მოგონება – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1968 წლამდე

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26465-3-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

მოგონება

ყველაზე დიდი ამაგი ჩემს აღზრდაში ბაბუას მიუძღვის. ის სასულიერო წოდების კაცი იყო და ჩვენი გვარი სოფელ ლაშიადან გადმოსახლებულა სოფელ ძუკნურში. ბაბუა გელათში ყოფილა მნათედ და იქ შეუსწავლია წერა-კითხვა. ჩვენი სოფლის ეკლესიაშიც ჯერ დიაკვანი იყო, შემდეგში დაწინაურდა და მღვდლობა მიიღო.

როგორც ძველი ადათის მქონე ადამიანს, ბაბუას, რომელსაც ალექსი ეწოდებოდა, გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი მრევლი მემკვიდრეობით შვილისათვის გადაეცა. ამ თითქმის უსწავლელმა კაცმა მოიწადინა შვილებისთვის მიეცა ცოდნა. უფროს ვაჟს – მამაჩემს, ნიკოლოზს ქუთაისში სასულიერო სასწავლებელი დაამთავრებინა და შემდეგ თბილისის სემიანარიაში გამოგზავნა სასწავლებლად. როგორც არა ერთხელ უთქვამს ჩემთვის მამას, მას სპარტანული აღზრდა ჰქონდა მიღებული. – თქვენ რა გიჭირთ – მეუბნებოდა მამა, – ლამფის შუქზე გიხდებათ მეცადინეობა – მე ჭრაქის შუქზე ვსწავლობდი და თვალები კვამლით მქონდა ამომწვარი.

ასე თუ ისე სემინარია დაუმთავრებია  წელს. არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში, მაგრამ ეს კია, რომ მღვდლად არ კურთხებულა. 1894  წელს თავს დამტყდარმა უბედურებამ სასულიერო წოდებაზე ხომ საბოლოოდ ხელი ააღებინა და მისი ცხოვრების გზა სრულიად შესცვალა. ჩემზე ორსულად მყოფ დედას სოფელში მოულოგინებია. მშობიარობისას სისხლი მოსწამვლია და ერთ კვირაში გარდაცვლილა. ეს ცოდვა დღეს მოუშორებელ ლოდად მაწევს გულზე. საკმაოდ ლამაზი (ასეთად გამოიყურება დედა ერთად ერთ სურათში, რომელიც მე შემომრჩა. აცვია ქართული ფაშფაშა კაბა და ქართული თავსახურავით არის შემკული), სიცოცხლით სავსე ქალი შეიწირა ჩემმა გაჩენამ ამ ქვეყნად. ვღირდი ამათ? რა უნდა გამეკეთებინა მე ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასი?

მეკითხებიან ხოლმე, ლექსი, რომელიც დედისადმი მაქვს მიძღვნილი სინამდვილეზე თუ არის აგებულიო. ცხადია, სინამდვილეზე. რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ დაახლოებითაც ვერ გამოვხატე გულის ტკივილი, რომელიც ასე მაწვალებს.

გადმოცემით ვიცი, რომ მეუღლის სიკვდილს მამაზე ღრმა გავლენა მოუხდენია. მეტად უყვარდა თურმე. მის სიყვარულს არ დასცალდა დაყვავილება. ბიძაჩემს, მანუკა აფხაიძის მამას, ხშირად უთქვამს ჩემთვის: დედაშენთან გავლა ქუთაისის ბულვარში მიხაროდაო, ყურადღებას იქცევდა თავისი ეშხითა და სანდომიანი სახითო! მე ვისღა დავემსგავსე უსახიერო? უნდა ითქვას, რომ მამაც გვარიანი შესახედაობისა იყო. ისე, როგორც ბაბუას, საკმაოდ კარგი სახე ჰქონდა. სახლში მეტყოდნენ ხოლმე: მამაშენმა კინაღამ ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლეო. თავს კუბოს უხათქუნებდა, თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ დავანებეთო. არასდროს სიტყვა არ დაუძრავს დედაზე.

თავსდატეხილი უბედურების შემდეგ მამას სულ მიუტოვებია იქაურობა და შორს გადახვეწილა. მგონი, ჯერ სვანეთში წასულა სახალხო მასწავლებლად, შემდეგ კი 1898 წლიდან სასამართლო ორგანოებში დაუწყია მუშაობა მოხელედ. მე აქედან დაწყებული, ბებიასა და ბაბუას შევრჩი ხელში. კარგად მესმის მამაჩემის მაშინდელი სულიერი განწყობილება. იქნებ მაინცდამაინც არ სიამოვნებდა ჩემი ნახვა როგორც ბავშვის, რომელმაც სათაყვანებელი არსება იმსხვერპლა. არ ვიცი, თავის სიყვარულს გლოვობდა თუ ჩემი ბედიც აწუხებდა, მამა დიდხანს დარჩა ქვრივად. მეშინია შვილი არ დამეჩაგროსო – იტყოდა თურმე, როცა ქალის თხოვას შესთავაზებდნენ.

მართლაც, მე უკვე 14-15 წლისა ვიქნებოდი, როცა მამამ მეორე ცოლი შეირთო ქუთაისში, თავის დროზე მეტად პოპულარული ექიმის დიომიდე ფანცხავას და. დიომიდეს ოჯახმა ჩემზე დიდი აღმზრდელობითი გავლენა მოახდინა და მინდა მასზე ცოტა უფრო ვრცლად ქვემოთ შევჩერდე.

კარგა მოწიფული ვიყავი, როცა მამა ჩაერია ჩემს აღზრდაში. როგორც ჩანს, გადატანილმა უბედურებამ, დარდმა და მწუხარებამ მასზე წარუშლელი გავლენა მოახდინეს. მე იშვიათად მინახავს მამა მხიარული, საუბარში ჩაბმული, მოლხენილი. გაურბოდა მაგარ სასმელებს. უფრო ხშირად წარბშეკრული დადიოდა. ჩემი დაკვირვებით იყო გულჩათხრობილი, ვერ გაიგებდი დალხენილი იყო თუ უჭირდა რამე. ეს დახურული ხასიათი გამოეცვალა შვილის – ალიოშას და განსაკუთრებით ქალიშვილის – თამარის შეძენის გამო. განსაკუთრებით ჩემი და თამარი უყვარდა, სულ ატატებული დაჰყავდა, როცა პატარა იყო. ენას უჩლექდა, ეთამაშებოდა. ბუნებით ოჯახის დიდი მოყვარული და კეთილი იყო. ჩემს ძმასა და დას (მეორე ცოლიდან) მეტ თავისუფლებას აძლევდა: ველოსიპედიც უყიდა შვილს და არც ცელქობას უშლიდა მაინცდამაინც. ალბათ იმიტომაც, რომ წლებში იყო შესული. ჩემთან უფრო თავდაჭერილი იყო. სპარტანულად მზრდიდა. უკვე დიდი ვიყავი. ქუთაისის თბილი და ხავერდოვანი ღამე იყო. ბალკონზე ვისხედით. ზენა ქარმა დუდუკის სასიამოვნო ხმა მოიტანა. „რა კარგია“ – წამოვიძახე. მამას ეწყინა: დუდუკი როგორ მოგეწონა და ყურადღება მიაქციეო. შენი დუდუკი – შენი წიგნია. ადგა, გაიარ-გამოიარა და ოთახში შევიდა. სახტად დავრჩი.

უყვარდა ოთახში კუთხიდან კუთხეში სიარული, ჩაფიქრებული ხანდახან თავისთავს ესაუბრებოდა, ხშირად ახველებდა, თუმცა ფილტვები ჯანსაღი ჰქონდა. საერთოდ ჯანმრთელი კაცი იყო. მისი ავათმყოფობა მე არ მახსოვს, გარდა ერთი შემთხვევისა. უკვე ასაკში იყო შესული, როცა გულს დაუწყო ჩივილი, მივიყვანე ცნობილ ექიმსა და საზოგადო მოღვაწესთან – შალვა მიკულაძესთან, რომლის ბინა პლეხანოვის პროსპექტზე მდებარეობდა. გასინჯა და წამალი გამოუწერა.  მამამ შვება იგრძნო. ვცადე ექიმისთვის ჰონორარის მიცემა, დამტუქსა. შერცხვენილი გამოვედი ამ კეთილი ადამიანის ბინიდან. მამა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა მგონი მდივნად თუ საქმისმწარმოებლად – აღარ მახსოვს. შინ მოჰქონდა საქმეები და მთელ ღამეებს ათენებდა. არ ვიცი, ოქმებს წერდა თუ რას. უყვარდა ჩაი, შეეძლო ოთხი-ხუთი ჭიქა დაელია მუშაობის დროს. თავის დარდს ალბათ თამბაქოს წევას აყოლებდა. პაპიროსს პაპიროსზე უკიდებდა. მოჰქონდა თამბაქო და გილზები. შინ ვუტენიდით ამ გილზებს თამბაქოთი.

არ მახსოვს, რომ მამას რამე დასცდენოდა დედაჩემზე, მის ვინაობაზე, რომელი კუთხიდან იყო, რა გვარისა იყო, ჰყავდა თუ არა ვინმე ახლობელი, თუ ჰყავდა რატომ ერთხელ მაინც არ მომაკითხეს. ალბათ დედაც ობოლი იყო, თორემ ვერ ამიხსნია, როგორ არავინ დაინტერესდა მისი ბედით, არ იკითხა, დარჩა თუ არა ვინმეო, ასე დაივიწყეს მამაჩემიც, რომელიც 15 წელი ქვრივი დარჩა. სიტყვა რა არის, სიტყვა არ უთქვამს მამაჩემს ჩემთვის დედის შესახებ, რათ იქცეოდა ასე ვერ ამიხსნია. ეს საიდუმლოება თან წაიღო სამარეში მამამ, რომელიც 1938 წელს გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. ჩემთან ისეთი უტყვი იყო, რომ მეც ვერ მოვახერხე შევკითხებოდი დედის ვინაობაზე. შეიძლება აღარც მაინტერესებდა, მისი ალერსი არ მიგვრძნია. როცა ჭაბუკი ვიყავი, უკვე გარეშე პირთაგან გამიგონია ჟორჟოლიანის ქალი იყოვო. მოსეშვილის გვარსაც მისახელებდნენ. ვიცი, რომ მამამისს ბესარიონი რქმევია. დასაფლავებულია ჩემს მშობლიურ სოფელ ძუკნურში. საფლავის არავითარი ნიშანი აღარ არის: იგი მოსწორებულია. მდებარეობა დაახლოებით ვიცი: დიდი, ბებერი, რტოებდამსხვრეული ცაცხვის ქვეშ იყო. ვამბობ, იყოთქო იმიტომ, რომ არ ვიცი, იმ ცაცხვმა გაუძლო თუ არა წელთა სიავეს.

გარეგნულად მამა მკაცრი იერისა იყო, ნამდვილად კი მეტად გულკეთილი და შემიძლია თამამად ვთქვა, ძალიან პატიოსანი, უმწიკლო. მისგან ნაწყენ კაცს ვერავინ ნახავდა. ცხოვრების განსაკუთრებული პირობებით (მეუღლის ტრაგიკული სიკვდილი) ვხსნი მის გულჩათხრობილობას, გულგაუხსნელობას. თორემ ოჯახში სხვა წევრები ბაბუადან დაწყებული ყველანი მეტად გონებამახვილნი, მხიარული, ღია ხასიათისანი იყვნენ. ბიძაჩემი ელისე (მანუელის მამა) ხომ მეგობრების გული იყო. ყარაჩოხელობდა და უხდებოდა კიდეც. უყვარდა ლხინი, ხუმრობა და სიტყვა კარგად უჭრიდა. ასეთი იყო მეორე ბიძაც – გრიგორი, ბევრი ეცადა თურმე ბაბუა ამათთვისაც მიეცა კარგი სწავლა-განათლება, მაგრამ ელისემ დროსტარება არჩია სწავლას ჭაბუკობის ხანაში, ლხინი და ქეიფი მისი სტიქია იყო. შემდეგში თერძი გახდა. რასაც იშოვიდა, დიდ ნაწილს იმ დღესვე ხარჯავდა. ნამდვილი ეპიკურეელი იყო. მეტით რითი დამაჯილდოვებს ეს დუხჭირი ცხოვრებაო –  იტყოდა ხოლმე.

როცა ქუთაისში ვცხოვრობდით და მე რეალური სასწავლებლის მოწაფე ვიყავი ბიძა ხშირად მოისურვებდა ხოლმე ჩემთვისაც გაეზიარებინა ტრაპეზი, მაგრამ მე როგორ გამოვადგებოდი მას თანამესუფრედ. ღვინით სავსე მადალი კვარცი მას უნდა დაეცალა. მაშინ ღვინოს გემოც არ ვიცოდი კარგად. მამაც იქ იყო და ბახუსის სტუმრობას როგორ გავბედავდი. არც ბიძას გაუღიმა ბედმა მაინცდამაინც, შესანიშნავი ბავშვები ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი საყვარელი ბიძაშვილი იყო. ერქვა ვალოდია. სოფელში ურიკელადან გადმოვარდა, მგონი ქვას დაარტყა თეძო და ძვლის ჭლექი გაუჩნდა. რამდენს არ ეწვალნენ საწყალი ბიძა და ბიცოლა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. ბოლოს ავათმყოფი ბავშვი ვიღაც ექიმბაშის მსხვერპლი გახდა. ყველაზე უფრო გარკვევით ბაბუას მწუხარე სახე შემომრჩა მეხსიერებაში. ცრემლებს ღაპა-ღუპით ღვრიდა და მათი წვეთები თეთრ წვერებზე ალმასებივით ბრწყინავდა. პირველი ტკივილი და დარდი, რომელიც უშუალოდ განვიცადე, გამოწვეული იყო პატარა ბიძაშვილის სიკვდილით. ეს ტკივილი ახლაც მიღრნის გულს, ისეთი ღრმა აღმოჩნდა  იგი. მეორე ბავშვიც ასე ტრაგიკულად დაღუპოდა. მაშინ უკვე სტუდენტი ვიყავი. არდადეგზე ჩამოსვლის დროს მითხრეს, თუ როგორ დაიღუპა ის. ეზოში თამაშობდა თურმე. ხარს დაუწყო თამაში და უკანასკნელმა ურჩოლა. ამ ნიადაგზე დაავადებულიყო და გარდაცვლილიყო კიდეც. მესამე ბავშვი კი, რომელსაც კოლიას ვეძახდით, მართლაც შესანიშნავი იყო ყოველმხრივ: მეტად მოყვარული, თავაზიანი, ნიჭიერი, ხალისიანი. ქუთაისში საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა და აქ სამთა-მადნო ინსტიტუტში შევიდა. კარგად სწავლობდა. არ მახსოვს, რა წელს და  საავიაციოს სასწავლებელში გაიწვიეს. ხალისით წავიდა. ავიაკონსტრუქტორობაზე ოცნებობდა. სწავლობდა ვოლგას რომელიღაც სანაპირო ქალაქში (მგონი, ვოლსკში). ვღებულობდი სიყვარულით გამთბარ წერილებს. მწერდა თავის წარმატებებზე სწავლაში. ფართო ოცნებები ჰქონდა სიცოცხლით სავსე ჭაბუკს – ლამაზს, წარმოსადეგს, რომელიც გარეგნობით მამას ჰგავდა. ერთ დღეს მის ძმას მანუელს საშინელების მაუწყებელი ტელეგრამა მოუვიდა: ატყობინებდნენ თქვენი ძმა დაიღუპაო. მანუელმა ეს თავზარდამცემი ამბავი მე მაცნობა. გონს ვერ მოვედით: რა უნდა დამართნოდა ამ საღსალავათ ჭაბუკს? ამის გაგების თავი ვის ჰქონდა. როგორ უნდა გვეცნობებია მშობლებისთვის ეს საშინელება, ეს იყო მთავარი ჩვენთვის მაშინ.  მანუელმა მთხოვა, მე მარტო ვერ წავალ სოფელში და ვერ ვაცნობებ მშობლებს ამ ამბავს და წამომყევიო. წავედით. პირდაპირ ხომ ვერ მივახლიდით შვილის დაღუპვის ამბავს! როცა დამინახეს, სიყვარულით ცას ეწიენ: მადლობა ღმერთს, რომ გაგახსენდა მშობლიური სოფელიო, ვახშამი გაგვიმართეს. მეზობლები დაგვიპატიჟეს, მაგრამ რა გვევახშმებოდა. ჩიქვისთავზე სავსე მთვარეც ქათქათებდა. სიო არ იძროდა. გარემო მყუდროებას დაეპყრო. გრილოდა. გამახსენდა ჩემი წარსული აქ, ამ სოფელში რომ მქონდა გატარებული. წარსულის სიმშვიდეში გრიგალად შეიჭრა კატასტროფა, რომელიც ბიძასა და ბიცოლას დაატყდათ თავს. მწუხარება პირს არ გვიხსნიდა. ერთი ცრემლი რას არ გვერჩია. მთელი ღამე ვეწამეთ. ცხვირ პირი ჩამოგვტიროდა ბიძაშვილებს. იმ ღამეს არაფერი გვითქვამს. არც გვიძინია თითქმის მთელი ღამე. მეორე დღე მზით იყო სავსე. ეზოში მხოლოდ სიმინდი შრიალებდა. მისი სილურჯე ლამაზად ერთვოდა ცის ლაჟვარდს. ალბათ ვეღარ შევნიღბეთ ჩვენი მწუხარება, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბიძიას რაღაც არ მოეწონა ჩვენი საქციელი. ეჭვიც აეღო (ეს შემდეგ გვითხრა) – ვერ არიან ალბათ კარგის მახარობელნიო.  ჩვენ ნირგატეხილები ვიყავით. ვარჩიეთ ნათესავთან გადავსულიყავით და მისთვის გვეთხოვა რჩევა, როგორ მოვქცეულიყავით. ის ყველაზე უფროსი იყო მაშინ ჩვენს გვარში. უბედურების გაგებისთანავე ცრემლები წასკდა, შემდეგ დაწყნარდა და სახლში წამოგვყვა. გარეთ მოიხმო ბიძია და შვილის დაღუპვის ამბავი აუწყა. ბიძიას ხმა არ ამოუღია. სტარიკური სიმშვიდით გაგვშორდა, ეზოს სიმინდებში შეიმალა და იქ აქვითინდა დიდხანს, დიდხანს; ქვითინებდა ოდნავ გასაგონი ხმით. როცა სიმინდებიდან გამოვიყვანეთ რაღაც დამშრალი, სულიერად დაცლილი გვეჩვენა. აღარ უკრთოდა თვალში სიცოცხლის ის ნაპერწკალი რაც ასე დამახასიათებელი იყო მისი ბუნებისათვის. მას შემდეგ ბიძია ყოველთვის დიდ სევდას ატარებდა გულით. ხშირად იგონებდა საყვარელ შვილს და თვალი ცრემლით ევსებოდა. მის მწუხარებას აორკეცებდა ის გარემოება, რომ მკვდარიც დაკარგული ჰყავდა. ბიცოლას შეცხადება კი აუწერელი რამ იყო. მისი სასოწარკვეთილი კივილი ახლაც ყურში მიწივის: თურმე ამიტომ მტკიოდა ცალი ძუძუ, რომ შენ ცოცხალი აღარ მყავდიო.

საავიაციო სკოლის უფროსს შემდეგ წერილი მივწერე: ვთხოვდი, ვრცლად ეცნობებინა, რა პირობებში დაიღუპა კურსანტი მეთქი. მივიღე პასუხი. უფროსი მეტად აქებდა დაღუპულს. მისაბაძი ჭაბუკი იყო, შესანიშნავად სწავლობდა, საერთო სიყვარული ჰქონდა დამსახურებულიო. კარგი, მისაბაძი კომკავშირელი ქალაქის საბჭოს დეპუდადადაც კი იყო არჩეულიო. შემდეგ გვატყობინებდა, როგორ დაიღუპა: ყური არ ათხოვა ჩვენს გაფრთხილებას, ვოლგაში გადახტა საცურავოდ, ქვას დაარტყა თავი და იქვე განუტევა სულიო.

მშობლები, როგორც ძველი ტრადიციების ხალხი, მეტისმეტად სწუხდნენ, რომ ვერ დაიტირე შვილი, ცხედარიც კი დაკარგული ჰყავდათ. შემდეგში მანუელი გაემგზავრა ადგილზე. უნდა ენახა საფლავი და თუ მოხერხდებოდა გადმოესვენებინა ცხედარი სოფელში. მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ურჩია მას, ხელი აეღო განზრახვაზე. არ ღირს ჭრილობის გახსნა და მშობლების შეშფოთება. აქ,  ამხანაგებზეც ცუდად იმოქმედებსო – ეთქვათ მისთვის. ვოლგის ნაპირზე დარჩა სამუდამოდ.

ასე ტრაგიკულად დაეღუპა სამი შვილი ბიძაჩემს. მთელი სიყვარული მშობლებმა გადაიტანეს უფროს შვილზე, რომელიც მათ სამართლიანად სასიქადულოდ მიაჩნდათ. მანუელ აფხაიძეს ჩემი დახასიათება არ სჭირდება, მაგრამ მინდა მისი ბავშვობა გავიხსენო. სულ ორიოდე სიტყვით. ჩვენს შორის იყოს და უნდა ვთქვა, რომ პატარაობისას ის მეტად ცელქი, დაუდგრომელი იყო. შეეძლო მთელი დღე მეზობლის ბავშვებში გაეტარებია. თამაში არ ღლიდა. ისიც რეალურ სასწავლებელში სწავლობდა. ბიძიამ არ იცოდა გაწყრომა, მით უმეტესად ბავშვის ხელით ცემა. მახსოვს, ერთხელ ეს მშვიდი ადამიანიც კი გამოიყვანა მოთმინებიდან. ღვედით გამოეკიდა გასალახავად. მაგრამ მისი დაწევა არც ისეთი ადვილი საქმე იყო. სულ დაიკარგა სადღაც. დაღამდა და პატარა მანუელი არსად ჩანდა. ახლა მშობლები ჩავარდნენ საგონებელში: სისულელე არაფერი ჩაიდინოსო. მთელი ღამე დაკარგული იყო. წარმოსადგენია, რას განიცდიდნენ მშობლები! თურმე ის იქვე ეზოში ამძვრალიყო ხეზე და ასე დამალულიყო. ეფიქრა, არ ჩამეძინოს და ძირს არ გავადინო ზღართანიო. თავი ხეზე სარტყელით მიება და ღამის დიდი ნაწილი ხეზე გაეტარებინა. შემდეგ ძირს ჩამოსულიყო და სახლის ქვეშ დამალულიყო. როცა მშობლებმა დილით ოთახში შეამოძურწული შვილი დაინახეს, სიხარულით ცას ეწიენ და მიუალერსეს. როგორც გადმომცცმდნენ, სკოლაში იმპროვიზაციის კარგ ნიჭს იჩნდა თურმე, სიტყვამოსწრებული იყო. სკოლაში ყოფნისას დაეწყო (მე სტუდენტი ვიყავი უკვე) მოწაფეთა მიერ გამართულ სპექტაკლებში მონაწილეობის მიღება. შემდეგში რაც გაენებებინა თავი სასწავლებლისთვის და მოღვაწეობის ასპარეზად სცენა აერჩია.

ჩემი მოწაფეობის დროს სკოლაში სცენისმოყვარეთა არავითარი წრე არ იყო. თეატრში გვიკრძალავდნენ სიარულს და სასწავლებელში ვინ დაგვრთავდა ნებას სპეკტაკლი დაგვედგა. სასწავლებლის გარეშე კი სახლებში რაღაცას ვჩხირკედელაობდით. მახსოვს ერთხელ სანდრო ციარევის ბინაზე დავდგით მოლიერის კომედია „სკაპენის ცუღლუტობა“, საფიჩხიაზე ნ. აბესაძის ბინაზე – „კაკო ყაჩაღი“ და შემდეგ ე. ნინოშვილის „ჩვენი ქვეყნის რაინდი“. რაღაც როლებს მეც ვასრულებდი, მაგრამ დიდი უნიჭო მსახიობი აღმოვჩნდი. სტუდენტი ვიყავი, როცა რეალურ სასწავლებელში სცენის მოყვარულებმა „რევიზორი“ დადგეს. სპეკტაკლს მეც დავესწარი. გოროდნიჩის როლს ასრულებდა მოწაფე შალვა ღამბაშიძე. ჩანდა, გარდასახვის რა მშვენიერი ნიჭით იყო იგი დაჯილდოვებული.

ერთგვარი წვლილი მეც მიმიძღვის მანუელის დაწინაურებაში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში ის მუშობდა ბათუმის თეატრში მოკარნახედ. აწყობდა საღამოებსაც, რომლებშიდაც იუმორისტული ლექსების კითხვით გამოდიოდა. მგონი, რაღაც გუნდიც ჰყავდა შედგენილი. კარგი ხმა ჰქონდა. მახსოვს, როგორ ივარჯიშებდა თავის ხმას. სოფელში აივანზე გადადგებოდა იმ მხარეს, საიდანაც ნაქერალას ქარი ჰქროდა და ისე მღეროდა.  საღამოებზე სახუმარო კუპლეტებს მღეროდნენ. მათ რეპერტუარში მაშინ ასეთ ტექსტზე აგებული სიმღერაც იყო:

სამოვარი დუღს,დუღს,

ორთქლი ამოდის, დის,

კრანტს რომ მოუშვებ… შვებ…

წყალი გამოდის… დის.

უნდა გავცე და ვთქვა, რომ ეს ტექსტი ეკუთვნოდა ჩვენს სასიქადულო მწერალს სერგო კლდიაშვილს. ამ საღამოების რეპერტუარი თითქმის სერგოს წკიპურტებისაგან შედგებოდა. გუნდის რომელიმე წევრი მიმართავდა დარბაზში მყოფთ, შეკითხვით: ხარი ხართან რომ დააბა, რა იქნება? დამსწრენი ფიქრობდნენ, რა უნდა ყოფილიყო. დუმილს ისევ შემკითხველი არღვევდა: ორი ხარი იქნებაო. დარბაზი ხარხარებდა ამ უბრალო ოხუნჯობაზე.

ბათუმში ყოფნისას მანუელმა მომწერა, თბილისში მინდა გადმოსვლა, აქ სული მეხუთებაო. მწამდა მისი ნიჭი, გაგონილიც მქონდა, თუ რა პოპულარობით სარგებლობდა აუდიტორიაში და მინდოდა, ხელი შემეწყო და თბილისში გადმომეყვანა. ეს უკვე ის ხანა იყო, როცა სცენის ჯადოქარის, კოტე მარჯანიშვილის მეოხებით ქართული თეატრი სრული აღორძინების გზაზე იყო დამდგარი, როცა რუსთაველის სახელობის თეატრს დიდი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ვთხოვე კოტეს, მიეღო თავის თეატრში მოკარნახედ მანუელიც. პირობა მომცა, გადმოვიყვანო და შეასრულა კიდეც. ჯერ მოკარნახედ მიიღო. შემდეგ რაღაც ეპიზოდური როლი ათამაშა. მოეწონა. მოკარნახის ჯიხურიდან ამოიყვანა, დასში ჩარიცხა და სასცენო შემოქმედების ფართო გზა გაუხსნა. ვგრძნობ, რომ უხერხულია ნათესავის ქება, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ის ჩვენი სცენის ერთ-ერთი დამამშვენებელი მსახიობია. ხშირად მიფიქრია: არ მიკვირს, როგორ ასრულებს ასე შესანიშნავად ვთქვათ იმერელის და საერთო ქართული რეპერტუარის როლებს. ეს სახეები მისთვის ახლობელი, შინაგანად განცდილი, და შეიძლება ხშირად საკუთარ ხასიათთან ნათესაურ კავშირში იმყოფებიან. მე მაკვირვებს ის დიდი ოსტატობა, შესრულების მაღალი პროფესიონალიზმი, როგორსაც იჩენს იგი კლასიკური რეპერტუარის, ვთქვათ გოლდონის კომედიების პერსონაჟების განსახიერებისას. ასეთია ბუნებით მონიჭებული ნიჭის ძალა, როცა მას წვრთნიან, ავარჯიშებენ. მაგრამ მე ძლიერ შორს წავედი. უნდა დავუბრუნდე სოფელში მიღებული ბავშვობის შთაბეჭდილებებს, ოჯახს, რომელშიც ვიზრდებოდი.

მახსოვს, ბებიასა და ბაბუას განსაკუთრებით გული სწყდებოდათ იმის გამო, რომ ქალიშვილი არ შემორჩენოდათ. ცამეტი შვილიდან მხოლოდ სამი დარჩენოდათ. მამაჩემი, ბიძია ელისე და უცნაური მათ შორის გრიგორი. გვარი არ ვიცი, ვიღაც გოგო აეყვანათ გასაზრდელად, მაია ერქვა. ის ჩვენს სახლში დაქალდა. მახსოვს მხოლოდ მისი გათხოვება, ისიც ბუნდოვნად, ძლივს გამოტანილი სიზმარივით. ბებიამ სოფლის კვალობაზე კარგი მზითვი გაუწყო: სპილენძის ტაშტები, თუნგები, ქვეშაგები, ტანსაცმელები და სხვა. ამ ტაშტებისა და თუნგებისაგან გამოღებული ხმაური, როცა მათ ურემზე აწყობდნენ, ყურში მაქვს შემორჩენილი. ჩინებული ქორწილიც გადაუხადეს, ისეთი როგორც ღვიძლ ქალიშვილს ეკადრებოდა. საერთოდ ბებია აღათის ღვთისმოსავი ქალის სახელი ჰქონდა დამსახურებული მეზობლებში. ბლომად ჰყავდა ნათლულები სოფელში, ისე როგორც ბაბუას და ყველას ეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ. ბებია ექიმბაშობდა კიდეც. რაღაც შინაურს წამლებს ამზადებდა. საყმაწვილოს წამალს ეძახდა. აგურის ფერისა იყო. მეც მასმევდა, მაგრამ დიდად არ მრგებია. როგორც ჩანს, ბაბუა პატრიარქალურ ცხოვრებას ეწეოდა, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე შვილები წამოესწრებოდნენ. ბებიას ჰქონდა სახლში საქსოვი ძველი დაზგი. მახსოვს, რომ ხამსა და შალს სახლში ქსოვდა ამ ხელსაწყოთი. ბებიის სიკვდილის შემდეგ ეს ხელსაწყო აღარ დამინახავს.

ბებია იყო კირკიტაძის ქალი სოფელ ტყვიავიდან გამოთხოვილი. მეხსიერებამ ვერ შეინახა მისი სახე. შუატანისა იყო, მკვრივი. ოჯახის დიდი მოყვარული. ბაბუა რატომღაც ფიცხ კაცად იყო ცნობილი. პირადად მე გაჯავრებული არასდროს არ მინახავს. შეიძლება იმიტომ, რომ იგი მახსოვს უკვე ხანში შესული, ჭაღარა მოსილი და წელში გამტყდარი დაღვრილ ცრემლთა გამო (ათი შვილი და მეუღლე ჰყავდა მიწას მიბარებული). თუ რამ მახსოვს ბავშობაში კარგი, კეთილი, თუკი ბავშვობა ასე მიმზიდველად და საოცნებოდ მესახება დღეს, უკვე ბაბუის ასაკისას, ეს სწორედ ბაბუას წყალობით. ბავშვობის უდარდელობა, სიცილი, ყველაფერი, რაც მას (ბავშვობას) ალამაზებს და ზღაპრულს ხდის – ბაბუასთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის ალბათ, რომ ახლაც, მე სიზმრად მას ხშირად ვხედავ და გაღვიძებისას გამოუთქმელი სევდა მიპყრობს – სევდა წარსულზე, დაუბრუნებელზე, განვლილ ბავშვობის ბედნიერებაზე

გლეხი იყო და გლეხებში გაატარა თავისი ხანგრძლივი ცხოვრება. დაუზარებელი კაცი იყო. რა დროსაც არ უნდა გამოეძახათ ღვდელმსახურებისთვის აუცილებლად წავიდოდა. მისი მრევლი კი – საწირე კარგა მანძილით იყო დაშორებული. ხშირად ბრუნდებოდა თავისი მრევლიდან შუაღამეს გადასვლისას.

