ეპიზოდები მეგობართან შეხვედრებიდან – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 1966 წლის შემდეგ

ადგილი : ქუთაისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 26465-2-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

ეპიზოდები მეგობართან შეხვედრებიდან

ოცდა ერთი წელი იყო. ქუთაისში ვიყავი. დილით რაღაც საქმეზე ქალაქში გავედი. ჩემს საყვარელ ბულვარში გავიარე. მაშინ ბლომად მყავდნენ სიჭაბუკის მეგობრები მშობლიურ ქალაქში. ვის არ შევხვდი, ვინ არ მოვიგონეთ. უეცრად გვერდით ჩამიარა მაღალმა ახალგაზრდამ. ეცვა ჯარისკაცის ბუშლატი და უზარმაზარი ხანჯალი ეკიდა.

– გოგლა, ეს შენ ხარ ბიჭო? – დავუძახე.

მოიხედა, გაეღიმა და მოვიდა.

– აქ როგორ გაჩნდი? – შევეკითხე.

სრულიად არ მოველოდი, თუ ქუთაისის ბულვარში შევხვდებოდი მას. ეს იყო თებერვლის დღეები, როცა თბილისში ყოფნისას ერთმანეთს ვეღარ ვნახულობდით.

– ჯარში გამიწვიეს, – მიპასუხა მან, – არტილერისტი ვარ.

გავიხსენეთ თბილისი: პაოლო, ტიციანი. მიამბო, ვინ რას აკეთებდა, ვინ როგორ შეხვდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას. არ ვიცი, რა გზით გაიგო, მაგრამ მან პირველად გაიგო პაოლოს მიერ გადადგმული გაბედული ნაბიჯი: როგორ მიესალმა იგი  თბილისში წითელი ჯარის ნაწილებს.

მალე თბილისში დავბრუნდი. გოგლა საბჭოურად იყო განწყობილი. იგი იმის მომხრე იყო, ქართველი ინტელიგენცია გვერდში ამოდგომოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ემუშავნა.

– ბუნებას არ უყვარს სიცალიერე – თუ ჩვენ არ დავიკავეთ ჩვენი ადგილი, სხვა დაიკავებს. ამ აზრს იზიარებდა ცისფერყანწელთა უმრავლესობა. უკანასკნელთა ასეთმა პოზიციამ მაშინ ინტილიგენციის ერთ ნაწილში დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მახსოვს, ამ ინტელიგენციის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ცისფერყანწელებზე პასკვილი დასწერა და მათ მლიქვნელები უწოდა. პასკვილში აკაკის „პატარა მურიადან“ ამოღებული ადგილებიც მოიყვანა: „ვისი არის ანდა სადაურია? ქუცი, ქუცი, კუდქიცინა მურია“ და სხვ.

გოგლა მთელი არსებით ქართულ ნიადაგზე იდგა, მისი ხატება სამშობლო იყო. მასზე ლოცულობდა 22-23 წლის ჭაბუკი, სწამდა, რომ ერთად-ერთი ძალა, რომელიც სამშობლოს აღორძინებას შესძლებდა – საბჭოთა ხელისუფლება იყო და ამიტომ აღაშფოთა იგი ასე ძლიერად ზემოთ დასახელებულმა წერილმა – პასკვილმა, რომელიც თუ არ ვცდები მემარცხენე ფედერალისტების გაზეთ „ტრიბუნაში“ დაიბეჭდა.

 

ზაფხული იყო. თბილისში იმყოფებოდა ქართული კულტურის გულწრფელი მეგობარი ვიქტორ გოლცევი. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქართული ლიტერატურა და ხელოვნება რუს მკითხველთათვის მისაწვდომი გაეხადა. წერდა წერილებს. შოთა რუსთაველზე მონოგრაფია გამოსცა. ვიქტორი შესანიშნავი ადამიანი იყო, გულღია, მიმზიდველი. ქართული ლიტერატურა რომ უფრო ღრმად შეესწავლა, ქართულ ენას სწავლობდა მონდომებით. გოგლა სურამში იყო დაპატიჟებული, როგორც მახსოვს, დავით სულიაშვილთან. შეგვხვდა და შემოგვთავაზა: სურამში საღამოს უნდა ვიყვნეთ. მოდი, მანამდე სურამის ქედი გადავლახოთ და უბისის ძეგლი დავათვალიეროთო. გოგლამ ხომ შესანიშნავად იცოდა ყოველი ძეგლის მატერიალური თუ სულიერი ისტორია. წაგვიყვანა: ვიქტორ გოლცევი, სერგო კლდიაშვილი და მე. თბილისიდან დილით ადრე გავედით. მშვენიერი ალერსიანი დღე იყო.

ვიქტორ გოლცევი პირველად არ ყოფილა ამ გზაზე. იგი მოხიბლული იყო ბუნების სილამაზით: ტყით შემოსილი მთებით, ჩანჩქერებით. ვიქტორი გაჰყურებდა მდინარეს, სიმინდის ყანებს, ვენახებს და გაოცებული გვესაუბრებოდა საქართველოს წარსულზე, მის ხალხზე, რომელიც მას ასე უყვარდა. კარგად იცოდა ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით XII საუკუნე, ჩვენი კულტურის აღორძინების ეს პერიოდი. იცოდა თამარ მეფის და შოთა რუსთაველის ეპოქის მნიშვნელობა. – Ну что скажете, Виктор, о Тамаре Георгевне  – შეეკითხა გოგლა ვიქტორს. მეგონა, პაოლოს მეუღლეზე თამარზე ელაპარაკებოდა.  თურმე თამარ მეფეს ვიქტორი თამარ გიორგის ასულს უწოდებდა. გოგლა ამის გამო ეხუმრებოდა თავისი კეთილი ღიმილით.  ვიქტორი ცდილობდა ქართულად ესაუბრნა ჩვენთან  და ახერხებდა კიდეც. სიტყვის ერთგვარი მარაგი ჰქონდა. მხიარულად საუბარში გავიარეთ ეს საუცხოვო გზა.

ეკლესია დაკეტილი იყო. იგი დარაჯს გავაღებინეთ. გოგლა გადარჩენილ ფრესკებს ათვალიერებდა და ყოველ დეტალს გვიხსნიდა. გარეთ გამოვედით ძველი ნაგებობანი შემოვიარეთ. ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებს გაეგოთ რომ იქ გიორგი ლეონიძე იმყოფებოდა. იქ რამდენიმე ახალგაზრდა, სანდომიანი სახის მასწავლებელი მოვიდა და სთხოვეს გოგლას, სადილად მათთან დარჩენილიყო. სულ რაღაც ნახევარ საათში გააწყვეს სუფრა ჩრდილქვეშ გაშლილ მინდორზე. ან როგორ დაამზადეს ასე სწრაფად ასეთი შესანიშნავი სადილი: ხაჭაპურები, ჭადები, კეცზე შემწვარი წიწილები, ყველი ჭყინტი და გადაზელილი. ღვინო ჩაფით მოიტანეს. გაჩნდა გიტარა: გოგლას საყვარელი საკრავი. დამსწრეთა ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, გოგლა იყო. ყველას სურვილი იყო მისთვის ესიამოვნებინა. თამადობას ხომ გოგლა არავის დაუთმობდა. გაჩაღდა ლხინი, სიმღერა, სადღეგრძელოები და როგორი მერე! გოგლა ხომ სუფრის გული იყო. მისი ყოველი სიტყვა ძალზე ხატოვანი, ემოციური იყო, არც დაელეოდა მას სიტყვების მარაგი. გოგლა თავის სტიქიაში გრძნობდა თავს. ლაპარაკობდა წარსულზე, მათზე, ვინც ეს ტაძარი ააგო, ვინც იგი მოხატა. შეამკო ადგილობრივი მკვიდრნი, კოლმეურნეები, მასპინძელი მასწავლებლები, რომლებმაც სთხოვეს გოგლას, წაეკითხა საკუთარი ლექსები. გოგლას არ უყვარდა თავისი ლექსების კითხვა, მაგრამ მასპინძლებს ხათრი არ გაუტეხა. რამდენიმე ლექსი წაიკითხა თავისი ბოხი ხმით. ჩვეულებად ჰქონდა მარჯვენა ხელის აქნევით მიეცა ლაზათი თავის დეკლამაციისათვის. მასწავლებლები ბედნიერები იყვნენ, რომ უშუალოდ უსმენდნენ გოგლას, რომ უკანასკნელი მათი საოცნებო სტუმარი იყო. გიტარა დაუკრეს, დაამღერეს.

მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, მალე მთებს მოეფარა და მინდორზე იისფერი ბინდი ჩამოწვა. ჩაფი დაცლილიყო. გოგლა კი ლხინის ეშხში იყო შესული.

– იმერლებო, ღვინო აღარა გაქვთ? ლეონიძის სტუმრობაო ნუ გგონიათ ხუმრობაო. – იცინოდა გოგლა. მასპინძლები შეწუხდნენ. სასწრაფოდ აფრინეს კაცი ღვინოზე, მაგრამ გოგლა აღარ დაელოდა. წამოვედით. ისევ ტაძრისკენ გავსწიეთ. იქვე ტაძართან მოარბენინეს ღვინო დოქებით, მცირე ხნით ჩამოვჯექით ბალახზე. უკვე გვიან იყო. სურამში გვეჩქარებოდა, არავის აღარ ჰქონდა ღვინის დალევისა და ჭამის თავი. გოგლამ რამდენიმე სადღეგრძელო წარმოთქვა თან ხუმრობდა: იმერლებს ღვინო შემოაკლდათო. დიდი მადლობ აგადავუხადეთ ქალიშვილებს, მასწავლებლებს და უკვე სქელი ბინდი ჩაფენილიყო მთებში როცა უკან დავბრუნდით. დაღლილები ვიყავით. ვიქტორი თხოვდა გოგლას, აღარ შეგვევლო სურამში დ. სულიაშვილთან. გოგლამ დაიჯინა:  მისვლას შევპირდი და ხომ ვერ დავატყუებო.

დარბაზი სტუმრებით იყო სავსე. ძილი და მოსვენება ყველაფერს გვერჩია. მხოლოდ გოგლა იყო ისევ ენერგიით სავსე. სუფრაზე თავისი ადგილი დაიკავა და… განაგრძო. არც ცეკვა იცოდა, არც სიმღერა. ჩამოუარა კიდევაც რომ დამსწრე ქალიშვილები აეცეკვებინა. სმენას მოკლებულმა იმღერა კიდეც და მთელი სუფრა აიყოლია. დიდხანს გუგუნებდა, ხმაურობდა, და სურამის სივრცეს თავისი ომახიანი ხმით ავსებდა. გვიან დავბრუნდით თბილისში. დაქანცულ ვიქტორს ტკბილად ეძინა მანქანაში.

 

გოგლას ორი ძმა ჰყავდა: უფროსი ლევანი და უნცროსი – სიკო. ორივე წარმოსადეგი. ორივე კარგი ხასიათით იყო შემკული. ორივე დაჯილდოებული იყო გონებამახვილობით. განსაკუთრებით ასეთი იყო ლევანი. გოგლაც მას ჰგავდა. ძმებს ესახელებოდათ და ეამაყებოდათ გოგლა. ეფერებოდნენ და ყურადღების ცენტრში ჰყავდათ დაყენებული. უფროსი უფრო თამამი იყო მასთან ურთიერთობაში, უნცროსი უფრო მორიდებული, მოკრძალებული. ლევანი მეტად განათლებული იყო, ითვლებოდა კარგ სპეციალისტად მესაქონლეობის დარგში. მას ჰქონდა კარაქის დამზადების რაღაც საკუთარი მეთოდი. ცოდნის გასაღრმავებლად გერმანიაში იქნა მივლინებული. იქ შეირთო გერმანელი ქალი და სამშობლოს დაუბრუნდა. მუშაობდა მესაქონლეობის ტერმინოლოგიის შედგენაზე. თუ არ ვცდები, შეადგინა და გამოსცა კიდეც.

რაც ბუნებას გოგლასთვის წაერთმია, იმით ლევანი უხვად დაეჯილდოვებინა. შესანიშნავი ხმა ჰქონდა. ის რომ დაიგუგუნებდა – ერთ რამედ ღირდა.

ერთხელ ალექსანდრე ბურთიკაშვილმა (ცნობილმა თეატრმცოდნე და სცენის მუშაკმა) წვეულება გამართა. მისი ბინა მდებარეობდა რუსთაველის პროსპექტზე, ბორჯომის წყალი რომ იყიდება იმ სახლის ეზოში. ალექსანდრემ თავისი სიჭაბუკის ახლობლებს – თანასოფლელებს, ლევანსა და გოგლას გაუმართა სადილი. არ მახსოვს, სიკო იყო თუ არა. სხვათა შორის, სადილზე მიგვიწვია: სანდრო შანშიაშვილი, სამსონ და შოთა დადიანები და როგორც მახსოვს, სერგო კლდიაშვილი, რომელთანაც ერთად იგი მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა. სამსონი და შოთაც მშვენივრად მღეროდნენ. მათ სანდრომ და სერგომაც შეაწიეს ხმა. სანდროს საყვარელი სიმღერა იყო „Помнишь ты“. გოგლა შეუჩნდა და ეს სიმღერაც წამოაწყებინა. ისე შეეწყო ხმები, რომ „სმენად მხეცნი მოვიდიან“. ყველას ფარავდა ლევანის შესანიშნავად მჟღერი ბანი. გოგლა მხოლოდ მოსმენით ტკბებოდა. ლევანი ემუდარებოდა: ნუ ჩაერევი და სიმღერას ნუ შეგვიშლიო. აქ მოვისმინე პირველად ლევანის ეშხიანი სიმღერა.

მგონი, სამსონ დადიანმა გოგლას დღეგრძელობისას მას ფუტურისტი უწოდა. მაშინ ასე უწოდებდნენ ყველას, ვინც სიახლის შეტანას ცდილობდა პოეზიაში. გოგლას უკმაყოფილება დაეტყო სახეზე: – მე რა ფუტურისტი ვარ – უპასუხა მან. ჩემი ნათლია პოეზიაში ვაჟაა. მართლაც, როგორც ცნობილია, პოეტური ღირსების საზომი მისთვის ვაჟა იყო, ვაჟას მიუძღვნა მან მრავალი ლექსი..

გოგლა მართალი იყო, მოდერნისტული პოეზია და მით უმეტესად ფუტურიზმი მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო.

მრავალჯერ შევხვედრივარ შემდეგ გოგლასთან ლევანს, ან ლევანთან გოგლას. – დაანებე, ბიჭო, ამ ლექსებს თავი. ეუბნებოდა ლევანი ძმას. მის სიტყვაში ირონიაც იგრძნობოდა. – ლექსებით ჩვენ ხალს ვერ გამოკვებავ. მას მდიდარი პოეზია აქვს. ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი მატერიალური დოვლათი, – და დაუწყებდა იუმორით შეზავებულ მტკიცებას: – მეტი კარაქი, ქონი, შაშხი, რძე… ხალხი ეკონომიურად უნდა მოღონიერდეს, კუჭი ამოივსოს, მაშინ მისი სულიერი კულტურაც ამაღლდება, თორემ მშიერსა და გაძვალტყავებულ ხალხს რა ელექსება.

გოგლა უსმენდა ძმას, იცოდა მისი ხუმრობის ლაზათი და გაგონილს მეორე ყურიდან უშვებდა.  მისი სტიქია ლექსი იყო. ამოით სუნთქავდა და ცოცხლობდა.

უკვე ბნელოდა მე და გოგლა რუსთაველის პროსპექტზე ვიყავით. ლევანი შემოგვხვდა. – წამოდით, თქვე გაქუცულებო და ვივახშმოთო – გვითხრა. თავპატიჟი არ გაგვიდვია, იქ, სადაც ლაღიძის წყალი იყიდებოდა, მის პირდაპირ სასადილო იყო. მიმავალთ ცნობილი წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ალ. არაბიძე შეგვხვდა. შავი წვერულვაშით შემოსილს მშვენიერი სახე ჰქონდა. გოგლას ძალიან უყვარდა თავის ქვეყანაში შეყვარებული ეს ჩუმი მოღვაწე. ხელი მოხვია და თან წამოიყვანა. ლევანმა სანაქებო სუფრა გააწყობინა პურმარილის მომტანს. მაგრამ ვის ჰქონდა ჭამის და სმის თავი. კუჭი არ შეგვრჩენია არც ერთს, იმდენი იხუმრეს და გვახარხარეს ძმებმა ლევანმა და გოგლამ.

