კინოფილმი „დარიკო“ – Blue Horns

ავტორი : შალვა აფხაიძე

თარიღი : 01.12.1936

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, №20

სტატიები, შემოქმედება

კინოფილმი „დარიკო“

სიამოვნებით უნდა აღინიშნოს, სახკინმრეწვის კინოფაბრიკამ ამ უკანასკნელ ხანებში გადაჭრით გარდაქმნა და გააძლიერა თავისი მუშოაბა. ის პროდუქცია, რომელიც ბოლო დროს მან გამოუშვა, მაჩვენებელია მისი შეუჩერებელი ზრდის, წინსვლის. ამის საუკეთესო ილუსტარციას წარმოადგენს თუნდაც ახალი ფილმი „დარიკო“. „დარიკო“ ეგ. ნინოშვილის მოთხრობების ფონზე იშლება. სხვა ქარველ კლასიკოსებს შორის ეგ. ნინოშვილს ამ მხრივ ბედმა გაუღიმა. თეატრმაც და კინომაც სცადეს ნინოშვილის მიერ შექმნილი სახეების გაცოცხლება. უკანასკნელი დროის ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ს. დოლიძის მიერ შესრულებული ფილმი „დარიკო“. ე. ნინოშვილის სოფელის მრავალფეროვანი ტიპაჟი, ღრმა ფილოსოფიური აზრი, მკვეთრი დრამატიზმი, სინამდვილის შეცნობის სიღრმე – ყოველი ეს შესანიშნავ პირობებს წარმოადგენს ცოცხალი ფილმისა თუ სანახაობის შესაქმნელად. ამ ახალ ფილმს გამოვარჩევთ ე. ნინოშვილის დრამატიზების სხვა ცდებისაგან და რაც ს. დოლიძის რეჟისორულ გამომგონებლობას, მხატვრულ გემოვნებასა და, რაც მთავარია, მოვლენათა შინაარსის ცოდნას უნდა მიეწეროს, არის შემდეგში: ფილმში ასახული სოციალური კონფლიქტი მოცემულია დინამიურად, მოცემულია განვითარებაში, კანონზომიერი პერსპექტივით, რეჟისორი სამართლიანად სცილდება მოთხრობების „სიმონას“ და „მოსე მწერლის“ მიერ ასახულ სოციალურ ფარგლებს. მოქმედება სრულდება არა ისე, როგორც აღნიშნულ მოთხრობებში, არამედ ვითარდება ფართო ჰორიზონტების გადაშლით: ფილმში მოცემულია ბრძოლის პერსპექტივები. ეს არის დიდი ღირსება ფილმისა, განტვირთულია ჩვეულებრივი კინემატოგრაფიული შტამპისაგან და გურიის სოფლის ნამდვილ სურათს წარმოადგენს, სურათს, რომელიც გვიხატავს სოციალურ უკუღმართობას, დავით დროიძეთა ბატონობას, უსამართლობას და ამავე დროს დაპირისპირებული მშრომელი გლეხობის გულისწყრომას, რაც შემდეგში, საკუთარი ძალის შეგნების ზრდასთან დაკავშირებით, რევოლუციური ცნობიერების თანდათანობით ზრდასთან      დაკავშირებით, აშკარა და დაძაბულ ბრძოლაში გადადის.

დიდ მწერალს, მ. გორკის არა ერთხელ აღუნიშნავს ჩვენი წარსულის ხსნის აუცილებლობა. ჩვენი ახალი თაობა, რომელიც დიდი ოქტომბრის თავისუფალი ჰაერით სუნთქავს და რომელსაც წარსულის სუსხი არ განუცდია, უნდა იცნობდეს, როგორი თანდათანობით, რა სასტიკი და დაუცხრომელი ბრძოლით შემზადდა კაცობრიობის განმათავისუფლებელი დიდი რევოლუცია ოქტომბრისა. უნდა იცნობდეს ჩვენი გლეხობის მძიმე მდგომარეობას წარსულში და მის შეუჩერებელ ბრძოლას დროიძეების უღლის გადასაგდებლად.

ეს ფილმი მხატვრული ზომიერების ზუსტი დაცვით, მხატვრული გემოვნებით, გვაცნობს რევოლუციის მოსამზადებელ პერიოდს, გლეხობაში რევოლუციური თვითშეგნების შეტანის პერიოდს, გლეხობასა და მუშებს შორის მჭიდრო კავშირის შექმნის პერიოდს და მუშების ავანგარდულ მდგომარეობას გაჩაღებულ დიდ სოციალურ კონფლიქტებში.