ერთი ცხენი ჰყავდა თეთრი, თვინიერი – თავის განუყრელი. ბედნიერად ვრაცხდი თავს, როცა ბოსელიდან გამოვიყანდი მას, ღობესთან მივაყენებდი, გადავაჯდებოდი (პატარა ვიყავი) შემოვიჯენდი ჩემს საყვარელ ჩემზე პატარა ბიძაშვილს მანუელს და წავიყვანდი წყლის დასალევად, ხოლო შემდეგ საბალახოდ. უფრო ხშირად ყანის ნაპირებზე ვაძოვებდი ხოლმე.

რამდენმა წელმა განვლო მას შემდეგ და ახლაც ცხოვლად ვხედავ ლაჟვარდით სავსე დღეებს, ცხენს კისერზე თოკი აქვს გამობმული, თოკის ერთი მხარე ხელში მიჭირავს და დამყავს ყანის ნაპირ-ნაპირ. შორს ნაქერალას მთები მოჩანს. ალაგ ტყვიისფერი, ალაგ კი ბამბის მსგავსი ღრუბელები მოხვევია თავს. ცა კი წკრიალაა, საოცრად ლურჯი და ღრმა. ასეთი ცა, ხავერდოვანი, წმინდა, ლამაზე, ნათელი, სოფლის გვირგვინი – აღარ მინახავს. ის ცა დარჩა გულში აღბეჭდილი ცა, რომლის ლურჯი გუმბათის ფონზე ხან საოცარი სიმშვიდით, ხან კი ხმაურით შრიალებდნენ სახლის წინ აღმართული წიფლებისა და რცხილების გულივით თბილი ფოთლები.

ჩემზე რვა წლით უფროსი იყო უნცროსი ბიძია გრიგორი, რომელმაც ბაბუას ღრმა დარდი გაუჩინა: უნდოდა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა ღვდლად კურთხეულიყო და თავისი მრევლი მისთვის გადაელოცა. ბიძია კი სრულიად არ იყო განწყობილი საამისოდ. ციურ სამოთხეს, მას მიწიერი განცხრომა ერჩია. არც ის იწუხებდა თავს მაინცდამაინც სწავლით. როგორც უნცროსი შვილი სახლში მეტი სიყვარულით სარგებლობდა და ცოტა განებივრებულიც იყო. ყველაზე უფრო ეს ბიძია მიყვარდა. მასთან ვპოულობდი რაღაც საერთოს. უყვარდა ნადირობა, დაიჭერდა ფილთა  თოფს ხელში და ჩხართვებსა და შაშვებს დასდევდა. არც ბეღურებს ზოგავდა. უყვარდა აგრეთვე შაშვის ბარტყების ჭერა, რაშიც მეც აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი. ხშირად გაგვიზრდია ყვითელნისკარტიანი მგალობელი შაშვი, რომელთაც ცხარე ცრემლი უღვრევინებია ჩემთვის: ან კატას შეუჭამია, ან გალიაში მომწყვდეულს სული გაუცხია. ნადირობისას ბიძიას მეც თან დავყავდი. არ მახსოვს, რომ დახოცილით დატვირთული დავბრუნებულიყავით შინ. ერთხელ კი დიდ ხიფათს გადაკიდა თავისი მამა –  ბაბუა ჩემი. ეს იყო პირველი რევოლუციის დრო, ალბათ 1905 წელი. მე უკვე მეთერთმეტე წელში ვიყავი გადაბიჯებული. რევოლუციის ტალღამ ჩვენს სოფლებამდეც მოაღწია. მახსოვს ზარების ხშირი რეკვა: სოფლელებს მიტინგებზე მოუხმობდნენ. მოდიოდნენ ახალი თაობის კაცები, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ. მათ თმები მოშვებული ჰქონდათ, ეცვათ გრძელი ბლუზები, და შემორტყმული ჰქონდათ ზონრები. გარეთ ფიჯაკები ჰქონდათ მოცმული. ეხურათ უმთავრესად შლაპები. მახსოვს, ზამთარი იყო. სოფელში მამაჩემი ამოვიდა. სადგურ ხრესილში ჟანდარმერიას კინაღამ დაეჭირა. მამა გარეგნულად აგიტატორს ჰგავდა: გრძელი თმა ჰქონდა, შლიაპა ეხურა, ფიჯაკი ეცვა გრძელ ბლუზაზე.

ბაბუას სოფელ დაბაძველში ჰქონდა ერთი მიწის ნაკვეთი. ეს ნამოსახლარი ნაკვეთი სავსე იყო ხეხილით, ვაზით. კარგი მოსავალი იცოდა. ჩვენ ბავშვებს, მე და მანუელს ამ ყანაში გვიყვარდა სიარული: გვიზიდავდა წითელლოყება ვაშლი, წვნიანი მსხალი, კარგი ბალახი საქონლისათვის და ყურძენი. სხვათაშორის ბოლო დრომდე სიზმარში ხშირად ვხედავდი სწორედ ამ ნაკვეთს.

ერთ დღეს სწორედ აქ წასულიყო ყანის დასათვალიერებლად ბიძაჩემი. თან წაეღო თავისი განუმეორებელი ფილათა თოფი. ყანაში დაენახა ვიღაცის ღორი, რომელიც ჭყინტ სიმინდს მიირთმევდა. ბიძიას ბევრი არ უფიქრია, გადმოიღო თურმე თოფი და ღორი იქვე მოკლა. მგონი, სახლშიც მოათრია. იმ დღეს, როცა მე დაბაძელში ვიყავი, დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი ეკლესიის გალავანში. მიტინგი ყოფილიყო დანიშნული. ღორის პატრონს კრებისათვის თავისი უბედურება შეეჩივლა: ღვდელმა ღორი მომიკლაო. ამ დროს ყვირილი შემომესმა: აგერ მიდის ღორის მკვლელიო. თურმა ბაბუა თავის მრევლიდან რკინიგზის ლიანდაგით ბრუნდებოდა სახლში. თვალი მოჰკრეს და გამოუდგნენ. დავინახე, როგორ მოჰყავდათ ხელებზე ატატებული მიტინგზე. ღორის ღირებულების გადახდა მიუსაჯეს. ამ შემთხვევამ დიდი ჭრილობა მიაყენა: მას დიდხანს იგონებდა გულისტკივილით.

ბიძაჩემმა ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა. იყო სოფელ ზოვრეთის სკოლის მასწავლებელი. პირველი იმპერიალისტური ომის დროს, მიუხედავად მრავალგზის ცდისა, ჯარში წაიყვანეს. მე პეტერბურგში ვიყავი სწავლის გასაგრძელებლად მას კი ფრონტზე უკრეს თავი. დარჩა ერთი პატარა გოგონა, რომელიც ბაბუამ მე მომანათვლინა (ახლა ზოოვეტად მუშაობს  სასოფლო მეურნეობის სამინისტროში) და მეუღლე ორსულად. ცოლსაც კი ვერ გამოემშვიდობა – მისი და გოგოს დარდი წაიღო თან. ხშირად იწერებოდა წერილებს: ბაბუას თეთრ წვერებსა და ტუჩებს უკოცნიდა, აქეთ ამხნევებდა, ჩემს ჩამოსვლამდე მოუარე თავსო. ცოლს თხოვდა, ნუ დამივიწყებ, გოგო გამიზარდე, ნუ დამიჩაგრავ და თუ გათხოვდი – ჩემზე უარეს ნუ წაყვებიო. მე მთხოვდა, ბავშვებს მიმიხედეო. უბედურება ყველას დაატყდა თავზე, მე ხომ გამონაკლისი არ ვარო. მოხვდა აღმოსავლეთ პრუსიაში. პირველსავე შეტაკების დროს მთელ არმიასთან ერთად (მგონი სამსონოვის არმია იყო) ტყვედ ჩავარდა. ოთხი წლის მანძილზე იყო ტყვედ, მგონი, ქალაქ შნაიდემელში. მისი ოჯახი (ცოლი, პატარა გოგო და შვილი) ბაბუას დააწვა სარჩენად. რაც შეეძლო, არაფერს აკლებდა. თუ რამ გააჩნდა – მათ აძლევდა. წუხდა. დარდობდა შვილის ტყვედ ყოფნას. გული მოგიკვდებოდათ, რომ შეგეხედათ. ყოველთვე უგზავნიდა ამანათს: სუხარს, თამბაქოს, ჩირს, ტკბილეულს. 1917 წლამდე ურთიერთობა არ შეწყვეტილა. რევოლუციის შემდეგ მისი გზაკვალი დაიკარგა. უნდა ვიფიქროთ, რომ გერმანიიდან წამოვიდა, მაგრამ გზაში დაიღუპა, სამოქალაქო ომის მსხვერპლი გახდა. ამ ბიძასთან დაკავშირებულია ჩემი ბავშვობის მრავალი კარგი მოგონება და ამიტომ ახლაც, როცა მის სურათს დავხედავ ხოლმე, საოცარი სევდა შემომაწვება გულზე. უფროსი იყო ჩემზე, მაგრამ თავს მიყადრებდა: ყველგან თან დავყავდი, მეფერებოდა, მეთამაშებოდა. ჩამიდებდა თავს მუხლებში და მთხოვდა, თეთრი თმა ამომგლიჯეო. ადრე შეერია თეთრი თმაში. ზამთარში, როგორც ტოლთან, ისე გუნდაობდა ჩემთან. საკვირველია: ფეხშიშველი გავვარდებოდით ეზოში საგუნდაოდ და არასდროს არ გავციებულვარ. საერთოდ მამაჩემი არც შემდეგში მანებივრებდა, როცა ქუთაისში ვიყავი. ზამთარს ტილოს ბლუზაში ვატარებდი და არაფერი: ავათმყოფი არ მახსოვს ჩემი თავი.

ავათ მხოლოდ ერთხელ გავხდი სოფელში: წითელა ბატონები მობრძანდა ჩვენს სახლში და ლოგინში ჩამაგდო. ფანჯრებზე ზეწრები ააფარეს. გუშინდელსავით მახსოვს: წითლად შეღებილი ვარია რომ მომიყვანა მეზობელმა და ბაბუამ კი მტრედს შეუღება კისერი და მაჩუქა. მეზობლის ქალი ჩონგურს უკრავდა და ემუდარებოდა ბატონებს ზიანი არ მოეყენებინა ჩემთვის. შემდეგ, როცა მოვრჩი, ეს ვარია გაუშვეს და სალოცავ სახლს (ახლოს იყო ჩვენთან) ბამბის შინნაქსოვი ძაფი შემოავლეს გარშემო. ამ სახლს, გამარტოებულს, ტყეში ჩამდგარს და რაღაც მისტიკური შიშის აღმძვრელს, ყვითელი ყაჭის ძაფიც უხვად ჰქონდა შემოვლებული. მგონი, მადლობა გადაუხადეს ბატონებს, რომ ცოცხალი დამტოვეს.

ვიდრე სოფელში ვიყავი, ბაბუას არ ვშორდებოდი. კრავივით დავდევდი უკან. როგორც ძველი კაცი და ამავე დროს მღვდელი ის იყო ჭეშმარიტი მორწმუნე. სახლში მას ცალკე ოთახი ჰქონდა. შიგ მარტო შევიდოდა. ცალ ხელში სახარებას აიღებდა, მეორეში თაფლის სანთელი ეჭირა და ისე კითხულობდა ჩურჩულით. ხშირად ცრემლიც მინახავს მის თვალებზე. წიგნის ფურცლები სულ გასანთლული იყო. ასე ღრმად განიცდიდა წაკითხულს? დილის ცისკარზე ამდგარს აუცილებლად უნდა ელოცნა.

ბაბუა იყო გამხდარი, წმინდანის სახე ჰქონდა. ეკლესიის კედლებზე დახატულ მოციქულებს ჰგავდა. შვენოდა თეთრი წვერი. სახლში გაჩერებული არასდროს მინახავს. მუშაობდა. თავსაფრით წაიკრავდა თავს და გაგანია სიცხეში თოხნიდა. რაც შემეძლო, მეც ვეხმარებოდი. ზაფხულობით არდადეგების დროს ყანების გამეოროდებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. თოხს მეც კარგად ვიქნევდი, ჩემს ასაკს თუ გავითვალისწინებთ.  რა კითხვებს არ ვაძლევდი თოხნისა თუ შესვენების დროს, როცა ჩრდილქვეშ წამოვწვებოდით. ხანდახან ცბიერი კითხვებითაც მივმართავდი. მაინტერესებდა სამყაროს აგებულება – როგორც ყოველ ბავშვს. მისი აგების ბიბლიურ ვერსიაში ეჭვი შემქონდა, მაგრამ არც სხვანაირი ახსნა მქონდა ხელთ. ბაბუას ერთი მხრით მოსწონდა, როცა შეკითხვებს ვაძლევდი – ცნობისმოყვარეაო, იტყოდა ხოლმე ჩემზე. მეორე მხრით ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებდი ჩემი აკვიატებული შეკითხვებით. მაინტერესებდა ქრისტეს დაბადების, ღვთისმშობლის უბიწოებისა და სხვა ასეთი საკითხები. ბაბუა მოკლედ მომიჭრიდა ხოლმე: ღვთის განგებას შენ რას მისწვდებიო. ერთხელ შევეკითხე: ღმერთი ხომ ყოვლისმცოდნეა. მან ხო იცოდა, ევა შეაცდენდა ადამს, რათღა გამოსცადა, ეშმაკი რათ გააჩინამეთქი და სხვა.

სულ პატარა რომ ვიყავი, ბევრი რამ მწამდა მისგან ნაამბობი. მწამდა, მაგალითად, რომ ილია წინასწარმეტყველი ცაში ურჩხულს დასდევდა და შუბით გმირავდა მას. ქუხილი და გრგვინვა – ეს ილიას ოინები იყო. დაჯერებული ვიყავი, რომ ბოროტი ძალა ვერ გაეკარებოდა ჯვარს, რომელიც ბაბუას ხშირად ეკიდა (თუ სულ არა). ამიტომ იყო, რომ ქუხილის დროს თუ ბაბუასთან ვიყავი, არ მეშინოდა. გვერდში ამოვუდგებოდი იმ რწმენით, რომ ავი ძალისგან დაზღვეული ვიქნებოდი. თუ ბაბუა არ მეგულებოდა ახლოს (სახლში ყოფნისას) ოთახს მივმართავდი, ლოგინზე მივეგდებოდი და თავს ბალიშებში ჩავრგავდი, გრგვინვის გამაყრუებელი ხმა რომ არ გამეგონა. ქუხილისა და ელვის ეს შიში დღემდე შემრჩა. ბაბუა მარიგებდა კიდეც: ქუხილის დროს ტიალ მინდორზე თუ აღმოჩნდი, ხის ქვეშ ნუ დადგებიო, შორი ახლო უნდა გაჩერდეო. ალბათ გაგონილი ჰქონდა ფიზიკის ეს კანონი.

მწამდა ჭინკებისა და ქაჯების არსებობა, ისე როგორც ყველა ბავშვს, რომელიც ძველი სოფლის პირობებში აღზრდილა. მეგონა, რომ ფერიებიც იყვნენ ჩვენს წყაროსთან და თმების დავარცხნისას სარკეობას ამ წყაროს ცივი, ანკარა წყალი უწევდა. იყო მაჯლაჯუნაც. უკანასკნელის არსებობაში ერთმა ღამემ დამარწმუნა. მეძინა. ვგრძნობ, რომ ვეღარ ვინძრევი. თითქოს რაღაც მაწვა თავზე და მაღრჩობდა. გულისძგერით გამომეღვიძა დილით. შინაურებს ვუამბე: მაჯლაჯუნა გაწვა ალბათ გულზეო. დამფრთხალი ვიცქირებოდი გრძელი ტახტის ქვეშ: მინდოდა, თვალი მომეკრა იმ მაჯლაჯუნისათვის, რომელმაც ღამით კინაღამ გამგუდა.

მთელი ჩემი ბავშვობა გლეხებში გავატარე. მათგან ხშირად მესმოდა ამბები ქაჯებზე და ჭინკებზე. ეს ჭინკა წარმოდგენილი მქონდა, როგორც პატარა, მაგრამ მეტად ღონიერი არსება. როგორი იყო ეს არსება – ადამიანის მსგავსი რამ თუ ცხოველი – არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ მას, პატარა არსებას შეეძლო უზარმაზარი საცეხველის ზურგზე მოგდება და ზიდვა. მგონი, რომელიღაც თვეც იყო, როცა ჭინკებს საცეხვლები უნდა გაეტაცნათ. ჩვენც გვქონდა ასეთი საცეხველი, რომელშიც მეც ბევრჯერ გამიცეხვია ცეცხლზე შემოდგმულ ჩელტში გაფიცხებული ღომის თაველები გრძელი ხელკავით. და აი ამ საცეხველს ღამით ჩვრებს ვაფარებდით. ადგომისას დილით პირველად საცეხველს დავხედავდი: მეშინოდა, ჭინკას რომ არ წაეღო.

მჯეროდა ისიც, რომ ჭინკამ ქვების სროლა იცოდა სახლის სახურავზე. ერთი რამ მანუგეშებდა, ქვების ხმას სახურავზე დაცემისას ვერ გავიგონებდი: სახლი ისლით იყო დახურული. თუმცა ამ ნუგეშის გაქარწყლებას მაინც ახერხებდა ჩემი უნცროსი ბიძა: ხშირად დაღამებისას კენჭებს სახლის სხვენზე გაჰქონდა ბაგა-ბუგი. ამ დროს ჩემს გულსაც ბაგა-ბუგი გაჰქონდა. როცა შეატყო ბიძამ, რომ მისი ხუმრობა შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო – მიამბო: კენჭების სროლა ჩემი ოინიაო.

ისლს, რომლითაც სახლი იყო დახურული, თავისი რომანტიკა ჰქონდა. მხედველობაში მაქვს ზამთარი. სოფელი განსაკუთრებით ზამთარში მიყვარდა. მახსენდება სოფელში გატარებული ზამთრის დღეები. ვდგევარ ფანჯარასთნ ოთახში, რომელიც თვალის დამთხრელი კვამლით არის სავსე. ოთახში თუნუქის ღუმელი დგას. ფანჯარა იორთქლება. თითს უნებურად გამოჰყავს ფანჯარაზე რაღაც კიბორჩხალები, რაღაც სიტყვასაც აწერს. მაშინ ტატიანას არსებობისა არაფერი ვიცოდი. წინ ეზოა გაშლილი… ხეები შეთეთრებულია. ცარცისფერი ბურუსი დგას. თოვლი… თოვლი… და თოვს. გადაუღებლად მსხვილი წიფლის ფოთლის ოდენა ფთილები ერთმანეთში ერევა, ნელა ეცემა ძირს. ეზოს იქით აღარაფერი მოჩანს. თოვლის ნისლი დგას. ხეები დაძონძილია, ტოტები დაშვებული, ძირს დადებულ თოვლს ეხებიან. ბეღურები დერეფანს შემოხიზვნიან, საცოდავად ჟღურტულებენ, სველი ფრთები ძირს დაუყრიათ და საკენკს ერთმანეთს აცლიან ნისკარტიდან. მახსენდება ეს დღეები და ბავშვის ულმობელი გული: გამაქვს ღომის მარცვლები ეზოში და ვყრი თოვლზე ტაშტის ქვეშ. გულის ფანცქალით ვადევნებ თვალს ფანჯრიდან: როდის შეფრინდებიან ბეღურები ტაშტის ქვეშ და თოკს მოვქაჩავ… დაუბრუნებლად წავიდნენ ზამთრის ის დღეები, როცა გადაუღებლად თოვდა კვირაში რამდენიმე დღეს და მე ფანჯარასთან მდგარი თოვლის კოშკებს ვაგებდი…

როცა გადაიღებდა და სველი, თოვლის ფართო ფთილები შეწყვეტდნენ ჰაერში ფარფატს, სხვა სილამაზე იშლებოდა ჩემს წინ. მოწმენდილ ღამეში ისლის სახურავს ნემსივით წვრილი ლოლუები დაეკიდებოდა და თუ მეორე დღეს მზე გამოაჭყეტდა თვალს ლოლუები დნებოდა და წვეთები წკრიალით ეცემოდა ძირს, მიწას წვრილად ბურავდნენ. ხშირად გამოვდიოდით ღამით გარეთ და ცას შევყურებდით: თუ ვარსკვლავები კიაფობდნენ, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ყინავდა და მეორე დღეს თოვლზე შეგვეძლო სრიალი. ეზოში დიდი ფერდობი იყო. ციგები სად გვქონდა, მათ მაგივრობას გვიწევდა გრძელი სუფრები, რომლებსაც გადმოვაბრუნებდით, ფეხებს მის ფეხებს მივაყრდნობდით (ამ მხრივ უფრო მოხერხებული იყო) და თავღმა დავეშვებოდით. რამდენჯერ გავხვეულვართ თოვლის გაყინულ ბურუსში.

ყველას გამოუცდია ახალი წლის მხიარული დღეები. განსაკუთრებული სიხარულით მოველოდი ამ დღეებს: საშუალება მეძლეოდა ქუთაისისთვის თავი დამეხწია და სოფლის გარემოცვაში მოვხვედრილიყავი. ლამაზ და რაღაც ზღაპრულ ბურუსში ეხვეოდა ამ დროს სოფელი. მახსენდება როგორ სქლად თოვდა, თეთრი იყო ყველაფერი: მიწა, ცა, ტყე, სულ ოდნავი სიო და შეირხეოდა ხეების ტოტები თოვლის სიმძიმისაგან. თავისუფლდებოდნენ და ისევ ამაყად იწევდნენ მაღლა. გაიღებოდა ჭიშკარი და მოისმოდა სმენა დამატკბობი გალობა. ესენი იყვნენ რაჭველები ალილოზე რომ დადიოდნენ. გვილოცავდნენ ახალ წელს. რას არ გვისურვებდნენ! ჩვენ პატარები რას არ ვნატრობდით. ყველაფერი სანატრელი იყო. მეალილოელებსაც ასაჩუქრებდნენ: ფულით, კვერცხით, ღომით – ვისაც რა შეეძლო. შინაც მიიპატიჟებდნენ და მასპინძლობას უწევდნენ. ამიტომ იყო, რომ ხშირად მეალილოები შეზარხოშებულები გვეწვეოდნენ ხოლმე და თოვლის თეთრ სევდაში ერთგვარი ხალისი შეჰქონდათ. ახალ წელს მოჰქონდა სხვა სიხარულიც: ზეთისხილი, ფორთოხალი, გოზინაყი, ფოჩვებიან ქაღალდში გახვეული კამფეტი და სხვა ტკბილეულობა. ფორთოხლის პატარა ნაჭერი თუ შემხვდებოდა. ფოჩვებიან ქაღალდში კი თითქოს ქვეყნის მთელი სიტკბო იყო გახვეული. ეს ალილო, საეკლესიო გალობანი და არღნის ჭრიალი იყო ჩემი ყველაფერი, რაც კი გამეგონა ყრმობაში. ეს მეალილოელები, მგალობლები და მეარღნეები იყვნენ ჩემი ბეთჰოვენი, მოცარტი. რა მუსიკალური გემოვნება ან ლტოლვა მუსიკისადმი, ამ ყველაზე უფრო ფაქიზი, გულისშემძვრელი და ციურ ხელოვნებისადმი, ჯადოქარულ ხმებისადმი უნდა აღძრულიყო ჩემში. როიალი, პიანინო თუ სხვა რამ საკრავი თვალითაც არ მენახა. ვიოლინო პირველად სტუდენტმა მოვისმინე, შემდეგ გავიცანი კიდევაც ვიოლინოზე დამკვრელი პირველი ქართველი ქალი თამარ ძნელაძე, რომელიც ექიმ ნაზარაშვილის ქალიშვილების ელოსა და ისიას ხშირი სტუმარი იყო. იმ ვიოლინოს ხმები ახლაც მიხალისებენ სმენას.

სრულიად მოწყვეტილი ვიყავი კულტურულ წრეს. წიგნებში ერთს ვკითხულობდი (როცა 14-15 წლისა ვიქნებოდი), ცხოვრებაში სხვას ვხედავდი. კაპიკი რა არის, ისიც არ მქონია. ყველა საუზმობდა სასწავლებელში თითქმის, მე ბუბლიკის ფულიც არ მქონია. თავჩაღუნული დავდიოდი: ვოცნებობდი იქნებ ფული მენახა. ვის დაეკარგებოდა. ამიტომ იყო ალბათ, რომ სიზმრებში ვხედავდი ბროლის კოშკებს, ოქროთი მოოჭვილ ძვირფასეულობას, ფულს. გამეღვიძებოდა ბალიშის ქვეშ ხელს მოფავათურებდი, სიზმრად ნახული ოქროსა და ვერცხლის ფული არ დამხვდებოდა, გული მწყდებოდა. შევტრფოდი ძილსა და სიზმრებს, რომლებიც ასე მდიდარი იყო ყოველთვის განუმეორებელი ფუფუნებით, მზეთუნახავებით, ლაჟვარდებით, სურნელოვანი ბაღებით, ბულბულებით და თბილი ჩანჩქერებით, რომელთა ტალღებში ლაღად ვცურავდი. მხოლოდ სიზმარში.

ბავშვობაში მე არ მომისმენია არც ერთი ზღაპარი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ გლეხების მიერ ნაამბობ სათავგადასავლო ამბებს ავ სულებთან შეხვედრის შესახებ. ქაჯების, ჭინკების, კუდიანების სამყარო კი ჩემში შიშს იწვევდნენ. რას უნდა შეეწყო ხელი ფანტაზიის გაღვივებისათვის ჩემში! არ წამიკითხავს საბავშვო წიგნი. არც ვიცოდი არსებობდა თუ არა ასეთი. ჭაბუკს კი უკვე აღარ მიზიდავდა საბავშვო ლიტერატურა. იმის თქმა მინდა: ცუდ პირობებში ვიზრდებოდი,  მაგრამ არა მარტო მე: ვფიქრობ ბავშვების უმრავლესობა. ერთი უპირატესობა გვქონდა მხოლოდ, ბუნებასთან ვიყავით ახლოს. გვაბრუებდა მზის, მიწის სურნელება. ვიცოდით, როგორ კრიახობდა ქათამი, ბღაოდა პირუტყვი, ხვიხვინებდა ცხენი, ყიყინებდა ბატი, როგორ ჩეკდა კრუხი წიწილებს, რა აურზაურს ატეხდნენ ხოლე ჭუკები, როცა მწერს გამოეკიდებოდნენ, რა ყვითელ იერს აძლევდნენ ბატის ჭუჭულები ეზოს, როგორი ღრუტუნით დასდევდნენ გოჭები დედას და რძეს სთხოვდნენ. როგორი მედიდური ფარფაშით და შეუმჩნევლად მოძრაობდა მთვარე, რომელიც მთელ მიდამოს ზღაპრულ და ოქროსფერ ბურუსში ხვევდა. ახლანდელი ქალაქი ამ სიამოვნებას მოკლებულია. ცხოვრებას სხვა რიტმი და სხვა გარემო ახასიათებს.

ან რა შესანიშნავი იყო გაზაფხულის პირველი მზიანი დღეები, როცა თოვლი უხვად დნებოდა და სივრცეში სქელი მური დგებოდა. ვისაც სოფელში არ უნახავს ბუნების პირველი გაზმორება, მისი გამოღვიძება, ხეებზე კვირტების დაბერვა, მთელი მიდამოს ტყემლებისა, ვაშლისა და მსხლის, კომშის ხეების ყვავილთა ბუქში გახვევა – ის საცოდავად მეჩვენება, არ განუცდია ბუნების მუდმივი განახლების საოცარი სილამაზე. რა შეიძლება მართლაც იმაზე ლამაზი, როცა ვენახებში ატმები აყვავდება, ბუჩქების ძირას ია მორცხვად ამოყოფს თავს, ტყეს შაშვების აღტყინებული ჭახჭახი აყრუებს, მინდორში კუდაბზეკილი ხბოები დაიწყებენ კუნტრუშს – თითქოს გახურებულ მზეს, გამჭირვალე ლაჟვარდს შეღაღადებენ. ფუტკრები ყვავილებს მოედებიან, ცაცხვებს შეესევიან და იქაურობას სუნით ავსებენ, ჭიანჭველები მზეზე გამოდიან, ფუსფუსებენ, ხილის პატარა გორებს აგებენ.

გაზაფხული დიდი ბედნიერებაა მათთვის, ვინც მას სოფელში შესწრებია და მთელი სულითა და გულით ბუნებას შერწყმია, მასში გამდნარა თითქოს. მაგრამ ძველ სოფელს თავისი წყვდიადიც ჰქონდა. ეს იყო თქმულებები კუდიანებზე, ქაჯებზე და ათასი სხვა ცრურწმენა. ქაჯებზე მოგახსენებდით. მაგრად მქონდა გამჯდარი ძვალრბილში რწმენა, რომ ის მართლაც არსებობდა. ხშირად ჰყვებოდნენ გლეხები აქ და აქ შევხვდი ქაჯსო და დავეჭიდეო. მის სამყოფ ადგილს უფრო რატომღაც წისქვილს უკავშირებდნენ. შეიძლება იმიტომაც, რომ დღით მოუცლელობის გამო, გლეხს წისქვილში სიარული უფრო ხშირად ღამით უხდებოდა. საერთოდ წისქვილთან ბევრი რამ არის დაკავშირებული: ღამის თევა, ფიქრი საწუთროზე, თაგვის ფაჩუნი, რაც რატომღაც ყოველთვის აუხსნელ შიშს იწვევდა ყოველ შემთხვევაში ჩემში, კედლებზე გაბმული ობობის ქსელები, რომლებიც ფქვილით იყო შეთეთრებული, აგრეთვე შესატყვის განწყობილებას ქმნიდნენ ჩემში და რაც მთავარია, ღამის მყუდროების ფონზე სარეველას ჩხარუნი, სიმინდის კაკლების ცვენა ხვიმირში – ყოველივე ეს მრავალ ასოციაციას იწვევდა ჩემში. ჩემთვის სავსებით გასაგებია, რატომ იქცევა წისქვილი პოეტების შთაგონების ობიექტად.