რა არ გაიხსენეს, რას არ მოყვენ. ის ღამე ჩამრჩა მეხსიერებაში. ლევანის მარიფათი ცნობილი იყო. იგი დაიღუპა 1937 წელს. დარჩა მეუღლე და ორი შვილი: ქალიშვილი და ვაჟი. პატარძლეულში ცხოვრობდნენ. გერმანელმა ქალმა ლევანის სიცოცხლეში შეისწავლა ქართული. ადგილობრივ სკოლაში გერმანულს ასწავლიდა. შემდეგ თბილისში გადმოვიდა. მათი მზრუნველი და ხელის გამმართავი ბოლომდე გოგლა იყო. დაჩაგრული რძალის სიკვდილმა მეტად დაამწუხრა იგი. პატივით დაკრძალა და როგორც ტრადიციის დამცველმა შემდეგ ე. წ. ქელეხი გადაუხადა. შემდეგში,  როცა სუფრას შემოვუსხდებოდით, აავსებდა თუ არა ჭიქას ღვინით, შიგ პურს ჩაუწებდა, ლევანის სულის მოსახსენებელს დალევდა. შემდეგ უგზო-უკვლოდ დაღუპულ ლევანს სიკოც მიჰყვა. სისხლის გათეთრებით გახდა ავად. არც მისთვის დაუკლია გოგლას მზრუნველობა.  თბილისში რომ ვერაფერი მოუხერხა, ლენინგრადში წაიყვანა.  – აქედან კი მიგყავარ, მაგრამ იქედან ჩამოსატანი არ გაგიხდეო – უთხრა სიკომ გოგლას. წინასწარ თქმა ახდა. მალე გარდაიცვალა. ჩამოასვენა. სადგურში დავხვდით. პირველად გავიგონე მისი ხმამაღალი ქვითინი, როცა ძირს გადმოვიდა და გულდათუთქულმა დამხდურნი გადაგვკოცნა.

სიკოც მან დაკრძალა, დაიტირა. მის ოჯახზეც მზრუნველობა მან აიღო თავის თავზე. მეტად მდიდარი და მოსიყვარულე გული ჰქონდა გოგლას.

ხშირად მეტყოდა: წამოდი, ერთად ვისადილოთო. წამოვყვებოდი მაგრამ სახლში მისვლა არ ეღირსებოდა. საოცრად უყვარდა ბაზარი. ხორცის ყველა გამყიდველს იცნობდა. ყველას ჩამოუვლიდა. საუკეთესო ნაჭერს შეარჩევდა და შეახვევინებდა. დოვლათი უყვარდა. დატვირთავდა მანქანას სანოვაგით და თავისიანებს ჩამოურიგებდა. დამშეულნი, გვიან მივიდოდით სახლში და ახლა იწყებოდა ფეფიკოს ფაცა-ფუცი. ჩვენი მეგობრობა ამ მხრივ მეტ ჯაფად აწვებოდა საყვარელ დიასახლისს. ის დრო წარმტაცი და ნათელი იყო.

 

გოგლამ პატარძეულში წასვლა შემომთავაზა. იქ იყო მისი დედა, რომელიც არ მენახა. ვიცნობდი მხოლოდ სურათით, რომელიც ჩარჩოში ჩასმული, გოგლას საწერ მაგიდაზე ჰქონდა დადგმული. არც პატარძეულში ვყოფილვარ მანამდე და სიხარულით წავყევი. გოგლას მაშინ არ ჰქონდა მოხვეჭილი დიდი პოეტის სახელი. სართიჭალიდან აღმართი ავიარეთ და ჩემს წინაშე საკმაოდ მოზრდილი სოფელი გადაიშალა.

– გოგლა, რათ ჰქვია სოფელს, პატარძეული? – შევეკითხე.

– დანამდვილებით ვერ გეტყვი. ხალხში გამიგონია: ვიღაც პატარიძე ცხოვრობდა და აქედან აქვს შერქმეული სოფელს ეს სახელიო. იმასაც ამბობენ: პატარძალიდან არის წარმოქმნილიო.

ვის არ გვიყვარს სოფელი, სადაც დავბადებულვართ, თვალი აგვიხელია, პირველად შეგვიხედია მზისათვის, პირველად გვსმენია ხის შრიალი, წყაროს ჩუხჩუხი გაგვიგონია. მაგრამ ეს სიყვარული სოფელთან დაშორების გამო, შემდეგ შენელებულა, მომაჯადოებლობა დაუკარგავს და ჩვენში ჩარჩენილა, როგორც მოგონება რაღაც განუმეორებელის, პირველქმნილი სილამაზის. გოგლას სიყვარული მშობლიური სოფლისადმი ცოცხალი იყო, რაღაც ხორცსხმული, დანამდვილებული, ეს კიდევაც გამოამჟღავნა თავის რძიან ლექსებში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას არასდროს არ შეუწყვეტია კავშირი სოფელთან, სადაც დაირწა „მისი აკვანი წნორის ტოტისა, სადაც მას ზრდიდა „ხალხის ფიქრი ათასწლეული“.

იქაურობა გაჟღენთილი იყო მინდვრის ყვავილების გამაბრუებელი სუნით. სულ ახლო, აღმოსავლეთით, იყო ძეძვით დაფარული გორაკი. იქ, ჩრდილოეთით სოფელს უფრო მაღალი გორაკები აკრავს. მიჩვენებდა პატარა ნანგრევებს, ამ მთებზე რომ მოჩანდა. მიხსნიდა მათ დანიშნულებას. თუ არ ვცდები, მისი განმარტებით, ყოფილი წარმართული სალოცავები უნდა ყოფილიყვნენ, სადაც ხალხი იკრიბებოდა და ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. გოგლა ბავშვობიდანვე გლეხებში ტრიალებდა და მათგან ჰქონდა გაგონილი სხვადასხვა თქმულება. შემდეგ ეს სალოცავები ხალხმა ქრისტიანული რიტუალისთვის გამოიყენა. გოგლა იხსენებდა აქ გატარებულ ბავშვობის წლებს, სიყრმის ამხანაგებს და მათთან გატარებულ დროს. სადღა იყვნენ! გოგლა ბუნებით მეოცნებე იყო, მას უფრო რომანტიკული განწყობილება ახასიათებდა. მე უფრო მხიბლავდა და ახლაც მხიბლავს ის ლექსები, რომლებშიც მისი ლირიკული სულია შთაბერილი. ეს ლექსები მეტწილად 24-30 წლებშია შექმნილი. ვიჯექი ჩრდილში და გოგლა იგონებდა პუშკინის ლექსს „19 ოქტომბერი“, რომელიც ძალზე უყვარდა. ცალკეული ადგილები ზეპირად იცოდა. სევდის მომგვრელი ხმით ამბობდა:

„Я пью один, и на брегах Невы

Меня друзья сегодня именуют…

Но многие ль и там из нас пируют?

Еще кого не досчитались Вы?

Кто изменил пленительной привычке?

Кого от вас увлек холодный свет!

Чей глас умолк на братской перекличке?

Кто не пришел? Кого меж нами нет?“

მაშინ ჩვენ მშვენიერ ძმურ კავშირს არავინ არ აკლდა. ძმურ გამოძახილზე არავინ არ დუმდა. ყველას ხმა ისმოდა: „აქა ვარ“. გოგლას, ალბათ, სოფლელი მეგობრები ჰყავდა მხედველობაში. მათი გზა გაიყარა და გოგლა მოწყენილად გრძნობდა თავს. იგი განაგრძობდა.

Поговорим о бурных днях Кавказа,

О Шиллере, о славе, о любви.

ამ სტრიქონებს ხშირად იმეორებდა ხოლმე. და იმ დღესაც იგი ელაპარაკებოდა საქართველოს მშფოთვარე წარსულზე, ჩაუქრობელ ხანძრებზე, ჩვენი ხალხის გმირობასა და დიდებაზე, გატაცებაზე, ძმობაზე, სიყვარულზე. ამ თემებზე საუბარი არ მოწყინდებოდა და არც სიტყვა უშრებოდა. გრილმა სიომ დაბერა მთებიდან. გოგლას სადილი გაახსენდა, შინ დავბრუნდით. დედას მეზობელი ქალი დახმარებოდა. შოთი პურები დაეცხო. დედალი მოეხარშა. ნიორ-წყალი გაეკეთებინა. იცოდა შვილის გემოვნება. მაშინ გოგლას საცივს და სხვა იმერულ დელიკატესებს ვერ გააგონებდი. მისი საყვარელი შეჭამადი იყო დედალი ნიორ-წყალში, არტალა, ბოზბაში. საცივს, ნიგვზით შეკაზმულს, ტალახს უწოდებდა. ჩვენც, მისმა იმერელმა მეგობრებმა ვიცოდით ეს და წვეულებისას მისთვის ცალკე იხარშებოდა დედალი. შემდეგ ისე შეეჩვია საცივს და სხვა იმერულ საჭმელებს, რომ მის სუფრასაც ამკობდა ყოველთვის.

იმ დღეს კი სადილად სახლში არ დავრჩენილვართ. გამზადებული სადილი დედამ კალათში ჩააწყო. შინდაწურული საფერავი ღვინით მოზრდილი დოქი აავსო და წაგვიყვანა სახლის ახლო მდებარე პატარა ხევში, სადაც საოცრად გრილოდა და წყაროს ცივი წყალი მოწანწკარებდა. გოგლა იქაც განაგრძობდა ენამზეობას, სვამდა ტრადიციულ სადღეგრძელოებს, ბობოქრობდა, ილხენდა (მეზობლები შემოგვემატა), ხალხს სიკეთეს და მარჯვენას უქებდა. შებინდებამდე დავყავით იქ. ღამე სოფელში გავათიეთ. მეორე დღეს დილითვე დედულეთში, მეზობელ სოფელში, ნინოწმინდაში წამიყვანა. ძველი ეკლესია დავათვალიერეთ. კედლები ტყვიებით ჰქონდა დაცხრილული. გამაცნო ამ ეკლესიის ისტორია და ველურ ურდოების თავდასხმები, რომლებიც მას (ეკლესიას) გადაეტანა. მიამბობდა ხანძრებზე, რომლებიც წარსულში არაერთხელ შემოდებოდა მის კედლებს. ეს ხანძარი სწვავდა გულს. ნახულით და განცდილით დაღლილნი გამოვემშვიდობეთ დედას, თბილისში დავბრუნდით.

ჩემო გოგლა, დღეს შენ გახდი ჩემთვის მოსაგონარი. სიცალიერეს ვგრძნობ. რადგანაც ძმურ გამოძახილზე შენს მჭექარე ხმას ვეღარ გავიგონებ.

არიან ამხანაგები, რომლებიც გოგლას უსაყვედურებდნენ კუთხურ, კახურ პატრიოტიზმს, მიკერძოებას. რა დასამალავია: გოგლა, პირველ რიგში, კახეთში იყო შეყვარებული. ასეა გურული, მეგრელი, რაჭველი, იმერელი, ქართლელი… სავსებით ბუნებრივია, რომ მათ უყვართ თავიანთი კუთხე, სადაც დაიბადნენ და აღიზარდნენ. ყოველ კუთხეს აქვს თავისი სახე, თავისი ადათი, ჩვეულებანი, სიმღერის, ცეკვის, მეტყველების თავისებურება. ეს ჩვენი ხალხის სიმდიდრეა.

გოგლამაც, ისე როგორც სანდრო შანშიაშვილმა, პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, მუხრან მაჭავარიანმა და სხვებმა თავიანთ სოფლებს, მხარეს საუკეთესო ლექსები მიუძღვნეს.

არ არის საჭირო, დავასახელო გოგლას ის შედევრები, რომლებიც კახეთის სიყვარულით არის ნაკარნახევი. გოგლა მართლაც გატაცებული იყო კახეთით, სადაც „ციაგის ციალს აჰყვება შუქი შორეულ შუქურთა და გამოჩნდება სამშობლო, როგორც მოჭრილი ჩუქურთმა“. მისი ოცნება საქართველო, ქართველი ხალხი იყო. და მთელი მისი პოეზია ხომ ამ ერთ თემას, სამშობლოს თემას არ სცილდება თითქმის. შეიძლება, კახეთი იმიტომ კი არ უყვარდა ასე ძლიერად, რომ კახელი იყო, არამედ საქართველოს ტრაგიკულ წარსულს მასში ხედავდა უფრო მკაფიოდ: ამავე დროს, კახეთი და დოვლათი, სიმსუყე, მისთვის თითქოს სინონიმები იყვნენ. თითონ გოგლა ასეთ საყვედურზე ამხანაგებს ღიმილით პასუხობდა:

– რათა. ჩემი უახლოესი მეგობრები ხომ ყველანი იმერლები ან მეგრელები არიან. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, სერგო კლდიაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი (ჩემს გვარსაც დაასახელებდა ხოლმე) ხომ იმერლები არიან… ერთადერთი ჩემი კახელი მეგობარი სანდრო შანშიაშვილია. სანდრო მართლაც ძმასავით უყვარდა. მის პოეზიაში ხედავდა ქართული მიწის სიმსუქნეს, სიწმინდეს, ძარღვიან ქართულ სიტყვას. სანდროს აფასებდა, როგორც ახალი ქართული პოეზიის კრეტსამბელის გამხსნელს. ზეპირად გეტყოდათ მის კახეთის დედოფალს, მის ჭიაურის ტყეში მოჭრილ მუხას. სანდროს პოეზია უყარდა იმიტომაც, რომ მასში ხედავდა ხალხურ საწყისებს, გაცოცხლებულ ჩვევა-ადათებს და უყვარდა კიდევ იმიტომ, რომ მისი ფიქრით, სანდროს პოეზია მოკლებული იყო ყოველგვარ ბუნდოვანებას და კლასიკური ქართული ლექსის ტრადიციას განაგრძობდა.

თუ არ ვცდები, ცისფერყანწელთა ორდენს სანდრო გოგლამ დაუახლოვა. მან გადვა მათ შორის ხიდი, რომელიც არასდროს არ ჩატეხილა. სხვათა შორის, უნდა გავიხსენო, რომ სანდროს პოეზიას გერონტი ქიქოძეც მაღალ შეფასებდას აძლევდა. ის მიაჩნდა ახალი პოეზიის ფალავანად. გულწრფელად უყვარდა მისი პოეზიის საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც თავისუფალნი არიან „ყოველგვარი მოდერნისტული მანჭვა-გრეხიობისაგან და შინაარსით სავსებით კონკრეტულნი არიანო“.

გოგლა, რომელიც ორგანიზაციულად და მეგობრულად იყო დაკავშირებული ცისფერყანწელებთან, პირველ ხანებში მაინც უფროსი თაობის სხვა გამოჩენილ პოეტებთან ოპოზიციურად იყო განწყობილი. მისი ბუნებისათვის სრულიად უცხო იყო ქალაქური (თბილისური) ჟარგონი, ეგრედწოდებული ყარაჩოღული პოეზია და თითონ ყარაჩოღელი, მით უფრო კინტო, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ეროვნული, ინდივიდუალური სახე და ვერ გაარჩევდი, ვინ იყო ის: ქართველი, სომეხი თუ მათი ნარევი, ან სხვა ვინმე. ასეთ პოეზიას იგი „პოშლიაკურს“ უწოდებდა და მას უპირისპირებდა სანდრო შანშიაშვილის პოეზიას, რომელიც მისი რწმენით, ჯანსაღ ქართულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული. ამას არც მალავდა გოგლა. ერთ-ერთ ლექსში „თბილისის ოსტატები!“ იგი სწერს:

აქ ადიდებდნენ დამპალ კინტოს, თათრულ მუხამბაზს,

აბანოს წვირეს, შუა ბაზრის კორიანტელსა,

გაბერილ შარვალს, ყარაჩოხელს… (გასამხელია?)

აქ ივიწყებდნენ ფიროსმანის მზიან მუშამბას,

ბექა ოპიზარს, ოსტატობის წმინდა ანდერძსა,

აქ ივიწყებდნენ ძველ პოეტებს ოქროსყელიანს.

და სხვ.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ სხვებთან ერთად სანდრომ დიდი როლი შეასრულა ნ. ტიხონოვის მიერ საქართველოს გაცნობის საქმეში. როგორც ცნობილია, ამ გამოჩენილი რუსი პოეტის საუკეთესო ლექსებში დიდი პოეტური გზნებით არის ასახული მთლიანად საქართველო და კერძოდ კახეთი, მისი მეგობრული ურთიერთობა სანდროსთან და მის ოჯახთან. გოგლა ამ მეგობრობის ერთ-ერთი ნათლია იყო. ისიც უნდა ითქვას, რომ გოგლა ოჯახურადაც დაახლოვებული იყო სანდროსთან: უკანასკნელის ქალიშვილები მისი ნათლულები არიან. თუ რამე წვეულება ჰქონდა (ეს კი ხშირი იყო), აუცილებლად დაურეკავდა სანდროს: დაუყოვნებლივ მოდი ჩემთანო. ბოლო წლებში გოგლამ შესცვალა თავისი დამოკიდებულება პოეტებთან, რომელთა შემოქმედება წინათ მისთვის მიუღებელი იყო.

