ღვთისმშობელი პროსპექტზე – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 01.1920

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი 26094-14-ხ.

გამოცემა : შვილდოსანი, №1

პოეზია, შემოქმედება

ღვთისმშობელი პროსპექტზე

ხ. თ-ს.

 

ის ამ პროსპექტზე გამოივლის ყოველთვის მშვიდი

და გამოყვება სათუთ მცველად თეთრი არაკი,

მოეფინება მკრთალ ვიტრინებს წმინდა ლარნაკი.

ო, მის თვალებში გიშერია და პანაშვიდი.

ძვირფას ტაძარში მას მოელის პატივი დიდი

ცის ფერ აღთქმებით გაფითრდება უცხო, ამაყი.

ო, მისი სახე ლურჯ ზღაპრების წყნარი ბანაკი

ათასი ქვები მის მკრთალ თითებს აედევნება.

ეტყვის გამვლელი: „რომ ავრთოლდე, მომეცი ნება“.

ურიცხვ ვედრებას ღვთისმშობელი მოკრეფს მოწყენით.

გაივლის წყნარი და ტაძართან ის გაიღიმებს.

დაათოვს პროსპექტს მწუხარებას სურნელის ფენით

და აატირებს ღვთიურ ცქერით ბევრ პილიგრიმებს.