ფილმის ღირსებას უნდა მიეწეროს ის საფრთხის მხატვრულად დაძლევაც, რომელიც ყოველ რეჟისორს ეღობება ხოლმე ისტორიული ხასიათის სცენარის დამუშავების დროს, სახეში მაქვს ნაკლები წინააღმდეგობის გზით სვლის საფრთხე და წმინდა ინდივიდუალისტური, იდეალისტური ხასიათის ფილმის შექმნა. ისევ სოციალურ მოვლენებში, როგორსაც ფირალობა წარმოადგენდა გურიაში, არა რომანტიული ეგზოტიკის მოცემა, არამედ მისი სოციალური ფესვის გამოძებნა და მოვლენის ამ მხარის გამახვილება. ფილმი „დარიკო“ ამცდარია ამ საფრთხეს. მასში დარაზმულია სოციალური უკუღმართობით უკმაყოფილო გლეხობის გმირული ნებისყოფა და მოცემულია ამ უკმაყოფილების ღრმა სოციალური აზრი.

ფილმის მესამე ღირსება, რაც აგრეთვე უკეთესი მხრით განასხვავებს მას სხვა ქართულ ფილმებისაგან, არის ქართველი გლეხი ქალის პრესტიჟის ამაღლება, მისთვის იმ ბუნებრივი და საპატიო ადგილის მიჩენა, რომელიც მას წარსულ კლასობრივ ბრძოლებში ეჭირა, ნაცვლად მუდამ ცრემლშეუშრობელი, პატივაყრილი, გაუპატიურებული და ბედს დამორჩილებული ქართველი ქალისა, როგორადაც მას ჩვენი ეკრანი ხატავდა. დარიკოს სახით მოცემულია გმირი მებრძოლი ქალი, რომელიც არა თუ არ იხდის ქედს უკუღმართობის წინაშე, არამედ ხალხის აბობოქრებულ სტიქიურ გულისწყრომას რევოლუციურ კალაპოტში აქცევს და ამ მოძრაობას სათავეში უდგება. ამ მხრივ თავიდან აცილებულია ქართველი ქალის წარსულის ფალსიფიკაცია. ქართველი გლეხი ქალი აქ მოცემულია როგორც ბრძოლის ორგანიზატორი, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ესეც რეჟისორის მიერ ჩვენი წარსული ბრძოლის სწორი ისტორიული გაგების შედეგად უნდა ჩაითვალოს.

ფილმის შემდეგი ღირსებაა: ჩვენი სოფლის ყოფის წვრილმანი თვისებების ცოდნა. რეჟისორს მჭრელი თვალი აქვს, რის მეოხებითაც იგი ეკრანზე აცოცხლებს შესანიშნავი ყოფაცხოვრებითი ხასიათის დეტალებს. ეს დეტალები არავითარ შემთხვევაში არ ამძიმებენ ფილმს, პირიქით, მათ მეტი სიცოცხლე და ფეროვანება შეაქვს მასში.

შემდეგ; ფილმს თამამად შეიძლება ხალხური ვუწოდოთ, იმდენად ახლოა იგი ხალხის გულთან თავისი უშუალობით, დანიშნულებით, მარტივი და ამავე დროს მაღალხარისხოვანი მხატვრული ენით შესრულების ხერხებით. ფილმში დროულად და რიგზეა გამოყენებული ხალხური სიმღერები, შესანიშნავი ნადური (კოლექტიური თოხნის დროს) ცეკვა, საკრავები, გმირული, თავბრუდამხვევი საბრძოლო სიმღერები და სხვა.

მშვენივრად არის შერჩეული ტიპაჟი. რეჟისორი და აქტიორთა კოლექტივი განსასახიერებელ პიროვნებათა კლასობრივ ბუნებას კარგად იცნობენ. მაგალითად, კულაკი დავით დროიძე (შ. ღამბაშიძე) არ წარმოადგენს თოფ-ხანჯლით შეიარაღებულ და ღოჯებ გადმოყრილ საფრთხობელა რამეს.