გოგლა უფრო დადინჯდა, მომწიფდა და არავის არ უკარგავდა ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე. ეს კიდევაც დაამტკიცა მან საქმით, თავისი სიტყვებით, წერილებით. მისთვის უცხო იყო ქედმაღლობა. თუ ვინმე შეამჩნევდა ასეთ რამეს გოგლას, ეს უფრო მისი პოზა იყო, ვიდრე ხასიათი. ვისაც მოუსმენია, მას არ დაავიწყდება ის შესანიშნავი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა გოგლამ მწერალთა კავშირის სახლის წინ შაქრო ნავთლუღელის დაკრძალვის დღეს. რამდენი სითბო და პატივისცემა მუშა მწერლისადმი ჩააქსოვა მან ამ სიტყვაში. მოსიყვარულე და მდიდარი გული ჰქონდა გოგლას.

***

ხშირად ვიკრიბებოდით ერთმანეთთან. ერთხანს მორიგეობა გვქონდა შემოღებული. კვირაში ერთხელ პაოლოსთან ვიყრიდით თავს, მეორე კვირაში გოგლასთან, შემდეგ ტიციანთან, ჩემთან, სერგოსთან. ერთხელ გრიგოლ რობაქიძესთანაც შევიკრიბენით. ის მაშინ გურამიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. სანაქებოდ გაგვიმასპინძლდა და დიდხანაც დავრჩით. დრომ შეუმჩევლად გაირბინა ლიტერატურულ საკითხებზე საუბარში. დიდათ განათლებულ, ერუდირებულ გრიგოლს რა საკითხზე არ შეეძლო საუბარი. უფრო ხშირად ვიკრიბებოდით მწერალთა სახლის ოთახში, სადაც ახლა სერგი ჭილაიას კაბინეტია. იმართებოდა ახალი ლექსების კითხვა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. იყო საუბარი იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო დამყარებული სხვადასხვა ლიტერატურულ მიმდინარეობასთან: ლეფელებთან, პროლეტარული ასოციაციის წევრებთან, აკადემიური ჯგუფის წარმომადგენლებთან და სხვ.

ახალ წელს, თამარობას, ნინოობას ერთად ვხვდებოდით. არ მახსოვს, რომ რაიმე გაუგებრობა ჩამოვარდნილიყოს ჩვენს შორის. ძმური კავშირით იყვნენ შეკრულნი ერთმანეთთან. სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა აერთიანებდათ მათ. რამდენი ღამე დაგვთენებია თავზე რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საკუთარი და სხვათა ლექსების კითხვაში, მეუღლენი კი შინ გველოდნენ გულშეღონებულნი. ასეთი ძმობა და შეკავშირება იშვიათი იყო. თქმული არ ნიშნავს, რომ ყველანი ეთანხმებოდნენ ერთმანეთს რომელიმე ლიტერატურულ მოვლენის, რომელიმე ლექსის შეფასებაში. გოგლას ლექსები იწვევდნენ საერთო სიხარულს. გოგლას პოეტური ტალანტი მაშინ იშლებოდა. ქვეყნდებოდა მისი ერთი მეორეზე უკეთესი ლექსები. მხედველობაში მაქვს 30-იანი წლები.

იმას ვამბობდი, ნინოობას ერთად ვხვდებოდით. მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი ნინა იყო: ნინა ტაბიძე და ჩემი მეუღლე. რომ გული არ დაგვწყვეტოდა, 1 იანვარს ნინა ტაბიძესთან ვიკრიბებოდით, 14 იანვარს ჩემთან. ყოველივე ამას ერთ გარემოების გამო ვიგონებ. ამ დღეებში ყველა ცისფერყანწელი ერთად ვიყავით. იყო შემთხვევები, როცა ნატა ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი გვესწრებოდა – მეუღლეებთან ერთად. მაშინ ვცხოვრობდი არსენას ქუჩაზე. ჩემი ბინა ერთი მოზრდილი ოთახისაგან შედგებოდა. ეს არ გვიშლიდა ხელს, დრო კარგად გაგვეტარებინა. იანვარში თოვლსა და ყინვაში ამოსვლა ძნელი იყო. გოგლა არასდროს არ დაკლებია ამ დღეობებს.

მახსოვს ცივი იანვარი. ბესიკის ქუჩა ყინულით იყო დაფარული. ღამე კი არა, დღით ჭირდა ამოსვლა. გოგლამ ქუჩიდან შემოგვძახა. გამიღეთ კარიო. სიცილით გვიამბო, როგორ დაუსხლტდა ფეხი ყინულზე, წაიქცა და ყვავილების მდიდარი თაიგული დაეშალა. ძლივს მოეკრიბა ყვავილები. სახლის კედელს ამოყოლოდა.

– თუ დამიფასებ მაინც ამ წვალებას? – უთხრა ნინას და კალათით თაიგული გადასცა.

ერთ-ერთ ასეთ ნინოობას გოგლამ ჩემს მეუღლეს გადასცა პატარა ალბომი ასეთი წარწერით: „1933 წ. 14 იანვარს, ბედნიერი დღისათვის ნინა თოიძეს, ჩემს მეგობარს, სახსოვრად და მოსაგონებლად ეს აბნეული ლექსები XX საუკუნის 30-იან წლების ვინმე პოეტის და ძმის, გიორგი ლეონიძისაგან. ტფილისი“.

რომელია ეს „აბნეული ლექსები“, რომლებიც გოგლას ხელითვეა ჩაწერილი ალბომში? (ალბომი, ცხადია, ჩემთან ინახება). აი, ეს ლექსები: 1. სიმღერა პირველი თოვლისა, 2. ნინოწმინდის ღამე, 3. ივრის ღამე, 4. ახალი მთვარე კახეთში, 5. ქილილა და დამანა, 6. ზამთრის სიმღერა, 7. ღამე ივერიისა, 8. ციცარი, 9. ყივჩაღურ სიმღერებიდან, 10. ოლე (ნაწყვეტი). 11. დუეტი და 12. გადაივლიან ღრუბლები. ამ ლექსებში გამჟღავნდა პირველად გოგლას ლირიკული სული. დამაინტერესა, რა ცვლილებები შეიტანა ხსენებულ ლექსებში გოგლამ. შევუდარე ტომეულებში (1962 და 63 წლებში გამოცემულ) შეტანილ ამავე ლექსებს. გამოირკვა, რომ გოგლა განაგრძობდა გამოქვეყნებულ ლექსებზე მუშაობას, მათ დახვეწას. მოვიყვან მაგალითებს.

  1. სიმღერა პირველი თოვლისა. ალბომში თარიღად უზის 1929 წ. ალბათ შეამოწმა თარიღი და იგი გადაასწორა 1926 წლით. ამ თარიღითაა შეტანილი ტომეულში ეს ლექსი. თვით ტექსტში შეტანილია დამატება (თუ გამორჩა გადაწერისას?):

ეს ცრემლია, თუ გულმა

დასძრა ლექსის მტრედები?

ვარსკვლავთა ოთახებში

ჩათვლემილებს ეძინათ

და ჰქონდათ იმედები.

ალბომში ჩაწერილ ამ ლექსში ეს სტრიქონები არაა.

  1. ნინოწმინდის ღამე ალბომში 1927 წ. თარიღით არის ჩაწერილი, ტომეულში 1926 წლით. ალბომში უსათაუროა.
  2. ივრის ღამე. ალბომშია „იორის ღამე“. თარიღები ერთიდაიგივეა – 1925 წ. ტექსტში ასეთი ცვლილებებია:

ალბომში: შენს ვენახებში სუფრები

დაირითა და მწვადებით.

ტომეულში: შენს ვენახებში სუფრები

ჩონგურითა და მწვადებით.

ალბომში: შენი ფშანების ნაჟური

ჩემში დუღს, როგორც მაჭარი.

ტომეულში: შენი ფშანების ნაჟური

ლექსში სჩქეფს, როგორც მაჭარი.

  1. ახალი მთვარე კახეთში. თარიღი უცვლელია. პირველ ოთხ სტრიქონში არ არის ცვლილება. შემდეგი ალბომში ჩაწერილი აქვს სახით:

ხსნიან რუმბებს მარნებში,

ყოჩი დაკლეს მყვირალი

მოზვერი საგაისო.

უბნებში გადადიან ცეცხლები ყირამალა…

ტომეულში ჩამატებულია: მღერის ვაჟთა კრებული

ყივჩაღურად თამაშობს

გოგო ჩამკვრივებული…

შემდეგ ალბომშია: სოფელზე წამოვიდა მთვარიანი მორევი

გამოსული ლორივით

მთვარე ხორცის გაივსო.

ხოლო ტომეულში: სოფელზე წამოვიდა მთვარიანი მორევი

გომბორს მთვარე დაადგა

გამოსული ლორივით

იორის ნაპირებზე

ისევ ისმის „აჲსე“.

  1. ქილილა და დამანა. თარიღებია (ალბომში) 1925, ტომეულში 1926. ტექსტში ასეთი შესწორებები აქვს შეტანილი.

ალბომში: ეს მშობლიური ღამე ვიცანი.

ტომეულში: მე …

ალბომში: ცაა გათლილი ნაძვის ფიცარი.

ტომეულში: ცაა ფირუზის თლილი ფიცარი.

ალბომში: და ორი ტურა: ქილილა, დამნა.

ტომეულში: და ორი ტურა ქილილ-დამანა.

  1. ზამთრის სიმღერა (ტომეულში ლექსში შეტანილია სათაურით: თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით). თარიღი არ უზის.

ალბომში: ვისაც ცრემლში არ გასვრია ხელები.

ტომეულში: და სიმებზე არ დაგღლიათ ხელები.

ალბომში ლექსი თავდება ასე:

ამ ზამთარში დიდი ნაშუქრებია,

ჩემს მუხამბაზს რთვილი ჩაუკრებია,

როდის მოვა გაზაფხულის წვიმები?

ლეონიძე! გეყო, რაც უდარაჯე.

საათნავას გაყინულ სუდარაშიც

ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.

ტომეულის ბოლო ორი სტროფი იკითხება ასე:

მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება…

დავინახე ცეცხლი ცეცხლზე მოება.

დავინახე მეხმა როგორ დააპო

საქართველოს საყდრული მყუდროება.

ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,

შენ თუ გასძლებ – შენივ სიტყვის იმედით…

საათნავასა გაყინულ სუდარაში

ჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.

ცხადია, ეს ცვლილებები (ლექსის დახვეწა, მისთვის თანადროული იერის მიღმა) გოგლამ ზოგ ლექსში ტომეულების გამოცემამდე შეიტანა, ალბათ.

  1. ღამე ივერიისა. თარიღები უცვლელია, 1925 წ. ტექსტში ასეთი ცვლილებებია:

ალბომში: მინდა მწუხარე ლექსი დავწერო

ტომეულში: და ისევ მინდა შენზე დავწერო.

ალბომში: ელვარებს ხვავი როგორც ლამპარი

ტომეულში: ელვარებს ხვავი თითქოს ლამპარი.

ალბომში: სთქვი ნაღვლიანი რამე ქართლივით.

ტომეულში: სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით.

  1. ციცარი. თარიღებია შესწორებული: ალბომში 1926 წ., ტომეულში 1925 წ.
  2. ყივჩაღური სიმღერებიდან (ტომეულშია: „ყივჩაღური ღამე“) თარიღები უცვლელია – 1925 წ. ტექსტში ასეთი ცვლილებაა:

ალბომში: ნუ გამიჩაღებ, ნუ გამინათებ.

ტომეულში: ნუ გამინათებ, ნუ გამიჩაღებ.

ცხადია, კარგად არის შესწორებული: გამიჩაღებ ერითმება ყივჩაღებს.

  1. ოლე. ალბომში, როგორც აღვნიშნე, ნაწყვეტი აქვს ჩაწერილი და არ შემიდარებია, რა შესწორება აქვს შეტანილი.
  2. დუეტი (ეს ლექსი ტომეულში შეტანილია სათაურით: „ხელსახოცსაც გადმომიგდებ“). თარიღები შესწორებულია: ალბომში 1928 წ., ტომეულში 1926 წ. ტექსტში ასეთი ცვლილებებია:

ალბომში: შენი ოხვრა რისთვის მინდა

ჩემიც ვეღარ დამილერწმავს.

ტომეულში: შენი ოხვრა რისთვის მინდა

შენი ტკბილი სინაზეცა.

ლექსის ბოლო სამი სტრიქონის წინ ტომეულში ჩამატებულია:

შენი გული რაღად მინდა,

როცა ჩემი ჩაილურსმა.

ამ შედარებებით ცხადი ხდება, როგორ მუშაობდა გოგლა ლექსზე, ამცირებდა ან უმატებდა სტრიქონებს, როცა ამას ლექსის კომპოზიცია მოითხოვდა და მისი განვითარებული პოეტური კულტურა უკარნახებდა.

გოგლას უყვარდა ექსპრომტების წერა. მისი ექსპრომტები არ გამოირჩეოდა იმ ელვარებით, რაც პაოლოს იმპროვიზირებულ ლექსებს ახასიათებდა, მაგრამ მაინც საინტერესონია როგორც იუმორით, ისე გულწრფელობით. მე შემომრჩა ორი-სამი მისი ექსპრომტი ნინოობას დაწერილი. ერთი მათგანი (1939 წ.) ასეთია:

გაგვიშვი დიასახლისო,

გაგვიშვი კიდეც ინათა!

გვინდა, რომ სხვათაც ვეტრფოდეთ

სხვა მედღეობე ნინათა.

ნუკი გგონია მართალი,

ჩვენ წასვლა არა გვწადია.

რა კარგი დროება არი,

რა ტკბილი წელიწადია.

მართლაც კარგი დრო იყო. ასაკს თავისი გაჰქონდა, თუმცა ჩვენს რიგებში აღარ იყვნენ პაოლო, ტიციანი, ნიკ. მიწიშვილი…

– მომეცით ქაღალდი და საწერკალამი, – მიმართა გოგლამ ჩემს მეუღლეს, სხვა დროს, ნინოობას. ქაღალდი და საწერკალამიც მიაწოდა. გოგლას ეს ექსპრომტი ჩაუწერა:

როდესაც მე გულში მცივა

და სხვის გულში ვეძებ ბინას,

როცა ჩუმი ცრემლი მცვივა,

შენ დაგეძებ, ჩემო ნინა,

რომ შენ ახლად ამიყვავო,

რაც ყვაოდა გულში წინათ,

რომ შენ ახლად გამიღვიძო,

რამაც გულში დაიძინა.

გაგიმარჯოს, მეგობარო,

გინდა დღეს და გინდა წინათ.

განა მცივა? მომაგონდი,

სიხარულით გამეცინა.

1934 წ. 14 იანვარს კი გოგლამ ნინას მისცა მანქანაზე გადაბეჭდლი, აქა-იქ შესწორებული (ზოგი სტროფი სულ ამოშლილია) ცნობილი ლექსი „სტალინს“ ასეთი წარწერით: „ძვირფასს ჩემს ნინას, სახსოვრად 14 იანვრის დღეს, 1934 წ.“.

შემონახული მაქვს გოგლას ხელით ქაღალდზე სუფთად გადაწერილი (წითელი მელნით) ლექსი სათაურით „ცაში პირველი ნამეხარია. შალა აფხაიძეს“. ეს ლექსი ამავე სათაურით შეტანილია მისი ლექსების ტომეულში (II ტ.). მოხსნილი აქვს ჩემი გვარი. აღარ ახსოვდა. არც მე მახსოვდა. ტომეულში შეტანილ ლექსის ტექსტში შესწორებებია. ჩემთან შემონახულ ამ ლექსს თარიღად უწერია (თუ მე მომცა იმ დღეს) 1927 წ. 13/XII. ტომში შეტანილს კი 1931 წ. 27 დეკემბერი.

მოვიყვან ორივე ვარიანტის ტექსტს და განსხვავება თვალსაჩინო გახდება.

ჩემსაში:

ცაში პირველი ნამეხარია,

გამოიშალა ნუშის ფურცელი;

რა მიხარიან,

ზამთრის ბრჭყალებს გამოუძვერი!

ცაში პირველი ნამეხარია,

ელვარებს ზეცა ნამეწყერალი

და მიხარია

რომ ვარ მწერალი!

გამოიგლიჯა ზეცამ მუცელი,

გამოიგავა ცეცხლი და მტვერი,

ამოშამბული გახსნა სარკმელი,

დაიგრიალა და სთქვა სათქმელი, –

სიმღერა ერთი – გამოუცვლელი.

