს ვარდი ჯერ გაუშლელი შენსა სასთუმალს დააყვავილდეს…

– ჩემო მხედარო, ეს სიყვარული სარკმელს აშორდეს, ცამდე ავიდეს.

– შენი ციური მქონდეს სახე უძლეველ დროშათ

და ხარბად ვსვამდე ვარსკვლავთა ნაკადს მე შენის ქოშით.

 

– შენ ეს ლეჩაქი გქონდეს მფარველად

და მოსაგონრად კრიალოსანი.

ჩემო რაინდო, გაჭრილო ველად

ამ დაშნის იყავ სისხლის მგოსანი.

 

გაქრენ წუთები და ის დროც გაქრა,

როცა ელავდა გული და დაშნა,

მთვარე არ იყო კიდევ დამშრალი.

 

დამფარავს ისევ ეს ჭანდარი,

ფოთლების ქოლგა,

აღარ მოისმის სანთლის სიმღერა

ფუტკართ დასისა

და გულიც მოლბა.