რევოლუციის ანალოგიები – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ბარრიკადი“, №3

სტატიები, შემოქმედება

რევოლუციის ანალოგიები

ძველი კულტურის კატაკლიზმის მოჩვენებამ ვასაკას თვალებით შემოგვანათა. გვესმის სტიქიური ცემა რევოლუციის.

პოეტი წინასწარმეტყველი – საგნის მიღმა მხედველია. იგი რამოდენიმე ათეულ წლების წინ იყურება.

რევოლიუცია უპირველესად მასსების ფსიქოლოგიის და ფსიქიკის შეცვლაა.

დიდი რევილიუციების წინ მასსაში შენიშნულია პანიური შიში, არის სასაფლაოს სიჩუმე და მოკრძალება ამ რაღაცას წინაშე. წინათ გრძნობა ადამიანის ინტიმში ისახება, შემდეგ გადადის პოეზიაში.

ვლ. სოლოვიოვმა და დოსტოევსკიმ შორიდან გაიგონეს დიდი , მოძრაობის ხმაური. მკვეთრათ გამოკვეთა ეს შიში და ბრძოლა ვლ. სოლოვიოვმა რომელმაც ირწმუნა, რომ მსოფლიო ისტორია უკვე დასრულდა თავის არსებაში. დოსტოევსკიმ კი სიგიჟის ცეცხლი დაანთო და მთელი მსოფლიო გადაახტუნა ზედ. მთელი სოფლები, ქალაქები და ხალხები ჭკუიდან იშლებოდენ. ყველა შიშით ძრწოდა, კლავდენ ერთმანეთს უმიზნო ბოროტებით… „დაიწყო შიმშილი. ყველა და ყველაფერი დაიღუპა“ – ასე განიცადა დოსტოევსკიმ ფერისცვალება, რომლის რკალში ჩვენ მოვექეცით. დოსტოევსკიმ უტყუარად აღნიშნა თავისი ერის კრიზისი და შემდეგ კატასტროფა. ეს რუსეთში. ჩვენში? არის რევოლიუციის ანალოგია პოეზიაში? „ცისფერი ყანწების“ გამოცხადება ინტუიტური მზერა იყო მომავალ ქარიშხალის. აქ პირველად აიმართა ბარრიკადები. აქედან პირველად გადავარდა მოშხამული ყუმბარები. ამიტომ იგი შემდეგში უფრო თამამ რევოლიუციის მოსახდენად ემზადებოდა მხოლოდ.

იყო ვერჰარნი რევოლიუციის იაზონი, არის პაოლო იაშვილის „წითელი ხარი“ და „ფარშავანგები“, რომლებშიაც არის ტემპერამენტი და პათოსი დიდი რევოლიუციისა,  მხოლოდ ამ მხრით მინდა შევეხო ამ ორ ლექს: რომლებსაც მარტოთ შეუძლიან გაამართლონ ახალი ქართული პოეზია.

დაბლა დაცემულ ნაფიც კრიტიკოსებს არ შეუძლიათ „წითელი ხარის“ გაგება. აქედან იწყებენ იერიშებს ახალი შკოლის წინააღმდეგ. მენშევიკურ რევოლიუციაში მომწყვდეულთ არც შეუძლიათ გაიგონ „წითელი ხარი, სადაც არის“ სიღრმე და დაფანტვა რევოლიუციის პერსპექტივისა.

ცეცხლიან ყვავილებში მოჩვენება წითელი.

ცხელი ცახცახით ელის, რომ ქვეყნა ამღერდება. იქნება მზის ნადიმი, შუადღის მშვენიერება.

აქ იშლება წინ დიონისური დიფირამბი,სადაც ხელოვანის კუნთები იღვენთება და ნერვები გველივით იკლანკება,

„მიწა რქებით მონათხარი

ნაკვერცხლებათ სცვივა ჰაერს.

ხარის ლანდი გაჩდა ტევრში.

ზღვა აღარ სჩანს ოქროს მტვერში“.