მე სად დავჭექე, სადა ვმღეროდი,

სად ამოვიღე ლექსების ქარი?

ვერც სიჭაბუკის, ვერც ფალავნობის

ვერ დაუტოვე ხალხს იადგარი!

გაუქმებული ახალგაზრდობა

გულზე მეთრია, როგორც სიმძიმე,

ყველა დღეები მქონდა მჩვრიანი,

ყველა ლექსები გამოვიძინე!

ოცდამეშვიდე წელი გასულა,

ვიხსენიები უკვე წარსულით

და სიჭაბუკეც მიდის ვერაგი,

ძმებო! გამყიდეთ, ვით იოსები,

მამას უჩვენეთ – სისხლში პერანგი.

1927

 

ტომეულში:

1.

ცაში პირველი ნამეხარია,

გამოიშალა ნუშის ფურცელი,

რა მიხარია,

ასპიტ ზამთარს რომ გავუძელი.

2.

ცაში პირველი ნამეხარია,

ცამ დაიგლიჯა ლურჯი მუცელი,

ამოშამბული გახსნა სარკმელი, –

დაიგრიალა და სთქვა სათქმელი, –

სიმღერა ერთი, გამოუცვლელი.

3.

მე სად ვიჭექე, სადა ვმღეროდი,

სად ამოვიღე ლექსების ქარი?

ვერც ფალავნობის, ვერც მომღერალის

ვერ დავუტოვე ხალხს იადგარი.

4.

გაუქმებული ახალგაზრდობა

გულზე მეთრია, როგორც სიმძიმე:

ყველა დღეები იყო მჩვრიანი,

ყველა ლექსები გამოვიძინე.

5.

ოცდათერთმეტი წელი გასულა,

ვიხსენიები უკვე წარსულად,

და სიჭაბუკეც მიდის ვერაგი,

ძმებო, გამყიდეთ იოსებივით,

მამას უჩვენეთ სისხლში პერანგი.

1931

 

ცხადია, ლექსი დაწერილია 1927 წ. (ოცდამეშვიდე წელი გასულაო), ხოლო იგი შეუსწორებია 1931 წ. და სტრიქონიც შეუცვლია. მახსოვს, ეს ლექსი მაშინ ჩვენი მეგობრების დიდი მოწონებით სარგებლობდა.

მეტად საინტერესოა ორი მისი ლექსი, რომელიც დაბეჭდილი არ შემხვედრია. ორივეს გოგლა მიუძღვნის ჩემს მაშინ პატარა ქალიშვილს, მელიტას. საერთოდ, ცისფერყანწელებს შორის ნათელმირონობა იყო. გოგლა სანდროს ქალიშვილის (ლატავრას) ნათლია იყო, ნიტა ხომ ყველა ცისფერყანწელს თავისიანად მიაჩნდა, ჩემი ქალიშვილის ნათლიები იყვნენ ნინა ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი და ფეფიკო ლეონიძე. სერგოს ქალიშვილი ჩემი ნათლული და ასე შემდეგ.

ერთ-ერთ ლექსზე გოგლას ასეთი წარწერაა:

„მისამართი.. ძია გოგლა უგზავნის

თავის მამის ხელითა,

ამ პატარა შაირსა

აფხაიძე მელიტას“.

შემდეგ მისივე ხელით გადაწერილია გოეთეს ლექსი (ალბათ, მისი თარგმანი) „ვარდი ტრამალისა“. უნდა გამოვტყდე, რომ ამ ლექსს არ ვიცნობ და არც დაბეჭდილი შემხვედრია. თუ ვცდები, ბოდიში უნდა მოვიხადო მკითხველის წინაშე. გოგლა არ თარგმნიდა ლექსებს და ამითაც არის საინტრესო ეს ლექსი.

ბიჭი მიდის ტრამალში,

ვარდია ტრამალისა.

ცისკარზე დაცვარული,

ჟუჟუნა, თვალმაისა,

ბიჭი მიეშურება

უნდა ვარდი ლალისა.

ვარდო, დავარდებულო,

შე ვარდო, ტრამალისა.

ეუბნება: მოგწყვიტავ,

შე ვარდო ტრამალისა.

უპასუხებს: „გიჩხვლეტავ“!

მე ვიცი წამალისა.

მწარედ, მწარედ გატირებ,

გზა ნახო სამალისა.

ვარდო, დავარდებულო,

შე ვარდო, ტრამალისა.

ბიჭო, შე უდიერო!

შენი ნატამალიცა,

აიღო და მოსწყვიტა

ვაჲ ვარდი ტრამალისა.

ვაჲ და ვუჲ რას უშველის

სიცოცხლე დაამიწა,

რაგინდ ბევრი უჩხვლიტა,

უკბინა სამალიცა,

ახ, უნდა მოვითმინო,

ცრემლი თვალს დამალესა!

ვარდო, დავარდებულო,

შე ვარდო, ტრამალისა.

 

ჩემი ქალიშვილი მუსიკალურ სასწავლებელშიც სწავლობდა. შემდეგ კონსერვატორიაში. უყვარდა მუსიკა. კარგ ნიჭსაც ამჟღავნებდა. შემდეგ რატომღაც გული აიცრუა. გილელსი არ გამოვალ და მუსიკის მასწავლებლობა და აკომპანიატორი ვიყო, არ მინდაო. მოსული სტუმრები სიამოვნებით ისმენდნენ, როცა ის როიალზე უკრავდა. ერთ საღამოს გოგლამ ასეთი შესანიშნავი ლექსი ჩაუწერა ალბომში:

მელიტას

მაისი ხარ, მთვარე ხარ,

სავსე ხარ ნათელითა,

მე მუსიკა ნაკრავი

მიყვარს შენი ხელითა.

ყვავილებით, ნიავით,

მუქი ცისარტყელითა,

შენი ბრძენი თვალები

ცეცხლით დასაწველითა

და პატარა სიზმარი

ბეღურით და შველითა.

ნინოცა ხარ, თამარიც

მოხვალ ძველის ძველიდან,

რუსთაველის დედა ხარ

დიდი საძირკველითა,

სააკაძე გაზარდე,

ფიროსმანი რთველითა,

დღეს კი დედოფალა ხარ

ძვირფასი სახელითა

გენაცვალონ ძიები,

პატარძალო მელიტა.

გოგლა ძია

1933 წ. 10 თებერვალს

ტფილისი

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აქვე მოვიყვანო სონეტი, რომელიც ვალერიან გაფრინდაშვილმა ჩემს ქალიშვილს მიუძღვნა. არც ეს სონეტი შემხვედრია დაბეჭდილი (იქნებ გამომრჩა?). მომყავს იმიტომ, რომ მინაძღვენი ლექსები დამახასიათებელი იყო ჩვენი ურთიერთობისათვის, ჩვენი შინაური ლიტერატურული ცხოვრებისათვის. სონეტი მისივე ხელითაა ჩაწერილი ალბომში.

პოეტის ასულს – მელიტა აფხაიძეს

სონეტი

ნახე მილანი შენ ბავშვობის პირველ ხანაში,

მისმა ოპერამ დაატყვევა, დაატყვევა შენი ოცნება,

მისი კოშკები და ხიდები გეჯადოსნება,

როგორც მკვიდრი ხმა, გაგონილი ძვირფას ნანაში.

ხედავ ტიკინებს მოგონების ტკბილ ქვეყანაში,

გიცქერენ ისე, ვით ნამდვილი ფრიადოსნები

მომაკვდავ გედის გახსოვს ცეკვა და სხივოსნება,

როცა ასკდება ის გულმკერდით ქვასა და ნახშირს.

გიყვარს მუსიკა! და კლავიშებს – გედებს თითებით

ეალერსები საღამოს ჟამს შენ მორიდებით,

შორეული ცის შენს თვალებში ლაჟვარდი დარჩა

და ლურჯი ფერი შეგიყვარდა, ისე ვით ფარჩა.

სინაზით სავსე – ხარ ასული ნაზ პოეტისა

და დღესაც გხიბლავს შენ სიმღერა მშობელ დედისა.

1940 წელი, აგვისტო

 

***

ქვიშხეთში ვისვენებდით. გოგლამ სურვილი გამოთქვა, შემოევლო ქართლის სოფლები, რომელთა წარსულს, თავგადასავალს, მდებარეობას ის კარგად იცნობდა ვახუშტის გეოგრაფიით. იმ დროს ხაშურის რაიკომის მდივანი იყო გრ. ფოფხაძე, შესანიშნავი, გულისხმიერი ადამიანი, ლიტერატურისა და ხელოვნების კარგი მცოდნე, მოყვარული, მწერლების გულწრფელი პატივმცემელი. ქვიშხეთში დამსვენებელ მწერლებსა და გრიშას შორის კეთილი განწყობილება იყო დამყარებული. იხელთებდა თავისუფალ დროს თუ არა, ქვიშხეთში ამოვიდოდა, გაიკითხავდა, ხომ არაფერი გჭირდებათო და დახმარების აღმოჩენას არ დააყოვნებდა. გვიწვევდა ხაშურში და კარგად გვიმასპინძლდებოდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებას, სხვათაშორის, ლეო ქიაჩელიც დაესწრო. გრიშა განსაკუთრებით გოგლას სცემდა პატივს. ხუმრობით მას მიკროპოეტს ეძახოდა, ბევრ სხვას მაკროპოეტს. ერთჯელ ბაკურიანში გავისეირნეთ მანქანით. საღამო ჟამი იყო, რომ დავბრუნდით. მზეს ცოტაღა უკლდა ჩასვლა. ნაძვნარში თხელი ნისლი იყო ჩაწოლილი. ჩუმი საღამო იყო. ნისლში მზის სხივები შეიჭრა. რაღაც საოცარი, ზღაპრული შუქი ჩადგა ნაძვნარში. გოგლამ მანქანა გააჩერებინა მძღოლს. სამივე გადმოვედით მანქანიდან და ბუნების ამ საოცრებით გაბრუებულნი შევცქეროდით სილამაზეს, რომლის სიტყვებით აღწერა არ შეიძლება. გოგლა დიდხანს იდგა და მოჯადოებულივით გაჰყურებდა ამ სურათს. თუ არ ვცდები, შიშკინს აქვს დახატული სურათი, რომელიც ბუნების მსგავს მოვლენას ასახავს, მაგრამ ეს სურათი სანახევროდაც ვერ გადმოგვცემს ბუნების იმ იდუმალ მშვენებას, რაც ჩვენ მაშინ თვალნათლივ ვიხილეთ.

კარგა ხნის წინათ გოგლამ შემომთავაზა წავსულიყავით და გვენახა ტაბაწყური. გადავიარეთ ნაძვითა და ფიჭვით შემოსილი დიადი მთები, გავედით უღელტეხილზე, საიდანაც, როგორც გოგლამ მითხრა, ერთი გზა ჯავახეთში გადადის. ჩვენ მარცხნივ დავეშვით. ალპიურ ზონაში შევედით. ერთი ძირი ხე არსად იყო. მთების ფერდობებზე ცხვრის ფარა იყო გაშლილი. ჰქროდა მთის ყვავილების სურნელებით გაჟღენთილი გრილი ნიავი. გზაზე მოჩუხჩუხებდა მთის ცივი წყალი. არ წყუროდა, მაგრამ გოგლა ხარბად დაეწაფა წყალს, ჩვენი მთის მადლიაო და შესვა. შემდეგ პეშვით სახეზე შეისხურა. იქვე მდგომ მწყემსებში ჩადგა და დიდხანს ესაუბრა მათ. გზა დაბლა ეშვებოდა. გამოჩნდა მთებში ჩასმული ზურმუხტის ფერის ტბა. მივედით. გოგლა ხან ტბას, ხან მთებს გაჰყურებდა. ხმას არ იღებდა. რაზე ფიქრობდა? ვინ ან რა წარმოუდგა თვალწინ? ვფიქრობ, მიღებული შთაბეჭდილების შედეგი იყო მისი შთაგონებული ლექსი „ტაბაწყური“.

მომეწყურე, ტაბაწყურო,

წყაროების ტბავ,

კიდევ ერთხელ შემოგხედე,

თვალი დამიტკბა!

მინდა ფსკერში დაგიკოცნო

თვითეული ქვა.

მინდა ყველა შენი ზვირთი

ფრთებად ავისხა,

ბროლნამსხვრევო, ფირუზჩქერო,

მარგალიტის ზღვავ!

ხოლო იმავე წელს, დაახლოებით 1954-55 წლებში, ქვიშხეთში ყოფნისას, როგორც მოგახსენეთ, გოგლამ გადაწყვიტა შემოევლო ქართლის სოფლები. გოგლას თან წამოყვა ხაშურის რაიკომის მდივანი გრ. ფოფხაძე, რომელმაც კოლმეურნეებთან შეხვედრა მოუწყო. მახსოვს, რა გატაცებით ესაუბრებოდა მათ გოგლა სოფელ ალში, მოუთხრობდა ამ სოფლის წარსულს, მის მიერ გადატანილ ბრძოლებს, მის მნიშვნელობას ლიხთიმერეთთან დაკავშირების საქმეში, მოუთხრობდა დაშლილ ციხესა და ეკლესიაზე. შემდეგ მდინარის პირას მდიდრულად გაწყობილ სუფრას შემოვუსხედით. გოგლას ძლიერ მოეწონა ალის შესანიშნავი ღვინო. მის სადღეგრძელოებს, რომლებშიც მხატვრული სახეების მეშვეობით იყო გაცოცხლებული საქართველოს წარსული და აწმყო, ბოლო არ უჩანდა. გოგლა ჩინებული თამადა, ის სუფრის ჩატარების ნამდვილი ოსტატი იყო.

მეორე დღეს სოფელ ბრილში წამიყვანა. მითხრა – მოდი, გიგო დიასამიძის (გაზეთ „თემის“ რედაქტორის) სოფელი და მისი სახლი ვინახულოთო. შევედით ბაღჩა-ბაღებით მდიდარ სოფელში. პატარა გორაკზე დიასამიძის ყოფილი სახლი დავათვალიერეთ გარედან (შიგნით არ შევსულვართ). გორაკის ქვეშ პატარა მდინარე დავინახეთ. ამ მდინარეს ქმნის იქვე აგებული წყარო, რომლიდანაც ხუთი მაჯის სისხო მილიდან ცივი, ანკარა წყალი „მოცინცხალობს“. ეს წყალი რწყავს ბაღებს. გოგლამ ამ წყაროზე მისებური ლექსი დაწერა: იგი მისთვის ჩვეულებრივი მოქალაქეობრივი პათოსით გაჟღინთა.

ერთს ვინდომებ:

ვით მინდორ-ველს

ესხურება ბროლის ცვარი,

ყოფილიყოს ჩემი სიტყვაც

ხალხის გულზე გადამწვარი

და ვით ხალხი –

ბრილის წყარომ

ისე ხალხმა შემიწყნაროს.

გოგლას ლექსების უმრავლესობა ასეთი უშუალო შთაბეჭდილებით არის დაწერილი, ამიტომ გამოირჩევიან ისინი კონკრეტულობით.

იმავე ზაფხულში ატოცში წაგვიყვანა სერგო კლდიაშვილი, შოთა ძიძიგური და მე. გზაში გვეუბნებოდა: ატოცი ღარიბი სოფელი იყო. თუ ვინმეს სიღარიბე უნდოდა აღენიშნა, იტყოდნენ, ატოცელ გლახას ჰგავსო. რა იყო წარსულში, არ ვიცი. ახლა კი სოფელი საკმაოდ მდიდრულად გამოიყურებოდა. მასწავლებლებმა გაიგეს, გიორგი ლეონიძე გვესტუმრაო და დაფაცურდნენ. მოაწყვეს იმპროვიზებული დილა. მოსწავლეებმა გოგლას და სხვათა ლექსები წაიკითხეს. მასწავლებლებმა სიტყვებით მიმართეს. შემდეგ თვით გოგლა გამოვიდა, მადლობა გადაუხადა სოფლის მკვიდრთ და ლექსებიც წაუკითხა. კარგ ხასიათზე იყო. ერთ-ერთი მასწავლებლის ბინაზე (სამწუხაროდ, მისი გვარი აღარ მახსოვს) სადილი მოაწყვეს. იქვე ძველი, უკვე შელანძღული ეკლესია იყო. ყოფილმა მღვდელმა რომ გაიგო გოგლას სტუმრობა – აღარ მოეშვა, პატივი უნდა მცე და ცოტა ხნით მესტუმროო. ჩვენთან კიდევ იყო ვიღაც (ვინაობა არ მახსოვს), ყოფილ მღვდელთან რა მინდაო და მასწავლებელთან დარჩენა არჩია. გოგლამ ვერ გაუტეხა ხათრი მღვდელს. უფრო ეკლესია აინტერესებდა. გადავედით, ეკლესია (თუ ნაეკლესიები) დავათვალიერეთ, შემდეგ უკანვე დაბრუნდა. მღვდელმა დამზადებული ქათამი გამოუგზავნა. გაწყობილ სუფრას დავუბრუნდით მასწავლებლებთან.