მახსოვს ერთ-ერთ ზაფხულს სოფელ ზოვრეთს ვეწვიე. იქ იყვნენ ჩვენი ნათესავები – ვარდოსანიძეები. ბებიის და ჰყავდა მეუღლედ ლუარსაბ ვარდოსანიძეს, რომელიც რუბენსის ნახატსა გავდა. ახოვანი მოხუცი იყო. ეს სოფელი მაშინ ვაზების სიუხვით გამოირჩეოდა. სათესი მიწები არ ჰყოფნიდათ. ღვინო მოჰყავდათ ბლომად. მას ყიდნენ და სიმინდს იძენდნენ. ცხელი ზაფხული იყო. გარეთ, აივანზე ვწვენოდით ხოლმე. ერთ მთვარიან ღამეს ლუარსაბს ენა აება: ქაჯებზე დაიწყო მოყოლა. ამ და ამ ადგილას გზაში შემომხვდა და დამეჭიდაო. ბევრი ვაწვალეთ ერთმანეთი და როგორც იქნა, წავაქციეო. მისი ნათქვამი მჯეროდა. ლუარსაბი მართლაც დევკაცს გავდა. ტანში მბურძგლავდა. მალე საყვარელ მასპინძელს ჩაეძინა, მე კი შიშით ოფლში ვიწურებოდი. ჩემს შიშს აორკეცებდა ზარნაშის საშინელი ყივილი. ვეღარ გავძელი, ავიძურწე და ოთახს შეფავარე თავი. ძლივს ჩამეძინა.

ჩვენ სოფელს ყანები მოშორებით ჰქონდა. იმ მიდამოებს ტყიბულას ვუწოდებდით. წყალდიდობისას მდინარე ტყიბულა წყალდასავალში (ასე ეძახდნენ ადგილს, სადაც მდინარე კასტრიულ მთაში შედიოდა) ვეღარ გადიოდა და დიდი ტბა დგებოდა, მთელი მიდამოები იშლამებოდა. ეს იყო მიზეზი, რომ აქ შესანიშნავ მოსავალს ღებულოდბნენ გლეხები. ეს ტყიბულა სოფლიდან თუ არ ვცდები ერთი 5-6 კილომეტრით მაინც იქნება დაშორებული. დილას ცისკარზე უნდა წავსულიყავით, რომ გარიჟრაჟისას მაინც შევდგომოდით ყანაში მუშაობას. გზა ოღროჩოღრო იყო, აღმართ-დაღმართი. თუმცა, კარგ მოზრდილ მანძილზე წაბლისა და რცხილის ტყეები გასდევდა. გზაზე ერთი გორაკი უნდა გადაგვევლო. ჯვარს ეძახდნენ. ტყიბულასკენ მიმავალთათვის აქედან დაღმართი იწყებოდა. ამ გორაკზე იდგა ქვის სვეტი. გამოტიხრულ ადგილზე გატეხილი ჯვარი იდვა. ქრისტეს ცალი ფეხი ჰქონდა წაცლილი. გამვლელ-გამომვლელები ქრისტეს საჩუქრებს სწირავდნენ: ვინ ფულად (კაპიკს ან სამ კაპიკს), ვინ კიდევ დამჭკნარ ხილს. ჩვენდა სამწუხაროდ, შემწირველები დიდ სიძუნწეს იჩენდნენ, კაპიკის ან დამჭკნარი პატარა ვაშლის საფასურით თუ სურდათ სამოთხეში შესვლა. უნდა ვაღვიარო ბავშვობაში ჩადენილი ცოდვა. დე ეს იყოს ჩემი გულითადი აღსარება:  ფულს ხშირად ვპარავდით ქრისტეს მე და მანუელი (ბაბუას რომ გაეგო – ვინ იცის, რა დღეს დაგვაყრიდა) და ვთამაშობდით. (ვისი კაპიკიანიც შორს გადაგორდებოდა ის იგებდა). ყანიდან დაბრუნებისას ამ ჯვარზე ვისვენებდით ხოლმე. ეს ადგილი ერთგვარი საკრებულო იყო: ჩამოსხდებოდნენ გლეხები, ყალიონებს მოაწყობდნენ შინ მოყვანილი თამბაქოთი, აბედის ცეცხლს მოუკიდებდნენ, აბოლდებნენ, წარამარა აპურჭყებდნენ და უკვე ჩამომდგარ ბინდბუნდში ერთმანეთს ჭირვარამს უზიარებდნენ. ჯვარის გვერდით ჩვენს საგვარეულოს (სოფელში სამი ოჯახი იყო) გვარიანად მოზრდილი ტყე ჰქონდა, ძირს დიდი და გრძელი ხრამი იყო. ეს ხრამი ნაზრახ ადგილად ითვლებოდა. გადმოცემით ეს ხრამი ქაჯების ბუნაგი გახლდათ. მეშინოდა ამ გზაზე ღამით სიარული. მაგრამ, მახსოვს, ერთხელ ჩემთვის უჩვეულო გამბედაობა გამოვიჩინე. შესვენების შემდეგ სოფლისკენ დავუყევი გზას. უკან სიარული არ შემეძლო. მეგონა, ქაჯი დამიხელთებდა და ხრამში ჩამითრევდა. და აი მეც დავწინაურდი. ისე ბნელოდა უკვე, რომ თვალში თითს ვერ მიიტანდა კაცი. მეც ძლივსძლივობით მივაბიჯებდი ფეხს. უეცრად რაღაცას წავაწყდი. ხელები მოვხვიე. რაღაც ბალანი შემრჩა ხელში. ვიკივლე: მიშველეთ, ქაჯია მეთქი (მე ხომ ქაჯი სულ ბალნით დაფარულ კაცისმაგვარ არსებად მქონდა წარმოდგენილი). მოვარდნენ გლეხები და ძლივს მომასულიერეს. თურმე რომელიღაც გლეხს წალდი დაკარგვოდა და ბნელში მას ეძებდა. მე მისი წვერები შემრჩენოდა ხელში. ბაბუამ ფერდაკარგული მიმიყვანა სახლში.

ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ბაბუა შემდეგში ძლიერ მიფრთხილდებოდა, იცოდა ჩემი ვაჟკაცობის ამბავი და ღამით მეზობელთანაც არ გამაგზავნიდა. თან მარწმუნებდა, მიმტკიცებდა, არავითარი ქაჯი არ არსებობსო. ეს ადამიანის მიერ არის მოგონილი, ისიც მშიშარა, ლაჩარი ადამიანის მიერო. რომ დავერწმუნებინე, მაგალითიც მოჰყავდა თავისი ცხოვრებიდან. როგორც ვთქვი მას მართლაც ხშირად უხდებოდა შინ გვიანი ღამით დაბრუნება – მოშორებით მდებარე სოფელ საწირედან, რომელიც ჩვენი სახლიდან კარგად ჩანდა. დიდი ხევი და აღმართი ჰქონდა გამოსავლელი. ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვა: მოვდივარ ამ აღმართზე და ვხედავ, ჩემგან მოშორებით ვიღაც მდუმარედ დგას. შიშმა ამიტანა, მაგრამ რას ვიზამდი. პირჯვარი გადავისახე და წინ გამოვწიე. მივუახლოვდი საშიშ ადგილს და რას ვხედავ: დევს ჯირკი, რომელიც კაცად მომეჩვენაო. ასე მიქარვებდა ღრმად მორწმუნე მოხუცი შიშს გულში და ცრურწმენებს. მაგრამ აღწევდა კი მიზანს? ის ვიცი, რომ სოფლის შუკებში ღამით მარტო სიარული არ შემეძლო. ამ მისტიკურ შიშ მიორკეცებდა ის გარემოება, რომ ზედ ჩვენ სახლთან იყო სოფლის ეკლესია თვისი სასაფლაოთი და ტყე, რომლის სიჩუმეს ძნელად ვიტანდი, თუმცა მასში მარტო სიარული მეტად მიყვარდა. განსაკუთრებით პატარა წაბლარში, რომელიც ჩვენ სახლს ეკრა. არდადეგების დროს ამ ტყეში ვატარებდი თითქმის მთელ კვირა დღეებს. თან მქონდა საკითხავი წიგნი. მიწას წაბლის გრილი ფოთლებით მოვფენდი და მასზე წამოწოლილი განმარტოებით ვკითხულობდი. თუ წიგნი გამიტაცებდა შემეძლო მისი დილიდან საღამომდე შეუსვენებლად კითხვა. არც ჭამა მახსოვდა და არც წყურვილი. „გლეხის კაცის ისტორია“ ორ სამ დღეში წავიკითხე. მაშინ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ახლა აღარაფერი მახსოვს მისი.

მიყვარდა ცოტა მოშორებით მდებარე ტყეებში ხეტიალი. სოკოების ძებნა და კრეფა. განსაკუთრებით ვეტანებოდი სოკოწითელას, ვარყა სოკოს, მტრედუას (დედოფალივით ლამაზი რომ იყო). რამდენჯერ ცხარე ცრემლით ავუტირებივარ ვარყა სოკოს: დამვიწყებია და ხელი, რომლითაც ის ამიღია, თვალში ამომისვია, შორ ტყეში მარტო წასვლას ვერიდებოდი. ტყის დუმილის მეშინოდა. ამიტომ ყოველთვის ძაღლი მიმყავდა თან. საოცრად ჭკვიანი იყო ის ძაღლი. სახლში შემთხვევით დარჩენილი ხშირად მარტო ჩამოირბენდა შორეულ ტყიბულაში და ჩვენთან მოცუნცულდებოდა ენაგადმოგდებული. აი ეს ძაღლი მიმყავდა ტყეში. გვერდით მომიჯდებოდა კითხვის დროს და აღარ მშორდებოდა. ის მაძლევდა გამბედაობას. თუ ის მყავდა გვერდით, შუადღის პანის ხარხარიც რომ გამეგონა ტყეში (რატომღაც ხშორად წარმოვიდგენდი მას), არ შემეშნდებიდა. ჩიტის ჟღურტულს, ნაკადულის ჩხრიალსაც თუ გავიგონებდი – შიშის განცდას უკვე ვკარგავდი: ცოცხალ არსებას ვგრძნობდი ჩემს ახლო, სიცოცხლის ნაკადი მაკავშირებდა მასთან. ტყის სიჩუმე მზარავდა. სიცოცხლის შეშმუშვნაც კი ძალას მმატებდა. ფოთლის შრიალიც კი იმედს მაძლევდა. ვგრძნობდი, რომ ჩემთან ცოცხალი რამ იყო, ჩემსავით სუნთქავდა, რომ მე ბუნების ერთი ნაწილი ვიყავი. რაღაცასთან კავშირი მქონდა გაბმული, საკმაო იყო ფოთოლს შრიალი შეეჩერებია, ტყე გასუდრულიყო და მე რაღაც შინაგან შეშფოთებას განვიცდიდი. გადაჭარბებით სენტიმენტალური არსება გახლდით და ამით აიხსნება, რომ გრძნობაზე მოქმედი წიგნები ძლიერ გავლენას ახდენდნენ ჩემზე. ქალი კამელიებით და ბიძია თომას ქოხი რომ წავიკითხე, ჩვენს ისლნარში, ღამითაც კი დაწოლილი ვერ ვიმაგრებდი ცრემლებს. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე გამსუნის ვიქტორიამ, რომელიც აგრეთვე სოფლის სიწყნარეში წავიკითხე ტყეში განმარტოებულმა და წისქვილის რომანტიკულ ბურანში გამხვია. საერთოდ გამსუნი ახალგაზრდობის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო. ადრე მაქვს წაკითხული მისი „პანი“, „შიმშილი“ და სხვა. ამ ნაწარმოებით ვაბოდებდი. განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ვოინიჩის „კრაზანამ“, რომელიც უნივერსალური ბიბლიოთეკის მიერ იყო გამოცემული, პატარა ზომისა და ყვითელ თხელ ყდაში. ვფიქრობ, ამ წიგნმა გარკვეული როლი შეასრულა ჩვენი ახალგაზრდობის ეროვნული შეგნების გაღვივებაში.

სახლში ხშირად მიხდებოდა ქათმის დაკვლა. ქალის დაკლულს არავინ ჭამდა. ბაბუაც, როგორც მღვდელი ქათამს არ კლავდა. თუ სახლში არავინ იყო მამაკაცთაგანი, მძიმე მოვალოება მე მაქვს კისერზე, მათ ცოდვებს როგორმე ვზიდავ, მაგრამ დღესაც არ მშორდება მეხსიერებიდან ერთი ცოდვა, რომელიც ბავშვობაში ჩავიდინე. ერთი კატა გვყავდა. არ ვიცი, შაშვი შეგვიჭამა თუ კვერცხის გემოს გაეცნო, რომ მისი ჩამოხრჩობა მე მხვდა წილად. ტყეში წავიყვანე მკერდში ჩახუტებული (ასე გავიტყუე). თან ღვლეჭი წავიღე, ბაწრის ღირსიც კი არ გავხადე, იმით ჩამოვახრჩვე ხის ერთ-ერთ ტოტზე. ახლაც თვალწინ მიდგას ის საცოდავი. ასეთი ღრმაა ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება,

მაგრამ ჩემი ყველაზე უფრო საყვარელი ადგილი –  ეს იყო საქარი, მეტადრე თუ ქარი ქროდა (ქარი კი ხშირად უბერავდა) და იგი მიუწვდომელი ხმაურით აივსებოდა ხოლმე. დღისით და ღამით ამ საქარზე ვიყავი მიჯაჭვული. რა მიზიდავდა იქ, რა მიტაცებდა? არ ვიცი, ვერ ამიხსნია. კვამლითა და ჭვარტლით სავსე სამზარეულოში უფრო ხშირად მყოფს, საქარში წამოწოლილს სასახლეები მეჩვენებოდა, ბროლის კოშკებზე ვოცნებობდი. აქ ცოცხლად ვხედავდი თითქოს ფერიებს თმები რომ მხრებზე ეღვრებოდათ. ეს საქარი იცავდა სახლს, ქარს რია-რია რომ არ წაეღო. საქარი ახლაც არის, იგი შედგება რცხილისა, ისლისა და წიფლის ხეებისგან, რომლებიც მრავალ თრითინას ასაზრდოებდნენ. ახლაც მესმის თითქოს ზამთარში ცივი, მთელ ტანში გამჭოლი და ზაფხულში კი საოცრად გახურებული ცხელი ზენა ქარის ხმაური. მიუხედავად საქარის არსებობისა რამდენჯერ დაბურდღაბებულა ჩვენი სახლის ისლის სახურავი და ბაბუაჩემისთვის ახალი საქმე გაუჩენია. ჩვენი სამთვალიანი სახლი მაღალ კორტოხზე იყო აგებული. ძირს წყალწითელას ვიწრო ველია გაშლილი. საოცარი ზნისა იყო ეს მდინარე. ზაფხულში სულ პატარა ნაკადულად იქცეოდა, მაგრამ გადაუღებელ წვიმაში? იქაურობას იკლებდა. მოედებოდა არემარეს და არაფერს არ ზოგავდა. მისი ხმაური, განსაკუთრებით ღამის სიჩუმეში, ჩვენს სახლამდე კარგად აღწევდა. იქედან ბაყაყების გამბული ყიყინიც კარგად აღწევდა ჩვენამდე. ზაფხულში ხშირად გვიხდებოდა მათი კონცერტის მოსმენა. მიყვარდა ეს ხმაური… ახლაც ყურში მიდგას ის.

წინ ნაქერალაა აზიდული. ჩვენში ხშირი წვიმები იცოდა. მაშინ არ ვიცოდი, ცხადია, ამის მიზეზი. შემდეგ გავიგე რომელიღაც წიგნით, რომ: ნაქერალას მთა ასრულებს ერთგვარ აკუმულატორის როლს: შავი ზღვიდან წამოსული ჰაერის ნაკადი აქ ჩერდება, იკუმშება და ნალექებად იქცევა. თუ არ ვცდები, ამით ხსნიან ტყიბულის რაიონში ნალექების დიდ რაოდენობას. აქ მართლაც თავსხმა წვიმები იცოდა. წვიმას რომ დაიწყებდა, თუ გამოიდარებდა, აღარ მეგონა. უნდა გამოვტყდე, რომ ეს წვიმებიც მიზიდავდა. რა ჯობდა მუხლებამდე დაკაპიწებული შარვლით, ფეხშიშველები რომ დავრბოდით და ვზელდით სოფლის აყალო მიწას, ვეტანებოდით ადიდებულ ნაკადულებს, რომელსაც ხშირად გაუტაცნიათ ხოლმე ჩალის ღეროებისგან ჩვენ მიერ დიდი ვაი ვაგლახით დამზადებული წისქვილები. თითქოს მთელი სხეული იწოვდა მიწისაგან წყალს, თითონ მიწას. მიწიერნი ვიყავით, სავსენი ტყითა და სიმწვანით, მზითა და მთვარით, რომელიც ჩიქვის თავზე ქათქათებდა. რა სიამოვნებას გვანიჭებდა მაცოცხლებელი, მაგრილებელი ღამის ნამი, რომელიც ბალახში მოსიარულეთ ფეხის გულებს სასიამოვნოდ გვისველებდა, სიმინდის იღლიებში რომ ჩაგუბდებოდა და შემდეგ ფესვებში წვეთწვეთად ჩადიოდა. რამდენჯერ გალუმპული გამოვსულვარ სიმინდის ყანიდან.

განა შეედრება რამე შემოდგომის სოფელში ყოფნას! (ყველა დროს თავისი შნო და სილამაზე აქვს, როგორც ეს დედა ენაში იყო მოთხრობილი). ზიხარ დახვავებულ სიმინდში და არჩევ მას. ცივსა და ნამიან ტაროებს ცალკე ისვრი, ნაქურჩალს – ცალკე. სულ სიმინდის ბეწვებში ხარ გახვეული. გიხარია, როცა ჭყინტ სიმინდს წააწყდები. მოხარშავ ან ნაკვერცხლებზე შეწვავ და გემრიელად შეექცევი. ეს ნამდვილი ბედნიერება იყო. ან ნიგვზის მოხალვა გრძელი ჭოგრით და შემდეგ კაჭალი კაკლის ძებნა ბალახებს შორის. რამდენ სიხარულს გვანიჭებდა თითოეულის პოვნა. განა ვინმე გვიშლიდა, აგვეღო რამდენიც გვინდოდა იქვე ხის ძირშ დაყრილი გორვადან! არავინ. მაგრამ სადღაც თითონ ნიგვზის ფოთოლ ქვეშ მიმალული კაკლის პოვნა გვახარებდა. ასევე გვახარებდა დარეკილი წაბლის ძებნა და მისი უეცარი პოვნა. რამდენი სულ ნორჩი, ახლად ამოსული წაბლის ჩითილი გაგვინადგურებია. მოვთრიდით ხოლმე, ველოდით, რომ ნედლი წაბლი ამოყვებოდა. ასევე ვეძებდით თხილის მორჩებს. ამ შემთხვევაში თაგვები გვიწევდნენ საოცარ მეტოქეობას: ძირს დავარდნილ ტყის თხილს ისინი მიირთმევდნენ.

ხილის დიდი მუსუსი ვიყავით ბავშვები. კაცმა რომ თქვას, არც გვაკლდა ის სოფელში. საკუთარიც საკმარისი იყო. მაგრამ თითქოს რაღაც მეტი გემო ჰქონდა შუკაში გადმომდგარ რომელიმე მეზობლის ლეღვის შტოზე მოკრეფილ მწიფე, დამსკდარ ლეღვს, რომლიდანაც შარბათივით ტკბილი წვენი ჟონავდა, ანდა ქლიავი. ვეძებდით ისეთებს, რომლებსაც წებო გადმოსდიოდა: ასეთებს მეტ გემოს ვატანდით. მთელი ბედნიერება იყო აგრეთვე ტყეში მოცვის კრეფა და ჭამა. მაგამ ყველაზე მეტ სიხარულს გვანიჭებდა ნაძებარას – რთველის შემდეგ ვენახში ჩარჩნილი ყურძნის პოვნა. თუნდაც რამდენიმე ბუმპალისა. მას სულ სხვა გემო ჰქონდა.

სულ სხვა გემო ქონდა აგრეთვე ზამთარში სხვენზე შენახულ დამჭკნარ ვაშლს. რა სიამოვნებით შევექცეოდით ხოლმე. როგორც მოგახსენეთ, ხილის დიდი მოყვარული გახლდით. წვიმაც რომ ყოფილიყო თავზე ტომარას გადავიხურავდი, ხელში კალათით შევიდოდი ვენახში ატმის დასაკრეფად და შემდეგ კერიის პირას სიამოვნებით გიახლებოდით მას. სახეთქი ატამი გვიყვარდა ბავშვებს და უმთავრესად მას ვეტანებოდით. ატმის ყველა ძირი ვიცოდით. მათ და ეზოში მყოფ ლეღვის ხეებს ახლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში.

საყვარელია სოფელი. იქ გრნობ კაცი ბუნებასთან სიახლოვეს, რაც ადამიანში სილამაზის გრძნობას ანვიტარებს. მე არც წარმომიდგენია რამე იმაზე ლამაზი, როგორიც არის მოშრიალე ხე, მოჩუხჩუხე ნაკადული, ათასფერი მთის მინდვრის ყვავილები, რომელ მხატვარს შეუძლია ნაკადულის ჩუხჩუხის მარადისობის, ხის შრიალის, ყვავილთა ღაღანის, ფრთოსანთა ჟღურტულის გადმოცემა. იმ საკრალური კავშირის გადმოცემა, რომელიც სოფელში ბუნებასა და ადამიანს შორის მყარდება, რასაც ადამიანში დიდი სიმშვიდე და კმაყოფილება შეაქვს.

საოცრად მიყვარდა, როცა სოფელში ძლიერი წვიმის დროს მამლის ყივილს გავიგონებდი: ეს გამოდარების ნიშნად მიმაჩნდა. ან როცა წვიმის დროს კატა პირზე თათს დაისვამდა: კატა პირს იბანს, მაშასადამე, გამოიდარებსო – იტყოდნენ.

ყველა ასეთი რწმენა და ხალხის დაკვირვება ბუნების მოვლენებზე ბაბუას კარგად ჰქონდა შესისხლხორცებული. საოცარია: შუბლზე ხელის გულს მიიფარებდა, მთვარეს გახედავდა და იტყოდა – ქარი ამოვარდებაო – ქარი მართლაც ამოვიდოდა. ბაბუას ჰქონდა თავისი საყვარელი საგნები. ერთ-ერთი ასეთი რამ იყო ღვინის სასმელი ჭინჭილა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ღვინის მოყვარული კაცი იყო. ხშირად მოდიოდა მრევლიდან შექეიფიანებული. მხოლოდ ზომიერებას არ კარგავდა.

თვითონაც ჰქონდა ვენახი, მაგრამ შინდაწურული ღვინო ყოფნიდა. ყოველ დღე უნდა დაელია ერთი ბოთლი მაინც სადილად. ყურძენს თვითონ წურავდა საწნახელში, რა თქმა უნდა ფეხით. თითონ რეცხავდა ჭურებს ბალის კანით. მისი სახელი აღარ მახსოვს. აყენებდა სახარჯო ღვინოს. ასეთს რატოღაც უფრო ღამ-ღამობით სვამდა ვახშმობისას. სვამდა უსთუოდ ჭინჭილით. ხანდახან ამ ამოჩემებული ჭინჭილით მეც დამალევინებდა წყალღვინოს. ეს დიდი პატივისცემა იყო ჩემთვის. როგორც მახსოვს, ბაბუამ პირველად გააშენა ჩვენში აკაციის ხე. კარგი სახარდნე არის და კანიც ვენახის ასახვევად გამოდგებაო – გვეტყოდა ხოლმე.

ძლიერ მიყვარდა საეკლესიო დღესასწაული, რომელსაც ჩვენი სოფელი იხდიდა. ეს იყო მარიამობა – 15 აგვისტოს. ამ დროს ყოველთვის სოფელში ვიყავით ხოლმე. შინაურელები ქუთაისიდან აუცილებლად ამოვიდოდნენ. იყო ერთი მზადება. ქათმების, ინდაურებისა და ღორების წყვეტა. ბიძია ელისე ქუთაისიდან საზამთროთი და ნესვით დატვირთული ამოვიდოდა. ბაბუას ღვინის მომარაგება ევალებოდა. ღვინო მას ზოვრეთიდან, ან ახლო-მახლო სოფლებიდან მოჰქონდა. ერთეხლ მეც გავყევი სოფელ კისორეთში. ეს სოფელი იყო ბიცოლა ჩემის მამულეთი. ღვინო ბლომად მოდიოდა და ბაბუაც მისგან იძენდა ხოლმე მას. სტუმრები მოდიოდნენ შორეული სოფლებიდან. უმთავრესად ზოვრეთიდამ და ტელეფადან: ესენი იყვნენ უმთავრესად ვარდოსანიძეები, კირკიტაძეები და სხვ. იყო ერთი პავლე კირკიტაძე, ჩვენი ცნობილი მსახიობის ლაფერაძის ახლბელი (ბებიის ძმა) – სახლში ძლივს შემოდიოდა, ნამდვილი დევკაცი იყო. მასზე უფრო ზორბა იყო ჩვენი მუდმივი სტუმარი, მგონი, იმავე სოფლიდან, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გვარად ლოლუაშვილი. წყაროდან ცალი ხელით ორ ჩაფ წყალს ამოიტანდა ხოლმე. იმ ღონის კაცი ცოტა ვინმე მინახავს. დროს კარგად ატარებდნენ, მაგრამ მე სახლი სრულიად არ მიტაცებდა. ჩემი ლტოლვის ადგილი ეკლესიის გალავანი იყო. აქ იცოდნენ ჯარობა. აქ ეწყობოდა ლხინი. აქ იკრიბებოდნენ ქალიშვილები და ვაჟები. აქ იბმებოდა მათ შორის სულიერი კავშირი. მაჭანკლებიც კარგად სარგებლობდნენ ჯარობით: ერთმანეთს ანახვებდნენ, აცნობდნენ ხოლმე ერთმანეთს საპატარძლოებსა და სასიძოებს. აქ ხდებოდა გარიგება მათ მშობლებს შორისაც. იყო არღნისა და გარმოშკის ერთი გაუთავებელი ღრიალი და ჭყვიტინი. ყმაწვილს რომ უფრო ესახელებია თავი, კალოშები უნდა ჩაეცვა და ცეკვაში გასვლის წინ მეარღნესთან უნდა გაეხადა. სარგებლობდნენ მეწვრილმანეებიც, მოჰქონდათ ყუთებით გასაყიდათ თავსაფრები, ნემსები, ჩითი და სხვ. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა ლიმონათი. ჯარობაზე უმთავრესად უკვე ღვინოდალეულები მოდიოდნენ. შორეული სტუმრები ცხენებს იქვე გამოაბამდნენ ღობეს და თვითონ ლხინში ებმებოდნენ. ბევრ აყალ-მაყალსაც ჰქონდა ადგილი. ღვინისგან შუბლ გახურებული ახალგაზრდები წონასწორობას ჰკარგავდნენ. განსაკუთრებით ცეკვაში ეცილებოდნენ ერთმანეთს: რიგზე მოსდიოდათ შელაპარაკება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა. მთვრალები აღარ ზოგავდნენ ერთმანეთს, ღობეს ანგრევდნენ, სარებს ურტყამდნენ.  ჩვენი ღობეც ბევრჯელ დაზარალებულა მარიობა დღეს. ბევრი თავგატეხილიც მინახავს. იყო ერთი წივილ-კივილი, ლანძღვა, გინება. ლხინს ბევრი ცრემლიც მოსდევდა თან. შემდეგში, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უბედური შემთხვევები, ჯარობაზე პოლიციის მოხელეებმაც იწყეს სიარული – პრისტავი და გოროდოვები მამლაყინწობდნენ თავმოყრილ ხალხში.

 

***

ბავშვებს განსაკუთრებით ერთი მოვალეობის შესრულება გვახარებდა. ეს იყო საქონლის გადენა მინდვრებში, მეტადრე თუ მწყემსობა ტყიბულაში ან სოფელ დაბაძველში მოგვიხდებოდა. დაბაძველში იმიტომ, რომ იქ ჩვენი მიწის ნაკვეთი მდიდარი იყო არა მარტო სამყურა ბალახით, არამედ ხილითაც. დიდძალი მაყვალი იცოდა. გადავიკიდებდით მხარზე ბლის კანისგან გაკეთბულ შესანიშნავ მბზინავ ჩანთას, რომელშიც უფრო შირად ჭადი გვქონდა დღის საგზლად. ჭადს გავჭრიდით შუაზე და შიგ მაყვალს ჩავყრიდით. უფრო გემრიელი არც მეგონა, თუ იყო რამე. გარდა ისრიმში ჩადებულ კეცებში შემწვარ ქათმისა, რომელსაც კვირა დღეებით ამზადებდნენ მხოლოდ (ზაფხულობით). ტყიბულაში უფრო გაშლილი მინდვრები იყო. იქ სოფლის ბავშვებს ვხვდებოდით და უფრო ახლოს ვეცნობოდით ერთმანეთის ჭირვარამს. აქ მეტი გასაქანი ეძლეოდა ჩვენს ბავშვურ ცელქობას, თამაშს, ფანტაზიას. უმთავრესად გვიმრალი იყო. მარწყვი იცოდა. თუ ცოტა ზიანი ჰქონდა მარწყვს – არ ვეკარებოდით, გველის დასუნულიაო – ვამბობდით. ქვემძრომმა გამახსენა, ერთხელ, როცა ძლიერი სიცხე იყო, ბაბუამ ცივი წყლის მოსატანად გამიშვა. ყანაში ვიყავით სათოხნად. ბილიკი გვიმრალში გადიოდა. არ ვიცი, ფეხი დავადგი თუ რა იყო… სივილი შემომესმა. კუდზე დადგა. დავფრთხი და მოვკურცხლე. ამბობენ მის ხსენებაზე ვიღაც ძვირს ამბობსო – ჩვენც მოვშვათ მართლა უხსენებელზე საუბარს, ბევრი მომივიდა.

ბავშვობისას ბავშვები თავს ვირთობდით გვიმრების დაჭიდებით. ვინც ძლიერ, ღონიერ გვიმრას მოძებნიდა და მოწინააღმდეგის გვიმრის ტოტს მოტეხდა (ტოტების ერთმანეთზე გამოდებით) ის იმარჯვებდა. ხანდახან დიდხანს ვეჭაჭებოდით, ვწევდით გვიმრებს თავისაკენ, ხელის გულებზე ტყავს ვიძრობდით, ცოტას ვერც ერთი მხარე ვერ ვტეხდით. ყველაზე გასართობი ჩვენთვის მაინც ხარეშას დაჭიდება იყო. გვყავდა ერთი ცეცხლისფერი, კარგი გამწევი ზორბა ხარი – წიქარას ვეძახდით. იმით ვამაყობდი. სოფლის ცოტა ხარი თუ უძლებდა მას ჭიდაობაში. ძლიერ ვეფერებოდი. ალერდი და საუკეთესო საძოვარი ადგილი მისთვის მქონდა შემონახული. და კარგი მოვლილიც ჩანდა. საღამოთი მლაშე წყალთან მივრეკავდით საქონელს. წურბელასავით ეწაფებოდა პირუტყვი ამ წყალს და სახლში მუცელ დაბერილები მიგვყავდა ხოლმე. ვტრაბახობდით კიდევაც: აი, ასე დავაძღეთ საქონლით.

არაფერი ბავშვური არ იყო ჩვენთვის უცხო. საოცარია: ახლა ორი დღის უკან რა მოხდა – ძლივს მახსოვს. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებათა თითქმის ყოველი დეტალი ისევ ცოცხალია მეხსიერებაში. საღამოთი სიმინდით ან ყურძნით სავსე ძარების ურმით მოტანა სახლში და მისი ჭრიალი, ქათმების კაკანი, წიწილების წრიაპი და ჭუკების ჭუჭუნი, ბატების ყაყანი, გაგანია სიცხეში ვასაკას ყიყინი, რაც წვიმის მომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა და საერთოდ სოფლის მეტად მდიდარი, მრავალფეროვანი სამყარო, ბუნებასთან უშუალო კავშირი, ბავშვში ზრდიდა და ზრდის სილამაზის გრძნობას, ცნობისმოყვარეობას, ესთეტიკურ გემოვნებას, ვიტყოდი, ჰუმანისტურ მსოფლგზნებას.