აქ არის შებმა კოსმიურ ხელოვანის წითელ ქაოსთან. უკანასკნელი, როგორც იტყოდა ვლ. სოლოვიოვი, არის ფონი სილამაზისა – აქ ქაოსი ქანაობს და იღებს გარკვეულ სახეს მზის ხალისიან სხივებში. ასეთია ბიბლიური თქმა „ყველა მზისკენ! ყველა მზეში მიწა ვეღარ გაგვახარებს“ – ამ ლექსით იაშვილმა ოთხი წლის წინ ახადა ფარდა უდიდეს კატასტროფას და ფსიქოლოგიურ შეშლას, „წითელი ხარი“, „ცეცხლიანი ყვავილები“, „მოჩვენება წითელი“ დღეს უშუალოდ განცდილი სახეებია. ასეთია ფაქტურა „წითელი ხარის“. საინტერესოა ლექსის აწყობა, დენა არის დამთავრებულათ გრაციოზული. პირველად არის მოლოდინი მშვიდი, მაგრამ გრიგალის მომასწავებელი, მოისმის საყვირის ხმები. იჭიმება ნერვები, შუა წელში იგი აღწევს უმაღლეს წერტილს აქ იწყება გახელება ცეცხლის ძახილი ისრის სიმკვეთრე და სისწორე. არის კივილი ფოლადის რიტმი აჩქარებულია. შემდეგ იწყება კვლავ დასვენება. სულის მოთქმა არის ზვირთების უკანასკნელი მოხეთქება ნაპირზე და სიწყნარე. ლექსი ბგერის შერჩევაზე არის აშენებული: მათი  ხმაური ქმნის წითელ საშინელებას, აძლევს ლექს სტილს, რომელშიაც იღრჩობს თავს პოეტი. „წითელი ხარის“ რიტმიული ფრენა და შესაფერი მელოდიური სუნთქვა ქმნის რევოლიუციის ზვავის მოვარდნას.

უფრო თამამია რევოლიუცია „ფარშევანგებში“. ახლანდელი სინამდვილე რეალური ფანტაზმაა, „ფარშევანგების“ წინასწარმეტყველების სტიქიური, კოლეკტიური  გრძნობით გადალახულია ნაპირები.

გრიგოლ რობაქიძემ უკვე გახსნა ამ ლექსის ფრჩხილები. არის ერთი მომენტი ამ ლექსში, რომელიც ფარავს ყველაფერს: ლექსის რევოლუციონურ ყნოსვა, ,;ფარშევანგებში“ თავაშვებულია პლანეტარული ენერგია. არის აგრეთვე მოვარდნა ცეცხლის, სადაც იწყება მსოფლიოს მოღუნული სხეული! „ფარშევანგები“ პირველი სახრჩობელაა აზიურ დაყუდებულ ქალაქებისა ამ ლექსში პირველათ დაინძრა ქალაქი. რკინის სახეებით და მისტიური კივილით: არის „ფარშავანგებში“ შეკრული ქალაქის აგონია ტორტმანი  ქალაქის კულტურისა. ლექსის პირველი ნახევარი რევოლიუციის გეროლდების ჩამოვლაა.

„მხურვალე ცახცახით დაჰქრიან ცხენები.

მწვანე და წითელი ქოლგების ტრიალი.

სადღესასწაულო დროშების ფრიალი“ და სხ.

აქ არის მასსების ამოძრავება კოლექტიური გრძნობის ანთება, არის წყურვილი ბარბაროსების მოსვლისა და რობესპიერის ეშაფოტის შემოხედვისა. შემდეგ იწყება დიდი ტეხა ქალაქის ქაოსში გახვევა.

„ცხელ ჰაერის ცისფერ ხორცსა გლეჯდენ მკაცრი ნისკარტებით

და ქალაქში მოფრენილი გაგიჟებულ მზის დარდებით.

ქუჩებს, ოქროს მდინარეებს, აკვნესებდენ ახალ შიშით –

და აივსო ეს ქალაქი ხმაურობით და სიგიჟით:

ლიწინით ცვიოდნენ ხეების ტოტები,

აინთენ სახლები ალმურის მოდებით,

ხალხი ირეოდა კვნესით და ვაებით,

ყვირილით მოჰქროდენ ჩქარი ტრამვაები“

რევოლუცია ამ სახეების სინტეზია. „ფარშევანგებში“ პაოლო იაშვილმა ინტუიციის სიმახვილით გაუსწრო წინ მოვლენას და რეალური სახე მისცა. ამ ლექსში არის აპოკალიპსის წვეთის დაცემა.

რევოლიუცია აქ გამოზომილია რადიუსებით. „ფარშევანგების“ რიტმიული სვლა – თავისუფალი და შესატყვისია რევოლიუციის ბგერასთან. რიტმით გრძნობთ ქარიშხალის მოახლოებას, ამოვარდნას და დაწყნარებას. არის მაღლობები და ჭინკის გვირაბები.

ამ ლექსით პაოლო იაშვილი შეიჭრა მასსაში, რომელსაც ახალ კულტურისკენ აქვს გაწვდილი ხელები.

შალვა აფხაიძე

გაზეთი „ბარრიკადი“, 1920, №3