თამადა, ცხადია, გოგლა იყო. ღრმა შინაარსიანი სიტყვით მიმართა მასწავლებელ დიასახლისს, სხვებს. ილაპარაკა ატოცის წარსულზე, მის ბედნიერ აწმყოზე, სამშობლოზე, ქართველი ხალხის გმირობაზე, მის დიდ სულიერ კულტურაზე, მწერლობაზე. კარგად მოვილხინეთ და გვიან დავბრუნდით ქვიშხეთში.

შემდეგ ვინახულეთ სოფ. ნაბახტევი, მისი ძველი ტაძარი, რომელშიც რამდენიმე შესანიშნავი ფრესკა იყო შემორჩენილი. ამ სოფლის წარსულსაც კარგად იცნობდა გოგლა. ვიყავით სხვა სოფლებშიც, რომელთა სახელები აღარ მახსოვს. გოგლა რატომღაც წარმართულ ძეგლების ნაკვალევს ეძებდა. ტყით დაბურულ ერთ ადგილზე რაღაც თლილ ქვებს წააწყდა. დიდხანს უტრიალა მათ, მისმა მცდელმა გონებამ ქვაზე თითქოს რაღაც წარწერა შეამჩნია. ვერაფერი გაშიფრა. იმავე დღეს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადავედით ბორანით. ვინახულეთ წრომის ტაძარი, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. საუკუნებრივ მყუდროებისა და დროთა დუმილის ფონზე ტაძრის ზვიადი კედლები მეტყველებდნენ წარსულ დიდებაზე. გოგლას მოუსვენრობა დაეტყო, დიდხანს უტრიალა ამ დიდებულ ძეგლს გარშემო, კედლებს შორის გამეფებული სიმშვიდე დაარღვია… გოგლას რამდენიმე ლექსი აქვს დაწერილი სვეტიცხოველზე, მიკვირს, რომ წრომზე ერთი ლექსიც არა აქვს (ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცნობ ასეთს). ღრმა შთაბეჭდილებით დატვრთულნი დავბრუნდით ქვიშხეთში.

***

ხშირად მეტყოდა გოგლა: წამოდი, მცხეთაში ვისადილოთო. მცხეთა განსაკუთრებით უყვარდა. მას უკავშირებდა საქართველოს წარსულ დიდებას. მცხეთა და მისი შემოგარენი გოგლას მუზის სამყოფელი იყო. „სიტყვატკბილმა და მაღალხმიანმა“ პოეტმა მცხეთას რამდენიმე ლექსი მიუძღვნა. ესენია: „სვეტიცხოველი“, „მცხეთის მთებში“, „სვეტიცხოველო, დიდო საყდარო“, „შენ და სვეტიცხოველი“. მიისწრაფოდა მცხეთაში, სადაც იგი სულიერ შვებას ეძლეოდა, აქ უფრო თავისუფლად სუნთქავდა, მისი ლექსიც „მიწით ისვრებოდა“ და „ტახის ღონეს“ იძენდა. გოგლა მარტო წვეთ ღვინოს არ დალევდა, სასადილოში არ შევიდოდა. მისი სტიქია – ეს იყო მეგობრებში ყოფნა, ლხინი და არა სიმთვრალე. ღვინოს მეც კარგად გეახლეობდით. გოგლა ხუმრობდა, ვიცნობ ლევან გოთუას და შალვა ლოთუასო.

ჰოდა, წავიდოდით მცხეთაში, ხან მარტონი, ხან მამია ასათიანთან, სერგოსთან, ხან კიდევ მთელ ჯგუფთან ერთად. ცოცხალი უყვარდა. თუ ერთ სასადილში არ იყო, მეორეში შევიდოდით და დაიწყებდა საუბარს მცხეთაზე, ჯვრის მონასტერზე, სამხედრო გზაზე… ყველაფერს რომანტიკულად აღიქვამდა. გაიხსენებდა ილიას და მის მგზავრის წერილებს, ა. ყაზბეგს, ვაჟას – ყველა გამოჩენილს, ვისაც ამ გზაზე გაევლო და თერგის წყალი შეესვა. გაიხსენებდა ლერმონტოვს, მის მწირს, პუშკინს და მის „Не пой красавица при мне“, რომელიც ძლიერ უყვარდა. შემდეგ სვეტიცხოვლის გალავანში შევიდოდით. იქ ვკლავდით დროს საუბარში ან საგურამოში წაგვიყვანდა. ეს მისი ინიციატივის წყალობით იყო, რომ ილიას სახლში ილიას მუზეუმი მოეწყო. პირადად ხელმძღვანელობდა მუზეუმის მოწყობას, რამდენი დრო და ენერგია შეალია ექსპონატების დამზადებას.

ერთხელ (უკვე შეღამებული იყო) გოგლამ მთხოვა, წეროვანში ავიდეთ და ფეფიკოს ადგილის დედა დავლოცოთო. ჩააწყო მანქანაში ორი თუ სამი ბოთლი ღვინო, საუზმე და წავედით. ღამე მთვარით იყო განათებული. წეროვანი იქვეა მცხეთასთან, გორაკზე. სააგარაკო ადგილია. ამ სოფელში სხვა დროსაც ვყოფილვარ ფეფიკოსა და გოგლასთან ერთად. ახლა გვიანი იყო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფეფიკოს სახლის გვერდით მისი ძმა ცხოვრობდა. ის გამოიყვანა გოგლამ, სუფრა გააშლევინა, სიჭაბუკე გაიხსენა. დიდხანს შევრჩით იქ ტკბილი, მეგობრული საუბრით კმაყოფილნი. რა დაუდეგარი ხასიათი ჰქონდა, რა სასიცოცხლო ენერგია ჰქონდა, რა ბოძი მოიშალა და წაიქცა.

რამდენი ენერგია მოახმარა მან ლიტერატურული მუზეუმის მოწყობას, დღესა და ღამეს აქ ატარებდა. სხვადასხვა შრომისათვის საჭირო მასალებზე მუშაობდა. გოგლას არ შეეძლო, არ გამოეჩინა თაოსნობა რაიმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საქმეში. რაღაცას მოიგონებდა, ახალ ფრიად სასარგებლო რამეს წამოიწყებდა, ხორცს შეასხამდა. ბევრი რამ გააკეთა მან ქართველი გამოჩენილი მწერლების, ჩვენი კლასიკოსების ბიოგრაფიების შესავსებად, შესასწავლად. აგზავნიდა მუზეუმის თანამშრომლებს ადგილებზე, თუნდაც სულ წვრილმან ბიოგრაფიული ხასიათის ცნობების შესაგროვებლად, აწერინებდა მოგონებებს. ყოელივე ამას თავს უყრიდა და ცალკე კრებულებად სცემდა „ლიტერატურული მატიანის“ სახელწოდებით. ჩემს ხელთაა ერთი ასეთი კრებული წარწერით: „ჩემს შალიკოს სიყვარულით, სიხარულით. გოგლა. 26. XII. 42“. მის გულს მართლაც არ აკლდა სიყვარული და სიხარული. კრებულში მრავალი საინტერესო მასალა, მოგონებაა მოთავსებული ილიაზე, ვაჟაზე, ბარნოვზე და სხვებზე. აქვეა მოთავსებული გოგლას ვრცელი გამოკვლევა ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ყოველივე ეს შემდეგი გარემოების გამო მოვიგონე. 1941 წელს მუშაობა დავიწყე საქ. მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობაში. გავიდა ხანი და გოგლამ მომმართა წინადადებით, გამომეცა ცალკე წიგნად ზემოთხსენებული გამოკვლევა. სიამოვნებით დავთანხმდი. წიგნი შევიტანე გეგმაში, რომელიც სარედაქციო კოლეგიამ დაამტკიცა. მოტანილი მასალა აიწყო. 10 თუ 11 თაბახი გამოვიდა. გოგლამ დაიწყო მისი სწორება. დამატებით მასალების ძიებას შეუდგა. დადიოდა ქუჩაზე (ანჩისხატთან ახლოს), გოგლას ვარაუდით, ნიკოლოზ ბარათაშვილი აქ ცხოვრობდა რომელიღაც სახლში, აწარმოებდა მოხუც მცხოვრებთა გამოკითხვას. კრებდა სხვადასხვა ცნობებს. ერთ დღეს, ერთად სადილობის დროს, ხუმრობით მკითხა: ვინ იცის, ერთ დროს იქნებ ჩემი ბიოგრაფიაც შესწავლილი იქნეს, ისეთ გამოჩენილ პოეტად ვიქნა მიჩნეული, როგორიც ბარათაშვილიო. თუმცა, მის ბედს მაინცდამაინც არ შევნატრი. სიცოცხლეში მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა, როგორც დიდ პოეტს. დიდების გვირგვინი მის სახელს სიკვდილის კარგა ხნის შემდეგ ილიამ დაადგა. მე მინდა, სიცოცხლეში მოვესწრო ჩემი ხალხის აღიარებას, თქვა და გაიღიმა. დაუმატა: თავის კარგ ბედს ყველა შენატრის და ამით მოჭრა ამ საგანზე საუბარი.

დიდხანს ეძია დამატებითი ცნობები. კორექტურა აღარ დამიბრუნა. ანაწყობი სტამბამ ჩაშალა, ასე რომ, წიგნი აღარ გამოსულა.

1924-39 წლებში გამომცემლობა „ტექნიკა და შრომას“ ხელმძღვანელად ვმუშაობდი. ეს გამომცემლობა პროფესიონალური კავშირების გამომცემლობის „შრომას“ ბაზაზე შეიქმნა. „შრომა“ თავის დროზე კარგ საქმიანობას ეწეოდა. იგი ერთგვარ მორალურ და უმნიშვნელო მატერიალურ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა პროლეტარულ მწერლებს. თქმულს დამიმოწმებენ კონსტ. ლორთქიფანიძე, კარლო კალაძე და სხვ. საკმარისი იყო, მეთხოვა გიორგი ყურულაშვილისთვის ამათუიმ წიგნის გამოცემის ნებართვა, იგი უყოყმანოდ მისრულებდა თხოვნას. ასეთ თავდაბალ, უბრალო, ქართული ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს ცოტას შევხვედრივარ. უმეტეს თავისუფალ დროს იგი მწერლებს შორის ატარებდა. ერთხანს ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორიც იყო. განსაკუთრებით უყვარდა და აფასებდა გალაქტიონ ტაბიძეს. ჭეშმარიტი დემოკრატი გ. ყურულაშვილი იყო, რომ გამოძებნიდა რომელიმე მივიწყებულ, ე. წ. დემოკრატიული მიმართულების მწერალს თუ სამწერლო ასპარეზზე ახლად გამოსულ საიმედო ძალას და მიმითითებდა, გამომეცა მისი წიგნი. როგორც მოგახსენეთ, ეს გამომცემლობა შემდეგ „ტექნიკა და შრომად“ გადაკეთდა. ტექნიკური შინაარსის წიგნების გამოცემაც დავიწყეთ. გამომცემლობა მოთავსებული იყო ახლანდელი სასტუმროს „თბილისის“ ქვედა სართულზე.

გოგლამ მომმართა წინადადებით, გამოგვეცა საბა-სულხან ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“, რომელსაც წამძღვარებული ექნებოდა მისი (გოგლას) გამოკვლევა საბას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. უკეთესი რა უნდა გამოგვეცა!

საერთოდ, გოგლა ძლიერ დაინტერესებული იყო საბას პიროვნებითა და შემოქმედებით. მოსკოვში ვიყავით პაოლო, ტიციანი, გოგლა და მე. არ მახსოვს, პაოლომ თუ გოგლამ შემოგვთავაზა ვსესვიატკოეში წავსულიყავით საბას საფლავის მოსაძევად. მათი ოცნება იყო, მოეწყოთ მისი ნეშტის გადმოსვენება თბილისში. ბევრი ვეძებეთ, არც ერთი საფლავი, ბუჩქის ძირი არ დაგვიტოვებია ყურადღებამიუქცეველი, მაგრამ ძვირფას საფლავს ვერ წავაწყდით…

გოგლამ ისურვა, სხვა ძეგლი დაედგა დიდი ქართველისთვის, მწერლისა და მოაზროვნისთვის: გამოეცა მისი იგავ-არაკები და თავისივე შრომა საბაზე. ამ წიგნზეც ბევრი მაწვალა გოგლამ გაუთავებელი შესწორებებისა და დამატებების შეტანით. თითქოს წიგნის აწყობის პროცესში წერდა თავის შრომას. ბოლოს წიგნი გამოვიდა კარგ ქაღალდზე დაბეჭდილი და მაშინდელი დროისათვის კარგად გაფორმებული. წვალება ღირდა იმათ, რომ საბას უკვდავი ქმნილება შესანიშნავი წინასიტყვაობით გამოსულიყო. საბას შემოქმედების ვერც ერთი მკვლევარი ვერ აუვლის გვერდს გოგლას დასახელებულ შრომას.

***

თუ რა პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა გოგლა ხალხში, ჩემთვის უფრო ნათელი გახდა 1959 წელს, როცა ხალხმა ბახტრიონთან მოპოვებული გამარჯვების და ამ ციხე-სიმაგრის ყიზილბაშებისგან განთავისუფლების 300 წლისთავი აღნიშნა. დღესასწაულს თბილისიდან მრავალი მწერალი დაესწრო და მონაწილეობაც მიიღო მიტინგში. გოგლამ თამარ ანდღულაძე და მე წაგვიყვანა თბილისიდან მანქანით. დღესასწაულს უამრავი ხალხი დაესწრო ახლო-მახლო სოფლებიდან, თითონ ახმეტიდან. ყველას თავისი სანოვაგე, ფანდური, დოლი და სხვა საკრავი წამოეღო. იშვიათი მზიანი დღე იყო. ცხელოდა კიდეც. მიტინგზე მრავალი პატრიოტული სიტყვა წარმოითქვა, მრავალი ლექსი იქნა წაკითხული.

მიტინგის შემდეგ შორიდან ჩამოსულ სტუმართათვის მდიდარი სუფრა გაიწყო. შეკრებამ სახალხო დღესასწაულის სახე მიიღო. სუფრაზეც შინაარსიანი სიტყვები გაისმა. უკან ვბრუნდებოდით. ჩრდილებს ქვეშ ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ისხდა, ყველგან სუფრა იყო გაშლილი. დაინახეს გოგლა და ვინღა გამოგვიშვა.

გოგლა ხან ერთ ჯგუფთან მივიდოდა (ჩვენც თან დავყვებოდით), ხან მეორესთან. ყველას სუფრას დაულოცავდა. შემდეგ სხვა ჯგუფი იწვევდა. ბოლოს პანკისიდან ჩამოსულ კოლმეურნეებთან მივიდა. აქედან თავი ვეღარ დაიხსნა. გოგლა პურმარილის კაცი იყო და მერე როგორი მოლხენა უყვარდა. ნამდვილი ლხინი იყო გაჩაღებული ამ სუფრაზე, რომელსაც ერთი მშვენიერი, მგონი მასწავლებელი ქალი ამკობდა. ფანდურს უკრავდა და ხალხურ სიმღერებს ამღერებდა. გოგლას დანახვაზე მეტი აღფრთოვანება დაეტყო. ხმაც, თითქოს უფრო დაეწმინდა, ფანდურის ჟღერასაც მეტი ეშხი მიეცა. რა სიტყვებით არ მიმართეს სუფრაზე მსხდომმა ახალგაზრდებმა, როგორ შეამკეს მისი პოეზია, კალამი და მარჯვენა დაულოცეს. მისი ლექსები წაუკითხეს ზეპირად. რა სიმღერები არ დააგუგუნეს. გოგლას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შექებული და პატივნაცემი, ნასიამოვნები დაბრუნდა თბილსში.

***

ეს ძველი ამბავია. გოგლა გაზეთ „ბახტრიონს“ სცემდა. ეს გაზეთი არ იყო ცისფერყანწელების, თუმცა მასში უმთავრესად უკანასკნელნი თანამშრომლობდნენ. გოგლა იმ ხანებში აპირებდა, დაეწერა მონოგრაფია ვანო მაჩაბელზე. ამავე დროს, დაინტერესებული იყო ფიროსმანიშვილის ბიოგრაფიით. იმ დროს შალვა დადიანი კახეთს გაემგზავრა. ვთხოვეთ, ფიროსმანიშვილის მშობლიურ სოფელ მირზაანში გაევლო, შეეკრიბა ბიოგრაფიული ხასიათის ცნობები დიდ მხატვარზე და ისინი ჩვენთვის მოეწოდებინა. შალვამ სიამოვნებით შეასრულა ჩვენი თხოვნა. წერილიც მომწერა. ეს წერილი „ბახტრიონში“ მოათავსა რედაქტორმა.