არ მეგულება არავინ, ვისაც სოფელში გაუტარებია ბავშვობა, რომ მას, სოფელს რომანტიკული გატაცებით არ იგონებდეს. მეც ასეთი მღელვარებით ვიგონებ ხოლმე სოფელს, ჩემს ეზოს, მის ყოველ ხეს, თხილის ბუჩქებს, ცაცხვის ყვავილებზე მისეულ ფუტკარს,  ტირიფს, რომლის ტოტები პატარა ნაკადულში ირეკლებოდა, კოლინდარს, რომლებზედაც ჩემი ბავშვობა დარბოდა, ციმციმა ვარსკვლავებს, სიმინდის ფოთლების შრიალს, გაბადრულ მთვარეს, რომლის შუქშიაც ბავშვის მდიდარი ოცნება ჰხაროდა.

მახსოვს, სოფლიდან რომ წამოვედი შემოდგომა იყო, ისიც მახსოვს, რომ მამამ წამომიყვანა. ბებიამ ხილით სავსე კალათა მომცა ხელში და რკინიგზის ლიანდაგამდე ჩამომაცილა. კალათიც მან წამომიღო. დამკოცნა, დამლოცა და დამემშვიდობა. მიჭირდა, მაგრამ მონდომებით მომქონდა კალათა და კარგა მოზრდილი ხოკერა კვახიც, რომელიც ბებიამ განსაკუთრებული მზრუნველობით გამომატანა. სადგურ ხრესილამდე ორი-სამი კილომეტრით არის სავლელი რკინიგზა. სულ პატარა მანძილი მქონდა გამოვლილი, რომ კვახი ხელიდან გამისხლტა და კლდის ნაშალზე დამიგორდა. იმ კლდეს შემდეგშიც ყოველთვის ერთგვარი ათვალწუნებით ჩაუვლიდი ხოლმე. გასკდა და ნაკუწ-ნაკუწად იქცა. გული მას გაჰყვა. არ იმოქმედებდა, ცხადია, ეს კატასტროფა ჩემზე ასე მტკივნეულად, რომ კვახი ბებიას არ გამოეტნია. ბებია ხომ ყველაფერს მერჩია. შემთხვევამ მეტად მატკინა გული, მაგრამ რას ვიზამდი. ბედს დავმორჩილდი და მამას ავედევნე.

საღამო ხანი იყო ქუთაისს რომ წავადექი თავზე. ციოდა. ქალაქი ნისლში იყო გახვეული. სოფლის, და ისიც ძუკნურის შემდეგ, სადაც მხოლოდ ჩემს ნათლიას, ბლაღოჩინ დავით სირბილაძეს ჰქონდა ყავრით გადახურული და ქვით ნაგები სახლი, ქუთაისი რაღაც ზღაპრულ ქალაქად მეჩვენა. ორსართულიანმა სახლებმა გამაოცეს, მეგონა, ამ სახლებში მეფეები და უფლისწულები ცხოვრობდნენ მხოლოდ. არ მახსოვს წელი, როცა სოფლიდან წამომიყვანეს. ვიქნებოდი შვიდი-რვა წლის. წერა კითხვისა არაფერი გამეგებოდა. ვინ შემასწავლიდა სოფელში? არა თუ სოფლად, ქუთაისში ყოფნისას, მაშინაც კი, როცა მამასთან ვცხოვრობდი, სახლში წიგნი არ დამინახავს. თუ შემდეგ რაიმე წამიკითხავს – მხოლოდ ბიბლიოთეკაში. ეს იყო ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა, რომელიც მწვანე ბაზარის გვერდით მდებარეობდა და რომელსაც, თუ არ ვცდები, პროკოფი დოლიძე განაგებდა. ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალი ძლიერ სიმპათიურად მეპყრობოდა, წიგნებს თვითონ შემირჩევდა ხოლმე და მატანდა სახლში საკითხავად. ქუთაისში ჩასვლისას მამამ მომათავსა თავისთან ერთ-ერთ ოჯახში. ეს ოჯახი იყო ცნობილი ტიხონ ასათიანისა (რიონის მარჯვენა ნაპირზე). ტიხონ ასათიანს ეკუთვნდა სწორედ ქუთაისში პირველად გახსნილი კინოთეატრი, რომელიც გიმნაზიის პირდაპირ რომ იყო. ტიხონ ასათიანს ჰყავდა შესანიშნავი დები, განათლებულნი, სტუმართ მოყვარენი. ერთ-ერთმა მათგანმა (სამწუხაროდ სახელიც აღარ მახსოვს) ითავა ჩემი მომზადება გიმნაზიაში მისაღებად. მახსოვს საღამოები, ევროპული და ქართული ცეკვები, რომლებიც ამ ოჯახში იმართებოდა და რომელთა უნებლიე დამსწრე მეც ვიყავი ხოლმე. თითქოს/გუშინ იყო, ისე ნათლად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში ახალგაზრდა, ცქრიალა, კისკისა ქალიშვილი ბაბილინა კლდიაშვილი, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობდა თავისი გრაციოზული ცეკვით, რაშიც სიცოცხლის შუქი შეჰქონდა მას. ბაბილინა ახლა დამსახურებული მასწავლებელია, უკვე მოხუცი და მადლიერების გრძნობით ვიგონებ მის ცეცხლოვან ახალგაზრდობას, რომელიც სიცოცხლის სიყვარულით იყო განათლებული.

უნდა მოვმზადებულიყავი კლასიკური გიმნაზიის მეორე განყოფილებაში მისაღებად. ამ ამოცანის შესრულება არც ერთ პედაგოგს არ შეეძლო. რუსულად წერა-კითხვის შესწავლა ჩემთვის ისე, რომ გამოცდა ჩამებარებინა ძნელი იყო. ოკრიბელ ბიჭს მანამდე რუსული ერთი სიტყვაც არ გამეგონა და წლის მანძილზე როგორ გადავლახავდი ამ დაბრკოლებას. და აკი ვერც გადავლახე. გიმნაზიის მეორე განყოფილებაში არ მიმღეს. მამაჩემმა აიღო და რეალურ სასწავლებელში შემიყვანა, ისიც პირველ განყოფილებაში. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ შემდეგში სწავლა არ გამძნელებია.

მემუარული ლიტერატურა ძველ სასწავლებლებს ძალიან მუქი ფერებით გვიხატავს. ეს სასწავლებლები წარმოადგენდნენ გარუსების კერებს, სწავლა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. შემოღებული იყო მოსწავლეთა ცემა-ტყეპა, კარცერებში მოთავსება და ათასგვარი სხვა სასჯელები. ჩემს დროს ასეთს ურთიერთობას პედაგოგებსა და მოსწავლეთა შორის არ ჰქონია ადგილი. ეს ურთიერთობა უფრო ჰუმანური ხასიათისა იყო. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. რეალურ სასწავლებელში მე შევედი 1903 წელს, მაშინ როცა პირველი რევოლუციის ქარიშხალი უკვე მოახლოებული იყო.

სიამოვნებით ვიგონებ პირველ და მეორე განყოფილებაში გატარებულ ორ წელს. ჩვენი მასწავლებელი იყო ელენე ოქრომჭედლიშვილის ქალი, ბონდო მიქელაძის მეუღლე. ის იყო შესანიშნავი ადამიანი, აღმზრდელი,  მოსწავლეთა დიდი მოყვარული და კარგი პედაგოგი… არ მახსოვს, რომ მისგან შენიშვნა მიმეღოს. ერიდებოდა მოსწავლის დატუქსვას, დასჯას. ამიტომ იყო, რომ გულისტკივილით დავშორდით მას პირველ კლასში გადასვლისას.

რეალური სასწავლებელი ახლად გახსნილი იყო. განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი ჰქონდა არა ჰუმანიტარულ საგნებს, არამედ ბუნებისმეტყველებას და მათემატიკას. ქიმიასა და ფიზიკას. სასწავლებელს ჰქონდა ახალი, კარგად მოწყობილი ქიმიისა და ფიზიკის კაბინეტები, რომლებშიც პრაქტიკული მეცადინეობა ტარდებოდა. იყო ხატვის მშვენიერი კაბინეტი თაბაშირის მრავალნაირი სტატუებით გაწყობილი.

გვყვანდნენ რეაქციონერი, რუსიფიკატორი, შავრაზემლი მასწავლებლები. მათი გვარებიც არ მახსოვს. იდევნებოდა ქართული ენა, ისე როგორც ყველა სხვა სახელმწიფო სასწავლებლებში. მაგრამ გვყავდნენ ისეთებიც, რომლებსაც ახლაც პატივისცემითა და სიყვარულით ვიგონებ. მხედველობაში მყვანან ისინი, ვინც სხვადასხვა დროს მე მასწავლიდნენ. ესენი იყვნენ: სპირიდონ ჯორჯიკია, გიორგი სვანიძე, დავით ჩიმაკაძე, მუსიო ბებე, კორნელი მაღრაძე, ვ. კროტკოვი, ს. ღოღობერიძე და სხვ.

სპ. ჯორჯიკია გვასწავლიდა მათემატიკურ საგნებს: ალგებრას, გეომეტრიას, ტრიგონომეტრიას, უმაღლეს ანალიზს. სწორედ ეს საგნები ითვლებოდა ჩვენს სასწავლებელში მთავარ საგნებად. სპირიდონ ჯორჯიკია იყო მკაცრი, მომთხოვნი, მაგრამ საოცრად სამართლიანი მასწავლებელი. როცა გაკვეთილზე პირველად შემოვიდა, მოახერხა და ხელთ აიღო მთელი კლასი. მოწაფეები ხმაურობდნენ, სპირიდონი კარებში გაჩრდა და იქიდან ხმაამოუღებლად ათვალიერებდა ყოველ ჩვენთაგანს. არც განძრეულა, ვიდრე კლასში სამარისებური დუმილი არ დამყარდა. ნელა წამოვიდა ჟურნალით ხელში, სკამზე ჩამოჯდა და სათითაოდ გამოიძახა ყველა. შემდეგ შეუდგა გაკვეთილის ახსნას. ხმა არავის ამოუღია და შემდეგში ვერავინ ბედავდა მის გაკვეთილზე ცუღლუტობას. იცოდა გაკვეთილის შესანიშნავი ახსნა-განმარტება. როცა ყველა მოსწავლე ახლოს გაიცნო და იცოდა ვინ რა უნარს იჩენდა მის საგნებში – ახალ გაკვეთილს უმთავრესად ამა თუ იმ კარგ მოსწავლეს ახსნევინებდა. თუ შეცდებოდა რამეში ამ შეცდომას მიახვედრებდა. მათემატიკურ საგნებში ყველაზე ძლიერი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი სანდრო ცირეკიძე. ახალი გაკვეთილების ახსნაც მას უხდებოდა ხშირად. ჩვენი კლასის საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა გრ. კვანტრიშვილი. ისიც სპირიდონის ფავორიტი იყო. მათემატიკური საგნები ემარჯვებოდა აგრეთვე შალვა ჩიქვილაძეს. ეს იყო შვილი ყოფილი ღვდლის, ზოტიკე ჩიქვილაძისა, რომელმაც 1905 წელს ანაფორა წითელ დროშას ანაცვალა და ახლა მონაწილეობას ღებულობდა რევოლუციურ მოძრაობაში როგორც სოციალ-დემოკრატი. თუ მეხსიერება არ მღალატობს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მან გამოაქვეყნა თავისი მოგონებები 1905 წლის რევოლუციური მოძრაობიდან. ჩემი მეგობარი შალვა ჩიქვილაძე მეტად ნიჭიერი მოსწავლე იყო, ჰქონდა მშვენიერი, ხავერდოვანი ტემბრის ბარიტონი, მაგრამ თვის ხმას ნაკლები ყურადღება მიაქცია. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ და მათემატიკური საგნები მეც მემარჯვეოდა. დიპლომში სწორედ ამ საგნებში გამომყვა ხუთიანები. ეს იყო მიზეზი თუ ის, რომ კლასში დისციპლინა არასდროს დამირღვევია, წყნარი ვიყავი – სპირიდონი მეტად მანებივრებდა, კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. სპირიდონი საოცარი ფსიქოლოგი იყო, შემოვიდოდა კლასში, გადახედავდა მოსწავლეებს, თითქოს ატყობდა, ვინ არ იცოდა გაკვეთილი და სწორედ მას გამოიძახებდა. შემდეგ, როცა სასწავლებელი დავამთავრეთ მითხრა: თვალს ვინც მარიდებდა და არ უნდოდა, შემემჩნია – მას ვიძახებდი ხოლმეო. გვყავდა ერთი ამხანაგი შალვა გაბადაძე, რომელიც მათემატიკაში მოისუსტებდა. მახსენდება ერთი ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან. მის წინ იჯდა ახლანდელი ტერმინით რომ ვთქვათ ფრიადოსანი გარ. კვანტრიშვილი. სპ. ჯორჯიკიამ, არ მახსოვს, ალგებრის თუ გეომეტრიის ერთ-ერთ გაკვეთილზე რაღაც ამოცანა მოგვცა გამოსაყვანად. შალვა გაბადაძემ ვერ ამოხსნა ამოცანა და თურმე კვანტრიშვილს სთხოვდა, დამეხმარეო. კვანტრიშვილს უპასუხნია ჩუმად: მოიცა, ჯერ მე გამოვიყვანოვო. სპ. ჯორჯიკიას გაეგონა მათი დიალოგი, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ამასობაში გაკვეთილი დამთავრდა და ზარის ხმა გაისმა. ჩვენ მოგვესმა შალვა გაბადაძის ნაწყენი ხმა: „მოიცა, მოიცა და ქე დარეკეს აგერ“-ო. ყველას სიცილი შესკდა. ვერ შეიკავა სიცილი ვერც ჯორჯიკიამ, რომელიც შემდეგში შალვას „მოიცა, მოიცას“ ეძახოდა. უნდა დავძინო, რომ სწორედ ეს შალვა გაბადაძე გახდა შემდეგ მათემატიკის ჩინებული მასწავლებელი. მან მათემატიკის სახელმძღვანელოც შეადგინა და გამოსცა კიდეც. ასე რომ მოწაფეობის დროს მიღებული ნიშნები ხშირად ნაკლებად გამოდგება მოწაფის უარის შესაფასებლად. სპირიდონ ჯორჯიკიას ჰყავდა ორი შვილი. ერთს საშას ვეძახდით და ის ჩვენთან სწავლობდა. კარგი მოწაფე იყო. ლამაზი, მოხდენილი. შესანიშნავი გიმნასტი ამავე დროს. მეორე კოლია, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობდით (უფროსი იყო ჩვენზე) მასთან იყოვო დატოვებული. პეტერბურგის ჰავა ვერ აიტანა, ლეჯით დაავდდა და გარდაიცვალა. შვილის სიკვდილმა წელში გასტეხა სპირიდონი. შემდეგ სულ დაღვრემილი დადიოდა და ცდილობდა, თავისი მწუხარება არავისთვის მოეხვია თავზე. იტყოდა, კარგი მომავლის მქონე შვილი დამეკარგაო. სასწავლებელი რომ დავასრულე და პეტერბურგს გავემგზავრე, იქედან მადლობის წერილი გამოვუგზავნე ძვირფას მასწავლებელს ყურადღებისთვის, რასაც იგი არ მაკლებდა. არდადეგებზე ჩამოსვლისას გზაში შევხვდი, ღიმილით ჩამომართვა ხელი, მადლობა მითხრა, რომ გამიხსენეო. ასეთი თბილი ბარათების მიღებას ყოფილ მოსწავლეებიდან ნაკლებად ვარ ჩვეულიო.

გიმნასტიკაზე გამახსენდა. ის წელი ნამდვილი დღესასწაული იყო ჩვენთვის. ქუთაისს ეწვივნენ ჩეხოსლოვაკელი გიმნასტები „შევარდენის“ სახელწოდებით. მათი ვარჯიში ჩვენნი სასწავლებლის დიდ ეზოში მოეწყო. ვარჯიშმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მნახველებზე. გადაწყდა, ჩვენს სასწავლებელშიც ჩამოყალიბებულიყო მსურველთა ასეთი წრე. სასწავლებელმა შეიძინა ყველა ხელსაწყო. მრავალრიცხოვან წრეს სათავეში ჩაუდგა იასონ გაბაშვილი. მაღალი, გამხდარი, მეტად ხუმარა კაცი, რომელსაც ყველასთან რაღაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული. იასონი ჩვენი დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმიტომაც, რომ ის ბესიკის შტოს ეკუთვნოდა (ასე გაგვაცნო თავი). მისი თავდადებული მოღვაწეობა ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდაში ერთხელ კიდევ მომაგონა პოეტმა ზ. შერაზადაშვილმა, რომელმაც გაზეთ „ლელოში“ (1966 წ. N149) მოათავსა წერილი სათაურით „ტანვარჯიშის პირველი ქართველი მასწავლებელი“. გამოიყო დარბაზი, სადაც მეცადინეობა მიმდინარეობდა. საუკეთესო გიმნასტთა შორის ჩვენი სკოლიდან დამამახსოვრდა საშა ჯორჯიკია და ხაინდრავა, რომლებიც ლამაზად და თავისუფლად ასრულებდნენ პროგრამით გათვალისწინებულ ყოველგვარ ვარჯიშს. მეც გავხდი გიმნასტი. მამა სპეციალური ფორმაც შემიძინა, ეზოში ორმელის გაკეთების და ვარჯიშის უფლებაც დამრთო. ამავე დროს კატეგორიულად ამიკრძალა მგალობელთა გუნდში შესვლა. პირველ თუ მეორე კლასში ვიყავი, გუნდის ცნობილი ხელმძღვანელი კორნელი მაღრაძე გუნდისათვის ხმების შერჩევას ახდენდა. ხელში კამერტონი ეჭირა და იმით ამოწმებდა მოწაფეების სმენას. მეც გავიარე ეს გამოცდა, რის გამოც სიმწრის ოფლმა დამასხა. მაღრაძემ მიმიღო გუნდში, მაგრამ მამამ ამიკრძალა: რა გეგალობება, დროს წაგართმევს. ისა სჯობს, გაკვეთილები მოამზადეო. გუნდში სიარული დამიშალა, გიმნასტიკა – არა. საოცარი ხასიათისა იყო. ჩვენი სასწავლებლის გუნდში კი შესანიშნავი ხმების მქონე მოწაფეები ირიცხებოდნენ: მათში გამოირჩეოდნენ ერთი ყუფარაძე (სახელი აღარ მახსოვს), შემდეგში გიორგი ლასხიშვილის სიძე. მისი ხმა (ტენორი) რაღაც მომხიბლავი და დამამშვიდებელი ტემბრისა იყო. გუნდი მარტო ჩვენი სასწავლებლის ეკლესიას როდი ემსახურებოდა. კორნელი მაღრაძე საერო, ხალხური სიმღერების შესანიშნავი მცოდნე იყო და როგორც ვიცი, სიმღერის პირველი სკოლა ზოგმა ჩვენმა გამოჩენილმა მომღერალმა მასთან გაიარა. თითონ კორნელი იყო მეტად თავაზიანი, თავდაბალი და გულისხმიერი ადამიანი, რომელსაც პატივსა სცემდნენ არა მხოლოდ მისი გუნდის წევრები, არამედ ყველანი.

ერთს თუ ორ წელიწადს ფრანგულს გვასწავლიდა ფრანგი გვარად ბაბე. მისი მეუღლე ქართველი ქალი იყო. ბაბემ ქართულისა არაფერი იცოდა. ძლივს ამტვრევდა რუსულს. იყო მაღალი, გამხდარი, შავგრემანი. ჩვენ მოწაფეებს მისი ფრანგული გაკვეთილები კი არ გვიზიდავდა, ბაბე სხვა მხრივ იყო საინტერესო ადამიანი, სპეციალობით არ ვიცი, კარგად ბოტანიკოსი იყო თუ მინერალოგი. დადგებოდა თუ არა გაზაფხული ან შემოდგომა, მოწაფეები სისტემატურად ქალაქ გარეთ გავყავდით და გვაგროვებინებდა  სხვადასხვა მცენარეს თუ ქვებს. გვიხსნიდა თავისი დამტვრეული რუსულით და გვაყვარებდა ბუნების წიაღს.

გერმანულ ენას გვასწავლიდა გიორგი სვანიძე. შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც თავისი მდიდარი გულით მოწაფეთა სიყვარული ჰქონდა დამსახურებული. ჩინებული ადამიანი იყო. ის რომ რამდენიმე წელიწადს დარჩენილიყო ჩვენ მასწავლებლად, ბევრი კარგად აითვისებდა გერმანულს. გვიკითხავდა სხვადასხვა გერმანულ წიგნებს, გრიმის ზღაპრებიდან მოყოლებულს და იქვე გვიხსნიდა არა მარტო გრამატიკულ ფორმებს, არამედ წაკითხულის შინაარს. შემატყო, რომ გერმანული საკმაოდ მეადვილებოდა, რომ ამ ენას ვეუფლებოდი და თავის ბიბლიოთეკიდან მაძლევდა წასაკითხად და შესასწავლად სხვადასხვა ფერის კალენკორის ყდაში ჩასმულ წიგნებს.

ხატვას გვასწავლიდა ვ. კროტკოვი, შემდეგ კი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მარ. მესხი. ორივეს მოწაფეთა სიყვარული ჰქონდა დამსახურებული. ვ. კროტკოვი საგრძნობლად გამოირჩეოდა თავის რუს კოლეგებისგან, გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიული ტენდენციებით, კარგი ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ქართველ პედაგოგებთან და საერთოდ ქართული კულტურის წარმომადგენლებთან. დავით კლდიაშვილის იუბილეზე, რომელიც 1930 წელს გადაუხადა დიდ მწერალს ჩვენმა ხალხმა, ვ. კროტკოვმა მას მიართვა თავისი ნახატი, რომელზედაც აღდგენილია დ. კლდიაშვილი, როგორც რაზმის მეთაური, რომელიც ბათუმს იცავდა თურქეთის შემოსევისგან 1918 წელს. მე სავსებით მოკლებული ვიყავი ხატვის ნიჭს, მაგრამ კროტკოვი მიყვარდა, როგოც მსახიობი და კარგი დეკლმატორი. საერთოდ ჩვენს კლასში არავის გამოუჩენია ხატვის ნიჭი, გამონაკლისს წარმოადგენდა თანაკლასელი, ჩუმი, თავდაჭერილი და კეთილი მოწაფე შალვა მამალაძე. კარგი ოჯახის შვილი იყო. იქვე იდგა სასწავლებელთან ახლოს თბილისის ქუჩაზე. პირველად რომ მივედი მასთან სახლში, გაოცებული დავრჩი: მშვენივრად მორთული ოთახი ვნახე. ჩემი თავი შემეცოდა, რა კონტრასტი იყო ჩემს საცხოვრებელ ბინასა (უფრო სწორად რომ ვთქვათ, ქოხსა) და მის ბინას შორის. თუ არ ვცდები, მამამისი მასწავლებელი იყო. მასწავლებელი კი საკმაოდ უზრუნველყოფილი იყო: თვეში 200-300 მანეთი ჰქონდა. როგორც ცნობილია, შალვა შემდეგში გამოჩენილი მხატვარი გახდა. მომწონდა და მიყვარდა მის მიერ ჩახატული გურიის პეიზაჟები. როგორც კროტკოვი, ისე გ. მესხი მას კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თავს დასტრიალებდნენ. შალვამ გაამართლა მათი იმედი. კროტკოვი მონაწილეობას იღებდა სცენისმოყვარეთა (რუს) მიერ გამართულ სპექტაკლებში და გამოდიოდა ლექსების კითხვით მასწავლებლებში მოწყობილ საღამოებზე. ჩემს სიცოცხლეში ერთხელ თუ ორჯერ წამიკითხავს ლექსი საჯაროდ. ერთი ლექსი რაღა – ისიც არ ვიცი ზეპირად. ვერ ვიმახსოვრებ, კითხვისას ჩემი ხმა რომ მესმის, საშინლად არ მსიამოვნებს, მევე მჭრის ყურს. იშვიათად მიმიღია ესთეტიკური კმაყოფილება მსახიობის მიერ წაკითხული ლექსისაგან. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე მსახიობი: ეს იყო გამოჩენილი მსახიობი კაჩალოვი, რომლის ხმაც ისე ჟღერდა, როგორც მუსიკა. დაჯილდოებული იყო შესანიშნავი უნარით, გადმოეცა ლექსის განწყობილება, შინაარსი, მისი ინტონაციური ჟღერადობა. ახლაც მესმის თითქოს მის მიერ წაკითხული პუშკინის ლექსები. მისთვის უცხო იყო ყალბი პათოსი, მელოდრამატიზმი, მაღალფარდოვანება. კითხულობდა უბრალოდ, თავისუფლად, ძალდაუტანებლად. დამამახსოვრდა ს. ზაქარიაძის მიერ წაკითხული აბაშელის ლექსი, მის მიერვე წაკითხული ნაწყვეტები ილია ჭავჭავაძის პროზიდან და აგრეთვე ვერიკო ანჯაფარიძის მიერ წაკითხული გრ. ორბელიანის  და სხვათა რამდენიმე ლექსი. მომწონს გ. საღარაძის დეკლამაცია. ნუ მიწყენენ მსახიობები, თუ ვიტყვი, რომ ჩემზე გაცილებით მეტ შთაბეჭდილებას ახდენს თვით ავტორების კითხვა: ალბათ იმიტომ, რომ მათში მე არ ვგრძნობ მომაკვდინებელ დაძაბულობასა და ყალბ პათოსს. მოწაფე ვიყავი და ალბათ ამიტომ მომწონდა კროტკოვის დეკლამაცია, რომელიც არ იყო თავისუფალი ნაკლოვანებისაგან, რომელიც ახლა ყურს მჭრის. სასწავლებლის დამთავრებისას რუსულის გამოცდაში შემხვდა „სპილენძის მხედარი“. როგორც მოგახსენეთ, ძალზე სუსტი დეკლამატორი ვიყავი, მაგრამ რა მექნა, გამოცდა იყო. დავიწყე პოემის ნაწყვეტის (დასაწყისის) კითხვა ზეპირად. „На берегу пустинных волн, стоял он дум великих полн и вдаль глядел“. ახლა მხოლოდ ეს სტრიქონები მახსოვს ზეპირად. დანაჩენი არაფერი. აღარ მახსოვდა ზეპირად არც „Тиха украинская ночь“, არც ის ნაწყვეტი გოგოლისა, სადაც „Троика“-ზეა ლაპარაკი. მაშინ ყველა ესენი (და მრავალი სხვა რამ რუსული კლასიკური ლიტერატურიდან)  ზეპირად უნდა გვცოდნოდა. წავიკითხე პოემის ნაწყვეტი, რაც შეიძლება გაბედულად და ტყლარჭვით, ხმის უადგილო ადგილას აწევით თუ დაწევით, მცდარი მახვილებით, საშინელი ყალბი პათოსით. ეს თუ მოეწონათ გამომცდელებს (მათ შორის კტორკოვს), რომ ოთხი დამიწერეს. წერაში მქონდა სამიანი და ატესტატშიც ერთადერთი სამიანი რუსულში გამომყვა. წერაში ასეთი თემა შემხვდა „Руй железо, пока горячо“. გუშინდელ დღესავით დამამახსოვრდა გამოცდის ის დღე. მაისის ბოლო თუ ივნისის პირველი რიცხვი იყო. ქუთაისის მაისი სულ სხვა მაისია. ბიბლიური სამოთხე თუ შეედრება მაშინ ქუთაისს, უბერავს ნელთბილი ზენა-ქარი. ბაღებში რა ყვავილები არ იფურჩქნება. მთელი ჰაერი ვარდისა და იასამანის სურნელებითაა გაჟღენთილი. მთელი ქალაქი მწვანითაა მოსილი. დილით ჩიტების ჟღურტული აყრუებს იქაურობას. ბუნება ზეიმობს თავის განახლებას. გულიც ხარობს. ბროლის დღე იყო ის დღეც, გამოცდის დღე. სუფთა კრიალა ცა ბრწყინავდა.

დიდ, სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს. ხელთ ახლად გაშლილი ვარდი მეჭირა. დაგვირიგეს საგამოცდო ქაღალდი. ვზივარ და ვწერ. ძლივს მეყო ქაღალდის მოცემული ფურცლები. რა დავწერე – აღარ მახსოვს. როგორ უნდა დამეწერა, როცა გრამატიკისა ცოტა რამ გამეგებოდა. ქართული გრამატიკა სულ არ მისწავლია. რუსულს გვასწავლიდნენ, მაგრამ მართლწერის კანონები ჩემს თავში ძნელად აღწევდნენ. მიჭირდა სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებაც. ზეპირში თუ კარგად ვუპასუხე ალბათ წერაში ვერ მქონდა კარგად საქმე და ამიტომ რუსულში სამიანი დამიწერეს. საერთოდ ჩვენი კლასი არ იყო ძლიერი რუსულ ენაში. გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე მოწაფე, რომელთა ოჯახებში რუსული ენა იყო გაბატონებული. ასეთები იყვნენ მაგალითად ილია ანდრონიკაშვილი, რომელიც კარგად ცხოვრობდა. რუსული შესანიშნავად იცოდა. ქართულთან კი მწყრალად იყო. ნაკითხი ახალგაზრდა იყო. კარგ მომავალს ვხედავდით მასში. იმედი არ გამართლდა. თბილისში შევხვდი რამდენიმეჯერ. თუ მოწაფეობის დროს ყოველთვის გამოწკიპული დადიოდა, ახლა ის პეწი აღარ ეტყობოდა. ვიხსენებდით ქუთაისს, ივანოვის ქუჩას და იმ სახლს, სადაც ის ცხოვრობდა. ყოფილ ამხანაგებს: ვინ სად იყო, აღარ ვიცოდი. მგონი, მისგან შევიტყვე, რომ გრ. კვანტრიშვილს საინჟენერო დაესრულებია და მალე გარდაცვლილიყო. ოჯახს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მალე მოკიდებოდა. მისი სახით ჩვენმა ქვეყანამ ნაადრევად ერთი კარგი სპეციალისტი დაჰკარგა. თვითონ ილია ანდრონიკაშვილი თბილისში მუშაობდა, მგონი, რომელიღაც რედაქციაში. ღვინის სმას შეჩვეოდა. ეს კიდევ არაფერი. ბანქოს თამაშს შეჩვეოდა და რასაც შოულობდა – აგებდა. ისიც ადრე გამოესალმა წუთისოფელს ისე, რომ ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო. შეეძლო კი.

სკოლის ყოფილ ამხანაგებიდან ახლაც სიამოვნებით ვხვდები დიმიტრი ხმიადაშვილს. კარგ სპეციალისტს რადიოტექნიკაში. მან რამდენიმე წიგნიც გამოსცა ამ დარგში. შეადგინა და გამოსცა რადიოტექნიკის ტერმინოლოგია. ამრიგად გარკვეული წვლილი შეიტანა ტექნიკური აზროვნების განვითარებაში.

