პაოლო იაშვილზე მოგონების ფრაგმენტები – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი :

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26465-5-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

პაოლო იაშვილზე მოგონების ფრაგმენტები

ამა თუ იმ მწერლის შემოქმედების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მისი მხატვრული ტალანტი, იდივიდუალური მონაცემები და თვისებები, არამედ საზოგადოებრივი ვითარება, რომელშიც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, გაბატონებული საზოგადოებრივი ესთეტიკური გემოვნება და სხვა ობიექტური გარემოებანი, რომლებიც პირდაპირ თუ ქვეცნობიერად გავლენას ახდენენ მწერლის შემოქმედებაზე. თაობამ, რომელსაც პაოლო ეკუთვნოდა მეტად რთული შემოქმედებითი გზა განვლო. ასევე შეიძლება ითქვას მომდევნო თაობებზე, რომლებმაც სიხარულის წუთებიც იგემეს და არა მხოლოდ მატერიალური სიდუხჭირით (ეს ადვილად ასატანია), არამედ მორალური შეშფოთებით გამოწვეული სიმწარეც. ყოველ შემთხვევაში, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს რომ ჭეშმარიტებაში ეს თაობები თავისი მხატვრული სიტყვით გულწრფელად ემსახურებოდნენ თავის დროს, საბჭოთა სინამდვილეს. როცა საზოგადოებრივი ინტერესები ამას მოითხოვდა ისინი შეგნებულად თმობდნენ პირადულ პოზიციებს და მოწადინებული იყვნენ მჭიდრო კავშირი დაემყარებიათ ხალხთან, მის სადღეისო მოთხოვნილებებთან. მთლიანი კოლექტივიზაციის პერიოდმა, ინდუსტრიალიზაციის დიდმა ხუთწლედებმა, სამამულო ომმა, ომის შემდგომმა აღმშენებლობითმა პერიოდმა ჩვენს მწერლობას უკარნახა დამდგარიყო საბძოლო ფრონტის მოწინავე პოზიციებზე, შემოქმედებითი სიმძიმე გადაეტანა სამოქალაქო მოტივებზე, მხატვრული შუქი მოეფინა საკითხებზე, რომლებიც დღის წესრიგში იდგნენ. იმის გამო, რომ მწერლები ერთგვარად მოკლებულნი იყვნენ შინაგან თავისუფლებას და ყოველთვის გრძნობდნენ საწერ მაგიდასთან უხილავ ცენზორს, ბევრი დაიწერა, რამაც დროს ვერ გაუძლო, რაც დროის მტვერმა დაფარა, მაგრამ ამ თაობებს მაინც თამამად შეუძლია, იამაყოს იმ წვლილით, რაც მან ქართული ლიტერატურის საგანძურში შეიტანა, შეუძლია, იამაყოს თავისი ბრძოლით, რომელიც მან მეტად მძიმე პირობებში გადაიტანა. ჩვენში გაჩდნენ თავისებური რევიზიონისტები, რომლებიც ხელაღებით უარყოფენ პოეტების იმ თაობებს, რომელთა შემოქმედებითი ენერგია ამოდ არ დამშრალა და ეგრეთ წოდებული მებრძოლი, პუბლიცისტური პოეზია ლირიკული მღელვარებით გაათბეს. ეს რევიზიონიზმი თავს იჩენს არა იმდენად თეორიული ხასიათის წერილებსა თუ საჯარო დისკუსიებში, არამედ პოეტურ შემოქმედებაში, როცა ესა თუ ის ავტორი შეგნებულად გაურბის სრულიად მოქალაქეობრივი პათოსით გაჟღენთილ პოეზიას და ქმნის ლექსებს, რომლებიც გადმოგვცემენ ვიწრო პირადულ განცდებს, მოკლებულთ ფართო რეზონანსს, ლექსებს რომლებიც მოკლებულნი არიან საზოგადოებრივ მხურვალებას, ტემპერამენტს, აქცენტს.