მხატვრებიდან გოგლას უყვარდა და მეგობრობდა ლადო გუდიაშვილს. მას ალერსით ბეგოს ეძახდა. ლადოსთან, პაოლოსთან, ტიციანთან, ზდანევიჩთან, არჩილ მიქაძესთან ერთად ეძებდა იგი ფიროსმანის სურათებს სარდაფებში. მისი სამუშაო ოთახის კედლებს ფიროსმანის რამდენიმე სურათი ამკობდა. ერთი მეც გადმომცა. შემდეგ ყველა ეს სურათი დააგროვა და მუზეუმს გადასცა, მგონი. მას მოსწონდა ფიროსმანიშვილის უშუალობა, სინამდვილის გულუბრყვილო აღქმა, მისი ნახატების „მიწიერება“, ხალხურობა. სხვა მხატვრებიდან გოგლას მოსწონდა და უყვარდა ლადო გუდიაშვილის შემოქმედება, მისი სურათების ნაციონალური კოლორიტი, მისი დიდი ფანტაზია, ფილოსოფიური დაფიქრება სინამდვილეზე. უყვარდა, მეგობრობდა აგრეთვე მხატვარ ა. ციმაკურიძესთან. რას არ უგონებდა ხუმრობით მას და თითონვე კვდებოდა სიცილით. განსაკუთრებით მოსწონდა ამ მხატვრის მიერ დახატული ქვიშხეთიდან დანახული პეიზაჟები, ხეები, რომლებსაც ღრმად აქვთ გადგმული ფესვები მიწაში.

ასეთივე ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძესთან, თუმცა მათ შორის კარგა მოზრდილი ასაკობრივი განსხვავება იყო. არ ვიცი, სხვა რომელ მხატვართან იყო დაახლოებული. მგონი, არავისთან. არც ის ვიცი, რით დამთავრდა მისი ცდა, დაეწერა ფიროსმანიშვილის ვრცელი ბიოგრაფია, შეაგროვა თუ არა საამისოდ საჭირო მასალები.

გოგლას არც თეატრი უყვარდა მაინცდამაინც. მას თავისი შეხედულება ჰქონდა სასცენო ხელოვნებაზე. იშვიათად თუ ნახავდით თეატრში. ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული თეატრის ისტორია (ძველი თეატრის) კარგად იცოდა. თუ მეხსიერება არ მღალატობს, წერილიც ჰქონდა გამოქვეყნებული ერეკლესდროინდელ თეატრზე. პიესის დაწერაც განიზრახა, თუმცა სცენას ნაკლებად იცნობდა. „გიორგი ბრწყინვალე“ ეწოდებოდა, მგონი, ამ პიესას, რომლის პირველი მოქმედება კიდევაც დაბეჭდა. როგორც ვიცი, პიესაზე მუშაობა შეწყვიტა და იგი აღარ დაუმთავრებია.

როგორც თეატრმცოდნე ა. ბურთიკაშვილი იგონებს, ადრეულ სიჭაბუკის წლებში კი გოგლა, თურმე ახლო მონაწილეობას იღებდა სოფელში გამართულ წარმოდგენებში. იგი შეუცვლელი მოკარნახე ყოფილა, ძმა ლევანი კი – ჩინებული მსახიობი.

მე, პირიქით, როგორც იტყვიან, თეატრში „ჩამწვარი“ ვიყავი. არ დარჩენილა არც ერთი ოპერა და არც ერთი ქართული სპექტაკლი, რომ არ მომესმინა და არ მენახა. ვწერდი რეცენზიებსაც. გოგლა მიყიჟინებდა: დაანებე თავი ამ თეატრს, რად კარგავ ძვირფას დროს თეატრში სიარულზე, სჯობს, შენ საქმეს მიხედოო.

გოგლა სპორტის არცერთი სახეობით არ ყოფილა გატაცებული. ფეხბურთზე წასული არ მახსოვს. გაოცებული იყო: რატომ არის, რომ რომელიც გნებავთ ფეხბურთელი უფრო პოპულარულია ხალხში, ვიდრე მწერალი, მეცნიერი და სხვაო. რატომ არის, რომ პელეს მთელი მსოფლიო იცნობს და არავინ იცის, ვინა ჰყავს ბრაზილიას გამოჩენილი მეცნიერი ან მწერალიო. ფეხბურთით ასეთ გატაცებას იგი დროის სნეულებას უწოდებდა, როცა ხალხი სანახაობას უპირატესობას აძლევს ადამიანის სასწაულმოქმედ გონების სხვა სფეროში გამოვლინებაზე.

მასთან სახლში ყოფნისას ხანდახან მთხოვდა, მოდი, ნარდი ვითამაშოთო. იცოდა გრძელი ნარდი, რომელიც მან შემასწავლა. ყოველთვის მიგებდა და უხაროდა. ფეფიკოსაც უყვარდა ნარდი, მხოლოდ ჩვეულებრივი.

გოგლას ერთადერთი სპორტული გატაცება ეს იყო თევზაობა. ჩავიდოდით პატარძეულში თუ არა, გოგლა იორზე წაგვიყვანდა. იორის ნაპირზე ჰქონდა მას კარგად მსხმოიარე ვენახი. ვენახში იყო ატამი, მსხალი, ჭერამი და სხვა ხეხილი. უთუოდ ეს ჭერამი აქვს აღწერილი თავის შესანიშნავ მოთხრობების წიგნში: „ნატვრის ხე“. ვენახთან სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული კახეთის რკინიგზა გადის. აი, ჩაგვიყვანდა ამ ვენახში. შარვლის ტოტებს მუხლებამდე დაიკარცანებდა და შევიდოდა იორში. წყლის დაწდენა იცოდა. წყალმოკლებული თევზები ფართხალს იწყებდნენ, ქვების ქვეშ ეძებდნენ საფარს. გოგლას ხელით გამოჰყავდა იქიდან თევზები. თვითვე ხარშავდა, სახლიდან წამოღებული შინდაწურული ღვინით, შოთი პურით, ყველით და თევზით ჩინებულად გვიმასპინძლდებოდა.

ქვიშხეთში ვისვენებდი. გოგლაც ჩამოვიდა ოჯახობით. იგი ახალი დაბრუნებული იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან. თან ჩამოიტანა თევზის საჭერი სხვადასხვა იარაღი: ანკესები, რაღაც ფაცერის მსგავსი რამ. ერთ დილას შევიარაღდით ამ ხელსაწყოებით და მტკვარზე გავეშურეთ. სად არ ვისროლეთ ანკესები, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთ. კარგა დიდ მანძილზე ავუყევით მტკვარის ნაპირს. ხელცარიელი დავბრუნდით. ვიღაცამ დაგვნავსაო – იძახოდა გოგლა.

გოგლა საოცარი ფრთხილი იყო. თბილისში ქუჩის ერთი მხარედან მეორეზე არ გადავიდოდა (მაშინ არ ჰყავდა მანქანა), თუ მომავალ მანქანას დაინახავდა. ბალახი კი არ ვარ, რომ მეორედ ამოვიდეო – იტყოდა.

***

სამამულო ომი მძვინვარებდა. ქალაქი საღამოს ბინდში იყო გახვეული. გოგლა და მე ელბაქიძის დაღმართით ძირს ვეშვებოდით. სადღაც გაღმა მივდიოდით. სახლის წინ, სადაც შალვა რადიანი და ქეთო ირემაძე ცხოვრობდნენ, პატარა სკამი იდგა. სკამზე ვიღაც ქალი ჩამომჯდარიყო. გავუსწორდით.

– შენ რას აკეთებ აქ, ქალო, – მიმართა გოგლამ. ეს ქალი ქეთო აღმოჩნდა.

– ვმორიგეობ. საჰაერო თავდაცვის რაზმის წევრი ვარ, – უპასუხა ქეთომ.

– კარგი, იჯექი აქ, სახლში დივერსანტი არ შეგეპაროს, – უთხრა ქეთოს და გზის განგრძობა დააპირა. მაგრამ ვინ აცალა, ქეთო წამოდგა. მორიგეობას სულ მალე დავამთავრებ და ჩემთან შემოდითო.

ქეთოსთან ვმეგობრობდით. ხშირად დავდიოდით მასთან. ერთგვარი ლიტერატურული სალონი ჰქონდათ მას და შალვას. საუბარი პოეზიასა და ხელოვნების ფარგლებს იშვიათად თუ გაცდებოდა. ქეთო და მისი მეგობარი, ახლა პროფესორი ქსენია სიხარულიძე, პოეზიის მიჯნურები იყვნენ. ქეთო ფართოდ განათლებული, გემოვნებადახვეწილი ქალი იყო. კარგად იცოდა ფრანგული ენა, მაშინ მას უკვე თარგმნილი ჰქონდა აბატ პრევოს „მანონ ლესკო“, ბენჟამენ კონსტანის „ადოლფი“ და სხვ. მთარგმნელობას ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. გოგლა, როგორც თავის დას, ისე აფასებდა, სამუშაოდ აქეზებდა, არიგებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქეთო თავისი რომანის „ქეთევან წამებულის“ წერას შეუდგა.

იმ საღამოსაც შევედით ქეთოსთან, რომელიც დატრიალდა და უმალვე პატარა სუფრა გააწყო. გამოიტანა გოგლას ლექსების წიგნი. ჯერ თითონ შეუდგა მათ კითხვას, შემდეგ გოგლას სთხოვა წაეკითხა. უყვარდა მისი როხროხა ხმის მოსმენა, მეტადრე, თუ თავის ლექსებს კითხულობდა. შემდეგ ქეთომ მოგვახარა: გალაკტიონმა ეს ლექსი დამიწერა მანონ ლესკოზეო. ეს ლექსი, ქეთოს მიერ წაკითხული, პირველად იქ მოვისმინეთ. ნაზი, ხავერდოვანი ხმით კითხულობდა ქეთო მისადმი მიძღვნილ ლექსს:

მარად ისმის: მარადისი

სიყვარული ძნელია,

ვის ისარი მოხვდა მისი

მუდამ ცრემლის მღვრელია.

ვარდთა კონის, ბნედა გონის,

ტავერნების ნდომანი…

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი… და ა. შ.

საკმაოდ მდიდარი ლიტერატურული ცხოვრება ჰქონდათ მაშინ პოეტებს და მათ გარშემო შემოკრებილ პოეზიის მოყვარულებს. მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდა პოეტები ასეთივე პოეზიის ჟანგბადით სუნთქავენ. ჩვენი ოჯახური ურთიერთობაც საკმაოდ მტკიცე იყო. ქეთო გამოირჩეოდა ფართო ერუდიციით, კულტურით. იშვიათი მოსაუბრე იყო. მისი ყურადღების ცენტრში იდგნენ უფრო გამორჩენილი და მივიწყებული მწერალი ქალები. წერდა გამოკვლევებს ბარბალე ჯორჯაძეზე, ნინო ორბელიანზე და სხვ.

მახსოვს ერთი საღამო, მწერალთა კავშირში რომ ჩატარდა. ქეთომ მოხსენება წაიკითხა ეკ. გაბაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ეცვა შავი ხავერდის კაბა. შავი თმები და მეტყველი თვალები ამკობდნენ მის ნაზ, სანდომიან სახეს. მოხსენებას ბევრი ხალხი დაესწრო. ქეთომ გამოამჟღავნა მხატვრული ანალიზის მშვენიერი უნარი, გრძნობა პასუხისმგებლობისა მსმენელთა თუ მკითხველთა წინაშე.

როგორც აღვნიშნე, ქეთო რომანის წერას შეუდგა. საჭირო მასალების დასაგროვებლად და შესასწავლად გრემსა და მის მიდამოებში დადიოდა, ეცნობოდა ისტორიულ წყაროებს. ამ საქმეში მას გოგლა ეხმარებოდა, კონსულტაციას უწევდა. გახარებული და აღფრთოვანებული ბრუნდებოდა გრემიდან. გვიამბობდა, რა ნახა ადგილზე, რა ძეგლებს გაეცნო. გოგლასთვის ყოველივე ეს უკვე ცნობილი იყო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ვახუშტის გეოგრაფია მან, თითქმის ზეპირად იცოდა. ჩემთვის მაშინ ქეთოს ნაამბობი ახალი რამ იყო. არ მქონდა ნანახი გრემი და საერთოდ ის მხარე. ქეთო მარტო ისტორიული ძეგლებით როდი იყო განცვიფრებული, მასში სიხარულს იწვევდა კოლმეურნეები, რომლებიც, მისი თქმით, ყველგან კარგად ხვდებოდნენ მას.

რომანის რამდენიმე ნაწყვეტი დაბეჭდა. სიხარულით გვიკითხავდა წერილებს, რომლებსაც ის მკითხველებისაგან ღებულობდა. გვთხოვდა (განსაკუთრებით დემნა შენგელაიას) მიგვეთითებინა ნაკლზე. ქეთო უკვე ვერაგი სენით იყო დაავადებული. ძალიან ხშირად დავდიოდით მასთან: ვაიმედებდით, ვამხნევებდით. გაგვატანიებდა სკამებს ბალკონზე. ჩამოჯდებოდა საოცრად მოწყენილი, აფორიაქებული, სკამზე რომელიმე ჩვენთაგანი (გოგლა, დემნა ან მე) გვერდზე მივუჯდებოდით. თავს მკერდზე მოგვადებდა და შორს კავკასიონს გასცქეროდა.

– მინდოდა, კიდევ მეცოცხლა, რომ რომანი დამემთავრებიაო – ცრემლნარევი ხმით გვეტყოდა.

გოგლა, რომ იტყვიან, მისი საცოდაობით იწოდა. ვერ უძლებდა ავათმყოფის ტანჯვას და ბოლო ხანებში მასთან სიარულს უკლო. ასე მიდიოდა ის დაწყევლილი თვეები.

ახალი წელი თენდებოდა. დემნა და მე შევთანხმდით, იმ ღამეს ქეთოსთან შევხვედროდით. მივედით. შალვა და ქეთო მარტონი იყვნენ. ქეთო წამოწოლილიყო. ცოტა სიცხეც ჰქონდა. როგორ გაეხარდა ჩვენი მისვლა, ვერაფრით ვერ დავაკავეთ საწოლზე, წამოდგა. ჩაიცვა. ეს სიცხიანი ქალი დატრიალდა, უმალ გააწყო სუფრა, რომელსაც თითონაც მოუსხდა. შემოვიდა მისი მკურნალი ექიმი გიორგი ნაზარიშვილიც. ქეთომ გაიხარა, მოწყენილ თვალებში სიცოცხლის სხივი აკიაფდა. დიდხანს ვისხედით. დაიღალა. დავემშვიდობეთ. გული გვიდუღდა წამოსულთ. ერთი ნახევარი საათით შევიარეთ მე და დემნამ გიორგი ნაზარიშვილთან. იქედან გიორგი ჯიბლაძესთან წავედით. ბარათაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ვიცოდით, მასთან მწერლები ხვდებოდნენ ახალ წელს. გიორგის ვუამბეთ ქეთოს მდგომარეობა. ძლიერ შეწუხდა, მაგრამ რას გააწყობდა…

ზაფხულის ერთ საღამოს ქეთოსთან ვიყავით მისი სამი მეგობარი. ვითომ ვართობდით. მეორე დღეს დუშეთში წავედი, შვილისშვილი და მეუღლე ავიყვანე სააგარაკოდ. მესამე დღეს რომ დავბრუნდი, თავზარდამცემი ამბავი დამხვდა: წუხელი ქეთო გარდაიცვალაო. მწვავედ განიცადეს მწერლებმა მისი ასე უდროოდ სიკვდილი. ზაფხული იყო. ცხელოდა, მაგრამ დაკრძალვას თითქმის მთელი მწერლობა დაესწრო. მრავალმა წარმოსთქვა სიტყვა საფლავზე. გოგლამაც მდუღარე ცრემლით დაიტირა და გამოეთხოვა თავის „უმრწემეს დას“.

წარმოთქმული სიტყვები, წერილები და ქეთოსადმი მიძღვნილი ლექსები შალვამ სასოებით შეკრიბა და პატარა წიგნად გამოსცა. ქეთოს წერილებიც შეკრიბა და გამოსცა წიგნად  „მედალიონების“ სახელწოდებით.

ქეთო ირემაძე ამ შემთხვევაში გოგლასთან დაკავშირებით მოვიგონე (საერთოდ კი, ქეთოს ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირს იმად, რომ ის არ იქნას დავიწყებული).

