პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის მოგონება – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი :

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

მოგონებები

პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის მოგონება

(1)

როგორც ვთქვით, პაოლოს პოეტური სიმპატიები არტურ რემბოსადმი იყო მიმართული. პაოლო მის პოეზიასთან პოულობდა სულიერ სიახლოვეს. იყო რაღაც საერთო ამ ორი პოეტის ხასიათში: დაუდგრომლობა, შეურიგებლობა არსებულ საზოგადოებრივ სინამდვილესთან, პრაქტიკული საქმიანობის უნარი. ცნობილია, მაგალითად, თუ რა ახლო მონაწილეობას იღებდა პაოლო ღონისძიებებში, რომლებსაც თავის დროზე სამგორის სარწყავი სისტემის ასაგებად ტარდებოდა.

პაოლოს თავისი ლექსების უმრავლესობა დაწერილი აქვს ასე ვთქვათ „ცხელ გულზე“, მეგობრების წრეში ყოფნისას. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ლექსი „არტურ რემბო“ მან დაწერა მეგობრების თანდასწრებით, შემდეგ შეასწორა და გააშალაშინა. ამ ლექსში გამოხატა მან თავისი გატაცება ა. რემბოთი. პოეტური პიროვნებით, თავისი ოპოზიციური დამოკიდებულება ძველ ბურჟუაზიულ ევროპასთან, რომელიც სულს უხუთავდა ახალგაზრდა რემბოსაც. ეს ლექსი გულწრფელად უყვარდა ავტორს და სიამოვნებითაც კითხულობდა მას:

ტირილის დროა! და ქვეყანა მოდის ლაჩრობით,

ძველი ევროპის სქელი ფაშვი დღეს იფატრება.

გამარჯვებული ხეტიალით, ჩხუბით, ვაჭრობით,

არტურ მართალო! გვინდა შენთან დაბინადრება.

გატაცებით და გულში ჩამწვდომი ხმით წაგვიკითხავდა ხოლმე ლექსს „ტიციან ტაბიძე“. აღტაცებული მიმართავდა იგი ტიციანს.

მეც შემომხედე შენი ყვითელი ლექსებით სნეულს,

მეფევ და ბავშვო, დაღუპულო ქალდეას ჯვარით.

ამ ლექსში პაოლოს დაჭერილი აქვს ტიციანის ხასიათის ერთი საოცარი თვისება: საოცარი გულწრფელობა, რაღაც ბავშური სისპეტაკე სულისა. ტიციანი მართლაც ასეთი იყო.

 

(2)

პაოლოს საყვარელი ადამიანი იყო გერონტი ქიქოძე, რომელიც ასეთივე თბილი გრძნობით პასუხობდა ხოლმე მას.

ცისფერყანწელთა შორის საოცარი თბილი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ლელი ჯაფარიძესთან. დიდი პატივმცემელი იყო მისი მამის და საერთოდ ოჯახის, ლელის ეხუმრებოდა, „აწვალებდა“, ხანდახან წონასწორობიდან გამოჰყავდა. შემდეგ

დაუყვავებდა, მოეფერებოდა, ალერსით მოაჯადოებდა. უყვარდა ლელის ლექსი „მატარებელიდან“, რომელიც საერთოდ დიდი მოწონებით სარგებლობდა მეგობრებს შორის! იგი ზეპირად იცოდა და ხშირად კითხულობდა თავისი რიხიანი ხმით:

…რის ნიშანი ხარ, ავის, კარგისა?

მაგრამ რას ვჩივი: ჩემო მარკიზა,

დღეს იქ დავტოვე, იმ მხარეზედა,

რიონი,

სვირი,

აჯამეთა

აუ! ყვირილა!!

ნუთუ ამ დამამ ჩემი გული ააგვირილა?

ცეცხლიან ყვავილს დამწვარ გულში მაინც არ გრილა…

გამოტოვებდა სტრიქონებს და იმეორებდა:

დინ, დარი-დან,

დინ, რე-ზე-დან,

ო, ჩქარა, ჩქარა, მემანქანე, ნუ გვიანდები,

ფიქრიან ტყეში მაშინებენ ავი ლანდები.

შემდეგ დამსწრეთ მოგვიწოდებდა, რომ ერთად გვესადილა. სუფრაზე განაგრძობდა ექსპრომტად თქმულ ლექსებს. მას აჰყვებოდა ტიციანი, ვალერიანი, გოგლა და იყო ლექსების წარღვნა. ამ მშვენივრად შეწყობილი ორკესტრის დირიჟორი მზიური პაოლო იყო

 

(3)

ტიციანს ძალზე უყვარდა ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ხშირად აწეული ხმით იტყოდა ხოლმე ზეპირად.

Рыдай буревая стихия

В столбах громового огня.

Россия, Россия, Россия,

Безумствуй, сжигая меня

В твои роковые разрухи,

В глухие твои глубины,

Струят крылорукие духи,

Свои светозарные сны.