როგორც აღვნიშნე, რეალურ სასწავლებელში მეტი პატივით სარგებლობდა საბუნებისმეტყველო და მათემატიკური საგნები, ვიდრე ჰუმანიტარული დისციპლინები. მაგრამ იყვნენ მოწაფეები, რომლებიც მეტ სიყვარულს მხატვრულ ლიტერატურას უთმობდნენ. ამ მოსწავლეთა რიცხვს ვეკუთვნოდით ჩვენც: სანდრო ცირეკიძე, გიორგი ჟღენტი (ბესო ჟღენტის უფროსი ძმა) და ამ სტრიქონების ავტორი. ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით, პირველი კლასიდანვე სკოლაში, სახლში თუ  ექსკურსიების დროს ერთმანეთს არ ვშორდებოდით. სკოლაში შესვენებების დროს განცალკევებულად ვიდექით და ვსაუბრობდით. თანაკლასელები დაგვცინოდნენ „სამებას“ გვიწოდებდნენ.

მოწაფეთა შორის ხშირად გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადადიოდა ხოლმე, ამხანაგები ერთმანეთს დაემდურებოდნენ. არ მახსოვს, რომ ჩვენ სამიდან რომელიმეს ვინმესთან რაიმე კინკლაობა მოსვლოდეს, საქმე იქამდე მისულიყოს, რომ ხმა არ გაეცა, ვერიდებოდით ცელქობას, უბრალო თამაშსაც კი.

ჩვენ სკოლაში ერთ დროს დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლელოს გატანა. უნცროსი კლასის მოსწავლეები კოჭას თამაშობდნენ. არც ერთ თამაშში მონაწილეობა არ მიგვიღია. გიორგის არ შეეეძლო თამაშით გაერთო თავი თვალების დაავადების გამო. არც იზიდავდა ახალგაზრდული გართობანი. სანდრო, როგორც გიორგიც და მეც, ვამჯობინებდით დასვენების დრო ლიტერატურულ საკითხებზე საუბრისათვის გამოგვეყენებია. ლელოს კი სიამოვნებით უყურებდნენ. საინტერესო იყო მისი ცქერა, როცა უფროსკლასელები თამაშობდნენ. მოსწავლეები იყოფოდნენ ჯგუფებად იმის მიხედვით, თუ ვინ რომელი მხარედან იყო. იმერლები ეთამაშებოდნენ გურულებს ან მეგრელებს, ან გურულები მეგრელებს და ა. შ. ჩემს მეხსიერებაში ჩარჩა ორი უფროსკლასელი. ესენი იყვნენ ხიდირბეგიშვილი და ბუჭუტა აბაშიძე. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი. იყო შესანიშნავი აღნაგობის, მაღალი, ფართო მხარბეჭებით, ლამაზი. თუ ბურთი მას ჩაუვარდებოდა ხელში, ლელო გატანილი იყო. წინ ვერავინ დაუდგებოდა. ეს ის ბუჭუტა აბაშიძე იყო, რომელსაც პაოლო იაშვილმა გულწრფელი ლექსი მიუძღვნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბუჭუტა როგორც ემიგრანტი საფრანგეთში ცხოვრობდა და იქ გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, მარნის ველზე:

პარიჟში დამრჩა ერთი საფლავი,

ლეგიონის ორდენის წევრი,

აღმოსავლეთში განთქმული გმირი.

და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის

მკვდარი მარნასთან.

პერლაშეზზე გასვენებული

ბუჭუტა აბაშიძე.

იმას ვამბობდი, მოსწავლეთა ნაწილი ლიტერატურით ვიყავით გატაცებული. სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, შევჩერდები ჩვენს „სამებაზე“, რომელშიც როგორც აღვნიშნე შედიოდნენ: სანდრო ცირეკიძე, გიორგი ჟღენტი და მე. სანდრო ცირეკიძე იმ პირობებში კარგად იყო მომზადებული, ქართული ლიტერატურიდან ყველაფერი წაკითხული ჰქონდა, კარგად იცოდა რუსული ლიტერატურა. იცოდა შესანიშნავი წერა, ვერ იტანდა მრავალსიტყვაობას. თავის პატარა მინიატურებს ათავსებდა ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთში, რომელსაც თუ არ ვცდები, „ჩვენი მეგობარი“ ეწოდებოდა. სკოლაშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი ფრაზა ყოველთვის ლაკონური და მოჭრილი იყო. გიორგი ჟღენტი დაჯილდოვებული იყო იშვიათი ორატორული ნიჭით და რაღაც ფენომენალური მეხსიერებით. როგორც ვთქვი, თვალები ტკიოდა, კითხვა უჭირდა. ხშირად ერთად ვამზადებდით გაკვეთილებს. მასთან დავდიოდი სახლში, მგონი, ლევაშოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. მთელი ოჯახი იქ იყო: დედა – ეს იშვიათი ქალი (ნინო ლორთქიფანიძე), მაღალი, სანდომიანი სახის, წყნარი და კეთილი. როგორც მისი შვილის ახლო მეგობარს – ყურადღებასა და ალერსს არ მაკლებდა. გიორგისთან ცხოვრობდა და ანეტა, რომელიც ქალთა ზავედენიაში სწავლობდა კარგად, მეორე და ქეთო. ხანდახან სოფლიდან მამა დავითიც ჩამოდიოდა. მამა ერთ დროს, მგონი, მათემატიკის მასწავლებელი იყო. მე ვკითხულობდი გაკვეთილებს, გიორგი ისმენდა. ის უფრო ადვილად ითვისებდა ვიდრე მე. ერთი მოსმენით უკვე იცოდა გაკვეთილი. სკოლაში ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები, განსაკუთრებით ლიტერატურული გმირების გასამართლებები. ამ საღამოებისა და გასამართლებების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურები იყვნენ გიორგი ჟღენტი, სანდრო ცირეკიძე, დავით მებუკე (ცვარ-ნამი), მეც ვღებულობდი მონაწილეობას და ასე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდნენ გიორგი ჟღენტი და ცვარ-ნამი.

გიორგი ჟღენტი გამოდიოდა რომელიმე გმირის ან დამცველი, ან ბრალმდებელი, მისი სიტყვა ყოველთვის შინაარსიანი და მჭერმეტყველური ხერხებით იყო ხოლმე წარმოთქმული, რის გამოც დამსწრენი (მოსწავლენი და პედაგოგები) მას ტაშით აჯილდოვებდნენ ხოლმე.

ცვარ-ნამი კითხულობდა საკუთარ ლექსებს. იყო მშვენიერი, თავისებური დეკლამატორი და იგიც ძალიან მოსწონდათ მსმენელებს. ჩვენი სასწავლებლის პედაგოგები (ქართული კულტურის მოამაგენი) მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, ესახელებოდათ, რომ ჩვენ სკოლაში სწავლობდა. როგორც ჩანს დათ. მებუკემ გაითვალისწინა, რომ რეალურ სასწავლებელში ქართული ენა არავითარი პატივისცემით არ სარგებლობდა, ადგა და ქართულ გიმნაზიაში გადავიდა, რითაც გული დაგვწყვიტა. ერთი პოეტი გვყავდა და ისიც წავიდა.

მართლაც, ქართული ენა, ისე როგორც კლასიკურ გიმნაზიაში, ჩვენთან აბუჩად იყო აგდებული. სასწავლებლის ხელმძღვანელი დირექტორი იყო პირწავარდნილი შავრაზმელი, ქართველების მოძულე და მდევნელი. ქართულ ენას ვერ გააგონებდი. ისედაც საზიზღარი ადამიანი იყო. ზორბა კაცი, ღორივით მსუქანი, არავითარი ურთიერთობა მოსწავლეებთან მას არ ჰქონდა, შორიდან თუ დავინახავდი. ჩვენი ინსპექტორი იყო ილარიონ ლორთქიფანიძე, ანიკო ქავთარაძის მამა, მაღალი, ლამაზი შესახედაობის კაცი. რუსიფიკატორულ პოლიტიკას, რომელსაც ცარიზმი ატარებდა, ილ. ლორთქიფანიძე ვერ შეცვლიდა. ისიც, როგორც სხვები, საერთო დინებას მიჰყვებოდა. ქართულ ენას კვირაში ერთი გაკვეთილი ჰქონდა დათმობილი, შაბათობით, ისიც მეექვსე. მოსწავლეების სურვილზე იყო დამოკიდებული დარჩებოდნენ ამ მეექვსე გაკვეთილზე თუ არა. არავინ პასუხს არ სთხოვდა. აბა, ერთი სხვა საგანი გამოეტოვებია ვინმეს: დაიწყებოდა გამოკითხვა და გამორკვევა დაუსწრებლობის მიზეზისა, ყოფაქცევაში ნიშნის დაკლებისა, მშობლების გამოძახებისა და ა. შ. ქართული ენის გაკვეთილს თუ ვინმე არ დაეწსრებოდა, პასუხს არავინ მოსთხოვდა. გულში უხაროდათ კიდეც. ამიტომ იყო ხშირათ ქართულს მოსწავლეთა ნახევარიც არ ესწრებოდა. ქართული ენის მასწავლებლად გვყავდა დავით ჩიმაკაძე, უკვე კარგად მოხუცებული, ჭლექით დაავადებული. იაშვიათი ადამიანი და დიდი პატრიოტი. თუ კი ვინმე ესწრებოდა ქართული ენის გაკვეთლებს – ესეც მისი ხათრით და წყალობით. გვაყვარებდა ქართულ ლიტერატურას, ქართული კულტურის თავდადებულ მოღვაწეებს. გვიკითხავდა თითონ, გვაკითხებდა, გვიხსნიდა. ლიტერატურული საღამოების მოწყობის ინიციატორი, სულისჩამდგემელი ის იყო. ის გვაძლევდა თემებს, გვავარჯიშებდა, ასწორებდა ჩვენს ნაწერებს. წასაკითხ რეფერატებს წინასწარ ეცნობოდა და რჩევას გვაძლევდა. ფიზიკურად მეტად სუსტი ადამიანი, მხრებში უკვე ოდნავ მოხრილი საოცარ სულიერ ენერგიას იჩენდა.

მოწაფეებმა: სანდრო ცირეკიძემ, გიორგი ჟღენტმა დ მე გადავწყვიტეთ ხელნაწერი ლიტერატურული ჟურნალი გამოგვეცა – სახელწოდებაც გამოვძებნეთ „ჩონგური“. ჩვენ ფარული განზრახვა საყვარელ ჩიმაკაძეს გავანდეთ. როგორ გაეხარდა ქართული ლიტერატურის ამ თავგამოდებულ ენთუზისტს. ალბათ ვერ წარმოედგინა, თუ რეალურ სასწავლებელში იქნებოდა ახალგაზრდების წრე, რომელიც ხელნაწერი ჟურნალის გამოცემას მოინდომებდა. მის მიერ ნორჩ გულებში ჩადებულმა თესლმა ნაყოფი გამოიღო. პირველი ნომერი ვაჩვენეთ –  წაიკითხა, შენიშვნები მოგვცა და გახარებულმა წაგვახალისა. ჟურნალის რედაქტორად სანდრო ცირეკიძე ავირჩიეთ, ერთი ნომერი შემომრჩა, სადღაც მიგდებული მაქვს მოწაფეობის ხანის პირველი ნაცოდვილარი. აგერ როდის წავიკითხე პატარა მინიატურა, რომელიც ჟურნალში დამიწერია, სირცხვილის სიწითლემ დამკრა. რა მიამიტური და გულუბრყვილო ვყოფილვარ 16 წლისა, მაგრამ გულში მაინც რაღაც სიამოვნება ვიგრძენი: თვალი მიდევნებია, როგორ და რაზე წერდნენ მაშინ სახელმოხვეჭილი მწერლები და მათთვის მიმიბაძავს. სანდრო ცირეკიძე, როგორც მოგეხსენებათ გაზეთებში იბეჭდებოდა, მაგრამ ისიც ჩიმაკაძისაგან იღებდა კონსულტაციებს. ჩვენს ხელნაწერ ჟურნალში ვათავსებდით ლექსებს, მინიატურებს, კრიტიკულ წერილებს (მცირე მოცულობისას), იუმორისტულ ნარკვევებს, სამწუხაროდ, ვეღარ ვიხსენებ რამდენი ნომერი გამოვეცით. სანდროს შემდეგ ჟურნალის რედაქტორობა მე დამევალა. სწორედ ამ ჟურნალის წყალობით გავიცანით უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი სოსო გრიშაშვილი. გაეგო, რომ ჩვენ ვცემდით ხელნწერ ჟურნალს, რომ ამ ჟურნალში მოვათავსეთ წერილი (თუ არ ვცდები სანდრო ცირეკიძის) მის შემოქმედებაზე და გაგვეცნო ისიდორე კვიცარიძის გაზეთების კიოსკთან. ჩვენი სიხარული მართლაც რომ აუწერელი იყო. საერთოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ ის. კვიცარიძის კიოსკი ის ადგილი იყო, სადაც თავს იყრიდა ქუთაისის ინტელიგენციის ნაღები. აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, იყო ერთი გაუთავებელი კამათი, ბაასი. ისიდორემ იცოდა ჩვენი ჯიბეების ავლადიდება, გადმოიღებდა გაზეთებს და გვეტყოდა: წაიკითხეთ, ბიჭებო, და თავთავიანთ ადგილებზე დააწყვეთო. ჩვენი საყვარელი გაზეთები იყვნენ „თემი“ გრ. დიასამიძის რედაქტორობით და „სახალხო ფურცლის“ დამატება. მათ ცის მანანასავით ველოდით  (დამატება კვირა დღეებით ერთვოდა). ამ გაზეთებში იბეჭდებოდა ლექსები, მოთხრობები და სხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებები. აქედან გავეცანით პირველად სანდრო შანშიაშვილის, ი. გრიშაშვილის, ს. აბაშელის და სხვათა პოეზიას.

ის. კვიცარიძის გაზეთების კანტორა ჩვენთვის წმინდა ადგილი იყო. აქ დავინახეთ პირველად დიდი აკაკი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი და სხვა იმდროისათის გამოჩენილი  პოეტები, ბელეტრისტები, საზოგად მოღვაწეები.

ჩვენ, მაშინდელ ახალგაზრდობას, წილად გვხვდა ბედნიერება, დავსწრებოდით აკაკის იუბილეს, რომელიც ქართველი ხალხის დღესასწაულად გადაიქცა. იყო სიტყვები, მისალმებები და დაუსრულებელი ოვაციები. დიდი მნიშვნელობა მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე ლექსმა „განთიადმა“. აკაკი სავარძელში ისხდა, თავი მაღლა ჰქონდა აწეული, თითქოს ცას შეჰყურებდა. არავითარი დეკლამაციური ხერხი არ გამოუყენებია, ხმისათვის არ აუწევია. თავისი ტკბილი, დარბაისლური ხმით წარმოთქვა ეს ლექსი ზეპირად, ღრმა განცდით, დარბაზს დიდხანს არ შეუწყვეტია ტაში.

მეექვსე კლასში ვიქნებდი, როცა მიმიხმო, ამოიღო ფული (რამდენი აღარ მახსოვს), მომცა და მითხრა: რა წიგნებიც გინდა, შეიძინეო. გავოცდი და ძალზე გამიხარდა. რა უნდა მეყიდა? ნანახი მქონდა სპექტაკლები: ჰამლეტი, ოტელო, მეფე ლირი, ვენეციელი ვაჭარი. არჩევანი შექსპირზე შეჩერდა. უკეთესს რას შევიძენდი. გავიქეცი წიგნის მაღაზიაში. შექსპირი ვიკითხე. გადმოიღეს თაროდან ოთხ ტომად გამოცემული ტრაგედიები. სქელ-სქელი ტომი იყო, რბილ ყდაში. ბედნიერად ვრაცხდი თავს. ხუმრობა საქმეა საკუთარი საკითხავი წიგნი გამიჩნდა შინ. კარგი ეზო გვქონდა. მუხნარის ჩრდილით სავსე. ამ ჩრდილებს შეფარებული ვკითხულობდი თავაუღებლად. ყველაფერი მესმოდა? არა მგონია. შემდეგში რამდენჯერმე წავიკითხე ეს ტრაგედიები, რომლებიც ვენგეროვის რედაქციით გამოიცა. ყოველ ტრაგედიას წამძღვარებული აქვს რუს ლიტერატურათმცოდნეების ფართო მოცულობის წერილები. ამ წერილებმა გამიადვილეს ტრაგედიების კითხვა.

ჩემი მოწაფეობის დროს ქუთაისი კულტურის მეორე ცენტრი, ეთნიურადაც იგი ქართული ქალაქი იყო. მას ჰყავდა შესანიშნავი ინტელიგენცია. აქ მოღვაწეობდნენ გიორგი ზდანოვიჩი, კიტა აბაშიძე, ი. ოცხელი, ყიფიანი, ალ. ჯანელიძე, დ. უზნაძე, ალ. გარსენაშვილი, გ. ახვლედიანი, ვ. ბერიძე და ვინ ჩამოთვლის მათ გვარებს. გამოდიოდა სხვადასხვა მიმართულების გაზეთები, იყო კამათი, რაც ხშირად ცხარე ხასიათს ღებულობდა. და რაც ჩვენში ინტერესს აღვიძებდა, იყო თეატრი, სხვადასხვა საზოგადოება, სახალხო უნივერსიტეტი, სადაც მეტად შინაარსიან და ცოცხალ ლექციებს კითხულობენ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ისეთი საზოგადო მოღვაწეები, როგორიც იყვნენ: დ. უზნაძე, ალ. ჯანელიძე, შალვა ნუცუბიძე, ალ. გარსევანიშვილი და მრავალი სხვა, რომელთა გვარები აღარ მახსოვს. მაგრამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაინც ქუთაისის თეატრი იდგა. ეს თეატრი იყო ქართული კულტურის, ქართული სიტყვის ერთ-ერთი მებაირაღტრე, პროგრესიული იდეების პროპაგანდისტი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელი. ქართული თეატრის მნიშვნელობის შესახებ ხალხის გათვითცნობიერების საქმეში ბევრი რამ დაიწერა. დაწერილსა და ნათქვამს ვეღარაფერს დავუმატებ. ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩემი თაობის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში თეატრმა უდიდესი როლი შეასრულა. პირადად ჩემზე მან წარუშლელი  გავლენა მოახდინა. ჩვენ, მოწაფეებს სასტიკად გვქონდა აკრძალული თეატრში სიარული, აკრძალული გვქონდა ალბათ იმიტომ,  რომ მთავრობის მოხელეებმა კარგად იცოდნენ, თუ რა ჯადოსნურ გავლენას ახდენდა ახალგაზრდა მაყურებელზე ცოცხალ ადამიანებში განსახირებული დემოკრატიული ტენდენციები. რეპერტუარი კი შედგებოდა პიესებისაგან, რომელშიც მოწინავე იდეები იყო გატარებული. ჩვენი კლასის ზედამხედველი იყო მაღრაძე, ბუნებით კეთილი კაცი. ყოველ საღამოს ის თეატრის შესასვლელ კართან იდგა ვიდრე სპექტაკლი დაიწყებოდა და თვალყურს ადევნებდა, არავინ მოწაფეთაგან არ შესულიყო თეატრში. მოწაფეები ქანდარაზე ავდიოდით, პარტერში ვინ შეგვიშობდა ან სად გვქინდა პარტერის ბილეთის შესაძენი ფული. იდგა მაღრაძე, ხლში გასაღებს ათამაშებდა და ვისაც დაინახავდა მოწაფეს – თავში ჩაუკაკუნებდა. ჩვენი „სამამეშა“ განუყრელი „მეგობარი“ იყო. დაგვინახავდა ზედამხედველი, თვალს აგვარიდებდა, ვითომ ვერ გვამჩნევდა და ჩვენც ავარდებოდით ქანდარაზე, ამოჩემებულ ადგილს დავიკავებდით და აღფრთოვანებული ვუცქერდით სპექტაკლს. ჩვენი სათააყვანებელი მსახიობები იყვნენ: ლადო მესხიშვილი, ნუცა ჩხეიძე, ს. ყალაბეგიშვილი, ა. მურუსიძე, ა. იმედაშვილი, ი. ზარდალიშვილი, მარო მდივანი, არეთა ლოლუა. ახლაც თვალწინ მიდგანან მათ მიერ განსახიერებული გმირები: ოთარ-ბეგი და პეტრონიუსი (ვ. გუნია), ურიელ აკოსტა, ჰამლეტი, რობერტი, კარლ მოორი, ფრანც მოორი და სხვ. (ლადო მესხიშვილი, რომლის ოდნავ ჩახლეჩილი ხმაც გვხიბლავდა), ზეინაბი, მედეა, ნორა, მარგარიტა გოტიე (ნ. ჩხეიძე), არმანი, ოტელო (ა. იმედაშვილი), ონუფრი (ს. ყალაბეგაშვილი) და ა. შ.

იმართებოდა გასართობი საღამოები, ქალთა ზავედენიაში, კლასიკურ გიმნაზიაში. იყო ერთი ცეკვა-თამაში, ფლირტი ვაჟებსა და ქალებს შორის. ჩვენი სამეულიდან არც ერთ ასეთ საღამოს არ დასწრებია. არ გვაინტერესებდა და არც ვიცნობდით არც ერთ ქალიშვილს, გარდა იმათისა, ვინც ჩვენს ლიტერატურულ წრეში არ შემოდიოდა. ესენი იყვნენ ნაკითხი და ლიტერატურით გადატაცებული ქალიშვილები: სოფიკო ნიჟარაძე, თინა იაკობაშვილი, ქსენია  იოსელიანი. ჩვენი ტრფიალი ეს იყო – თეატრი.  არც ერთი ახალი სპექტაკლი არ გამოგვიტოვებია. აქ გავეცანით მაშინ ქართველ პოპულარულ ისეთ დრამატურგთა პიესებს, რომლებშიც ჩვენ ახალი სიოს ქროლვას ვგრძნობდით. ჩვენი საყვარელი დრამატურგები იყვნენ: მ. შალიკაშვილი, ი. გედევანიშვილი, ზ. ჭანტურიშვილი, ტ. რამიშვილი, პ. ირეთელი და სხვა. აღარ მახსოვს კარგად, მგონი, 1910 წელს მარტში ქუთაისმა ლადო მესხიშვილის იუბილე გადაუხადა. ეს იუბილე გადაიქცა ხალხის სიყვარულის ბრწყინვალე დემონსტრაციად. ხალხით გადაჭედილ თეატრის დარბაზში შეუწყვეტელი ოვაცია იყო. ეს საღამო მტკიცედ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში იმიტომ, რომ ჩვენ  – სანდრო ცირეკიძეს, გიორგი ჟღენტსა და მე წილად გვხდა ბედნიერება მიგველოცა იუბილარისათვის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნაწილის სახელით.  სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ ვერცხლის კარგი სავარცხელი შევიძინეთ (იუბილარის შესანიშნავი ჭაღარა თმებში გავითვალისწინეთ ალბათ) და ის მივართვით სახსოვრად. იუბილარს მგზნებარე სიტყვით გიორგი ჟღენტმა მიმართა. ჩვენ ვოცნებობდით ლადო მესხიშვილთან ახლოს გავლაზე. მისი ღვთაებრივი სახით რომ დავმტკბარიყავით, აქ კი საღმოზე ლადო სავარძლიდან წამოდგა, სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი სამივეს და გადაგვკოცნა. რა ბედნიერები ვიყავით. დიდხანს ვიხსენებდით ამ საიუბილეო საღამოს. რა პატარა რამ უნდა გატაცებულ ახალგაზრდას, რომ ის გამხნევდეს, გული სიყვარულით აუძგერდეს და საზოგადოებრივი მაჯისცემა იგრძნოს!

შემდეგში რამდენი შესანიშნავი მსახიობი მინახავს როგორც ლენინგრადსა, მოსკოვსა და აქ ჩვენში, მაგრამ მოწაფეობაში მიღებული სიამოვნება, სიხარული, შთაბეჭდილება მაინც წარუშლელი დარჩა. ამიტომ ვიხსენებ ხოლმე ყოველთვის განუმეორებელი სიყვარულით იმათ სათაყვანო სახელებს, იმათ დაუვიწყარ სახეებს. ლადო მესხიშვილის ჰამლეტი, მისი ფრანც და კარლ მაიორი, მისი ურიელ აკოსტა,  მისი  რობერტი – და მრავალი სხვა სახე ახლაც ცოცხლად დგანან ჩემს წინაშე.  განვლილი წლების ბინდმა და ქარის მტვერმა ვერ შესძლეს ამ შთაგონებული  მსახიობის და დიდი მოქალაქის  სახის დაფარვა და მე მახსოვს იგი უკვე კარგად მოხუცებული, გამხდარი, მოტეხილი, რუსეთიდან ახლად დაბრუნებული რუსთაველის თეატრში იყო რომელიღაც სპექტაკლზე. თან ახლდა გაცილებით უფრო ახალგაზრდა, მგონი, თმებშეღებილი მეუღლე.  ეს იყო საქართველოში მენშევიკური ხელისუფლების არსებობის დროს. თვალებში  უკვე ჩაქრობოდა ის სხივი, რომელიც ასე გამოყოფდა მას. დიდხანს არ გაუვლია  და გარდაიცვალა ეს დიდი მსახიობი, რომელიც ამდენ აღტაცებასა და სიხარულს იწვევდა მაყურებელში. მგონი, ზამთრის დღეები იყო. დაკრძალვის დღეს საშინელი სიცივე  და ქარი მძვინვარებდა. ცხედარს ცოტა ხალხი მიაცილებდა. პროცესიას მივყვებოდი მეც – მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. ასე მეგონა, მივაცილებდი არა საყვარელი მსახიობის ცხედარს, არამედ ჩემს ახალგაზრდობას, ჩემი მოწაფეობის წლებს, რომლებიც აღსავსე იყო ლადო მესხიშვილის მიერ გაღვივებული ოცნებითა და მომავლის რწმენით. ლადო მესხიშვილის სახელს შარავანდედით მოსავდა ის მოქალაქეობრივი პათოსი, ის პროგრესული იდეალები, რომლებმაც თავი იჩინეს 1905 წლის ქარტეხილის დროს. მე, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ მოწმე იმ გაბედული სალაშქროებისა თვითმყრობელობის  წინააღმდეგ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, არ გამომიტოვებია არც მისი რეჟისორობით თუ მონაწილეობით არც ერთი სპექტაკლი. სად ჰქონდა მაშინ თეატრს იმის შეძლება, რომ სპექტაკლი მხატვრულად კარგად გაეფორმებია, სათანადო დეკორაციები დაემზადებინა. მაგრამ როგორი სპექტაკლები იყო! მთელი ყურადღება გადატანილი იყო შესაფერი რეპერტუარის შერჩევასა და ისეთი პიესების დადგმაზე, რომლებიც მაყურებლებში პროგრესიულ ტენდენციებს აღაგზნებდა, თვითმყრობელური ძალმომრეობის წინააღმდეგ განაწყობდა, ხალხს ეროვნულ-განმათავისუფლებელ სულს შთაბერავდა, სცენაზე სოციალურ უსამართლობას დაანახებდა.

მე მქონია საუბარი ზოგიერთ ჩვენს გამოჩენილ დრამატურგთან. უთქვამთ „ღალატი“ და „სამშობლო“  რა პიესებიაო. ხელაღებით უარყოფენ მათ დრამატურგიულ ღირსებებს. მე არ ვიცნობ ასე ახლოს თუ რა კანონებს უნდა ემორჩილებოდეს დრამატიული ნაწარმოები. მაგრამ მომსწრე ვარ იმ  აუწერელი აღფრთოვანებისა, ვიტყოდი, ეროვნული ექსტაზისა, რაც დასახელებულ პიესებს დამსწრე საზოგადოებაში გამოუწვევია – თითქოს. დარბაზი ტაშით ინგრეოდა, როცა ოთარ ბეგი დედოფალ ზეინაბის პატრიოტული სიტყვით შთაგონებული და სინდის გაღვიძებული სპარსულ ჩალმას მოიძრობდა, ძირს დაანარცხებდა,  შეგინებულ, შეურაცყოფილ დედოფალს ფიცს მისცემდა სამშობლოს თავისუფლებისათვის ვიბრძოლებო. ან როცა წელგაუტეხელი, მრავალი ჭირვარამის გადამტანი გლეხი ანანია დედოფალს ორ ვაჟკაცს – ერეკლეს (რომელიც სულეიმანს ცხენის ფლოქვეშით უნდა გაესრისა, ანანიამ იხსნა ჩვილი ბავშვი და აღზარდა) და საკუთარ შვილს დათას შემოუყვანს, რა ტაშის გრიალი ატყდებოდა დარბაზში, დამპყრობთა ციტადელის მეტეხის ციხის აფეთქებისას კი და დათას მიერ სულეიმანის გულის განგმირვის დროს მაყურებლები მოწოლილ აღფრთოვანებას ვერ იკავებდნენ და ტაში დაუსრულებელ ოვაციაში გადადიოდა. ცხადია, ეს ტაში და სიხარული ბევრი რამით გარეგნული ეფექტებით იყო განპირობებული, მაგრამ მიზანს ხომ აღწევდა. სულეიმანის სახით მაყურებლებს თვითპყრობელობა ჰყავდა წარმოდგენილი და ამ… განადგურებას უკრავდა ტაშს. ასეთივე ხასიათის იყო მეტეხის ციხის აფეთქება, ციხისა, სადაც დამპყრობლები იყვნენ მოკალათებულნი.  როგორც არ უნდა ვთქვათ, „ღალატმა“ და „სამშობლომ“ თავის დროზე დიდი როლი შეასრულეს ჩვენი ხალხის ეროვნული გათვითცნობიერების საქმეში. პიესისა და სპექტაკლის ღირსება განისაზღვრება იმით, თუ რა საზოგადიებრივ ფუნქციას ასრულებს იგი, რა ემოციებს აღძრავს იგი მაყურებლებში. იშვიათია თანამედროვე დრამატურგის პიესა, რომ ის არ მენახოს სცენაზე განხორციელებული, მაგრამ არც ისე ხშირად შემიმჩნევია მაყურებელთა სახეებზე ასეთი სიხარულის ცრემლები, რომელთა მხილველი მაშინ ვიყავი. მაშინ ახალგაზრდა და არც ისეთი გულჩვილი  და სენტიმენტალური ვიყავი, მაგრამ ნუცა ჩხეიძის თამაშს ხშირად ფარული ცრემლები, სიხარულის ცრემლები მოუგვრია ჩემთვის. ახლაც ჩემს წინ ცოცხლად დგას ნუცას ზეინაბი („ღალატი“), მისი მედეა („მედეა“), მარგარიტა გოტიე (ამავე სახელწოდების პიესაში), მისი ნორა (იბსენის „ნორა“) და სად ჩამოვთვალო ის მიმზიდველი სახეები, რომლებიც მან შექმნა ქუთაისის თეატრის სცენაზე.

თეატრი ახალგაზრდობისაა. ახალგაზრდობა ქმნის შესაფერ განწყობილებას, ცოცხლად ეხმაურება მხატვრული სახეებით აღდგენილ სინამდვილის სურათს. ყოველ შემთხვევაში თეატრში ჩვენი იდეალების მატარებელ სახეებს ვეძებდით, ვოცნებობდით მათთვის წაგვეშალა ცხოვრებაში, ვოცნებობდით ისეთივე თავდადებით გვემსახურა, გვებრძოლა სამშობლოს კეთილდღეობისათვის, როგორსაც ვთქვათ იჩენდა ანანურელი გლეხი ვაჟკაცი, როგორიც „ღალატის“ დათაა. ეს ცოტა არ იყოს ახალი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, როცა „ღალატის“ ღირსება-ნაკლოვანებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ დრო, როცა ის იდგმებოდა. ახლაც რამდენჯერმე ვნახე ეს სპექტაკლი, მაგრამ მას დამსწრე საზოგადოებაში ნაკლები გამოხმაურება გამოუწვევია. რატომ? იმიტომ, რომ ის ტკივილი აღარ აწუხებდა, რაც წინათ გულს უღრნიდა ხალხს.