გოგლას სხვა მეგობრებიც ჰყავდა ქალების წრიდან… მათ შორის ახლოს ვიცნობ თამარ ოქროშიძეს, ნუცა ანანიაშვილს, თამარ ანდღულაძეს და სხვათ, რომლებსაც გოგლასთან მისი პოეზიის სიყვარული და ადამიანობა აახლოვებდა. ბევრჯელ მინახავს გოგლა თამარ ანდღულაძესთან, აქ იგი ყოველთვის თავის სტიქიაში და ახლობლებში გრძნობდა თავს. გოგლა არ ყოფილიყო გურიაში, ჩვენ ვუქებდით ამ მხარის სიტურფეს, სიმდიდრეს, ხალხის სტუმართმოყვარეობას. თამარი თხოვდა, წვეოდა გურიას. ბოლოს გადაწყვიტა გურიის სტუმრობა. მართალი რომ ითქვას, მეშინოდა: ვაი თუ, არ მიიღეს, როგორც ეს გოგლას შეეფერება. ჩემს შიშს, თითქოს საფუძველი ჰქონდა. გოგლა გურიას ეწვია მას შემდეგ, რაც ყვარელში ილიას წლისთავი იქნა გადახდილი. ამ დღემ ზეიმის ხასიათი მიიღო. დიდძალი ხალხი დაესწრო. ბევრმა ჩასულმა მწერალმა წარმოთქვა ღირსშესანიშნავი სიტყვა. გოგლას სიტყვაც უჭრიდა და ილიას დიდი სიყვარულით უხურდა გული. წარმოთქვა სიტყვა, როგორიც მას შეეფერებოდა. მიტინგის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყვარელთან ახლოს შესანიშნავ ბაღში სადილი მოაწყო. იმ დღეს საიდან არ ჩამოვიდნენ ილიას თაყვანისმცემლები. იყვნენ ქუთაისიდან, ბათუმიდან, სამეგრელოდან, გურიიდან და სხვ. ყველა ესენი სუფრაზე მიიპატიჟეს. როგორც მახსოვს, სუფრაზე თამადობდა გოგლა. ჰყავდა მოაგდილეები. ამბობდა შთაგონებულ სიტყვებს. ხშირად გაისმოდა ჩამოსულ გურულთა გუნდის სიმღერები. ყველას, ვინც იმ ბანკეტს დაესწრო (მწერალთაგან), ახსოვს ეს ეპიზოდი. გოგლას არ სიამოვნებდა მაინცდამაინც ეს სიმღერები. ის შეჩვეული იყო დინჯ, მდოვრედ მიმდინარე კახურ სიმღერებს. უყვარდა კახური გრძელი მრავალჟამიერი. მისი სმენა ვერ ეგუებოდა გურულ უნიკალურ კრიმანჭულს. უფრო კი იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა სუფრის გაძღოლაში, ცოტა არ იყოს, უხეშად მოითხოვა სიმღერის შეწყვეტა, დროებით მაინც.

მეგონა, რომ გურულები დაიმახსოვრებდნენ ამ ეპიზოდს და იქ ჩასვლისას აგრძნობინებდნენ განაწყენებას, მაგრამ ვის გაახსენდა, თურმე ეს არასიასიამოვნო ეპიზოდი. თბილისში დაბრუნებისას გოგლა აღფრთოვანებული გვიამბობდა: ეს რა ხალხი ყოფილა გურულები, დაუვიწყარი პატივი მცეს, ყველგან ხელგაშლილნი და გულმხიარულნი მეგებებოდნენ. ძლიერ კმაყოფილი იყო, რომ ეს ულამაზეს მხარე ახლოს გაიცნო. სიყრმის ამხანაგი, უდროოდ დაღუპული ნიჭიერი პოეტი გრიგოლ მეგრელიშვილი გაეხსენებინა, მისი საფლავი მოენახულა და პატარა მიტინგზე მისდამი მიძღვნილი ლექსი წაეკითხა.

გოგლას ჰქონდა თავისი ნაკლი, ისე როგორც ყოველ ადამიანს. ის პირშიმთქმელი იყო, მის იუმორს ხანდახან წიწაკას სიმწარე ემჩნეოდა. მისი პირშიმთქმელობა ზოგიერთ შემთხვევაში უხეშობაში გადადიოდა. ვინც ახლოს არ იცნობდა გოგლას ხასიათს, მას მართლაც უხეშ კაცად მოეჩვენებოდა იგი. რამდენჯერ უთქვამს ფეფიკოს: ნუ ხარ, კაცო, ასეთი, ვინმეს მართლა უდიერი ეგონებიო. ნამდვილად კი გოგლა ფრიად კეთილი იყო, მისი გული ადამიანის სიყვარულით, ჩვენი ხალხის დიდი სიყვარულით იყო სავსე. ეს პატარა ადამიანური ნაკლი ვის გაახსენდება, როცა გოგლას ღვაწლზე, მის დიდ შემოქმედებაზე, იმ სიკეთეზე ჩამოვარდება საუბარი, რომელიც მას ჩვენს ხალხში დაუთესია.

***

კიკეთში ვისვენებდით მე და მამია ასათიანი. ლიტერატურათმცოდნე ოთარ ფირალიშვილი შეგვხვდა გზაში. გვთხოვა, სადილად ვწვეოდით. დღეს გოგლა ამოვა ჩემთანო: დავთანხმდით. დანიშნულ დროზე მივედით. სახლი, რომელშიც ოთარის ოჯახობა ცხოვრობდა და ისვენებდა, ტოტებმრავალ ხეების ჩრდილში იდგა. წინ მინდორი იყო. ბალახი მუხლებამდე გვწვდებოდა. ჩრდილში გაეწყოთ სუფრა. მალე გოგლაც ამოვიდა წყნეთიდან. სუფრას შემოვუსხედით. რა თქმა უნდა, გოგლა თამადობდა. უნდა აღვნიშნო, რომ თუ გოგლა არ იქნებოდა თამადა, საოცრად მოიწყენდა, ლხინის ეშხი ეკარგებოდა, იმ დღეს კი შესანიშნავ ხასიათზე იყო. წამოიწყო სადღეგრძელოები. რამდენჯერ მომისმენია მისი სიტყვა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, მის მიერ გადატანილ გმირულ ბრძოლებზე, მაგრამ არც ერთი მისი სიტყვა არ ჰგავდა მეორეს, ამავე თემაზე თქმულს, ისე როგორც მისი არც ერთი პატრიოტული ლექსი არ გავს მეორეს: ყოველი მათგანი თავისებურ პოეტურ სახეებზეა აგებული, ყოველ მათგანს თავისი ინტონაციური ჟღერადობა აქვს. გოგლა ლაპარაკობდა კიკეთის წარსულზე, ძუძუები დაულოცა ქართველ დედას, რომელმაც ცხრა შვილი ხერხეულიძე აღზარდა. გვიამბო, რომ მარაბდის ველზე გმირულად დაღუპული ცხრა ძმა ხერხეულიძე კიკეთელები იყვნენო.

მარაბდის ველი მანამდე მქონდა ნახული, ისიც გოგლას წყალობით. გოგლას საოცრად უყვარდა გამოჩენილი მწერალი, მისი მასწავლებელი სემინარიაში ვასილ ბარნოვი. ეს სიყვარული და პატივისცემა დაამტკიცა იმით, რომ რუსთაველის სახელობის ინსტიტუტის დირექტორად ყოფნისას თანამშრომლებს დაამზადებინა ვ. ბარნოვის თხზულებათა ათტომეული და ხელმოწერით გამოაცემინა გამომცემლობა `საბჭოთა მწერალს~. ყოველ ტომს თანდართული აქვს ვრცელი მეცნიერული აპარატი. მათი მთავარი რედაქტორობა თითონ იკისრა, ხოლო რედაქტორებად გამოჰყო სოლომონ ყუბანეიშვილი და მიხეილ ჩიქოვანი.

ერთხელ გოგლამ წინადადება მომცა: წამოდი სოფელ კოდაში და იქ ვასლ ბარნოვის სახლი ვნახოთო. სიამოვნებით წავყევი. დავათვალიერეთ სახლი. იქედან მარაბდაში წამიყვანა. მოვნახეთ სასაფლაო, მიმითითა ქვის ლოდებზე და მითხრა, აქ არიან დამარხულნი ძმები ხერხეულიძეებიო. ბევრი უტრიალა მდუმარემ ამ ლოდებს, რომლებზედაც ვაჟკაცები იყვნენ გამოსახულნი. შემდეგ გაიხსენა მარაბდის ბრძოლა, რომელიც ჩვენი ხალხისთვის ასე ტრაგიკულად დასრულდა. დადიოდა მინდორზე, თითქოს გიორგი სააკაძის ხმალის ნამსხვრევს ეძებსო. ხმალის ეს ნამსხვრევი გოგლამ, როგორც მახსოვს, ერთ-ერთ თავის პატრიოტულ ლექსში გამოიყენა. მარაბდიდან უკან დავბრუნდით. გზაში რომელიღაც მაღლობზე ავედით (აღარ მახსოვს), ეკლესია ვნახეთ. იქ მიჩვენა მანანა ორბელიანის საფლავი, თლილი მარმარილოს ქვაზე დასაფლავებულის ვინაობა ამოიკითხა, ამოიოხრა, თითქოს გული თან ამოატანა.

ყოველივე ეს გამახსენდა იმ დღეს, ჩრდილში რომ ვისხედით და გოგლას სიტყვებს ვისმენდით. დაღამდა კიდეც. მასპინძელმა ელექტროლამპა აანთო. ღამის შუქზე პეპლები დაგვეხვია. ზოგი ჭიქაში ცვიოდა, ზოგი საინებში. ამ აბეზარებისაგან რომ თავი დაგვეცვა – მათ ვხოცავდით. გოგლას ეწყინა: როგორ შეიძლება სულიერი არსების მოკვლაო. ამოიყვანდა ჭიქაში თუ საინში ჩავარდნილ პეპელას და ათავისუფლებდა. შორს ვარ წასასვლელიო და ღვინოს ნაცვლად უფრო ლიმონათს ეძალებოდა. შუაღამე იქნებოდა მოტანებული, როცა დავიშალენით. გოგლა მანქანაში ჩასხდა და წყნეთისაკენ გაუყვა გზას. მე და მამია ფეხით დავბრუნდით სახლში. გზა გოგლაზე საუბრით გავლიეთ. ერთხანს ჩვენს ეზოში ვისხედით და გოგლას შემოქმედებაზე ვლაპარაკობდით. მისი ენერგიული, ტემპერამენტით აღსავსე, ქართული მიწით განოყიერებული და ქართული მთის ჯანსაღი ჰაერით მსუნთქავი პოეზია გვხიბლავდა.

 

***

თავისი პოემის პირველი ნაწილი გამოქვეყნებამდე მწერალთა კავშირში წაიკითხა. პოემამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მსმენელთა შორის მაშინ იყვნენ მისი ახლო მეგობრები პაოლო, ტიციანი, ვალერიანი და სხვ. თუ არ ვცდები, პაოლო, მგონი, გულნატკენი დარჩა იმის გამო, რომ იმ თემაზე მას უნდოდა დაეწერა პოემა. ასე იყო თუ ისე, პოემა გამოქვეყნდა. ავტორის სახელი მეტად გახმაურდა. საბჭოთა კავშირის რომელი ხალხის ენაზე არ ითარგმნა. გადიოდა წლები, პოემის გაგრძელება არ ჩანდა.. როგორც გამოირკვა, გოგლა საჭირო მასალებს აგროვებდა, წერდა ნაწყვეტებს, რომლებსაც დროგამოშვებით მიკითხავდა.

გოგლა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. საქ. კპ(ბ) ხელმძღვანელმა მას წინადადებით მიმართა: აიღე შემოქმედებითი შვებულება და პოემა დაასრულეო. გოგლა ასეც მოიქცა. მას მშვენიერი აგარაკი (სახლი ვერანდით) დაუთმეს ოქროყანაში. იქ ცხოვრობდა ფეფიკოსთან ერთად. ზაფხული იყო. დროდადრო ავდიოდი, აღარ მიშვებდა, ერთად ვსადილობდით და გვიანობამდე იქ ვრჩებოდი.

ერთხელ გამოიტანა საწერი ქაღალდის ნაგლეჯები და მითხრა: პოემის გაგრძელების მოზრდილი ნაწილი უკვე დაწერილი მაქვს. მიძნელდება კი წერა, რადგანაც საქმე მაქვს უკვე არა იმდენად პოეტურ გამონაგონთან, არამედ რევოლუციური მოძრაობის დოკუმენტალურ მასალასთან. პოეტური თავისუფლება შეზღუდული მაქვს, მხატვრული სახეები უნდა ავსახო, რაც ნამდვილად მოხდაო. დაუწყო ნაწერ ქაღალდებს ქექვა, ძებნა თუ სად რა ჰქონდა ჩაწერილი. ერთ ფურცელს წააწყდებოდა, შემდეგ მეორეს, მესამეს… და კითხულობდა. გახარებული ვისმენდი: შესანიშნავი ადგილები იყო. ცოტაღა მაკლიაო – მითხრა. არ ვიცი, დაასრულა თუ არა პოემა, რა მდგომარეობაში დარჩა იგი…

ხშირად, როცა შემხვდებოდა, მეტყოდა: წუხელი ლექსი დავწერე, თუ ხალისი გაქვს, წაგიკითხავო. გაშლიდა პორტფელს და დაუწყებდა ძებნას გადაუთეთრებელ ლექსის ნაწილებს, რომლებიც ქაღალდის ცალკე ნაგლეჯებზე ჰქონდა დაწერილი, ალაგ წაშლილი, ალაგ შესწორებული. მეც სიამოვნებით ვისმენდი და მიხაროდა, რომ ახალი ლექსის პირველი მსმენელი ვიყავი.

გოგლას ახასიათებდა საოცარი „პოეტური უწესრიგობა“. არ ვიცი, როგორ ართმევდა თავს ამდენ მიყრილ-მოყრილ ქაღალდის ნაგლეჯებს, ჩანაწერებს, შენიშვნებს. მახსოვს, მწერალთა კავშირში შემოვიდა. მითხრა, გ. ნატროშვილს (მაშინ ის იყო მწერალთა კავშირის გაზეთის რედაქტორი) მოთხრობა უნდა წავუკითხო და დამესწარიო. გავყევი. გიორგიმ კარები ჩაკეტა, გოგლამ კითხვა დაიწყო (არ მახსოვს, რომელი, „ნატვრის ხეში“ შეტანილი მოთხრობა იყო). ძლივს წაიკითხა, ისე ჰქონდა აბნეულ-დაბნეული ნაწერი ქაღალდები. მიუხედავად ამისა, მოთხრობამ მოგვხიბლა. გიორგი ნატროშვილი აღფრთოვანებული ეუბნებოდა, „მოიტა, მოიტა. მე გადავაბეჭდინებ და ყოველ რიგის გარეშე დავბეჭდავო“.

ქაღალდების, წიგნების, ჟურნალების სრული ანარქია იყო მის სამუშაო ოთახში. ასეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა იგი, ყოველ შემთხვევაში, გარეშე პირებზე, პირადად ჩემზე. თითონ, ალბათ, კარგად იცოდა, სად რა წიგნი, მასალა მოეძევებოდა. მოიყვანე წესრიგში, გოგლა, ეს შენი მაგიდა, წიგნის თაროები, ქაღალდები – თუ ვეტყოდით, გვიპასუხებდა: ჩინოვნიკი კი არ ვარ, პოეტი ვარ. არ ვიცი, რა ენერგიისა და ცოდნის გამოყენება დასჭირდებათ გოგლას ქალიშვილებს – ნესტანსა და თინათინს, რომ მამის მდიდარი არქივი, ბიბლიოთეკა წესრიგში მოიყვანონ. ალბათ, რამდენი რამ დარჩა ჩაფიქრებული, წამოწყებული და ბოლომდე მიუყვანელი. ყოველივე ეს, დარწმუნებული ვარ, ძვირფასი იქნება მომავალ თაობისათვის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გასაცნობად და შესასწავლად. გოგლა მეტად მდიდარი ბუნების მქონე კაცი იყო და მისი შემოქმედებაც, პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრებაც განუზომლად მდიდარია.