პაოლო იაშვილი არ ეკუთვნოდა ასეთი ტიპის პოეტს თავისი შემოქმედების ბოლო პერიოდში მაინც. ამ პერიოდში შექმნილი ყოველი ლექსი თანამედროვეობით, იმ სინამდვილის ჰაერით სუნთქავს, რომელშიც ის ცხოვრობდა. სინამდვილის რეალისტურად აღქმის ამ გზას დაადგა პოეტი, რომელსაც ძვალრბილში ჰქონდა გამჯდარი ფრანგული სიმბოლიზმის „შხამი“. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სინამდვილის რეალისტური ხილვა პაოლოსათვის არც ადრინდელ პერიოდში იყო უცხო. გავიხსენოთ თუნდაც მისი მშვენიერი ლექსი „ევროპაში“, რომელშიც პაოლოსათვის ჩვეული პოეტური ენერგიით არის აღდგენილი პირველი მსოფლიო ომის შემაძრწუნებელი სურათი, სამყაროს ქაოსი ეს ის დრო იყო, როცა:

მათხოვრები სენი ხიდის ქვეშ

მარსელიეზით ხვდებოდნენ დილას.

გზავნიდნენ ბავშვებს პერლაშეზის სასაფლაოზე.

გამოვექეცი ევროპის ქაოსს, სისხლს,

დანგრეულ რეიმსის ტაძარს,

უზარმაზარ ტანკების ქშენას,

რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.

ვიგონებ მართლა ჟრუანტელით

ლამანშის სრუტეს,

იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს.

შოტლანდიაში ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი

და გავიღიმე ვით ნახევრად გაგიჟებულმა.

გამოვექეცი ევროპის წარღვნას

გამანადგურებელი ომის საშინელება მოხდენილი პოეტური ხილვით არის გადმოცემული ამ ლექსში, რომელიც ასეთი ნაღვლიანი აკორდით თავდება:

პარიზში დამრჩა ერთი საფლავი,

ლეგიონის ორდენის წევრი,

აღმოსავლეთში განთქმული გმირი,

და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის

მკვდარი მარნასთან,

პერლაშეზე გასვენებული

ბუჭუტა აბაშიძე.

ბუჭუტა აბაშიძეს იხსენიებს გერონტი ქიქოძე მშვენიერ წერილში, რომელიც მან პაოლოს მიუძღვნა. ათი-თერთმეტი წლის ვიქნებოდი, როცა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში ვსწავლობდი. ჩვენ ბავშვები აღტაცებულნი ვიყავით აპოლონური სილამაზით შემკულ ბუჭუტა აბაშიძით, რომელიც მაშინ ხსენებული სასწავლებლის უფროს კლასელი იყო. ჩვენ არაფერი ვიცოდით, თუ როგორი იყო ბუჭუტას სულიერი სამყარო. მაგრამ ყველას ხიბლავდა მისი გარეგნული მშვენიერება. ის იყო ქართველი ვაჟკაცის ფიზიკური სილამაზის განსახიერება. მაღალი, ფართო მხარბეჭიანი, გაბედული, საოცარი ფიზიკური ღონით აღჭურვილი, ლელოს შეუცვლელი ფალავანი. მახსოვს, მოწაფეები დაიყოფოდნენ ჯგუფებად: ზემო და ქვემო იმერელები, ან იმერლები და გურულები, ან და ა. შ. და დაიწყებოდა ბურთაობა. საკმარისი იყო ბუჭუტა აბაშიძეს ჩაეგდო ბურთი ხელში და ლელოც გატანილი აღმოჩნდებოდა მის მიერ. ვინ მიეკარებოდა, ვინ დაეწეოდა, ვინ შეაჩერებდა.

შემდეგში პაოლო მას პარიზში გაიცნობოდა. ისიც აღტაცებული გვიყვებოდა ცალკეულ ეპიზოდებს ბუჭუტას ცხოვრებიდან. სიყვარულით ახსენებდა ხოლმე მას ჩვენთან, მას რომელიც დაიღუპა მარნაზე ბრძოლაში და ამ შესანიშნავმა ქართველმა ახალგაზრდამ საუკუნო განსასვენებელი პარიზში ჰპოვა. მოგონებათა უჭკნობი ყვავილებით ამკობდა ხოლმე პაოლო ამ შორეულ საფლავს.