არიან მწერლები, რომლებიც მოგონებებს წერენ იმ ჩანაწერების, იმ მასალების საფუძველზე, რომლებიც მათ შემორჩენიათ, თავის დროზე სკურპულოზურად შემოუნახავთ (გრიშაშვილი).  რომელი ამბავი რომელ წელს და რა დღეს მოხდა კარგად იციან – იმიტომ, რომ თავიანთ არქივში  შემოუნახავთ შესატყვისი დოკუმენტები. ვიცნობდი ერთ პიროვნებას, რომელსაც არქივში შენახული ჰქონდა ყველა აფიშა, რომლებშიც მისი გვარი თუ ნაცნობი მსახიობის გვარი იყო შესული, ყოველი ქრონიკა, სადაც მისი გვარი იყო მოხსენებული, ყველა წერილი, რაც ოდესმე მიუღია, ყველაფერი, რაც ცხოვრების მანძილზე თავს გადახდომია. ეს კარგი და მოსაწონი ჩვევაა.  რამდენადაც ვიცი, სამწუხაროდ ჩვენს მწერლებს ამის კულტურა არა აქვთ. საერთოდ ნაკლებად უყვართ მოგონებების წერა. მაშინ, როდესაც მემუარულ და ეპისტოლარულ ლიტერატურას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებრივი აზრის განვითარების თუ ამა თუ იმ დროს მდგომარეობის, საზოგადოებრივი განწყობილების შესასწავლად. 1922 თუ 23 წელს ჩვენმა საზოგადოებამ შალვა დადიანს მოღვაწეობის 25 თუ 30 წლისთავის აღსანიშნავად იუბილე გადაუხადა. საიუბილეო კომიტეტმა შალვა დადიანზე პატარა ბროშურის დაწერა დამავალა. მასალების მიღების მიზნით შალვა დადიანის ხშირი სტუმარი გავხდი. მაშინ მისი მეუღლე იყო მსახიობი და  საზოგადო მოღვაწე, მართლაც შესანიშნავი ადამიანი და შალვაზე მზრუნველი ელო ანდრონიკაშვილი. ცოლ-ქმარი უხვად მაწვდიდნენ მასალებს, როგორც ზეპირი მოყოლით, ასე დაბეჭდილს, უამრავ წერილებს და სხვა დოკუმენტებს. ბროშურა დავწერე საკმაოდ მაღალფარდოვანი სტილით (მაშინ წერის ასეთი მანერა იყო მოდაში). გამოიცა კიდევაც. ნეტავი არ გამოსულიყო. რედაქტორმა (ვინაობა აღარ მახსოვს) ისეთი შესწორება-შეცდომა გაუშვა შიგ, რომ სირცხვილი მწვავდა. სხვა გარემოების გამო მოვიგონე ეს ეპიზოდი. შალვა დადიანმა თავისი ლამაზად გატარებული სიცოცხლის ბოლო წლებში გამოსცა თავისი მოცულობით შედარებით პატარა მოგონებები. რა თქმა უნდა, მას იმდენი რამე ჰქონდა ხელთ, რომ ეს მასალები რამდენიმე წიგნისთვის ეყოფოდა. როგორც ჩანს, შალვა დადიანს არ დაუწყია თავისი საკმაოდ მდიდარი არქივის ქექვა. დაწერა და აღადგინა ის, რაც მის მეხსიერებას შემორჩა. მოგონებების წიგნსაც იშვიათი სახელწოდება მისცა „რაც გამახსენდა“. ისეთ მკრეხელობას როგორ ჩავიდენ და შალვა დადიანს, ამ დიდ მოღვაწეს, მოქალაქეს, მწერალს თავი გაუტოლო. არა. მე იმის თქმა მინდა, ვიგონებ იმას, რაც მახსოვს. რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში შემეძლო აღმედგინა, თუ როდის რა მოხდა სხვა რომ არაფერი მაშინდელი პრესის საშუალებით. პირადად მე არავითარი არქივი არ გამაჩნია. არა მაქვს შენახული არც ერთი წერილი, რომლებიც ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში მომითავსებია საკმაოდ რიცხვმრავალი დაწყებული პირველი წერილიდან, რომელიც თუ არ ვცდები სტუდენტების ჟურნალში  გამოქვეყნდა 1914 თუ 1915 წელს, შემდეგ ქუთაისის გაზეთ „ჩვენ მეგობარში“ მოთავსებული წერილები და ა. შ.  მქონდა ერთი არქივი, საკმაოდ მდიდარი დიდი ლიტერატურული მნიშვნელობის მქონე. ვითვლებოდი „ცისფერყანწელთა“ ორდენის მდივნად. ჩვენი წრის სხდომების ოქმებს მე ვწერდი და ჩემთან ინახებოდა. ეს არაფერი. ჩემთან ინახებოდა პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრ. რობაქიძის ერთმანეთთან მიწერ-მოწერა, რა თქმა უნდა, ლიტერატურის საკითხებზე. ამ წერილებში არკვევდნენ ისინი თავიანთ  პოზიციას, რაც კიდევაც გაატარეს ჟურნალ „ცისფერყანწელების“ გამოცემისას.  ეს კიდევ არაფერი. ჩემთან ინახებოდა გამოჩენილი რუსი სიმბოლისტების ვიაჩესლავ ივანოვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი წერილები გრ. რობაქიძესთან, ბალმონტის დიდად მნიშვნელოვანი  წერილები ტიციან ტაბიძესთან და სხვა. მთელი ეს უნიკალური არქივი ჩვენი პოეტური კულტურის განვითარების შესწავლისათვის მეტად საჭირო – დაგვეღუპა 1937 წელს. ტიციანი რეპრესირებულ იქნა, პაოლომ ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე, ნიკ. მიწიშვილიც დაპატიმრებულ იქნა. ვინ იყო დაზღვეული პატიმრობისაგან, გაქრობისაგან. შევდრკი, ვერ გამოვიჩინე სულიერი სიმტკიცე. ღამით მანქანის ხმა შიშის ზარს მგვრიდა. მთელი ეს არქივი, რეპრესირებულ ამხანაგებთან გადაღებული სურათები, მათგან წარწერით მოძღვნილი წიგნებიც კი ერთად შევკარი და ახლობელს გადავეცი შესანახად. რეპრესიები გრძელდებოდა. იმ ახლობელსაც შეშინებოდა და თავისი ფიქრით უფრო საიმედო ადგილას შეენახა, გადაეცა სხვისთვის, რომელიც მტკვრის ნაპირზე ცხოვრობდა.  ქარიშხალმა ჩაიარა. უმალვე მოვიკითხე არქივი. აღმოჩნდა, რომ შესანახად ჩაბარებულსაც შეშინებოდა და მთელი ეს ძვირფასი მასალა მტკვრის ტალღებში გადაეშვა. ვინ მოთვლის, ყველაზე ძვირფასი კაპიტალის უდანაშაულო ხალხის მოსპობასთან ერთად, რამდენი ასეთი მასალა დაიწვა და განადგურდა იმ წელს, რომ ხელმოსაკიდი არაფერი ჩავარდნოდათ კაენის აგენტებს!

ჩემი ეს მოგონებები არ არის დალაგებული და მოყოლილი ქრონოლოგიების მიხედვით. იმის მიხედვით ვწერ, როდის რა მახსენდება. მინდა დავუბრუნდე ყრმობის წლებს. იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ რა დიდი გავლენა მოახდინა 1905 წლის რევოლუციამ ნორჩი თაობის გონებრივად ჩამოყალიბებაზე. 1905 წელი. მაშინ უკვე ქუთაისში ვიყავი, მეთერთმეტე წელში გადამდგარი. ამ წელს მივიღე „რევოლუციური“ ნათლობა. ეს წელი მართლაც მკაფიოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.  იყო ზამთარი. ცივი, თოვლიანი ზამთარი. მაშინ საფიჩხიაზე ვცხოვრობდი. იყო ასეთი ოჯახი, რომლის მეთაური ბიჭია ჭიჭინაძე თერძად მუშაობდა. კარგი და მუყაითი ოსტატი იყო. ძლიერ კეთილი. მისი ოჯახი ითვლიდა ერთ ვაჟს, სამ ქალიშვილსა და მათ დედას. ვაჟს ერქვა ვასო, რომელიც თუ არ ვცდები, კლასიკურ, შეიძლება, ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა. ქალიშვილებიდან უფროსი და საშუალო ჟულია ქალთა ზავედენიაში, ხოლო  უმცროსი ნადია ეპარქიალურ სასწავლებელში. ქალიშვილები კარგები იყვნენ, რომელი რომელს სჯობდა ძნელი იყო თქმა. მათი ძმა ვასო – ჩვენი თვალსაჩინო მსახიობი ქალის დოდო ჭიჭინაძის მამაა. ამავე ოჯახში ცხოვრობდა გიმნაზიელი ჩხეიძე (სახელი აღარ მახსოვს)  და მისი უმცროსი ძმა საშა (ჩემი კბილა იქნებოდა). ჩხეიძეთაგან ხშირად (თუ ყოველ დღე არა)  დადიოდა ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ზაქროს ეძახდნენ. ლამაზი ვაჟკაცი იყო. ჰქონდა გრძელი თმები. შესანიშნავად უკრავდა გიტარას და ამღერებდა კიდეც სასიამოვნო ხმით. ვირტუოზულად  უკრავდა. იმდენად დაახლოებული ვიყავი უმცროს ჩხეიძესთან (საშასთან), რომ ტირილით გავსკდი, როცა არდადეგების დროს სოფელში წავიდა და ამრიგად დროებით დავშორდით ერთმანეთს.

ჩხეიძეების ოთახიდან ხშირად ისმოდა ხმამაღალი საუბარი, კამათი. ეს მაშინ, როცა ზაქრო მოვიდოდა. ზაქრო ესერი იყო, ჩხეიძე – სოციალ-დემოკრატი. წარმოიდგინეთ, მაშინაც ვიცოდი ამ პარტიების სახელწოდებანი. კამათს არ ჰქონდა ხოლმე დასასრული. იქ გავიგონე პირველად სახელები – მარქსი, ენგელსი, ბებელი. ჩხეიძე მათ ნაწერებიდან მოყვანილ ციტატებს ხშირად იმარჯვებდა მოწინააღმდეგის დამარცხების მიზნით. იქ გავიგონე პირველად კიბალჩინი, ჟალიამოვის, პეროვსკაიას და სხვათა სახელები. პეროვსკაიას სახელი წმინდა და სანუკვარი გახდა ჩემთვის. მაოცებდა მისი რევოლუციური ენერგია, პათოსი, თუ შეიძლება ითქვას, ფანატიზმი; ის ხომ სულისჩამდგმელი იყო გმირული ტერორისტული აქტისა, რასაც მეფის ალექსანდრე მეორის  მკვლელობა მოჰყვა შედეგად. ამ სახელს ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე მოწიწებით ვიხსენებ ხოლმე. მიყვარს რატომღაც ვალ. გაფრინდაშვილის ლექსი, რომელიც პეროვსკაიასადმია მიძღვნილი.

ვასო ჭიჭინაძე მოწაფეთა გამოსვლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა, რის გამოც კიდევაც გარიცხეს სასწავლებლიდან რევოლუციის მარცხის შემდეგ. იმ ხანებში გარდაიცვალა, მგონი, ჭლექით დაავადებული გიმნაზიელი სერიოჟა თუთბერიძე. მისი დაკრძალვა მოსწავლეების ერთგვარ დემონსტრაციად გადაიქცა. ეს იყო 1905 წ. ზამთარში. ხმა გავრცელდა, ქუთაისში  ჩამოასვენებენ ოდესაში შავრაზმელების მიერ მოკლულ საშა კლდიაშვილის ცხედარსო. დანიშნულ დღეს (როცა უნდა ჩამოესვენებიათ) ბულვარში აღმოვჩნდი. ქუჩები თოვლით იყო დაფარული. ვიცოდი ქუჩა, რომლითაც ცხედარს გამოატარებდნენ. ბავშვები შევცვინდით და ხეებზე ავცოცდით, რომ უფრო კარგად დაგვენახა პროცესია. ცხედარი თბილისის ქუჩით მოჰქონდათ ბულვარისკენ. გამოჩნდა პროცესიის თავი.  უამრავი ხალხი იყო. მარტო ცნობისმოყვარეობა როდი მამოძრავებდა ბავშვს. სახლში მოსმენილ დისპუტებმა თავისი გავლენა მოახდინეს: ჩემი სიმპათიები პროცესიის მომწყობთა მხარეზე იყო. როცა ხალხი ბულვარის ზემო მხარის საპირისპირო ქუჩაზე გაიშალა უეცრად გაისმა ხმები: „კაზაკები, კაზაკები“. მიწიდან ამოძვრნენ თუ საიდან გაჩნდნენ მართლაც  მოვკარი თვალი ცხენოსან კაზაკებს, რომლებსაც ხმლები ეშიშვლათ და პროცესიისაკენ მიჰქროდნენ. შეიქმნა ერთი აურ-ზაური, ყვირილი, თქარა-თქური, ჩვენ ბავშვებმა ვიკადრეთ ხეებიდან ჩამოსვლა და თავის შველა. რა მოხდა შემდეგ – აღარ მახსოვს. ამ პროცესიაში სეირის მაყურებელი ვიყავი. მეტი არაფერი. კაზაკების გამოხდომამ და ხალხის აწიოკებამ ბავშვზე ძლიერი გავლენა იქონია. როგორც მოგახსენეთ, იმ დროს საფიჩხიაზე ვცხოვრობდი რევოლუციურად განწყობილ ჭიჭინაძის ოჯახში (მხედველობაში მყავს მისი შვილები და მდგმურები). ხმა გავრცელდა, დღეს კაზაკები ესევიან ამ უბანს და სახლების ჩხრეკა დაიწყებაო. ახალგაზრდობა ბრძოლის მზადებას შეუდგა. შეიქმნა ბარიკადების აგება, რაშიც ზემოთ მოხსენებული ჩხეიძე  და ზაქრო აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. წარმოიდგინეთ, მათ მეც ვეხმარებოდი. დიდი სვეტი წამოვაქციეთ და ვაგორავებდით. ბარიკადები მზად იყო. ცხენოსან კაზაკებს გაუჭირდებოდათ მათი გადალახვა, მითუმეტეს, რომ მოხალისე რაზმელთა ნაკლებობაც არ იგრძნობოდა. მზადებამ ამაოდ ჩაიარა. კაზაკები ჩვენს უბანს არ სწვევია.

კარგად მახსოვს ერთი ღირსშესანიშნავი ღამე. ისევ საფიჩხიაზე ვცხოვრობდი იმავე ოჯახში. ქალაქში შიშის ზარი იდგა. ხალხი შემზარავი მომავლის მოლოდინში იყო. რევოლუცია დამარცხდა. თვითმპყრობელობა გამარჯვებას ზეიმობდა. ზესტაფონი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული. ალიხანოვ-ავარსკი, რომელმაც ზესტაფონი გადაწვა, დამსჯელი რაზმით ქუთაისისკენ მოიწევდა. მოიწევდა და მოვიდა კიდევაც, მაგრამ ,,სავარდო და სამაისო“ ქუთაისის განადგურება არ დასცალდა. ღამე ახლადიყო შემოსული ქალაქში, როცა აფეთქების საშინელი ხმა გაისმა. ჩვენმა რევოლუციონერებმა უკვე მომხდარი ფაქტის კურსში დააყენეს ოჯახის წევრები. ტერორისტული აქტი მოხდა, ალიხანოვს ყუმბარა ესროლესო. სიხარულით ცას ვეწიეთ. სიხარული ნაადრევი გამოდგა: გამოირკვა, რომ ალიხანოვი გასხლტომოდა სიკვდილს კლანჭებიდან. ეს მოხდა თბილისის ქუჩაზე. იმ ყუმბარის შემზარავი ხმა ახლაც მიკივის ყურში.

ისიც მახსოვს, როგორ შეხვდა 1905 წელს ჩვენი სოფელი – ძუყნური. იგი მეტად ჩამორჩენილ სოფლად მქონდა შემდეგაც წარმოდგენილი. ვერც კი წარმომედგინა, მისი სახელი და მდებარეობა ვინმემ თუ იცოდა. და რა გაოცებული დავრჩი, როცა ამ სოფლის მოკლე აღწერა გიულდენშტედტის წიგნში ამოვიკითე. წიგნს ეწოდება „მოგზაურობა საქართველოში“. ერეკლეს დროს თუ იმ ადგილზე ვინმე ცხოვრობდა – არ მეგონა.

გიულდენშტედტი წერს: „…შემდეგ ქვევით გავიარეთ სოფელი ძუყნური. ის მდებარეობს ნიკორწმინდიდან პირდაპირი ხაზით სამხრეთ-დასავლეთისკენ დაახლოებით 10 ვერსზე, ჩვენი გზა კი შეადგენდა სულ ცოტა 18 ვერსს.

6 აგვისტო. დღეს ხალხმა და ცხენებმა დაისვენეს ძუყნურში გუშინდელი დიდი მოქანცვის შემდეგ. ეს არის ოკრიბის სოფელი, რომელიც გადაჭიმულია ალპური ქედის სამხრეთ მხარეზე.

7 აგვისტო. ეს ღამეც ძუყნურში გავათიეთ, ძუყნურიდან ¾ საათში გავიარეთ ციხე საწირე მდ. ჭალაზე. ის ეკუთვნის თავად ჩხეიძეს და აქვს სწორკუთხა გალავანი…“

მე არა მაქვს კარგად წარმოდგენილი გიულდენშტედტის მარშრუტი. ნიკორწმინდიდან წამოსული როგორ მოხვდა ჯერ ძუყნურში, შემდეგ საწირეში და ა.შ. ან რა უნდოდა ძუყნურში. ის ახდენდა გეოლოგიურ დაზვერვასაც, ალბათ ამიტომ ეწვია ამ მიმდებარე სოფელს. მაგრამ ძუყნურში რა უნდა აღმოეჩინა, როცა იქ არაფერია. ჩვენ ცივ, ანკარა წყაროსთან ჩვენც (მე და მანუელი) ვეძებდით ყრმობის ჟამს მადნეულს. რაღაც ბრჭყვიალა ქვები იყო, მაგრამ რა იყო… ვერაფერი გავიგეთ. წყარო ქმნის ღრუს, რომელიც სიპი ქვით მიექანება  ქვემოთ. ამ სიპ ქვებში ვპოულობდით გიშერს. ეს იყო და ეს. ერთი სიტყვით, ძუყნური ძველი სოფელი ყოფილა. ბაბუისაგან გამიგონია ჩვენი გვარი  არის ლაშიადან. მებატონეს გამოექცა და აქ დასახლდაო. სიმონ ჯანაშიამ კი მითხრა: თქვენი გვარი აფხაზის-ძედან არის წარმომდგარიო. შეიძლება. ჩემს დროსაც კი მეტად ღარიბ გაძვალტყავებულ სოფლად ითვლებოდა.

რამდენიმე კომლს თუ ჰქონდა ოდა სახლი. ჩვენს გვარეულობას (სამი განაყოფი კომლი იყო) და კიდევ ორ-სამ გლეხს თუ ექნებოდა. თავადი, მგონი მთელ ოკრიბაში არავინ იყო. ბაბუისგან მქონდა გაგონილი ის ოკრიბა აზნაურიც თითზე ჩამოსათვლელი იყო. ჩვენს სოფელში აზნაურის ჭაჭანებაც არ იყო. ცხოვრობდნენ უმთავრესად გაბრიაძეები და ლაფერაძეები. როგორც იტყვიან, შუმი გლეხები. ცხოვრობდნენ ისლით გადახურულ ქოხებში. არცერთ ამ ქოხს იატაკი არ ჰქონდა. ქოხი შუაში იყო სოხანე, ენთო ცეცხლი, რომელზედაც მზადდებოდა საჭმელი. იქვე იძინებდნენ მთელ ქოხში გაჭიმულ ერთ ლოგინზე. ბავშვები ნაცრით იყვნენ შეთხუპულნი. რაღა გავაგრძელო, ღარიბად ცხოვრობდნენ. სოფელს არ ჰქონდა სკოლა. სამაგიეროდ ჰქონდა ახლად აგებული ეკლესია. გული მწყდებოდა, როცა სხვა სოფელში (დავდიოდი ზომრეთსა და საზანოში) გაცილებით უკეთ, სუფთად და შედარებით მდიდრულად გამოიყურებოდნენ.

მე მაინც ჩემი ღარიბი, მაგრამ მშობლიური სოფელი მიყვარდა უფრო. შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენ ოდას არაუშავდა რა (სამი ოთახისგან შედგებოდა. ცალკე გვქონდა ყოველთვის გაკვამლული და გაჭარტვლული სამზარეულო სადაც შუა ცეცხლი ენთებოდა ზამთარში იქ ჯდომას არაფერი გვერჩივნა) და რაც მთავარია მშვენიერ ადგილზე იყო აგებული. ჩვენი სახლი მაღლობზე იდგა. იქედან შესანიშნავი ხედი იშლებოდა. წინ აზიდულია ნაქერალას მთა, რომელიც ზაფხულობით ლაჟვარდშია შეჭრილი. იქედან უბერავს ზამთარში ცივი, გაზაფხულს – გრილი, ხოლო ზაფხულში საკმაოდ ცხელი ქარი, რომელიც სიმინდს ახმობდა. ნაქერალას ჩრდილოეთით მოჩანს გრაალის კოშკივით ცად აზიდული თეთნულდის მწვერვალი, ხოლო სამხრეთით წინ აზიდულია მთა, რომელსაც ჩიქვისთავს ვეძახდით. განსაკუთრებით ეს ჩიქვისთავი მიზიდავდა. მის ფერდობზე მოზრდილი საყანე გვქონდა. მთვარე ამ მთაზე გადაუვლიდა ხოლმე და იქაურობას თითქოს ვერცხლისფერ ფერფლს აყრიდა. ჩიქვისთავის დასავლეთით მდებარეობდა ისტორიულად ცნობილი სოფელი ცუცხვათი. ჩვენი ეზოდან მოჩანდა ძირს გაშლილი წყალწითელას (მდინარე ჭალას) ვიწრო ველი, ნაქერალას ფერდობებზე გაშენებული სოფლები. სულ რამდენიმე წლის წინათ, როცა ბიცოლა ჩემი (მანუელის დედა) გარდაიცვალა, დაკრძალვაზე დამსწრეთა შორის ჩვენი მეგობარი, დიდი მსახიობი აკაკი ხორავა იყო. საშინელი ამინდი მძვინვარებდა. წვიმა, ტალახი. რაღაც გაუვალი კოსმიური ტალახი, ფეხის გადადგმაც კი შეუძლებელი იყო. აკაკი მაინც ამოვიდა სასაფლაოზე, რომელიც ასევე ჩვენი ეზოს გვერდით მდებარეობს. წვიმდა და თხელი ბურუსი იდგა. აკაკი სასაფლაოს ნაპირზე მივიყვანე და ძირს გაშლილ ველზე, ახალი ჩაის ბუჩქებით დაფარულზე  გადავახედე. დიდხანს ვერ მოშორდა იმ ადგილს. აღტაცებული იძახოდა: რა შესანიშნავი სურათია წინ გაშლილიო. ამიტომ მიყვარდა ეს ადგილი და ჩვენი ეზო, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ ჩემმა ბავშვობამ იქ გაირბინა, იმ მსხლებისა და ვაშლების ჩრდილში, იმ ცაცხვის შრიალში, რომელიც ეზოს ამკობდა იმ დაბლნარის მომაჯადოებელი მყუდროებისა და შფოთვაში, რომელიც ჩვენს ეზოს გარშემო ერტყა.

1944 წელს ქვემო სვანეთში ვიყავი. ამ დროს იქ იყო ძველი მეგობარი, მთასვლელი, ექიმი სოსო ასლანიშვილი. სვანეთიდან ერთად დავბრუნდით. მომენატრა ძლიერ. დიდი ხანი არ მენახა. გადავწყვიტე ასვლა. სოსოსაც ვთხოვე, წამომყოლოდა. სიამოვნებით დამთანხმდა. ჩვენს ეზოში მივედით. უკვე გაპარტახებულ ეზოში. ძველი ოდა სახლის ნაცვლად ბიძაჩემს ერთი თუ ორი პატარა ოთახი ძლივს აეგო. ძველი სახლი აღარ მაინტერესებდა, თუმცა მისმა მოგონებამ გული გამიკაწრა. უმალვე ეკლესიის ეზოს და შემდეგ ჩვენს ეზოში დათესილ სიმინდს მივაშურე.  გამჭვირვალე დღე იყო: უღრუბლო, ნაქერალის მხრიდან ნელთბილი ქარი ჰქროდა, ისეთი, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. ჩემს წინ იმ ბავშვობამ და შემდეგ ყრმობამ ჩაიქროლა, დაუბრუნებელმა, საშინელი ნაღველის მომგვრელმა. სიმინდის ფოთლები მიალერსებდნენ, თავში შლიდნენ ფიქრებს წარსულზე. ღაპა ღუპით წამსკდა ცრემლები. რაღაც შვება ვიგრძენი. სახლს მივაშურე. სოსოსთან ბოდიში მოვიხადე და სუფრას შემოვუსხედით. მშობლიური მიწა, ჩემი ფეხით ნაზელი, აყალო მიწა მეძახოდა. ახლაც მეძახის ხოლმე. ის მწირი, ღარიბი მიწა, რომელიც გულს შემხორცებია და რომელზედაც  ჩემი წილი ოფლიც დამიღვრია. ტყის მუსიკა, ანკარა პატარა ღელეს ჩხრიალი, სოფლის ლაჟვარდი, ვარსკლავებით გაჭედილი ცა, მინდვრის ყვავილი, იმაზე ლამაზი რა შეიძლება იყოს; იმაზე ლამაზი , რაც ბუნებამ შექმნა. რომელი მხატვარი გაგრძნობინებს ფერების იმ ზღაპრულ შეხამებას, რასაც ბუნება აღწევს. ქალაქში ძნელია განიცადო ღამის მშვენება, მისი იდუმალი სიმშვიდე, ვარსკლავთა ციმციმი. ქალაქის შუქი სრულიად აქრობს ვარსკლავებს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ კანტი ამბობდა: „ორი საგანი ავსებდა ჩემს სულს: ვარსკლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს ზევით, მორალური კანონი ჩემში“. ამ ვარსკლავიან ზეცას ადამიანი სოფელში თუ იხილავს მხოლოდ.

ძლიერ მიყვარდა აგრეთვე რკინიგზის ჩვენი სადგური – ხრესილი. გაგონილი მქონდა, რომ ხრესილი დაკავშირებულია ჩვენს გმირულ წარსულთან. უკვე პატარამ ვიცოდი, რომ ხრესილში იმერეთის მეფემ სოლომონმა დაამარცხა შემოსული თათრების ჯარი. ვამაყობდი კიდეც, რომ ხრესილი ოკრიბის ცენტრს წარმოადგენდა. რამდენი მიხატიალია გულუბრყვილო ყრმას ხრესილის ვიწროებში იმ იმედით, რომ ომის რაიმე მისანიშნებელი ნივთს წავაწყდებოდი. განა ცოტა კარცერი მინახავს ციხეში, რომელიც ბაგრატის ტაძარს აკრავს გარშემო ქუთაისში. ფანტაზიორი ვიყავი, როგორც საერთოდ ყველა ყრმა ან ჭაბუკია. ხრესილი ისედაც მიყვარდა, თუმცა მეტად ჩავარდნილია და ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებით არის შემოზღუდული. აქ იყო პატარა დუქნები, სკოლა, საავადმყოფო, აბანოები, რომლებიც განსაკუთრებით ზაფხულობით დიდძალ ხალხს იზიდავდა.

ერთ ზაფხულს ჩემი ოჯახობით ხრესილს ვეწვიე. იქ მუშაობდა მამაჩემი მოსამართლედ. გამეგონა, რომ თავის დროზე მამა კარგად უკრავდა გიტარაზე და რომანსებს ამღერებდაო. გავბედე და ვთხოვე, დაუკარი მეთქი.  მამამ გადმომხედა, ღიმილი დააჩნდა ტუჩებზე, გიტარა გამოატანინა ოთახიდან. ვისხედით ბალკონზე, რომელიც სადგურს თავს დასცქეროდა. შესანიშნავი მყუდრო საღამო იყო. მხოლოდ სახლის წინ მიმართული ალვის ხეების ოდნავი შრიალი ისმოდა. მამამ გიტარის სიმები ააწყო და დაუკრა… რაღაც სევდის მომგვრელი ქართული რომანსი დაამღერა. გაოცებული ვუსმენდი მის სასიამოვნო ტემბრის ბარიტონს. ეს იყო და ეს. გიტარა იქვე მიდვა და ჩაფიქრდა. რას ფიქრობდა? როგორც მოგახსენეთ, დედაზე არასოდეს სიტყვა არ დაუძრავს ერთი შემთხვევის გარდა. ჩემი ქალიშვილი პატარა იყო, როცა ნახა თბილისში, ძლივს შესამჩნევი ღიმილით თქვა: იმ საცოდავს გავსო. „იმ საცოდავში“ დედაჩემს გულისხმობდა.

ხრესილში ყოფნისას ისეთ ფაქტს წავაწყდი, ვიღაც ახალგაზრდა გლეხის საქმე უნდა გაერჩიათ. წინა დღით ახალგაზრდამ მამას კალათით ძღვენი მოუტანა. დაინახა მამამ და წონასწორობა დაკარგა, როგორ გამიბედე და ასეთი შეურაცხყოფა მომაყენეო, გამეცალე აქედან შენი კალათითო. საწყალი მოხუცი იძულებული იყო უკან წაეღო მოტანილი ძღვენი. მოუსყიდველი, სპეტაკი კაცი იყო.