გოგლას საოცრად არ უყვარდა მშრალი, თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი კაცი. მისი ფართო ბუნება ვერ ურიგდებოდა ვიწროს, დაჩიავებულს. გოგლას პოეზიაც ხომ ასეთია: ფართო გაქანების, ხშირად გრიგალის ძალა აქვს, ფესვები ღრმად არის წასული მშობლიურ მიწაში, აქვს წყალვარდნილების ხმა, არწივის თვალი და მაღლა ნავარდის ხალისი. გოგლა რომანტიკოსი იყო. წარსულსაც იგი რომანტიკულ-ტრაგიკულ ასპექტში აღიქვამდა. როგორც ვთქვით, ცოცხლად ხედავდა მას. მისთვის არ იყო უცხო რომანტიკული გატაცებანი. ეს სავსებით ბუნებრივიც იყო. ბოლოს და ბოლოს, ასეთმა გატაცებებმა, ღრმა სიყვარულმა გაამდიდრეს შედევრებით მსოფლიო ლირიკული პოეზია. რამდენ ესთეტიკურ სიამოვნებას ჰგვრის მკითხვველს, აკეთილშობილებს, ამდიდრებს მის სულიერ კულტურას, თუნდაც პუშკინის კერნისადმი მიძღვნილი ლექსი: „Я помню чудное мгновение“, ან ავიღოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლირიკული შედევრები, მიძღვნილნი ეკ. ჭავჭავაძისადმი. რა დაუფასებელი სულიერი საგანძური შესძინა პოეზიას პეტრარკამ თავისი სონეტებით, დანტემ – ღვთაებრივი კომედიით. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი „ხელიხელს საგოგმანებული“ ვეფხის ტყაოსანის შთამაგონებელი ხომ თამარ მეფეა. ამ დიდმა გრძნობამ აამღერა რუსთაველი სიყვარულზე, მეგობრობაზე და რომელი ჭეშმარიტი პოეტი არ გაუხვევია თავის მომაჯადოებელ ქსელში მშვენიერი არსებით გატაცებას!

ვფიქრობ, არც გოგლა, დიდი სულიერი ძვრების და ემოციების პოეტი, წარმოადგენდა გამონაკლისს. ჩემთვის დაუსახელებია რამდენიმე ლექსი, რომლებიც სულიერი შეშფოთების შედეგად დაუწერია. ვინ იყვნენ მისი შთაგონების ობიექტები – არ ვიცი. შეიძლება, არც არვინ იყო, შეიძლება, ოცნებით ჰყავდა ვინმე წარმოდგენილი.

ნინოწმინდა – პალატები მეფეთა…

გალავანში – ჯამი აქაფებული;

შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ – ვეფხი დაქალებული…

ორი უკანასკნელი გაუშიფრავი სტრიქონი ელვასავით ანათებს მთელ ლექსს. ანდა ავიღოთ მისი ლექსი „ანგელოზის ფრესკა“:

დღეს ანგელოზის ფრესკა მაჩვენა,

დიდთვალება და გრძელი ფრთიანი,

ზედ მიაშვირა ხელი მარჯვენა,

ნახატს მიხსნიდა ტკბილი ხმიანი.

მოსწონდა, ხატი რომ ბრწყინვალებდა

თამარისეულ დროის დიდებით,

ცოცხალ ფრესკას კი ადგა ნათელი

და პირს ეფრქვია მარგალიტები.

და უცბად მივხვდი მე აბნეული,

რომ ორ ანგელოზს შუა ვიდექი!

არა მგონია, ცოცხალი ფრესკა და ერთ-ერთი ანგელოზი პოეტის მხოლოდ ოცნებით წარმოსახული ვინმე იყოს. ასეთი ლექსი, მისი ლირიკული გულის ცეცხლით დაწერილი, გოგლას საკმაოდ მოეპოვებოდა. თუ რა კარგად იცნობდა გარდასულ ეპოქების მაჯისცემას, მათში ჩამდგარ სურნელებას – ამას ადასტურებს გოგლას მართლაც ღრმა განცდით დაწერილი ერთ-ერთი შედევრი – „ნინა ჭავჭავაძეს“. ეს ლექსი თითონაც ძლიერ უყვარდა და როცა, მაგალითად, თამარ ანდღულაძესთან ყოფნისას სთხოვდნენ, წაეკითხა რომელიმე ლექსი, აუცილებლად ამ ლექსს წაიკითხავდა. ან რა გამოუთქმელი სევდა და ნაღველია ჩაღვრილი ლექსში „მაია, მანანა, ნინა, ეკატერინა“. ხშირად იგონებდა გრ. ორბელიანის სიტყვებს: „დაბნელდა საქართველო“, რომელიც ეკ. ჭავჭავაძის სიკვდილის გამო ეთქვა.

გოგლა სიცოცხლისა და სილამაზის მომღერალი იყო, რაშიც არ უნდა გამოვლენილიყო იგი. უფრო კი საქართველოს დიდებისა, ქართველი ხალხის გმირობისა, მშობლიური ქვეყნის ბუნებისა, მისი სევდისა და ლხინისა. მაგრამ მე ხომ გოგლას პოეზიის განხილვის პრეტენზია არა მაქვს ამ შემთხვევაში!

***

დროის გარკვეულ მანძილზე ახალწელსა და თამარობას თამარ ციცშვილისა და დიმიტრი გედევანიშვილის ოჯახში ვხვდებოდით. სტუმართმოყვარე მასპინძლები არაფერს იშურებდნენ, რომ დრო შინაარსიანად გაგვეტარებია. იყო საუბარი ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, კინოზე, თეატრზე. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ ჩვენი გამოჩენილი არაბისტი აკადემიკოსი გიორგი წერეთელი, ლიტერატურისმცოდნე გიორგი აბზიანიძე (მისი ვაჟი გოგლას ნათლულია), თამარის ახლო მეგობრები – თამარ ოქროშიძე და რუსუდან ხარაძე – ეს შესანიშნავი დინჯი და თავმდაბალი ადამიანი. რუსუდანი მაშინ უკვე ცნობილი ეთნოგრაფისტი იყო, ჰქონდა ფუნდამენტალური შრომები ამ დარგში. რუსუდანთან საუბარი დიდი სიამოვნების მომგვრელი იყო. გვიან გავიგე მისი გარდაცვალება და გული ჩამწყდა. რუსუდანის ნათელი ხსოვნა არ წარიშლება მათ მეხსიერებიდან, ვინც მას იცნობდა.

თამართან იკრიბებოდნენ სხვებიც, რომელთა ვინაობა აღარ მახსოვს. სუფრა გაწყობილი იყო. სადაც არის, თორმეტს დარეკდნენ. შამპანურით სავსე ბროლის ჭიქებით უნდა შევხვედროდით ახალ წელს, მაგრამ გოგლა არ ჩანდა. აუცილებლად უნდა დაეგვიანებია (ასე იცოდა საერთოდ). ისმოდა საყვედურები. ამ დროს გაისმოდა ზარი და პირმცინარე შემოვიდოდა, სუფრის თავში დაიკავებდა თამადის ადგილს. იცოდა, რომ თამადობა არ აცდებოდა და დაიწყებდა… სადღეგრძელოების წარმოთქმისას ყველა თავისას მიუზღავდა, შეამკობდა, წაახალისებდა. საოცარი ფანტაზია ჰქონდა და ამ სიტყვებს ყოველთვის პოეტური იერი დაჰკრავდა. მისი სადღეგრძელო, რა თქმა უნდა, არაფრით არ გავდა ჩვეულებრივს, ტრივიალურს, მოსაწყენსა და მოსაბეზრებელს, რაც ხშირად გვსმენია ხოლმე სუფრაზე. ყველაში გამოძებნიდა რაღაც ღირსეულს, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელს და სადღეგრძელებლის საქმიანობას საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუკავშირებდა. სუფრაზე ძალდაუტანებელი ხალისი იყო, რასაც დიასახლისის კდემამოსილება, სიტურფე და კეთილი ხასიათი აძლიერებდა.

მახსენდება ერთი ასეთი შეხვედრა მასთან ახალი წლის წინა ღამეს. გოგლა თამადაა, ჩემი სადღეგრძელო უნდა დალიოს (შეიძლება, გიორგი აბზიანიძეს ახსოვს). მიმართა თამარს, მისულიყო როიალთან და აკომპანიატორის როლი ეკისრა. გაისმა სმენადამატკბობელი ხმები. გოგლამ ამ ხმებს აუწყო თავისი სიტყვა. რა არ მითხრა, რა სიყვარული არ დააფრქვია. ყველა სულგანაბული უსენდა. საერთოდ, საშინლად არ მიყვარს, როცა სუფრაზე გამკობენ კაცს. ვიცი, რომ ხშირად ასეთ სიტყვას გულწრფელობა აკლია, რაღაც მიღებული ფორმალური მხარე უნდათ შეასრულონ. ამ დროს ვიტანჯები სუფრაზე, სიმწრის ოფლი მასხამს ხოლმე, მინდა, მაგიდის ქვეშ დავიმალო, სულ გავეცალო მაგიდას… მაგრამ ის სიტყვა სხვა იყო, იმიტომ კი არა, რომ მე მომმართავდა გოგლა. ნამდვილი მეგობრული სითბო იგრძნობოდა მასში. იმიტომ, რომ მუსიკა და მისი ხმა ერთმანეთს ავსებდა, სიტყვას მომხიბვლელს ხდიდა. თხუთმეტი წუთი მაინც (თუ მეტი არა) ჟღერდა გოგლას სიტყვა, რომელმაც ყველანი მოგვაჯადოვა… ეს ქეიფი არ იყო, ეს იყო შინაარსიანი დროსტარება (სიყვარულისა და მეგობრობის ზეიმი). რა კარგი დრო იყო, რა კარგი წლები. გოგლა! შენ წაიღე თან ეს დრო, ეს წლები.

***

გორში ლიტერატურული საღამო ჩატარდა. საღამოს მრავალი მწერალი, განსაკუთრებით პოეტი დაესწრო. საღამოს შემდეგ ბანკეტი მოეწყო სასტუმროს დარბაზში. ბანკეტის შემდეგ მე და გოგლა ზემო სართულში ავედით მოსასვენებლად. ერთ ოთახში შევედით. ახალგაზრდა პოეტები ისხდნენ და იქ ვახშმობდნენ. გოგლას დანახვაზე წამოდგნენ, სკამი მიაწოდეს, დაჯდომა სთხოვეს. გოგლა დაღლილი იყო. ფეხზე მდგომმა დაულოცა სუფრა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ რაღაცაზე უდიერად უპასუხა. გოგლამ შეატყო, რომ მთვრალი იყო და არაფერი უპასუხა. მეორე დღეს დილით დარცხვენილ პოეტთან მივიდა და დარიგებით უთხრა: იმდენი უნდა დალიო, რომ ღვინომ არ დაგჩაგროს. თითონ გოგლას უყვარდა ღვინო, მაგრამ ზომა იცოდა. კარგად იტანდა ღვინოს.

***

თავისი მსოფლმხედველობით, მსოფლშეგრძნებით გოგლა არ იყო სიმბოლისტი. მისთვის სრულიად მიუღებელი იყო ბუნდოვანი, მისტიციზმის ბურუსში გახვეული, განყენებული, ძნელად წარმოსადგენი პოეტური სახეებით გადატვირთული ლექსი. სიმბოლიზმის წინაშე მან სულ რამდენიმე ლექსით მოიხადა ხარკი. გოგლას რეალისტის გამჭრიახი თვალი და რომანტიკოსის გული ჰქონდა. მის პოეზიაში ჩვენ ვერ დავინახავთ მოდერნიზმის კვალს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ გოგლა ახალი პოეზიის ერთ-ერთი მედროშეა. საკმაოდ რთული სახეობრივი აზროვნება, წერის მანერა – ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ გოგლა იცნობდა სიმბოლისტურ პოეზიას და მისი სკოლა ჰქონდა გავლილი. გოგლა იცნობდა როგორც რუსული, ისე ფრანგული სიმბოლიზმის განთქმულ წარმომადგენლების შემოქმედებას. მას უფრო ფრანგი სიმბოლისტები მოსწონდა: ბოდლერი, ვერლენი, რემბო. მათში მეტ სინათლეს და გამჭვირვალებას ხედავდა, ვიდრე, ვთქვათ, ბლოკის პოეზიაში. მოსწონდა, მაგრამ არ უყვარდა.

უყვარდა ქართული კლასიკური ლიტერატურის წარმომადგენელთა შემოქმედება. მათი სახეები გააცოცხლა სწორედ თავის ლექსებში. გოგლამ კლასიკური ლიტერატურის ტრადიციები განაგრძო და მათში სიახლეც შეიტანა. ახალ შინაარსს, ახალ თემებს ახალი ფორმაც მიუყენა. აქაც იგი ხალხურ შემოქმედებას დაეყრდნო უმთავრესად. ამ საკითხების გაშუქება, ცხადია, გოგლას პოეტურ სამყაროს მკვლევარის საქმეს წარმოადგენს. ჩემი კნინი სიტყვა და ცოდნა ასეთი კვლევისათვის არ გამოდგება.

***

გოგლა მშვენივრად იცნობდა რუსულ ლიტერატურას. განსაკუთრებით უყვარდა ჩეხოვის მოთხრობები… საოცარი მეხსიერება ჰქონდა: თითქმის ყველა მოთხრობის შინაარსს მოგიყვებოდა და იცინოდა. საუბარში ხშირად იყენებდა ჩეხოვის გმირების მოსწრებულ სიტყვებს და საერთოდ ჩეხოვის იუმორს. ასევე გატაცებული იყო დოსტოევსკით, განსაკთრებით „ძმები კარამაზოვებით“. თუ ვინმე არ მოუვიოდა თვალში, სმერდიაკოვს მიამსგავსებდა.

***

გოგლას სიჭაბუკის წლებში ყოველდღე თუ არა, ძალიან ხშირად ვხვდებოდი. მთელ დღეებსა და ხანდახან ღამეებსაც ერთად ვატარებდით. ბევრი რამ ჩამრჩა მეხსიერებაში, რაც მის ადამიანურ თვისებებსა და პოეტურ ბუნებას ჩემთვის შუქსა ფენს. თუ მოვასწარი – გავიხსენებ. მისი უეცარი, მოულოდნელი სიკვდილი ისე განვიცადე, თითქოს ორივე სასიცოცხლე ფრთა მომწყდა. წამოდგომა მინდა და ვერ ვახერხებ. ვერ შევრიგებივარ აზრს, რომ გოგლა არ შემხვდება, არ გამამხნევებს, არ დამაიმედებს, რაც ადამიანს ასე სჭირდება.

უკანასკნელი წლების განმავლობაში იშვიათად ვხვდებოდი. მწერალთა კავშირში თუ გამოივლიდა, აუცილებლად მომინახულებდა, ჩემს ჯანმრთელობაზე მკითხავდა. შარშან მწოლიარე ავათმყოფი შინ მნახა. რომ მორჩები, ერთად გავიდეთ ქალაქგარეთ და ვისადილოთო. რად გინდებვარ მეთქი – ვუთხარი – დიეტაზე ვარ და ღვინოს სულ არ ვსვამ მეთქი. არც ასე ვარგაო – მითხრა – ორგანიზმი ღვინოს არის მიჩვეული და მასზე სავსებით ხელის აღება არ შეიძლებაო. კარგა ხანს მესაუბრა. წასვლისას, როგორც იცოდა, მითხრა, აბა, ყოჩაღად იყავი, ყოჩაღადო.

მიმდინარე წლის იანვარი იყო, მგონი. სერგო, მე და ჩემი მეუღლე გოგლას სახლში ვეწვიეთ. გაეხარდათ, შესანიშნავი სუფრა გააწყო ფეფიკომ. სუფრას ლაზათს აძლევდა იშვიათად გაკეთებული საჭმელები და… საცივი, რომელიც ასე არ უყვარდა წინათ გოგლას. შესანიშნავი კახური ღვინოც მოტანეს დოქით. მაგრამ ვინღა იყო დამლევი, არც გოგლა, არც სერგო, არც მე. სამი „სტარიკა“ ვუსხედით სუფრას. ვიგონებდით წარსულს, დაუდეგარ წლებს, კარგ დროს. გოგლამ კიდევ ერთხელ მოიგონა პაოლო, ტიციანი, ნინა ტაბიძე და ყველანი, ვინც უკვე აღარ იყვნენ ჩვენთან. სევდა შეეპარა თვალებში და გაჩუმდა. სერგომ სცადა ხალისის შემოტანა, მაგრამ წლებით დამძიმებულებს უკვე აღარ გვქონდა ამის თავი. შუაღამემდე არ გამოგვიშვა. დარჩით რა, დარჩით, ჯერ ადრეაო – გვთხოვდა ფეფიკო. ავდექით. გოგლამ გარეთ გამოგვაცილა. ტაქსის ველოდეთ. რომ არ გამოჩნდა, შვილისშვილს სთხოვა: გამოიყვანე მანქანა და თავიანთ სახლებში ჩამოარიგეო. ეს იყო ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა სუფრაზე მასთან და მეგობრული საუბარი…