მინდა, მოვიგონო ერთი ეპიზოდი პაოლოს ცხოვრებიდან, რომელიც ასე კარგად ახასიათებს მის ადამიანურ ბუნებას. მძიმე დრო იყო. პურის ნაკლებობა იგრძნობოდა. რამდენიმე ამხანაგმა თავი შევიყარეთ (შემადგენლობა კარგად აღარ მახსოვს) და გადავწყვიტეთ პუშკინის ქუჩაზე მდებარე `სიმპატიაში“ გვესადილნა. პაოლომ იქვე გვერდით მდებარე დუქანში თორნის პური იყიდა. „სიმპატიაში“ ჩასასვლელთან უეცრად პაოლოს ვიღაცამ პური გამოგლიჯა ხელიდან და გაქცევა დააპირა. პაოლომ დაიჭირა პურის წამრთმევი. იგი მათხოვარი აღმოჩნდა. პაოლოს შეეცოდა, არა თუ არ გაუჯავრდა, მათხოვარი სასადილოში ჩაიყვანა, კარგად ასადილა, მიუალერსა და ისე გაუშვა, პურიც თან გაატანა.

მათხოვრების გაუხარელ ცხოვრებაზე დაწერა პაოლომ შესანიშნავი მოთხრობა „ფერადი ბუშტები“, რომელშიც მან ბელეტრისტული თხრობის მშვენიერი უნარი გამოაჩინა. მოთხრობა, ვიდრე მას დაბეჭდავდა, ჩვენს წრეში წაიკითხა და წარუშლელი შთაბეჭდილებაც მოახდინა მაშინ ჩვენზე.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მოთხრობამ „მათხოვარი ლეონტი კაჩერგა“. სულ პატარა შტრიხებით პაოლო ხატავს ცხოვრებიდან გათელილი, დაბეჩავებული ადამიანის პორტრეტს, ადამიანისა რომლის „დიდი ცხვირი ჰგავს მსხვილ მწიფე ხენდროს“, და რომელსაც „თმა აქვს ჭაღარა“, როგორც გაურეცხელი თეთრი მატყლი, ტუჩებთან თმა ისეა გაყვითლებული თამბაქოს ბოლით, როგორც ოქრო.

ლეონტი კაჩერგას სახე მუდამ შეშინებულია, თვალებიდან ყოველთვის წყალი მოდის. ფულს არავის სთხოვს. თუმცა სდგას ქუჩაში სამათხოვროდ. მისი კისერი რბილი და ჩაჟანგებულია, როგორც ხეზე ამოსული აბედის სოკო“.

პაოლოს მეტად ლირიკული საღებავებით, ადამიანის მოყვარული გულით, აქვს აწერილი კაჩერგას ტრაგიკული ბედი, კაჩერგისა, რომელშიც მძიმე და გაუხარელ ცხოვრებას ვერ ჩაუკლავს მამობრივი სიყვარული გაუბედურებული ქალიშვილისადმი, რომელსაც პატარა ბავშვი გარდაეცვალა. ლეონტი კაჩერგამ „ბალიშიდან აიღო შვილიშვილის გაციებული და გამხდარი ცხედარი. მუნჯივით ატირდა და მიუყვანა დედას ბავშვი“. მან თითონ გაიდო ბავშვის თეთრი კუბო მხარზე და სასაფლაოზე წაიღო. მამას მისდევდა ქალიშვილი, მხოლოდ დედა. კაჩერგამ თითონ გათხარა მიწა და დამარხა იქ შვილიშვილი, უკანასკნელი „სიმდიდრე“. გაწამებულმა კაჩერგამ მტკვარში გადავარდნით მოიპოვა სამუდამო სიმშვიდე. არ შეიძლება ამ მოთხრობის დამშვიდებით წაკითხვა. ისეთი პოეტური მღელვარებით და ლაკონური, გამჭვირვალე ენით არის იგი ამასთანავე დაწერილი.

საყურადღებოა პაოლოს ცდა, დაეწერა ეპიური ნაწარმოები, პოემა. თემად აიღო ალიოშა ჯაფარიძის რევოლუციური გზნებით აღვსილი ცხოვრება. უნდა ითქვას, რომ პაოლო დიდი პატივცემელი იყო სახელოვანი რევოლუციონერის, უყვარდა ცალკეული ეპიზოდების მოყოლა მისი მდიდარი ცხოვრებიდან. პოემის დასაწყისი გატაცებით წაიკითხა თავის განუყოფელ მეგობრების წრეში. მეგობრებმა მოუწონეს პოემის შესავალი და თხოვეს, განეგრძო მუშაობა პოემაზე. მაგრამ აფორიაქებულ პაოლოს უკვე აღარ მიუწევდა გული პოემისაკენ. იგი თითქოს თავის თავში ჩაიკეტა. ჩამოშორდა კიდევაც თავის განუყრელ მეგობარს, თავის სიამის ძმას ტიციანსაც კი, ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ შეხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეურად ჩაქრა მისი მჩექეფარე სიცოცხლე.