ამ პატარა ლირიკული გადახვევის შემდეგ მინდა, განვაგრძო თხრობა იმაზე, თუ როგორ გამოეხმაურა ჩემი ჩამორჩენილი სოფელი 1905 წლის რევოლუციას. სოფელი ჩამორჩენილი იყო, მაგრამ აქა-იქ პატარა მიწურ ქოხებში ცხოველის შუქიც აღწევდა. იყო მცირერიცხოვანი ახალგაზრდობა, რომელიც სიღარიბესთვის რომ თავი დაეღწია, ტყიბულში მიდიოდა სამუშაოდ ქვანახშირის შახტებში. ისინი მთელი კვირა იქ მუშაობდნენ. შაბათობით სახლებს უბრუნდებოდნენ იმ განზრახვით, რომ დაესვენათ და კვირას ისევ გადგომოდნენ გზას ტყიბულისაკენ. ეს მუშები შედარებით შეგნებულნი  და ახალთაობის მიმდევრები იყვნენ. მათი მეოხებით შემოდიოდა მიყრუებულ სოფელში ცნობები რევოლუციური მოძრაობის შესახებ. ისინი იყვნენ მოძრაობის პირველი პროპაგანდისტები. მათი აგიტაცია ნოყიერ ნიადაგს პოულობდა გაძვალტყავებულ გლეხებს შორის. რამდენჯერმე ვყოფილვარ მოწმე მიტინგისა, რომელიც ეკლესიის ეზოში იმართებოდა. ქუთაისიდანაც მოდიოდნენ აგიტატორები. შეიქმნებოდა ზარების რეკვა და იმპროვიზირებული ტრიბუნიდან გაისმოდა თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მიმართული მხურვალე სიტყვები. შეკრებილი გლეხები აგიტატორებს ტაშით აჯილდოვებდნენ. ხალხი დამუხტული იყო ახალი იდეებით. მახსოვს ასეთი ეპიზოდი. სოფელში ხმა გავარდა: ტყიბულიდან კაზაკთა რაზმი ქუთაისში მოდისო.  მთელი სოფელი ფეხზე დადგა. ჩვენი უშუალო მეზობლები იყვნენ ლაფერაძეები. ერთ მათგანთან, ფარსადან ლაფერაძესთან, რომელიც ჩვენს პირდაპირ ცხოვრობდა, უფრო ახლო ურთიერთობა გვქონდა. აი, ეს ფარსადან ლაფერაძე ჩუდგა სათავეში სოფლელებს, რომლებიც წყალწითელასაკენ გაეშურნენ იმ მიზნით, რომ გზა გადაეჭრათ კაზაკებისთვის. ვინ ფილთა თოფით იყო შეიარაღებული, ვინ ნაჯახით, ვინ კეტით. როგორც მახსოვს, კაზაკებს გაესწროთ და გლეხები ხელცარიელნი დაბრუნდნენ სახლებში. თითონ ეს ფაქტი მეტად დამახასიათებელი იყო იმ დროისათვის. ფარსადან ლაფერაძე ერთი მოწინავე პროტესტანტი გლეხი იყო. ლამაზი, დახვეწილი სახე ჰქონდა. მისი მეუღლე სალომე მაღალი, ეშხიანი ქალი – ჩემი ბებიის ახლო ნათესავი იყო.  ტელეფიდან იყო გამოთხოვილი, მგონი ბებიაჩემის წყალობით. კარგი ოჯახი ჰქონდა. ეს ფარსადანი იყო ჩვენი გამოჩენილი მსახიობის ზურაბ ლაფერაძის ბაბუა. ფარსადანის უნცროსი შვილი გრიგოლი, ზურაბის მამა, ტყიბულში იყო, მგონი, რაიკომის ერთ-ერთ მდივნად, დაიღუპა 1937 წელს. ფარსადანის უფროსი შვილი ისიდორე მამაჩემის ნათლული იყო, სოფლის თვალს წარმოადგენდა. ის რომ ეკლესიაზე გავიდოდა, რომელიმე ჯარობაზე საერთო ყურადღებას მიიპყრობდა ხოლმე, როგორც ვაჟკაცური სილამაზით, ისე ჩაცმულობით. 1914 წელს ჯარში გაიწვიეს. თავისი ხალხური პატრიოტიზმი იმით გამოხატა, რომ წასვლისას შავი  მიწა და რცხილის პატარა რკო წაიღო თან. მშობლებმა ტირილით ჩააცილეს რკინიგზამდე. ისიდორე კი სხვა წვეულებთან ერთად სიმღერით მიდიოდა დაღმართზე. ბრძოლის ველიდან იგი აღარ დაბრუნებულა. შვილის სიკვდილმა მშობლები წელში გატეხეს. ფარსადანის ოჯახის ხშირი სტუმარი ვიყავი. ყოველ ახალ წელს ამ ოჯახის მეკვლე მე გახლდით. არც მე მაკლდა ამ ოჯახის სითბო და ალერსი. შემდეგშიც თუ ავიდოდი სოფელში, სალომე აუცილებლად უნდა  მომენახულებია. დარჩენილი ქვრივი ოჯახს არ აკლებდა მზრუნველობას. საერთოდ ჩემს სოფელში იმიტომაც მივისწრაფოდი ხოლმე ხალისით, რომ ბაბუის გარდა იქ მეგულებოდა ჩემი დედობილები. დედის ძუძუს რძე მე არ მრგებია. ძუძუს მაწოვებდნენ თურმე მეზობლის ქალები. განსაკუთრებით მეალერსებოდა და მეფერებოდა ერთი მეზობელი ქალი – გაიანე. დამინახავდა თუ არა სოფელში დაბრუნებულს, გულში ჩამიკრავდა და შვილოს მეძახოდა. ერთი ასეთი დედობილი მოშორებით მდებარე სოფელ წნორშიც მყავდა, ჩვენი გვარისა იყო, კესარია ერქვა. იქ ვინმე ბაგრატ გოჩოლაშვილზე იყო გათხოვილი. ცოტა ხნით წნორშიც წავუყვანივართ, ამ კესარიას ჩემთვის ძიძობა რომ გაეწია.

სოფელში ყოფნისას წავიკითხე, რომელიღაც ბროშურა, რომელშიც ლაპარაკი იყო ლადო კეცხოველზე, მის რევოლუციურ მოღვაწეობასა და ტრგიკულ სიკვდილზე თბილისის მეტეხის ციხეში. ამ ბროშურამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და შემაყვარა რევოლუციის თავდადებული რაინდი. ის უფრო კარგად მახსოვს საერთოდ, რაც მოწაფეობის დროს წამიკითხავს სოფელში წაბლნარში განმარტოებულს. თითქოს ვინიშნავდი ადგილებს, რომლებიც მომეწონებოდა და შემდეგ სახლში ვწერდი ხოლმე მათ რვეულში. მელნად ანწლის წვერს ვიყენებდი. ჩვენს ეზოსთან ბლომად იყო იელი, შქერი და მოცვი, რასაც სიამოვნებით გიახლებოდი. ამბობდნენ, მოცვის ჩაი მარგებელიაო. ბავშვები ბლომად ვაგროვებდით მოცვის ფოთოლს, ვახმობდით და თუ ვინმე შეუძლოთ  გახდებოდა, მოცვის ჩაის სვამდა.

არ იყო რაიმე კულტურული დაწესებულება, რომ ხალხში შეგნების შუქი შეეტანა. მყავდა ერთი ახლობელი, ჩვენი მოგვარე, ივლიანე აფხაიძე, ოდესელი სტუდენტი. კარგი ხმა ჰქონდა. იცოდა გალობა და ხალხური სიმღერები. სოფლის ახალგაზრდობისაგან მან შეადგინა გუნდი, რომელსაც სიმღერებს ასწავლიდა. ამ გუნდის გალობასა და სიმღერებს რომ მოისმენდა კაცი, ისიც შაბათობით ან კვირა დღეს. ისიც ზაფხულობით ხანდახან ისმოდა ხოლმე გარმოშკის გამაბრუებელი და გულისამრევი ჭყიპინი. ეს იყო და ეს. რეალურ სასწავლებლის უკანასკნელ კლასებში ვიყავი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვეულებისამებრ სოფელში ავდიოდი. ერთხელ თუ ორჯერ სოფელში გვეწვია ჩემი ბიცოლას ძმა, ჩემზე უფროსი კლიმენტი გერსამია. ის უკვე საექიმო ინსტიტუტის სტუდენტი იყო, დაჯერებული და მომზადებული სოციალ-დემოკრატი. ჩემი სიმპათიები უფრო სოციალ-ფედერალისტების პარტიისკენ იხრებოდა. მე უფრო ეროვნული საკითხი მაინტერესებდა და მაწვალებდა. გვქონდა კამათი. ამით ვირთობდით თავს. უნდა გამოვტყდე,  რომ მჯობნიდა. ასევე მჯობნიდა ჩემი მოგვარე, ნათესავი ალექსანდრე აფხაიძე. ისიც სოციალ-დემოკრატი იყო – ბოლშევიკი, სემინარიელი, საიდანაც გარიცხეს კიდეც რევოლუციური მუშაობის გამო. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ქუთაისში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას ასრულებდა, რეპრესირებულ იქნა 1937 წელს. ჩვენი სოფლის ინტელიგენციას ეს ორი თუ სამი კაცი შეადგენდა. ისინიც მოწყვეტილნი იყვნენ სოფელს, ზაფხულობით თუ მოინახულებდნენ თავიანთ მშობლებს და მშობლიურ მიწა-წყალს.

ერთ ზაფხულს სოფელში მეწვია ჩემი განუყრელი მეგობარი სანდრო ცირეკიძე. მისი წინაპრებიც ოკრიბიდან იყვნენ წასულნი, სახელდობრ საწირედან. საწირეში ხშირად ვყოფილვარ ხოლმე. შესანიშნავი სოფელია, საბავშვო კურორტად იყო და არის მიჩნეული. სანდრომ და მე გადავწყვიტეთ, წავსულიყავით ტყიბულში საწირეს გავლით. ვამჯობინეთ ფეხით მგზავრობა. ვიდრე ტყიბულში მივიდოდით, დავათვალიერეთ ადგილი, სადაც მდინარე ტყიბულა მთაში იკარგება და გამოდის მეორე მხარეზე – ჩხართან ახლოს სოფელ ძევრში. აქედან მოყოლებული მდინარე ძევრულა ეწოდა. ბავშვობაში გაგონილი მქონდა ლეგენდა, თითქოს მთაში, სადაც მდინარე მიედინება, ფართო ველია გაშლილი, ისეთი ლამაზი და თვალწარმტაცი, როგორც სამოთხე.

გაგონილი გვქონდა, რომ მეორე მხარეზე, სადაც მდინარე კლდეთი მარწუხისაგან თავისუფლდება და თავისუფლად მიედინება ყვირილისაკენ, არის მიუვალი ადგილები, გამოქვაბული, სადაც  ტარიელი და ასმათი ცხოვრობდნენ. მე და სანდრომ გადავწყვიტეთ, ეს ადგილებიც გვენახა. გადმოვლახეთ უღელტეხილი, რომელსაც წინწკილას ვუწოდებ და საუკუნოვანი ხეებით დაბურულ მაღალი, მიუვალი, ციცაბო კლდეების წინაშე აღმოვჩნდით. გამოქვაბული არ გვინახავს, ვნახეთ უზარმაზარი ფრინველები (არწივები თუ ქორები აღარ მახსოვს), რომლებიც თავისუფლად დანავარდობდნენ  ლაჟვარდში მთათა მწვერვალების მაღლა. იყო დანგრეული ციხე და ახლოს მოჩუხჩუხობდა ცივი, გემრიელი წყალი. ამ წყაროს თამარიას ეძახდნენ. გავგრილდით, დავნაყრდით და უკან გამოვბრუნდით.  დაღლილ-დაქანცულნი მივაღწიეთ ტყიბულს, რომელიც მაშინ საცოდავი შესახედავი იყო. მუშები ქოხებში ცხოვრობდნენ დიდ სიღარიბესა და გაჭირვებაში. შახტში არ ჩავსულვართ. არც მახსოვს, იყო თუ არა შახტები. ვიცოდით, რომ ქვანახშირი წარმოიშვა მცენარეებისაგან (უზარმაზარ ხეებისა და გვიმრისაგან), რომლებიც ნახშირად იქცნენ. ამაში საბოლოოდ დავრწმუნდით, როცა ქვანახშირზე სხვადასხვა მცენარის ფოთლების (უფრო გვიმრის) მკაფიო ანაბეჭდები ვნახეთ. აქ მივიღეთ ბუნებისმეტყველების პრაქტიკული გაკვეთილები. რატომღაც ავიხირეთ ნაქერალაზე ასვლა. ავყევით ტყეებით დაბურულ მთის ბილიკს. უბერავდა დასავლეთის გამაგრილებელი ნიავი, ისმოდა ტყის მომაჯადოებელი მუსიკა, იქაურობა ყვავილთა ნაირნაირი ფერებით იყო განათებული. ეს გზა რაჭაში გადადის. ჩვენც შაორის ტბამდე მივედით, შემდეგ მარცხნივ მივუხვიეთ და არ გაუვლია დიდ დროს, რომ ნაქერალას მწვერვალზე აღმოვჩნდით. წინ გადაგვეშალა მთელი ოკრიბა. წინასწარ ვიყავით გაფრთხილებული იმ მწვერვალიდან  ქუთაისი მოჩანსო. შეუიარაღებელი თვალით ქუთაისი არ დაგვინახავს. დიდხანს გადავცქეროდით ზღაპრულად ლამაზ სივრცეებს, რომლებიც რაღაც ბინდ-ბუნდში თვლემდა თითქოს.  ჩვენ ქვეშ კარგად მოჩანდა მთის ფერდობებზე გაშენებული სოფლები: საწირე, გაურისი, ამუისი, წნორი, გოდივანი, ტყიბული, ახალსოფელი და სხვა. სიცხისგან გვიფარავდა ნაძვნარის სქელი ჩრდილი და ნიავი. მოჩანდა დანგრეული ეკლესია, მაგრამ დაღლილობამ მისი ნახვის ხალისი წაგვართვა და ვამჯობინეთ, დავბრუნებულიყავით ტყიბულში. იქედან მატარებლით ვიმგზავრეთ. მე ხრესილში დავრჩი, სანდრომ კი ქუთაისს მოაშურა.

როგორც აღვნიშნე, ოკრიბაში მეტად მწირი მიწებია. მთელი ოკრიბა გორაკებით არის დაფარული. მხოლოდ წყალწითელა ქმნის ვიწრო ველს, ისიც საწირეს დაბლა. ვიდრე ხრესილამდე პატარა სერები აუვალი წითელი მიწისაგან შედგება. გვიმრა ხარობდა მხოლოდ.

უკანასკნელ წლებში ქუთაისიდან ჩემს სოფლამდე მანქანით ვიმგზავრე. ზაფხულის შესანიშნავი დღე იყო. ვინახულე გელათი, გავიხსენე მოწაფეობის წლები, როცა მე და სანდრო კვირა დღეობით ამოვყობოდით ხოლმე მატარებელს: გელათის ეზოში რაზე არ ვოცნებობდით, ავიდოდით მთაზე და ვტკბებოდით იშვიათი პეიზაჟების ცქერით. გავიარე ასფალტით დაფარული გზა. თვალწინ ახალი, მანამდე  უცნობი ხედები იშლებოდა: წყალწითელას   ნაპირები და შეფენილი ფერდობები ჩაის ბუჩქებით იყო გადამწვანებული, ვაშლის, მსხლის და სხვა ხილის ბაღებით იყო დამშვენებული. ორპირს, სადაც წინათ ორიოდე ქოხს თუ დაინახავდა კაცი, ახლა ქალაქის იერი მიეღო.  აქ არის ჩაის ქარხანა, რომელიც როგორც სპეციალისტები ამბობენ საუკეთესო ხარისხის ჩაის ამზადებს. არ დამითვალიერებია, მაგრამ მითხრეს, რომ წინანდელი საყანე ადგილები ტყიბულაში, ახლა ჩაის პლანტაციებით არის დაფარული. ჩემს ბავშვობაში აქ დაკვიჟული სიმინდი მოდიოდა . ღომი იცოდა კარგი, მაგრამ რადგან ძნელი მოსავლელი იყო, მას ნაკლებად თესავდნენ. გავრცელებული იყო ციცქა, რაც მჟავე ღვინოს იძლეოდა. ერთადერთი კარგი, რაც ოკრიბამ იცოდა, ეს იყო ხილი: ლეღვი (გელათის ლეღვი ცნობილი იყო), ვაშლი, მსხალი, ქლიავი. სწორედ ეს ხილი მოდის ახლაც უხვად, ოღონდ მათი ჯიში საგრძნობლად გაუმჯობესებულია. სოფელიც ვეღარ ვიცანი. იგი სავსებით განახლებული და აღორძინებულია. ელშუქით არის განათებული.  ერთადერთ ძველ ნაცნობს, ჩვენს მეზობელ კოსტა ლაფერაძეს შევხვდი. მას კიდევ შერჩენოდა ახალგაზრდობის ეშხი და შნო. სხვა ვერავინ ვიცანი. ვისაც ბავშვობაში და შემდეგ მოწაფეობის წლებში ვიცნობდი, აღარავინ იყო. ისინი იქვე განისვენებენ ჩვენი ეზოს გვერდით სასაფლაოზე და რა კარგი ხალხი იყო. მოხუცები თუ შუახნისანი, დახვეწილი სახეებით, მოზრდილი წვერულვაშებით, მაღალი შუბლებით. ესენი იყვნენ უმთავრესად გაბრიაძეები, მიწის მუშაკები, შეიარაღებულნი თოხებითა და წალდებით. სასიამოვნო იყო მათი საუბრის მოსმენა. არავითარი სწავლა-განათლება არ ჰქონდათ მიღებული. მათ ერთი სკოლა ჰქონდათ გავლილი, მძიმე, დუხჭირი ცხოვრების სკოლა. მათ წრეში თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ისინი მაყვარებდნენ ადამიანს, სიცოცხლის სუნთქვას, თითონ იყვნენ კეთილნი, გულმდიდარნი, ალალნი. მე არ მახსოვს, რომ სოფელში ქურდობას, ავაზაკობას ჰქონოდეს ადგილი  მაშინ,  როდესაც ყველას ყველაფერი ღია ჰქონდა დატოვებული: ეზო, სახლი, ბეღელი.

როგორც აღვნიშნეთ, ოკრიბა დასავლეთ საქართველოში, მგონი, ყველაზე უფრო ჩამორჩენილ კუთხედ ითვლებოდა. რამდენი ანეკდოტი მქონდა გაგონილი ოკრიბაზე.  მიუხედავად ასეთი სიღარიბისა, დედაკაცის ყანაში სამუშაოდ გასვლა რატომღაც მამაკაცის სირცხვილად ითვლებოდა. ქალს  ევალებოდა ოჯახის მოვლა, ბოსტანის დაბარვა და გათოხნა, ყანაში სადილისა და სამხრის წაღება, ამოლესილი, კარგად შეკაზმული ლობიოსა, მჭადის, ჭლაკვისა თუ მწვანილის, ნაღვერდალში გამომცხვარ კვერის  და წყალღვინოსაგან შედგებოდა. ხის ჩრდილში ჩამომჯდარნი დიდი სიამოვნებით გეახლებოდით ამ ღარიბ, მაგრამ ძალზე გემრიელ შეჭამადს. ბაბუას რომ  ღვინოც არ დაეყოლებია, ისე მისთვის არავითარ სადილს თუ სამხარს გემო არ ჰქონდა.  მიწაზე  ან გრილ ბალახზე ვისხედით ხოლმე და ყველაფერს მიწისა და ბალახის გამაბრუებელი სუნი ასდიოდა.

დღეს, როგორც ვიცი, ამ სოფელს თავისი ინტელიგენცია ჰყავს. ვინ ადგილობრივ მუშაობს, ვინ ქუთაისში, ვინ თბილისში და ვინ საქართველოს სხვა კუთხეში.

ტყიბულში ერთხელ კიდევ მომიხდა ყოფნა. ეს იყო 1948 წლის აგვისტოში. წავედი ტყიბულის მეშახტეების ცხოვრების გაცნობისა და მათ შესახებ ნარკვევის დაწერის მიზნით. სრული ერთი თვე დავყავი. ტყიბულის რაიკომის ხელმძვანელობამ ყურედღებით მიმიღო, შახტთან მდებარე სასტუმროში ცალკე ოთახი გამომიყო. ის სასტუმრო მდინარე ტყიბულასთან იყო აგებული. ბუნების წიაღში მოვხვდით. სოფელში ბევჯერ შევსწრებივარ გადაუღებელ წვიმებს.  დავიკაპიწებდი შარვალს და ფეხშიშველას მიყვარდა ტალახის ზელა. მაგრამ ისეთი თავსხმა წვიმებიო, როგორიც მაშინ ტყიბულში ვნახე, არც წარმომედგინა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. ისე ადიდდა ტყიბულა, რომ შიშმა ამიტანა სასტუმრო არ წაეღო თან. სასტუმრო პატარა იყო. ის წვიმა ნამდვილ ბიბლიურ წარღვნად მომეჩვენა. ტყიბულში ყოფნისას დავდიოდი შახტებში, ვეცნობოდი მუშებს, მათ ყოფას. ცხადია, ახლანდელი არაფრით არ წააგავს იმ ტყიბულს, რომელიც მოწაფეობის დროს მქონდა ნახული. მუშები ცხოვრობდნენ არაკეთილმოწყობილ ბინებში. ჰქონდათ თავიანთი სასადილო, კლასები, თეატრი, მოწყობილი ჰქონდათ გასართობი ადგილები. დავწერე კიდევაც მოზრდილი ნარკვევი ფორმის მოცულობით. ტყიბულის მეშახტეები ჩემდაუნებურად შეცდომაში შევიყვანე. ნარკვევი ერთ-ერთ ჟურნალში მივიტანე, მაგრამ არ დამიბეჭდეს. მითხრეს, შახტებში მუშაობა მუქი ფერებით გაქვს აღწერილიო. საერთოდ შრომა და ისიც  სადღაც მიწის ჯურღმულში არ მიმაჩნდა იოლ საქმედ. მაშინ სინამდვილის შელამაზების ტენდენცია ძლიერი იყო. მინდოდა შახტებში მუშაობა და დახატვა არარომანტიული საღებავებით, არამედ იმ სინამდვილეების გათვალისწინებით, რომლებიც მუშებს იქ ეღობებათ თვით სამუშაო ადგილის პირობების გამო. თქვენი ნარკვევის წაკითხვის შემდეგ, რომელი კაცი წავა იქ სამუშაოდო – მითხრეს. მუშახელის ნაკლებობა კი იგრძნობოდა. ალბათ მართალნი იყვნენ ჩემი ნარკვევის ბედის გადამწყვეტნი.

საღამო ხანი იყო, ნაწვიმარი. ღრუბელი ოდნავ გაფანტულიყვნენ. ღრუბელთა ღია სარკმლებიდან აქა-იქ სუფთა ლურჯი ცა მოჩანდა. მანქანა მოგვიახლოვდა. შეჩერდა. დავინახე ჩვენი ცნობილი კინო-მსახიობი თამარ ციციშვილი. რაჭაში ყოფილიყვნენ, რომელიღაც სურათის გადაღებაზე. გამეხარდა ასეთი მოულოდნელი შეხვედრა გზაზე, რომელიც ოკრიბას რადასთან აერთებს.

ეს ის დღეები იყო, როცა ჟდანოვი გარდაიცვალა. ამ ტყით დაბურულ მიდამოებში ტყიბულას ხმაურს ფარავდა მოსკოვიდან მომდინარე სამგლოვიარო მუსიკა. საერთოდ დღეს, სადაც არ უნდა იყო კაცი, თავს განმარტოებულად არ იგრძნობ. რადიოს ეპოქაში კაცობრიობა თითქოს ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენს. ,,აბესალომ და ეთერის“ ისე ვისმენდი თითქოს ოპერის თეატრში ვისხედი. ასევე სამგლოვიარო მუსიკას ისე ვისმენდი, თითქოს იქ ვიყავი მოსკოვში კავშირთა სვეტებიან დარბაზში, სადაც ჟდანოვის ცხედარი ესვენა. არ ვიცი, რამდენად წინ წავიდა მხატვრული ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, ქანდაკება და სხვა. საკამათოა წავიდა კი წინ? შეიქმნა რამე ოდისევსის და ილიადაზე უფრო სრულყოფილი ეპოსში, შექსპირის ტრაგედიებზე უფრო შესანიშნავი დრამატურგიაში, ოვიდიუსისა და პრაქსიტლის ქმნილებათა უფრო ჰარმონიული და მშვენიერი ქანდაკებაში. მიქელანჯელოს, ლეონარდო დავინჩის, რაფაელის და აღორძინების ხანის სხვა მხატვართა ქმნილებათა უფრო საოცარი და მომაჯადოვებელი, მხატვრეული და გონივრული თვისებებით ისეთი სავსე და მაღალი, როგორიც ვეფხისტყაოსანია. ბევრად ამაღლდა თუ არა თანამედროვე შემომქმედის სულიერი წყობა, მისი ზნეობრივი სახე, შედარებით გომერთან, დანტესთან, რუსთაველთან, და შემოქმედებითი სულით აღჭურვილ სხვა წიგნებთან შედარებით. მხედველობაში მაქვს არა ახალი იდეების სამყარო, არამედ მხატვრული დონე და ადამიანის სულის სიღმეში შეჭრის უნარი. იდეური ჰორიზონტი შემომქმედთა, ცხადია, ამაღლდა. თუმცა ისიც საკითხავია, დგანან თუ არა იმ დროს ახალი დროების შემომქმედნი მეცნიერებათა მიღწევის იმ სიმაღლეზე, როგორზედაც იდგნენ ზემოთ ჩამოთვლილი შემომქმედნი.  საკამათო საკითხია. ცხადია ერთი რამ, ტექნიკა ისე განვითარდა, იმდენად წინ წავიდა, რომ დღეს იგი ასეთ სასწაულებს ახდენს, რომლითაც წინათ ვერ წარმოიდგენდა, რაც უნდა დიდი ფანტაზიით არ ყოფილიყო იგი დაჯილდოვებული. თუმცა ამ სფეროში ჰქონდა ადამიანის ფანტაზიას თავისი მიღწევები. ბერძნულმა მითოსმა ხომ შექმნა იკარი, რომელიც ცაში გაფრინდა, მზეს მიუახლოვდა,  მთები დაუდნა და ძირს დაეცა. მითის მიხედვით გაბედული, უშიშარი იკარის შემართება საბოლოოდ მარცხით დამთავრდა. დღეს კი ადამიანი ცთომილებზე გაფრენას ოცნებობს. ამ ოცნებას სავსებით რეალური შესაძლებლობა უდევს საფუძვლად.

ამაზე ვფიქრობდი, როცა მდინარე ტყიბულას ველურ ნაპირებზე მარტო დავეხეტებოდი და ვისმენდი ხან ფალიაშვილის მომაჯადოებელ მელოდიებს თბილისიდან და ხან სამგლოვიარო მუსიკას მოსკოვიდან.

მინდა, დავუბრუნდე ისევ ჩემს საყვარელ, ხშირად მონატრებულ ქუთაისს, სადაც ჩვენმა სიჭაბუკემ გაირბინა. 1905 წლის რევოლუციის ქარიშხალი სასწავლებლის კედლებშიც შემოიჭრა. მეორე განყოფილებაში თუ პირველ კლასში ვიყავი, არაფერი ვიცოდი, რა ხდებოდა უფროს კლასებში, გარდა იმისა, რომ დისციპლინა შეირყა, გაკვეთილებს ხშირად აცდენდნენ მოსწავლეები. წარმოიდგინეთ, დისციპლინა უმცროს კლასებში მოიკოჭლებდა. საქმე ის არის, რომ ჩვენთან კარგა მოზრდილი ასაკის მოსწავლენიც კი იყვნენ. მახსოვს, მაგალითად, ორი მოწაფე ღოღობერიძე და მგონი, ხაინდრავა, რომლებიც ჩვენზე უფროსები იყვნენ. მეხუთე თუ მეექვსე კლასში ღოღობერიძეს კარგად დახვეული ულვაშები ამშვენებდა. მათ კლასში მოჰქონდათ პეტარდები, მასწავლებლებს ფეხებში უგდებდნენ და მათ აფეთქებაზე შეიქმნებოდა ერთი აურზაური. განსაკუთრებით აწვალებდნენ ანიკო ლორთქიფანიძეს, ინსპექტორის ქალიშვილს, ქუთაისის ქალთა საზოგადოების მშვენებას, რომელიც მცირე ხნით რუსულს გვასწავლიდა უმცროს კლასში, მგონი, პირველში. სასწავლებელში, როცა კი შემდეგში საღამო გაიმართებოდა, ანიკო ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო. საუცხოოდ ცეკვავდა. მის ყურებას არაფერი სჯობდა. იგი ახლო მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ წამოწყებაში. მის გარეგნულ სილამაზეს კიდევ უფრო ამკობდა სულიერი სილამაზე, კეთილი ხასიათი, გულისხმიერება. მან მთელი ცხოვრება ხალხის ჯანმრთელობის დაცვას შესწირა. იყო დამსახურებული ექიმი, მეუღლე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწისა და ლიტერატორ-მთარგმნელისა პეტრე ქავთარაძის, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენასა და გამოცემაში, ბერძნული ტრაგედიების თარგმნაში.

წარმოიდგინეთ პეტარდებს მე და სანდრო ცირეკიძეც კი ვამზადებდით, ჩვენ, რომლებიც ავყევით ფეხის ხმას. ვაცილებდით ასანთის კოლოფს ფოსფორს, რაღაცას ვურევდით (ეს აღარ მახსოვს), ჩაის გასახვევ ვერცხლის ფურცელში ვდებდით, ვესროდით  სანდროს სახლის ეზოში აგურის კედელს და პეტარდაც წვრილ რაღაც წრიპინა ხმას გამოსცემდა. სკოლაში არასდროს არ გამოგვიყენებია.

ბუნდოვნად მახსოვს ომი იაპონიასთან. მანჯურიაში წარმოებული ბრძოლების ყურში ვიყავი. ვიცოდი, რომ იაპონიის ჯარებმა ალყა შემოარტყეს პორტარტურს, რომელიც გმირულად იცავდა  თავს და მხოლოდ ციხე-სიმაგრის  კომენდანტის  ღალატის შედეგად დანებდა იგი მტერს. უნიჭო კუროპატვინის მკილავი ლექსები. მომწონდა იაპონიის ჯარების სარდალი ტოგო. ალბათ ბავშვზე გავლენას ახდენდა „პორიჟენიული“ განწყობილება, რაც ასე გავრცელებული იყო ხალხში. ასეთ განწყობილებას უეჭველია ასაზრდოებდა ძირგამომპალი თვითმპყრობელური წყობილება, ბიუროკრატიზმი.  მახსოვს მუკდენთან წაგებული ომი და წყნარი ოკეანის ესკადრის სასტიკი მარცხი ცუსიმის ბრძოლაში.

1907 წელს უკვე ცამეტი წლისა ვიყავი და ამიტომ უფრო კარგად მახსოვს ილიას მკვლელობა და ის შეშფოთება, რაც ამ მკვლელობამ მოსწავლე ახალგაზრდობაში გამოიწვია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ამ ახალგაზრდობაზე სანდრო შანშიაშვილის ლექსმა. ამ ლექსის შემდეგ სანდრო შანშიაშვილი უფრო ახლობელი გახდა ჩვენთვის. მაშინ პირველ თუ მეორე კლასში ვიქნებოდი, როგორც თავში აღვნიშნე ჩვენ სახლში წასაკითხი  წიგნი თვალით არ დამინახავს. ბედნიერი კაცი იყო მოხუცებული ბაბუა, რომელიც თავისუფალ დროს საღვთისმეტყველო წიგნების კითხვას ანდომებდა. ამ წიგნებისა მე არაფერი გამეგებოდა, ხუცურად იყო ნაწერი. ბაბუას, როგორც სასულიერო პირს, წამდა სამოთხეც, ჯოჯოხეთიც, იმქვეყნიური სიცოცხლე. სჯეროდა, რომ საიქიოში შეხვდებოდა თავის მშობლებს, შვილებს.  რწმენა მთას დასძრავს ადგილიდანო. მთისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს კი იყო: ქრისტეს ჯვარი არ შეურაცხყო. როგორც უდედოდ დარჩენილს განსაკუთრებული ყურადღებით მანებივრებდა, მარიგებდა, უხაროდა ჩემი სოფელში მისვლა არდადეგების დროს. საშუალო სასწავლებელი რომ დავასრულე, ფულითაც დამასაჩუქრეს. თბილისში გადმოსვლის შემდეგ დიდი ხანი არ მენახა. ახალ გარემოცვაში მოხვედრილს საყვარელი სოფელი და ბაბუაც დამავიწყდა, მამა მატყობინებდა ხოლმე მის ჯანმრთელობას.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღეს ქუთაისში ჩავედი. დამფუძნებელ კრებაში ვმუშაობდი და მას გავყევი ახლად შერთულ ცოლთან ერთად. გავჩერდით ქუთაისში კარგად ცნობილ ქართული წიგნის დიდ მეგობარ ვასო ბეჟანიშვილთან. მეორე დღეს (26 თებერვალს) მამის სანახავად წავედი. მამა გზაში შემხვდა, სამსახურში მიდიოდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მამამ მწუხარებით მაუწყა: გუშინ (ე. ი. 25 თებერვალს) ბაბუა შენი დავკრძალეთო. ხმა არ ამომიღია. გული ჩამწყდა. აშენებას ვპირდებოდი, უმაღლესს რომ დავამთავრებდი, ის კი ისე გარდაიცვალა, რომ არც მინახავს, ცრემლი არ დამიღვრია მის დაღლილ სახეზე. უმადური გამოვდექი.