ფილმში არის ისეთი კადრები, რომლებიც წარუხოცელ შთაბეჭდილებას სტოვებენ მაყურებელზე. ღრმა ემოციურ ზეგავლენას ახდენენ მასზე – თავიანთი მხატვრული ეფექტით და იდეური დანიშნულებით. ასეთია ბოქაულისა და მოსე მწერალის დამალვა დავით დროიძის საღორეში (ღორებისა და ამ პატიოსან გვამთა მხატვრული ანალოგია), მთელი სცენა ქორწინებისა დავით დროიძის ბრწყინვალე დარბაზში (მოახლოვებული შურისძიების გრძნობა და დაძაბული მოლოდინი), პატიმართა გამოთხოვება გადასახლების წინ მშობლებთან და ნათესავებთან (გულშემზარავი და მაყურებელში შავი წარსულისადმი ღრმა ზიზღისა და სიძულვილის გამომწვევი), პოლიტმატიმართა გადასახლება ციმბირში (აქაც ხაზის გასმა მთავარი მოვლენისათვის, არა ინდივიდუალური ტერორი, არამედ იმ სისტემის მოსპობა, რომელიც არსებულ უკუღმართობას ხელს უწყობს) და მართლაც შესანიშნავი კადრი, რომელიც მაყურებელში ჟრუანტელს იწვევს – შორეული ციმბირი. მატარებელი მიჰქრის, თოვლით დაძონძილი ნაძვნარი და ფიჭვნარი თეთრ ზოლად მიჰყვება თვალს. ცივა, ყინავს. ვაგონში სიკვდილის პირას მისული პოლიტპატიმარი ახველებს, დედას ნატრულობს. ამ უკანასკნელის შემოშვებასაც ახერხებენ პატიმრები. შვილი სთხოვს „ნენას“ ნანა უმღეროს, და ნენა უმღერის ნანას, შორეულ, ყინვიან და თოვლიან ციმბირში, შვილი ამ ტკბილი სიმღერის ხმებში კვდება. ძლიური კადრია, არა სანტიმენტალური, არამედ ღრმად სოციალური. მეტ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს კადრი, თვით სიმღერაში რომ მეტი სითბო, გული ისმოდეს.

რეჟისორის გამარჯვებას ხელს უწყობენ აქტიორებიც. პირველ რიგში აღსანიშნავია თამარ ციციშვილი, რომელიც ფილმში მთავარ გმირს – დარიკოს როლს ასრულებს. აზრიანი და მხატვრული თამაშით იგი გაოცებას იწვევს, რამდენადაც პირველად გამოდის ეკრანზე და ისიც ასეთს პასუხსაგებ როლში. დარიკოს გარეგანი („მიაპყრო დიდრონი შავი თვალები“) და შინაგანი დრამატიზმით აღსავსე სახე, ყოველი მოძრაობის, ჟესტის ღრმა გააზრება, ყოველი ნაბიჯის მიზანდასახულება, ქალურ ლირიზმთან ერთად გმირული საწყისის გამახვილება და მათი შეთანხმება ერთმანეთთან, – ასეთია დარიკო, თამარ ციციშვილის მიერ გაცოცხლებული ეკრანზე.

შ. ღამბაშიძის თამაში უკვე მოვიხსენიეთ. მათ უხდა მიემატოს ნუცა ჩხეიძე (სიმონას დედა) და ზაქარიაძე (სიმონა), ჟორჟოლიანი (მოსე მწერალი), ხინთიბიძე და მთელი კოლექტივი. ყოველი მათგანი მკვეთრ ტიპს ჰქმნის, განსაკუთრებულად უნდა გამოიყოს მაინც ჟორჟოლიანი.

ფილმის გამარჯვების თანაავტორად უნდა ჩაითვალოს ოპერატორი შალვა აფაქიძე. მისი მუშაობა ამ ფილში ღირსია ცალკე წერილისა და დაწვრილებითი სპეციალური გარჩევის, ისეთი სითბოთი, საქმის სიყვარულით და ცოდნით განირჩევა იგი. ჯერ ერთი, შერჩეულია საუცხოვო პეიზაჟი. პეიზაჟი აქ მოცემულია არა როგორც ფონი როგორც დამხმარე ელემენტი, არამედ როგორც მომქმედი ძალა, გასულიერებული, მგრძნობი და შემცნობი. ყოველი კადრი ოპერატორის მიერ გაკეთებულია მაღალი მხატვრული სტილით, მკვეთრად, სავსე სინათლითა და ბრწყინვალებით, ამასთან მოცემულია სუფთად და მხატვრული გემოვნებით. კადრების გადაღების მხრივ ეს ფილმი საუკეთესოთა რიცხვს უნდა მიეკუთნოს.

ღირშესანიშნავია  მუსიკალური გაფორმება, რომელიც ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ამხ. ი. ტუსკიას ეკუთვნის ჩვეულებრივი ოსტატობით აქვს მას გამოყენებული ხალხური საკრავები (ჩონგური) და ხალხური სიმღერები. ყოველივე ეს მოცემულია, როგორც ფილმის არა საილუსტრაციო მასალა, არამედ როგორც მთავარი იდეის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. „დარიკო“ თავისი მხატვრული ღირსებით და იდეური გამართულობით ჩვენი კინემატოგრაფიის წინსვლის მომასწავებელია.