 

პაოლოს, ისე როგორც ტიციანს, ფართო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული გამოჩენილ რუს პოეტებთან, რომელთა რიცხვში შედიოდნენ ბ. პასტერნაკი, ნ. ტიხონოვი, პ. ანტოკოლსკი, ანდრეი ბელი და სხვ. მინდა მოვიყვანო

ბ. პასტერნაკის წერილი პაოლოსადმი. მას გარკვეული საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ პაოლოსა და ბ. პასტერნაკის მეგობრული ურთიერთობის ხასიათს გვაცნობენ. აი რას წერს ბ. პასტერნაკი (მომყავს შემოკლებით): „ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო პაოლო! გადიან კვირეები, რომლებიც იქცევიან თვეებად, და თუ ასე გაგრძელდა შემდეგშიც, თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ, რომ დავსახლდი თუ არა აქ ტბასთან, იმ წამშივე მივყავი ხელი წერილის წერას თქვენთან. მე რამდენიმე წერილი დავიწყე და მათი მოცულობის გამო თანმიმდევრობით შევაჩერე წერა. წერილები გამომდიოდა ხან გამოკვლევებად ურალის ისტორიაზე, ხან ცდებად, მომეთხრო თქვენთვის (!) თუ რა არის საქართველო.

საოცარია: მოვეწყვეთ თუ არა აქ ჩვენ მეორედ დავიწყეთ განცდა თქვენთან გატარებული ზაფხულისა. ასეთი ძალითა და მთლიანობით განცდა პირველი შემთხვევაა ჩვენს ცხოვრებაში. ეს გამომჟღავნდა პირველსავე დილას, როცა ჩვენ გავიღვიძეთ ჩვენს სამოთახიან აივნიან ბინაში, რომელიც პარტიის ურალის საოლქო კომიტეტმა გვითავაზა. ჩვენ წავედით ტბაზე და დავინახეთ ას ვერსტიანი ტყე იმ ნაპირზე, ხოლო ფიჭვები და არყის ხეები ამ ნაპირზე, დავინახეთ წყალი, ღრუბლები, დანგრეული სასაფლაოს საფლავები, ჩრდილოეთის ღარიბი, ჩვეულებრივი გამა. ჩვენ არაფერს არ ვადარებთ ერთმანეთს. ჩვენ არ ვადარებთ ბუნებას, ჩვენ არ ვადარებთ ხალხს. ჩვენ უბრალოთ, თითქოს შეთანხმებული ვყოფილიყოთ, ერთხმად დავასახელეთ კოჯორი, ხოლო შემდეგ მოვიგონეთ თბილისი, ოქროყანა, ქობულეთი, წაღვერი და ბაკურიანი… მე საოცარი ძალით ვიგრძენი იქ, რომ ყოველივე ეს თქვენ გარს გარტყიათ ახლა და თქვენ ყველაფერს ხედავთ.

იმიტომ, რომ ეს მხოლოდ კავკასიის სამხრეთი როდია, ე. ი. ეს არის სილამაზე, რომელიც ყოველთვის უძიროა და ყველგან თავბრუდამსხვევი. ესენი არიან არა მხოლოდ ტიციანი და შანშიაშვილი, ნადირაძე და მიწიშვილი, გაფრინდაშვილი და ლეონიძე, _ შესანიშნავი ადამიანები, რომელიც გნებავთ ნიადაგზე და რომლებიც არ საჭიროებენ შედარებას იმისათვის, რომ დარწმუნდეთ მათს შეუდარებლობაში… ეს არის ქვეყანა, რომელიც ამჟამადაც არსებობს დედამიწაზე და არ გადასულა სრულყოფილ აბსტრაქციის სფეროში, ქვეყანა განუმეორებელი ფერისა და ყოველდღეღამური სინამდვილისა…

სწორედ ასეთ შუქში დავინახეთ ჩვენ ახლა საქართველო და გაოცებას მივეცით იმის გამო, რაც თქვენთან განვიცადეთ, განვიცადეთ როგორც წარმოუდგენელი და ლეგენდა. ახ, ალბათ მე ამას ვგრძნობდი წინასწარ, როცა ვიბნეოდი და ვერ ვპოულობდი სიტყვას მ. ჯავახიშვილთან საუბარში საქართველოსა და მის ფორმაზე…