მინდა, მოვიგონო ერთი ეპიზოდი ჩემი მოწაფეობის დროიდან. როგორც მოგახსენეთ, ახალგაზრდობის ნაწილი ეროვნული საკითხით იყო გატაცებული, თავისი ქვეყნის ბედი   აწუხებდა. ამიტომ იყო, რომ იგი მტრულად ხვდებოდა ამ საკითხში ყოველგვარ ნიღილისტურ გამოვლინებას, კოსმოპოლიტიკურ განწყობილებას და დევიზს – პროლეტარიატს სამშობლო არ გააჩნიაო. იყო ერთი საზოგადო მოღვაწე, მენშევიკი პეტრე გელეიშვილი, რომელიც თავის მოხსენებებში ილია ჭავჭავაძეს მიწაშიც არ ასვენებდა და მუდამ მის ძაგებაში იყო, „ამტკიცებდა“, რომ ილია ფეოდალი იყო, გლეხებს ავიწროებდა, წყალს არ აძლევდა სასმელად და ბატონყმობის აღდგენაზე ოცნებობდა, უყენებდა იმავე ბრალდებებს, რაც თავის დროზე წაუყენა და რასაც ილიას სამარცხვინო მკვლელობა მოჰყვა. ახალგაზრდობის საგრძნობი ნაწილი გელეიშვილის ასეთ მოხსენებებს მტრულად ხვდებოდა. ცვიოდა სცენაზე რედისკები და ლაყე კვერცხები. ისეთი აურზაური ატყდებოდა ხოლმე დარბაზში, რომ ლექტორს საშუალება ერთვოდა განეგრძო თავისი პროპაგანდა ილიას წინააღმდეგ. არა ერთი ლაყე კვერცხი გაუმეტებია ჩვენს „სამებასაც“ სცენაზე სასროლად.

ვკითხულობდით არჩილ  ჯორჯაძის  წერილებსაც ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე. ერთგვარად ჩვენც ჩაბმული ვიყავით დისკუსიაში, რომელიც არ. ჯორჯაძესა და მის მოწინააღმდეგეებს შორის იყო გაჩაღებული. ახალგაზრდობის (მათ შორის ჩვენიც) ნაწილის სიმპათიები ჯორჯაძისაკენ იხრებოდა. მახსოვს, რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მაშინ მისმა წერილებმა „იტრიის წისქვილიდან“. ვიცოდი, რომ ჯორჯაძე ჭლექით იყო დაავადებული, რომ ის ხან წაღვერში ისვენებდა, ხან აბასთუმანში. იმ წელს (1913) ბათუმში იყო. ქუთაისში ელვის სისწრაფით გავრცელდა ცნობა ჯორჯაძის გარდაცვალების შესახებ. საზოგადოების დიდი ნაწილი დაიძრა სადგურ რიონისაკენ იმ დღეს, როცა ჯორჯაძის ცხედარს ბათუმიდან თბილისშ მიასვენებდნენ. ვინ ფეხით მიდიოდა, ვინ ეტლებით, ვინ მატარებლით. უმეტესობას მოსწავლე ახალგაზრდობა შეადგენდა. ამ აგორებულ ტალღაში ჩვენი სამებაც მოხვდა: რეალური სასწავლებლის წარმომადგენლებს წარმოვადგენდით. სადგურ რიონის მოედანზე ტევა აღარ იყო. მოახლოვდა მატარებელი. მთელმა დამსწრე საზოგადოებამ განსვენებულის ხსოვნას მუხლზე დაჩოქებულებმა სცა პატივი. ჩვენი სამეული იმ სატვირთო ვაგონისკენ წავიდა, სადაც არჩილის ნეშტი იყო მოთავსებული. ვაგონში შეგვიშვეს და ცხედარი გვაჩვენეს. სამგლოვიარო მარშით იქნა გაცილებული მატარებელი თბილისისაკენ.

უფრო ადრე ქუთაისში ხმა გავრცელდა მდინარე წყალწითელაში მოწამეთთან არჩილ ჯორჯაძის ორი და დაიხრჩოვო. ხმა გამართლდა. რა უნდოდათ იქ და როგორ დაიხრჩვნენ ამ პატარა მდინარეში – არ ვიცი. აღარ მახსოვს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მამამ ფანცხავას ქალი შეირთო. დედინაცვალი უსწავლელი იყო, მაგრამ ძმები ჰყავდა ფრიად განათლებული. ერთ-ერთი დიომიდე ცნობილი ექიმი იყო. მას ხუთი შვილი დარჩა. უფროსმა ქალიშვილმა ვასილიევამ თბილისში დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. ის იყო პირველი ქართველი ქალი, რომელსაც ორთქლმავალი დაჰყავდა, შემდეგ რკინიგზის ხაზით ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობას ასრულებდა.  მომდევნო ვაჟი ილია (ილუშა) ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილია. თბილისის უმაღლესი სასწავლებლები დაასრულეს აგრეთვე დანარჩენმა სამმა შვილმა. დიომედეს ოჯახი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. მეტად კეთილი გულით იყო დაჯილდოებული დიომიდეს მეუღლე ოლღა შავგულიძის ქალი. ამ ოჯახმა ისე მიმიღო, როგორც ღვიძლი დისწული. მიმიხაროდა ამ ოჯახში შესვლა. დიომიდე ჯარში იყო მკურნალად პირველი იმპერიალისტური ომის დროს. იყო სოციალ-დემოკრატი. მივიდოდი თუ არა, საუბარს პოლიტიკურ საკითხებზე ჩამომიგდებდა. მე სად შემეძლო მისი გამკლავება, მასთან კამათი. მის ბაგეებს ღიმილი არ შორდებოდა. შარბათივით ტკბილი ადამიანი იყო. თერაპევტიც იყო, გინეკოლოგიც. მარიგებდა, რა უნდა წამეკითხა, რისთვის მიმექცია ყურადღება, ადამიანის მოყვარული მეც მაყვარებდა ადამიანს, სიკეთეს მინერგავდა გულში. თუ რამ პოზიტიურია ჩემში – ამ ოჯახს უნდა ვუმადლოდე.

ამ სიკეთით სავსე ოჯახში გავიცანი დედინაცვლის მეორე ძმა ვარლამ ფანცხავა და მისი მეუღლე მატრონა, შვილებით (ვალოდია და ალექსანდრე), რომლებიც გიმნაზიაში სწავლობდნენ. ვალოდია დაახლოებით ჩემი კბილა იყო. გიმნაზიის შემდეგ მან სამედიცინო ინსტიტუტი დააამთავრა. იყო კომუნისტი და 1937 წელს დაიღუპა. ვარლამ ფანცხავას ოჯახი გავიხსენე ქუთაისის ციხედან პოლიტიკურ მოღვაწეთა (ლეო ქიაჩელის, დავით სულიაშვილის და სხვათა) გაქცევასთან დაკავშირებით. გვირაბი ციხესთან სწორედ ამ ოჯახის ეზოდან იქნა გაყვანილი. გვირაბის გათხრის საქმეში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მატრონა ფანცხავას ქალიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ეს იყო ენერგიით სავსე, მკვირცხალი, გონებამახვილი და გარეგნულადაც საკმაოდ ეშხიანი ქალი. ქმარი ვარლამი ხომ შესანიშნავი შესახედაობით გამოირჩეოდა, მაღალი, ტანსრული ვაჟკაცი იყო. ეცვა ჩოხა-ახალუხი და გავლისას თვალს ვერ მოაშორებდი.

ზაფხულის გახურებული დღე იყო. თეთრს ხიდზე ვიდექი. რიონის ტალღებს ოდნავ სიგრილე მოჰქონდა. უეცრად შემომესმა რაღაც ჩხარა-ჩხური, რაც თანდათან მიახლოვდებოდა. რიონის მარჯვენა მხარეზე დავინახე ბორკილებით ხელფეხშეკრული ვიღაც ახმახი, ულამაზესი სახის პატრონი ვაჟკაცი, რომელსაც აქეთ-იქედან ჯარისკაცები შემორტყმოდნენ. ჩაგვიარა და მოგვხიბლა სახის გამომეტყველებით, მიმზიდველი იერით. მიდიოდა დამშვიდებული, აღელვების ნიშან-წყალი არ ეტყობოდა.

– ნეტავი ვინ არის? – შევეკითხე ნაცნობ მოწაფეს.

– არ იცი? – მიპასუხა, – ეს ცნობილი რევოლუციონერია, ლორთქიფანიძე, სახელიც მითხრა , მაგრამ მე აღარ მახსოვს.

რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგე, რომ ეს ცნობილი რევოლუციონერი ჩამოახრჩვეს, რომ ის იყო ჩვენი ბესო ჟღენტის ბიძა, დედის ძმა.

რეალური სასწავლებლის დირექტორი, გვარად ლეონტიევი პირწავარდნილი შავრაზმელი, რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი იყო. ასეთივე შავრაზმელი იყო კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გლუშაკოვი. არ ვიცი, რომელ რევოლუციურ ორგანიზაციას მიეღო გადაწყვეტილება – მათი თავიდან მოშორება. რეალურ სასწავლებელშიც მოეწყო საღამო, რომელსაც ორივე დირექტორი დაესწრო. სწორედ იმ დღეს გავიგეთ, რომ მათ წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდებოდა. საღამოს არ დავსწრებივართ. ქალიშვილთაგან ჩვენ არავის ვიცნობდით, ცეკვა-თამაში არ ვიცოდით, არ გვეხერხებოდა და ისე რას უნდა მივეზიდეთ ასეთ საღამოებზე! ღამე იყო, ეზოში რო გამოვედი. ბომბის აფეთქების ხმა მომესმა ჩვენი სასწავლებლის მხრიდან. აშკარა იყო დირექტორებს  ესროლეს.  მეორე დღეს მთელი სასწავლებელი აფორიაქებული იყო. მოწაფეები წუხდნენ, რომ ორივე დირექტორი გადარჩა სიკვდილს. ტერორისტმა მიმალვა მოასწრო. ის იყო ლორქთიფანიძე, რომელიც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ცხადია, ტერორისტული აქტი ბოლშევიკური ორგანიზაციის მიერ იყო მოწყობილი.

იმდროინდელ ქუთაისში არ იგრძნობოდა ნაკლებობა მუქთახორებისა, გაქუცული თავადაზნაურებისა. უმთავრესად ჩოხა-ახალუხში გამოწყობილნი მთელ დღეებს ბულვარში ატარებდნენ, ტროტუარებს ტკეპნიდნენ მშვენიერ ბანოვანებთან ერთად, იმის ცდაში იყვნენ, რომ ვინმესთვის ჩანგალი გამოედოთ და თავი დაეპატიჟებინათ. ეს იყო ასეთი ხელგაშლილი, ლხინის მოყვარული, მხედველობაში მყავს გიორგი ჟღენტის (ბესოს უფროსი ძმის) ძმა, დედით შეძლებული მემამულე მიშა აბაშიძე. გაყიდდა თავისი მამულის ნაკვეთს, შეატყობინებდა ქუთაისში ქეიფს მონატრებულ ახლო ნაცნობებს – მოვდივარ და დამხვდითო. რიონის სადგურზე ელოდნენ მიშას ჩამოსვლას. იქიდანვე იწყებოდა გადაბმული ქეიფი. ხშირად ქალაქს გარეთ გადიოდნენ ეტლებით, არღნით. შექეიფიანებულნი ბრუნდებოდნენ ქალაქში, აკლებული ჰქონდათ ბულვარის შემოგარენი. ხშირად ასეთი ქეიფები სახლშიც ეწყობოდა. იშლებოდა მდიდრული სუფრა აივანზე (თუ არ ვცდები, ლევაშოვის ქუჩაზე). ისე გრძელდებოდა, ვიდრე პურმარილის მოყვარულ მიშას ფული არ გამოელეოდა. შემდეგ ბრუნდებოდა შინ. დაისვენებდა, ისევ გაყიდდა ნაკვეთს (მგონი, მარგანეცის შემცველს), ისევ ქუთაისი, ქეიფი, დროსტარება. მეტი რა შემრჩებაო – ამბობდა კმაყოფილი მიშა. უკანასკნელს ვიცნობდი – სხვა მოქეიფეთაგან არავის. რამდენი იყო ასეთები!

დავამთავრეთ  რეალური სასწავლებელი. მოწაფეების უმრავლესობა მიდიოდა ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, კომერციულ ინსტიტუტში და სხვა სპეციალურ უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი სამეულის არც ერთ წევრს არ იზიდავდა ეს სპეციალური სასწავლებელი. გვინდოდა უნივერსიტეტში შესვლა. ამისათვის საჭირო იყო ლათინურ ენაში გამოცდის ჩაბარება გიმნაზიაში. ლათინურისა კი ინჩი-ბინჩი არ გაგვეგებოდა – არ გავდიოდით. მივებარეთ ლათინურის მასწავლებელს, კომპანიონს, რაც შეეძლო მოგვამზადა და იმავე წელს (1919) ჩავაბარეთ გამოცდა გიმნაზიაში ჩინჩალაძეს. მამას სურვილი იყო, სამედიცინო ინსტიტუტში შევსულიყავი. შეიძლება ასედაც მომხდარიყო, რომ ერთ შემთხვევას არ შეეშალა ხელი. შინ ვბრუნდებოდი. უნდა გამევლო სახლის წინ , რომელშიც პოლიცია იყო მოთავსებული (საფიჩხიაზე, ივანოვის ქუჩა), პოლიციის წინ ვიღაც მიწაზე გაშხლართული კაცი დავინახე, ხანჯლით იყო დაჭრილი და მკერდიდან  სისხლი სდიოდა. სისხლის დანახვაზე კინაღამ გული წამივიდა. შინ ფერდაკარგული დავბრუნდი. გადავწყვიტე, რომ ჩემგან არავითარი ექიმი არ გამოვიდოდა. ვარჩიეთ უნივერსიტეტში შესვლა ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მე ასეთი ნიშნები გამომყვა: საღვრთო რჯულში – 5 , რუსულ ენაში – 3, გერმანულში – 4, ფრანგულში – 4, არითმეტიკაში – 5, ალგებრაში – 5, გეომეტრიაში – 4, ტრიგონომეტრიაში – 4, ისტორიაში – 4, ბუნებისმეტყველებაში – 4, ფიზიკაში – 5, მათემატიკურ გეოგრაფიაში – 4 (აღარ მახსოვს, ეს რა საგანი იყო), ხატვაში – 4 , ლათინურში – გაჭირვებული 3 და კანონმცოდნეობაში – 4. ამ საგანს მეშვიდე კლასში გვასწავლიდა შესანიშნავი ადამიანი და მოქალაქე სოლომონ მიქელაძე, ირაკლი მიქელაძის მამა, რომელიც ჩვენთან ურთიერთობაშიც საცარ თავაზიანობას იჩენდა. იყო მაღალი და გამხდარი, კარგი შესახედაობისა. სანდროს გაცილებით უკეთესი ატესტატი ჰქონდა. სამეულმა გადავწყვიტეთ პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა. მე და სანდრო ცირეკიძემ ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ხოლო გიორგი ჟღენტმა იურიდიულ ფაკულტეტზე. ჩავდეთ ატესტატები კონვერტში და გავაგზავნეთ უნივერსიტეტებში.

საშუალო სასწავლებლის დამთავრება მშობლიურ სოფლებში წვეულებით დავაგვირგვინეთ. პირველად ვეწვიეთ ანდრო საყვარელიძეს. მისი მამა ბეგლარი შეძლებული აზნაური იყო. ცხოვრობდა სოფელ ჯგილათში. ეზოში რომ შევედით, გაოცებული დავრჩით. თუთის მთელი ტყე იყო, როგორც ჩანს, მეაბრეშუმეობას ეწეოდნენ. ჯგილათიდან გადავედით სოფელ მუჯირეთში – ჩვენი თანაკლასელის შალვა ჩიქვილაძის სოფელში. მისი მამის სახლი მდინარის ნაპირზე იდგა. არ დამავიწყდება  იქ გატარებული ღამე, რომლის ვარსკლავებთან მყუდროებას ამ მდინარის დუდუნი არღვევდა მხოლოდ. შალვა ჩიქვილაძეს და კონსტ. ლორთქიფანიძეს შესანიშნავი ხმები ჰქონდათ:  პირველს ბარიტონი, მეორეს კი – ლირიკული ტენორი. ხშირად ვთხოვდით შალვას ემღერა რომელიმე რომანსი. ისიც სიამოვნებით გვისრულებდა თხოვნას. ღამის სიწყნარეში განსაკუთრებული ძალით გაისმა მისი ხავერდოვანი ხმა. მისი საყვარელი არია იყო ეპიტალამა ოპერა „ნერონიდან“ – „Пою тебе, бог ти мне…“  სოფელშიც სხვა სიმღერებთან ერთად  ეს არიაც შეასრულა. მუჯირეთიდან გადავედით გიორგი ჟღენტის სოფელ ქვაციხეში, ცხადია, ფეხით. პირველად ვნახე მემამულის ოჯახი. შინ იყვნენ დედა ნინო და მამა დავითი. ღია ეზო იყო. არაფერი მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მინახავს. უზარმაზარი ეზო ისე იყო გაჭიმული, რომ ოდა ძლივს მოჩანდა. ეზო დაფარული იყო ცაცხვის ჩრდილებით. იმდენი დამხმარე სახლი იდგა შიგ, რომ გეგონებოდა მთელი სოფელი იყოვო. იდგა მთელი ქვების მაგიდები (ცაცხვის ქვეშ)  და ქვისავე სკამები. ოდაც მრგვალი ოთახისგან შედგებოდა, გვერდზე შესანიშნავი ბაღი იყო გაშენებული. აქ, მგონი, ორი დღე დავყავით. თავს ვიქცევდით ნარდის თამაშით, თუ არა და სუფრას ვუსხედით. გიორგის დედა ნინო ლორთქიფანიძე ძალზე სათნო და კეთილი გულის მქონე ადამიანი იყო. ვუყვარდით და პატივს გვცემდა, როგორც მისი ნიჭიერი შვილის, გიორგის მეგობრებს. მე უფრო ახლოს ვიყავი მასთან. თვალები ტკიოდა და გაკვეთილებს მე ვუკითხავდი. როგორც თავში აღვნიშნე, საკმარისი იყო ყური მოეკრა წაკითხულისათვის, რომ გაკვეთილი უმალვე აეთვისებია. პირველად ამ სასიამოვნო მგზავრობის დროს გავუსინჯეთ გემო ღვინოს…

დაახლოებით იმ წლებში, თუ შემდეგ ქუთაისში მოეწყო ჩვეულებრივი ლიტერატურული საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პოეტები – სოლოგუბი და იგორ სევერიანინი. ჩვენ ასე თუ ისე უკვე ვიცნობდით დასახელებული მწერლების შემოქმედებას. წაკითხული გვქონდა სოლოგუბის „Мелкий бес“-იც და სევერიანინის, ამ ეგოფუტურისტის (ასე უწოდებდა თავის თავს) ახლებური ლექსები. მას საგრძნობლად აკლდა თავმდაბლობა და მოკრძალება – თვისებები, რომლებიც ადამიანს აფაქიზებენ. ჰქონდა ერთი ლექსი, რომელიც ასე იწყებოდა: „Я гений Игорь Северянин“ю ჩვენი დაუძლეველი სურვილი იყო, გვეხილა ეს ოდიოზური ფიგურა. საღამოს უამრავი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დაესწრო. საღამო წარმატებით ჩატარდა. რაღაც ახალი ვიგრძენით მის ლექსებში.

მაგრამ ჩვენზე ამ საღამომ კი არ დატოვა ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება, არამედ საღამომ, რომელიც ვაჟა ფშაველამ მოაწყო ქუთაისში და რომელშიც გრიშაშვილი იღებდა მონაწილეობას.  ასე მახსოვს. პირველად ვიხილეთ ვაჟა – პოეზიის არწივი და მოვისმინეთ მის მიერვე წაკითხული ლექსები.

აგვისტოში ავიკარით გუდა-ნაბადი და გავუდექით გზას პეტერბურგისაკენ. დაიწყო ახალი ხანა ჩვენს ცხოვრებაში. გვიხაროდა,  რომ უმაღლეს სასწავლებელშიც ერთად ვიქნებოდით.

ქუთაისს არ გავცილებივარ, ისე დავასრულე რეალური სასწავლებელი. სწორედ იმ წელს (1913) მოეწყო ექსკურსია ბათუმში: ზღვა გვიზიდავდა, გვინდოდა, გაგვეგო რას წარმოადგენდა იგი. ეს იყო და ეს. სხვა არც ერთი ქალაქი არ მქონდა ნანახი, მათ შორის არც თბილისი, ახლა კი პეტერბურგში უნდა ამომეყო თავი. გზად მიმავალს მინდოდა თბილისი დამეთვალიერებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ზაფხულობით ცხვირიდან სისხლის დენა დამჩემდა. ჩავჯექით თუ არა რიონში ვაგონში, ცხვირიდან სისხლი წამცდა.დამწუხრებული დაბრუნდა მამა შინ. გულაღმა ვიწექი მთელი გზა, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიაში არ გავიდა მატარებელი. აგრილდა და სისხლის დენაც შეწყდა. ვაგონის ფანჯრიდან დანახულით შემოიფარგლა ის პირველი შთაბეჭდილებანი, რომლებიც გავლილი ქალაქებიდან მივიღე. მგონი, მეოთხე დღეს პეტერბურგს მივაღწიეთ. ნევის პროსპექტი, მდიდრული სახლები, ყაზანის სობორი, პირდაპირ აზიდული შავი გრანიტის თუ მარმარილოს სახლი, ანიჩკინას ხიდი, რუს მეფეთა სასახლეები, ზამთრის სასახლე, ალექსანდრეს პარკი, მოიკას ქუჩა და სხვა ადგილებმა ზღაპრული შთაბეჭდილება მოახდინეს. განსაკუთრებული გაოცება გამოიწვიეს სწორმა, პარალელურად განლაგებულმა ქუჩებმა ვასილიევის კუნძულზე. ოთახი ადვილად იშოვებოდა. თითქმის ყოველი შპალის  შესასვლელში გამოკრული იყო მწვანე პატარა სტანდარტული ქაღალდი, რომელიც იტყობინებოდა ოთახის გაქირავების შესახებ. ოთახი იშოვებოდა, მაგრამ ძვირი ღირდა. თვეში 30 მანეთს ვღებულობდი სახლიდან: ნახევარი ოთახის ქირას სჭირდებოდა. მე და სანდრომ ერთი ოთახი დავიქირავეთ ვასილიევის კუნძულზე, რომელიღაც ხაზზე. იქედან პეტერბურგის მხარეზე გადავედით ვედინსკის ქუჩაზე. გიორგი ჟღენტს კარგად შეძლებული დედმამა ჰყავდა. მან ცალკე დაიქირავა ოთახი – როგორც მახსოვს, ნევის პროსპექტთან ახლომახლო ქუჩაზე. მე და სანდრომ ერთად დავიწყეთ სიარული უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტში შესვლისთანავე ჩვენ ჩავებით სტუდენტთა მასობრივ გამოსვლებში. სასტიკი რეაქციის შემდეგ, რაც პირველი რევოლუციის დამარცხებას მოჰყვა თან, რევოლუციური მოძრაობა კვლავ აღმავლობის გზით წარიმართა. დაიწყო მუშათა გაფიცვები, სტუდენტების გააქტიურება. 1913 წლის  სექტემბერს პეტერბურგის  სტუდენტებმა თვითმპყრობელობის შავრაზმელ პოლიტიკას პროტესტით უპასუხა. ეს თვე აღინიშნა ბეილისის შეთითხნილი საქმით. ეს მოხდა კიევში. მთელი გაზეთები სავსე იყო ცნობებით, თითქოს ებრაელმა ბეილისმა 1913 წლის სექტემბერში რიტუალური მიზნით მოჰკლა ბავშვი ანდრიუშა იუშკევიჩი (ნამდვილად როგორც გამოირკვა ბავშვი მოჰკლა ქურდ-ბაცაცების ბრბომ). მახსოვს, გაზეთებში მოთავსებული იყო ბეილისის სურათი, იუშკევიჩის სურათი, ქუჩა და სახლი, რომელშიც მკვლელობა მოხდა. დაინიშნა გამოძიება და შემდეგ ბეილისის გასამართლება. ბეილისის წინააღმდეგ სხვათა შორის მოწმედ გამოვიდა პეტერბურგის ერთ-ერთი შავრაზმელი პროფესორი (გვარი აღარ მახსოვს), რომელიც ამტკიცებდა რომ ებრაელები ქრისტიანის სისხლს იყენებენ მაცას დამზადების დროსო. ნაფიცთა მსაჯულების უმრავლესობას რიგითი გლეხები წარმოადგენდნენ. ბეილისს იცავდნენ ისეთი ცნობილი ვექილები, როგორიც იყვნენ კაბაჩევსკი და ზარუტნი. ნაფიცმა მსაჯულებმა ბეილისი გაამართლეს. პეტერბურგს დაბრუნდა შავრაზმელი პროფესორი. ერთ-ერთ აუდიტორიაში მისი ლექცია უნდა შემდგარიყო. სტუდენტებმა გადაწყვიტეს, ჩაეშალათ ეს ლექცია. აუდიტორია აივსო. ვინ მერხები დავიკავეთ, ვინ ფეხზე იდგა. შემოვიდა თუ არა აუდიტორიაში პროფესორი და ლექციის წაკითხვა დააპირა, ერთი აურზაური ატყდა. ვინ მერხებს აბრახუნებდა, ვინ გაყვიროდა – „ძირს, ძირს“. პროფესორი გაშეშებული იდგა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ალყა შემოარტყა აუდიტორიას, სადაც ჩვენ ვიყავით. ყველას ვინაობა დაადგინეს. უნივერსიტეტში შესასვლელი მოწმობები ჩამოგვართვეს და კიდევაც გაგვრიცხეს უნივერსიტეტიდან. ერთი თვე აღარ შევსულვარ უნივერსიტეტში. მიღებული დადგენილების თანახმად, სხვა ქალაქში უნდა გადავსულიყავი. განათლების მინისტრი იყო კასო. უკანასკნელმა სათითაოდ გამოიძახა ყველა გარიცხული სტუდენტი. მეც გამომიძახა და ვინაიდან პირველად ვიყავი შენიშნული, მაპატივა, სასჯელი მომიხსნა და აღმადგინა  უნივერსიტეტში  გაფრთხილებით, არ მიმეღო მონაწილეობა გამოსვლებში.

ჩვენი საგნების გარდა სისტემატურად დავდიოდით აღმოსავლეთ ენების ინსტიტუტში, რომელიც იყო მოთავსებული მესამე სართულზე. საერთოდ პეტერბურგის უნივერსიტეტი გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა ფაკულტეტი ერთ შენობაში იყო მოთავსებული. ეს შენობა პეტრე დიდის დროს იყო აგებული. ისეთი გრძელი კორიდორი ჰქონდა, რომ ერთი ბოლო არ უჩანდა. სტუდენტებს საშუალება ეძლეოდათ სხვა ფაკულტეტების პროფესორთა ლექციებიც მოესმინათ. დიდი კმაყოფილებით ვუსმენდით, მაგალითად, ცნობილი პეტრაჟიცკის ლექციებს იურიდიულ ფაკულტეტზე, ბურჟუაზიული ეკონომისტის, ერთ დროს ლეგალური მარქსიზმის მიმდევარის – ტუგან-ბარანოვსკის, გამოჩენილი სოციოლოგის, ფოლკლორისტის  მაქსიმ კოვალევსკის და სხვათა ლექციებს.

სისტემურად დავდიოდით ნ. მარის, ივ. ჯავახიშვილის ლექციებზე. იმ დროს ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდნენ აკაკი შანიძე, იოსებ ყიფშიძე, დავით ყიფშიძე. ამ ინსტიტუტში სწავლობდნენ გიორგი ჩიტაია, ვალ. ფუთურიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი და სხვა. მახსოვს მეტად ნიჭიერი სტუდენტი სილ. ლომაია, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა. ინსტიტუტთან არსებობდა სამეცნიერო წრე, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა. პირველ წელსვე მეც გავბედე  და წრეში წავიკითხე მოწაფური მოხსენება ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მოხსენება იმდენად სუსტი იყო, რომ არავითარი რეაგირება არ გამოუწვევია. მივხვდი, რა მოუმზადებელი ვიყავი. სიამოვნებით ვისმენდით ნ. მარის   ლექციებს „ვეფხისტყაოსანზე“. ამ ლექციებს თუ არ ვცდები, ვრცლად იწერდა ჩვენი სახელოვანი მეცნიერი ფილოლოგი სიმონ ყაუხნიშვილი. დამამახსოვრდა ნ. მარის განცხადება – როგორ მომოვიდა თავში და ვთქვი „ვეფხისტყაოსანი“ სპარსულიდან არის თარგმნილი და ორიგინალი ინგლისის ერთ-ერთ მუზეუმში ინახებაო. შემდეგ ნ. მარი ასაბუთებდა, რომ ეს გენიალური ნაწარმოები, ცხადია, ორიგინალური და ქართული სინამდვილის ნიადაგზე არის ამოზრდილი და ევროპული რენესანსის სფეროში შედისო. მეტად საინტერესო ლექციები იყო. ჯერ კიდევ გათენებული არ იყო (ზამთრის თვეები იყო) და ნ. მარი უკვე ტრიბუნაზე იდგა. აუდიტორია ყოველთვის სავსე იყო ქართველი სტუდენტებით.

ივ. ჯავახიშვილმა გადმომცა გიორგი მთაწმინდელის „ათონის მონასტერი“, დამავალა, შემესწავლა იგი და ამ მონასტრის შესახებ არსებული სხვა წყაროები. შრომა უნდა დამეწერა. ჩანს, მეცნიერული მუშაობა სრულიად არ იყო ჩემი მოწოდება. ივ. ჯავახიშვილის დავალება ვერ შევასრულე, რასაც ახლა ვნანობ გულწრფელად. ამ ხაზით რომ მემუშავა, იქნებ პატარა წვლილი შემეტანა ჩვენი დიდი წარსულის შესწავლის საქმეში.

გადმოგვცემენ, როცა ალექსანდრე დიდი მაკედონიის ტახტზე ავიდა, თავისი მამის მიერ დატოვებული ქონების უმეტესობა მეგობრებს დაურიგაო.  ერთ-ერთი  ჰერდიკა  შეეკითხა: შენ რაღა გრჩებაო? ალექსანდრემ უპასუხა: „მე მრჩება ქონების უდიდესი ნაწილი – იმედი“.

1968 წლამდე