ამ ლექსს უწოდებდა საუკეთესოს და კითხვისას აქცენტს აკეთებდა სიტყვებზე „Россия, Россия, Россия“; რაღაც წინასწარმეტყველურ ლექსად თვლიდა მას. გასაგებიც იყო: ამ ლექსში იგრძნობა ტიციანის სულიერი მოტეხილობა, იდუმალი პოეტური ცრემლი თუ სწრაფვა რაღაც შორეულისაკენ, ჯერ შეუცნობელისაკენ.

 

(4)

მხოლოდ ამით აიხსნება ის გრემოება, რომ ჯგუფში გაერთიანებული პოეტები ასე ხშირად უძღვნიდნენ ერთმანეთს ლექსებს, პოეზიაში პოეტური ინტიმი შეჰქონდათ. საერთოდ ასეთ მიძღვნილ ლექსებს ყოველთვის მეგობრობის ცეცხლი, სიყვარულის, პატივისცემის ალმური ასდით და არა სერვილიზმის გრძნობა, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ცნობილია, თუ რა უხვია ერთმანეთისადმი მიძღვნილი ლექსები პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალ. გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის შემოქმედებაში. ესენი მართლაც განუმეორებელი მეგობრული რაღაც ნათესაური გრძნობით იყვნენ დაკავშირებულნი ურთიერთთან. ეს ლექსები უმთავრესად იწერებოდა ექსპრომტად, მაგიდასთან ერთად ყოფნისას. შემდეგ ხდებოდა მათი დამუშავება, დახვეწა, გარანდვა.

 

(5)

ტიციანი, ისე როგორც პაოლო მძაფრი განცდების მოყვარული იყო. არაფერი ადამიანური არ იყო მათთვის უცხო. მათ ბოჰემურ ცხოვრებაში ბანქოს თამაშიც შედიოდა. მაშინ კაზინო მოთავსებული იყო ახლანდელ რუსთაველის სახელობის საკონცერტო დარბაზთან. შეზარხოშებული შევიდოდნენ ხოლმე, არა ფულის მოგების, არამედ ნერვების გაღიზიანების, შეშფოთების მიზნით. ორივემ აზარტული თამაში იცოდა! უმრავლეს  შემთხვევაში ჯიბე დაცარიებულნი გამოდიოდნენ გარეთ. მოგება უხაროდათ მხოლოდ იმიტომ, რომ საბაბი ეძლეოდათ შემდეგ დილამდე შემოსხდომოდნენ სუფრას, რომელიმე სამიკიტნოში. მახსოვს, ერთხელ კამათი პოეზიაზე კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადავიდა პაოლოსა და ვალერიანს შორის. ვალერიანი მეტად უწყინარი და თავაზიანი იყო, მაგრამ არც სიამაყე და ეჭვიანობა აკლდა. მოკამათენი გავაშველეთ, შემდეგ ორივე სიცილით კვდებოდა და ერთმანეთის

ქება-დიდებასა და სადღეგრძელოებში გაათენეს ღამე. ეს მოხდა პუშკინის ქუჩის ბოლოში მდებარე სახაშეში.

 

(6)

რომანტიკული გატაცებით და გზნებით, ტიციანის პოეტური ხმის დამახასიათებელი რაღაც შინაგანი ტკივილით, მძაფრი განცდით არის დაწერილი ლექსი „ისია ნაზაროვას “, რომელიც ქუთაისის აპრილივით ჰყვაოდა და თითონ ხორცსხმულ მშვენებას წარმოადგენდა, ჩაივლიდა და ქუჩებს სილამაზით ანათებდა.

ვიგონებ დამწვარ ამ ათ წელიწადს,

პირველ სიყვარულს, გულს რომ მინგრევდა,

შენც ხომ ცხოვრების გრიგალი გწეწავს,

ორივეს დაგვრჩა უძირო სევდა.

უცოდველ ბავშვის გეძინა ძილით,

ერთად გვესიზმრე დაღლილ პოეტებს,

სიყვარულს ვერ ძლევს წელთა მანძილი

და ძილშიც სიზმრად წამოიშფოთებს.

ამ ლექსშიც ლაპარაკია „გულის ნგრევაზე“, „გრიგალთა წეწვაზე“, „უცოდველ ბავშვზე“ და ძველ, ფარულ სიყვარულზე „ცეცხლს რომ ანთებს”.

 

(7)

მაგრამ 15 თუ 16 წლისა იყო იგი, როცა მამა მართლაც „უღვთოთ გასრისეს“ და ნაცვლად შორეულ ქვეყნებში ცურვაზე ოცნებისა, მას მოუნელებელი სევდა და ცრემლი ხვდა წილად. ეს იყო წელი, როცა „ქვეყანაზე კაენის სულის აღზევებამ გადისრიალა“.