სწორედ ამიტომ გწერ წერილს წერილზე და თანამიმდევრობით ვანადგურებ მათ. ეს აღარ არის თავისუფალი მიწერ-მოწერის საგანი. მე სწორედ ეს მოგონებები დამეუფლენ სავსებით; ეს მოგონებები მწერენ მე, როგორც ამას ტიციანი იტყოდა…

რაც არ უნდა ჩავიფიქრო ახლა, მე საქართველოს ვეღარ აუვლი გვერდს ჩემს უახლოეს შრომაში. და ყოველივე ეს (თუ სახელლდობრ რა _ ამის გათვალისწინება ძნელია), დაჯგუფდება თქვენი შესანიშნავი სამშობლოს გარშემო, როგორც მოთხრობა ჩემი ცხოვრების ნაწილზე, რომელიც მაიაკოვსკისთან არის დაკავშირებული. ბ. პ.“

მეტად ღრმად განიცადა პაოლოს სიკვდილი მისმა კარის მეზობელმა მაშინ, უახლოესმა მეგობარმა კოლაუ ნადირაძემ, რომელსაც ეკუთვნის პაოლოსადმი მიძღვნილი შესანიშნავი ლექსი, რომელშიც ავტორი ასეთი გამოტანჯული სტრიქონებით მიმართავს ადრესატს:

პაოლო, ჩემო სისხლო და ხორცო,

დაე, მე მომხვდეს მრისხანე მეხი!

მინდა, მაგ თვალზე ცრემლი მოგხოცო

და მწარედ დაღლილს დაგბანო ფეხი!

კეთიშობილებისა და მეგობრობის ცეცხლში დაფერფლილ პოეტის გულს სჯერა, რომ

„საქართველო, მაინც მიგვიღებს მომღერალ გედებს დალეწილ ფრთებით“. მაშინ დაელეწა ფრთები ამ მართლაც არწივს, როცა ის ლაღად დაფრინავდა ქართული პოეზიის ცაზე. მის ახლო მეგობრებს დატირების საშუალებაც არ ჰქონდათ.

 

…ამას ადასტურებს პაოლოს წერილიც, რომელითაც მან სანდრო ახმეტელს მიმართა. ეს წერილი ამჟამად ინახება რუსთაველის სახელობის თეატრის მუზეუმში.

„ძვირფასო ამხანაგო და ძმაო საშა! მოგმართავ შენ პირადად, აგრეთვე როგორც კორპორაცია „დურუჯის“ წევრს და მეთაურთაგანს. შენთვის გასაგებია ამ ბარათის მიზანი. იგი გამოწვეულია გამოსარკვევად იმ გაუგებრობისა, რომელიც დამყარდა ჩემსა და კორპორაციას შორის და შეიძლება ითქვას „ცისფერი ყანწების“ და დურუჯს შორის. ერთ დიდ დამსახურებათ ქართული ხელოვნების წინაშე მე და ყველა ჩემს ამხანაგას მიგვაჩნია „დურუჯის“ აღტაცებული და უიჭვოდ ცნობა მაშინ, როდესაც თქვენს წინააღმდეგ შეიარაღდა ჩვენი საზოგადოება. თქვენი შემოქმედება მე მიმაჩნია ახალი ქართული ხელოვნების დიდ საქმედ, ისევე, როგორც `ცისფერი ყანწების“ მუშაობა. სისტემა თქვენი ბრძოლისა იყო ჩვენთვის ახლობელი და ღვიძლი სისტემა. აგრეთვე ეს თქვენი ნიადაგი და გეზი ჩვენთვის იყო ნათესაური. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ „დურუჯი“ იყო ნაწილი ერთი პოეტური ფრონტის, რომლის შთამაგონებელი ვიყავით ჩვენც. ასეთი შეხედულება დამტკიცდა შარშან ჩემი და ჩემი ამხანაგების მეგობრული ბარათებით, რომელნიც ჩვენ მოვათავსეთ თქვენს მიერ დამოცემულ კრებულში (იგულისხმება ჟურნალი დურუჯი).

დღეს „დურუჯის“ კორპორაციაში მოხდა მნიშვნელოვანი და სამწუხარო ამბავი: კოტე მარჯანიშვილის და რამდენიმე კორპორანტის ჩამოცილება. ეს ამბავი ჩვენთვის მაჩვენებელი იყო „დურუჯის“ ნაწილობრივი კრიზისის. კონფლიქტმა გამოიწვია სიხარული თქვენს მოწინააღმდეგეთა შორის, ჩვენ არ ვიყავით მონაწილენი ამ სიხარულისა. ყველა ჩვენთაგანი მომხრე იყო „ზავის“. მიუხედავად იმისა, რომ კოტე მარჯანიშვილის ჩემდამი დამოკიდებულება საკმაოდ გულცივია და ჩემის ფიქრით თავიდანვე ასეთი იყო, მე მაინც მიმაჩნია მარჯანიშვილი ჩემი გუნების და დიდ ხელოვანათ. მე აგრეთვე ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ საჭირო იყო თქვენი თეატრისთვისაც, და რაც უფრო საგულისხმოა, თქვენ ყველა იყავით საჭირო მარჯანიშვილისათვის. ამ კონფლიქტში მე არ მეშინია თქვენი ბედის. მე მაწუხებს

კ. მარჯანიშვილის მარტოობა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კოტე მარჯანიშვილი ვერ შექმნის სხვა კოლექტივს, რომელთანაც დაამკვიდრებს ჰარმონიულ მუშაობას, ამ მოსაზრებით ჩვენ ვიყავით მომხრენი „ზავისა“ თუ ეს ზავი არ მოხდა, კ. მარჯანიშვილი იძულებული იქნება საქართველო დატოვოს.

გვაქვს თუ არა ჩვენ უფლება, დამშვიდებით შევურიგდეთ ამ სამწუხარო შედეგს კომფლიქტისას?

მე მჯერა, რომ მარჯანიშვილის და „დურუჯის“ კონფლიქტი არ არის გამოწვეული მხატვრული უთანხმოებით. აქ ალბათ ადგილი აქვს უფრო მდაბალ და ადამიანურ მიზეზებს. მით უფრო საჭირო იყო მათი გადალახვა. მე არსებითათ არ ვეხები საკითხს, არ ვეძებ, ვისი ბრალი მეტია. ამას მნიშვნელობა არა აქვს…

მარჯანიშვილის და რამოდენიმე კორპორანტის წასვლის შემდეგ, მე დიდის ინტერესით მოვდიოდი რუსთაველის თეატრში. შეიძლება დამტკიცდეს, რომ არასოდეს მე და „ყანწელები“ ისე ხშირად არ ვყოფილვართ რუსთაველის თეატრში, როგორც წელს.

მომწონს და მახარებს „ზაკმუკის“ დადგმა, მომწონს და მახარებს ირაკლის და უშანგის წარმატება, ახმეტელის მხატვრული გემოვნების მთლიანობა და რაც ყველაზე საბედნიეროა, ახმეტელის ავტორიტეტი, მაგარი ხელი და დისპლინის სიმტკიცე.

მაგრამ არ გეთანხმებით „ამერიკელი ძიას“ დადგმაში. „დურუჯის“ სიძლიერე ორ მომენტშია: ერთი – „მაგარი ძმობა“ და მეორე – კორპორაცია, როგორც მხატვრული სკოლა. მეორე მომენტის მიხედვით, თქვენ „ძია“ არ უნდა დაგედგათ. ეს არის „соглашателство“. ასეთი შეცდომები ჩვენც გვქონდა უკანასკნელ წლებში და სწორედ ეს იწვევდა ყველაზე მეტ კრიზისებს, „ყანწებში“. ამ პიესისთვის არ ღირდა ფანტაზიის და ენერგიის გაფლანგვა.

ეს მე ვთქვი აშკარად. ალბათ ეს იყო მიზეზი ჩვენს შორის გაუგებრობის დამყარებისა და მხოლოდ ამისთვის ნუ იქნება ჩვენს შორის უბრობა.

„დურუჯმა“ რომ უკანასკნელი კრიზისი განიცადოს, დაღუპვის პირს რომ იდგეს, მე მაინც ვილაპარაკებ შეცდომებზე.

მე აშკარად მინდა გითხრა, ძვირფასო საშა და ყველა კორპორანტს, რომ ჩემი ვითომდა გულცივობა „დურუჯისადმი“ გამოწვეულია თქვენი იჭვნეულობით.

ჩემი შეხედულება მე არავისგან დამიმალია, რადგან არა ვარ ჩვეული დავფარო მართალი, მით უფრო მხატვრულ საკითხებში. ეს არის ყველაფერი, რაც მომაგონდა. მე იმედი მაქვს ამ ნიადაგზე გვექნება კიდევ პირადი საუბარი. ალბათ მაშინ გამოვარკვევთ ყველა გაუგებრობას. ჩემში ძველებურად რჩება რწმენა „დურუჯისადმი“, სიყვარული კი ახლა შეიძლება მეტი იყოს, ვიდრე როდესმე.

გილოცავთ ქართული თეატრის დღეს.

შენი და მთელი თეატრის კორპორაციის ძმა და მეგობარი პაოლო იაშვილი

2 იანვარი, 1927 წ.“

სრულ სიმართლეს წერს პაოლო. პირველ ხანებში პაოლო და ტიციანი მართლაც „ზავის“ მომხრენი იყვნენ. როცა ამ ზავის დამყარება არ მოხერხდა, ისინი, განსაკუთრებით ტიციანი, უფრო ახმეტელს ამოუდგნენ მხარში. ამას სხვა მიზეზები ედვა სარჩულად. პაოლო იაშვილი მოყვანილ წერილში თითქმის არაფერს არ ამბობს თავის როლზე და ინიციატივაზე, რაც მან კოტე მარჯანიშვილის ქართულ თეატრში მოწვევის საქმეში გამოიჩინა. პაოლო, როგორც მეგობრის მოყვარული ადამიანი, ერთგვარი ეჭვითაც იყო შეპყრობილი. არ სიამოვნებდა მაინცდამაინც, როცა სიყვარულში, ვთქვათ, ტიციანისადმი, სხვა ვინმე დაუწყებდა შეცილებას. ამ ეჭვის შედეგი უნდა იყოს ის ადგილი წერილისა, სადაც კოტე მარჯანიშვილის გულცივობაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ითქვას იმ ურთიერთობაზე, რომელიც მათ შორის არსებობდა, ვიდრე რუსთაველის სახელობის თეატრში განხეთქილება მოხდებოდა. პაოლოს, ტიციანი და ყველა ცისფერყანწელი, კოტეს სიყვარულში ვერავინ შეედრებოდა. პირიქით, ესენი ედგნენ კოტეს მხარში, როცა მის (კოტეს) წინააღმდეგ საზოგადოების ერთმა ნაწილმა გაილაშქრა. თუ არ ვცდები, 1924 წელს საერთო დეკლარაციითაც კი გამოვიდნენ პრესაში. პაოლოს და მის მეგობრებს, განსაკუთრებით ტიციანს, როგორც სიახლის მაძიებელთ ლიტერატურასა თუ თეატრალურ ხელოვნებაში, არ შეეძლოთ ქართული საბჭოთა თეატრის ფუძემდებელს და დიდ შთაგონებულ ოსტატს არ მიმხრობოდნენ. ამას ამტკიცებდნენ, როგორც თავინთ სტატიებში, ისე გამართულ დისპუტებზე გამოსვლებში. ასედაც მოხდა. ურთიერთობას მათ შორის შემდეგში დაეტყო ერთგვარი სიცივე, ბზარი. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც პაოლო, ისე ტიციანი ბოლომდე დიდი პატივცემელნი იყვნენ კ. მარჯანიშვილის განუმეორებელი, ჯადოსნური რეჟისორული ოსტატობისა. სხვანაირად არც შეიძლებოდა. ამას ადასტურებს თუნდაც ტიციან ტაბიძის აღტაცებული წერილი, რომელიც დასწერა მან კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების გამო. მომყავს ადგილი ამ წერილიდან: „…არის მეორე ოსტატი, რომელიც ცხოვრობს თავისი შემოქმედებით, რომელიც განუწყვეტელ შემოქმედების ჟრუანტელით თრთის, რომლის გათიშვა შეუძლებელია მისი ქმნილებებიდან. მას აქვს მოშვავებული მეწყერის შთაგონება და თუ ზვავად ჩამოვიდა, არ გაჩერდება, სხვასაც გაიტანს და თვითონაც ჩაინთქმება. ამ მეორე ბუნების ოსტატები იყვნენ _ კოტე მარჯანიშვილი და ლადო მესხიშვილი“. მთელი ეს წერილი დაწერილია ტიციანისათვის ჩვეული ტემპერამენტით, გულწრფელი სიყვარულით და იმ გათვალისწინებითა და იმ გრძნობით, რაც კოტე მარჯანიშვილმა, თეატრალური ხელოვნების ამ დიდმა ნოვატორმა ქართული საბჭოთა თეატრის შექმნაში მისცა.